მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ობოლი ბიჭი და სასტიკი ნათესავი

 

პატარა ბიჭი ადრე დაობლდა. მასზე მზრუნველობა შორეულმა ნათესავმა აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ ის სასტიკი ადამიანი იყო და მას ხშირად სცემდა, საჭმლის ნარჩენებს აჭმევდა, დიდი ხნის მანძილზე ამწყვდევდა ცხოველების ბნელ სადგომში და არ აძლევდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობის და თამაშის უფლებას. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ, რომელიც ისევ ცემით დასრულდა, ბავშვი სახლიდან გაიქცა.

ბევრი იარა, მათხოვრობდა, ქურდობდა, სადაც მოუხდებოდა იქ იძინებდა და ერთხელ, სკოლის კიბეებზე ჩაეძინა. სკოლა საქვეყნოდ ცნობილი მასწავლებლის საკუთრება აღმოჩნდა. მასში საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდნენ, ხოლო თავად მასწავლებლის პროფესიონალიზმზე ლეგენდებს თხზავდნენ. სწორედ ამ მასწავლებელმა შეიფარა პატარა მაწანწალა. პატარა ბიჭი, მადლიერების ნიშნად, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა და სკოლაში და სახლში ყველანაირ სამუშაოს ასრულებდა. მოხუცმა მასწავლებელმა რომ შეამჩნია, როგორი გულმოდგინე და მშრომელი იყო, გადაწყვიტა მისთვის, რაც იცოდა, ყველაფერი ესწავლებინა.

გავიდა წლები… პატარა ბიჭუნა გაიზარდა, შესანიშნავი მოფარიკავე გახდა და უკვე მის ოსტატობაზე ალაპარაკდა ხალხი... მოხუცი მასწავლებელი გარდაიცვალა და სკოლა ობოლს დაუტოვა მემკვიდრეობაში.

ერთხელ, ისე მოხდა რომ, ოსტატი, უკვე თავის მოსწავლეებთან ერთად, იმ რეგიონში იყო გავლით, სადაც მისი ნათესავი ცხოვრობდა. ერთ სახლთან რომ ჩაიარა, ეზოში დაუძლურებული მოხუცი დაინახა.

— ეს ბიძაჩემია, რომელსაც გავექეცი, — უთხრა მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს.

მათ კი ხმლები იშიშვლეს, შურის ძიების მიზნით. მაგრამ, ოსტატმა ისინი შეაჩერა.

— არა! – თქვა მან. — მას უნდა ვუმადლოდე, თუკი რამე ვიცი და რამე გამაჩნია ამ ქვეყანაზე. ის რომ არა, ვინ ვიქნებოდი ახლა?! მისი წყალობით დავადექი ამ გზას და გავხდი ის, ვინც ვარ.