მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

მიყვარს, თუ არა ღმერთი?

 

 

„ყურადღებით ვსწავლობდი რა ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სრულიად არ მიყვარს ღმერთი.

ვინც მიყვარს, იმის სიყვარულს გულით ვატარებ და ტკბილად ვიხსენებ მის სახელს; ვინც მიყვარს, ის ყოველთვის მახსოვს და ვფიქრობ მასზე, მაგრამ ბევრს ვფიქრობ მე ღმერთზე? ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება წარმავალს, ამქვეყნიურ ამაოებას და ცოდვებს. დღე-ღამეში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ერთ საათს თუ დავუთმობ ხოლმე ფიქრებს ღმერთზე. როდესაც ღმერთზე ვფიქრობ, ამას უხალისოდ და იძულებით ვაკეთებ; მაგრამ თუ ამ დროს ვინმე ახალ ამბავს მომიტანს, მაშინ ხარბად ვიწოვ თითოეულ სიტყვას. როდესაც სახარებას და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ, მაშინვე მავიწყდება წაკითხული; ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არ მიყვარს!

ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბარიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და ლოცვის რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ლოცვა და ყოველდღიური საქმეების კეთებას მივყო ხელი. საბაბსაც კი ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურვილი მექნებოდა ყოველთვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე.

ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს. თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ, ლოცვის დამთავრების შემდეგ, იმასაც ვეღარ ვხვდები, დილის ლოცვები წავიკითხე თუ საღამოსი. თვით ლოცვისთვის განკუთვნილ დროსაც კი არ ვუძღვნი ღმერთს.

თუ ვინმე გვიყვარს, მის ნება-სურვილს სიამოვნებით ვასრულებთ. უფალმა თქვა: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს ასრულებს“. მე რომ ღმერთი მყვარებოდა, მის მცნებებს, ზეპირად ვისწავლიდი და შევეცდებოდი შემესრულებინა ისინი. ახლა კი რომ მკითხო, ღვთის მცნებები რომელიაო, ვერაფერს გიპასუხებთ. ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს. როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, ვიმოქმედო ღვთის ნების მიხედვით, თუ ჩემი ავხორცი გულისთქმებით, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ცოდვების მიხედვით ვმოქმედებ. მაშასადამე, მე ღმერთი არ მიყვარს.

რაც შეეხება ადამიანის სიყვარულს, ვსწავლობდი რა საკუთარ თავს და ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ მე, ჩემი თავის გარდა, არავინ მიყვარს. როდესაც ადამიანი გვიყავრს, მასში მხოლოდ სიკეთეს ვხედავთ. მე კი ადამიანებში ვხედავ ცუდს, ბოროტებას, ვხედავ მათ ცოდვებს. მარტო საკუთარ თავში ვამჩნევ ღირსებას და სიკეთეს, ესე იგი, მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, იმის საქციელს ვამართლებთ; მე კი პირიქით, განვიკითხავ ჩემს გარშემო ყველას, როგორც უღირსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, მათ ხალისით ვპატიობთ; მე კი წყენას დიდხანს ვერ ვივიწყებ, შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში არანაირი სიყვარული არ არის. წმინდა წერილში ნათქვამია: „გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან“ (რომაელთა 12, 15). მაგრამ მე, ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება; მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელს ვხედავ ჩემს თავში: ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია. ამიტომ მე მივხვდი, რომ ადამიანები არ მიყვარს; ჩემში არაფერია წმინდა. ჩემი რწმენა მხოლოდ გარეგნულია.

მე რომ მჯეროდეს სახარების სიტყვებისა, ძრწოლით ვიფიქრებდი ჯოჯოხეთზე, ვიბრძოლებდი ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის. ჩემს გაყინულ გულს კი სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე ფიქრი არ ეკარება. მე ვხედავ, როგორ კვდებიან ჩემს გარშემო ადამიანები, მაგრამ ისე ვცხოვრობ, თითქოს მუდამ ვიქნები აქ, ამ ქვეყანაზე. ესე იგი, მე ურწმუნო ვარ, ესე იგი მე არ მეშინია ღვთისა; ბნელი ძალებიც კი, ღვთის მოძულე ძალები ჯოჯოხეთისა, სახარების სიტყვებით, ძრწიან ღვთის წინაშე; მე კი ეს შიშიც არ გამაჩნია, რომელიც ეშმაკს ეძლევა!..

მე არ მაღელვებს ღვთის გაფრთხილება, რომლითაც მსოფლიოს და მე წინასწარმეტყველთა პირით მოგვმართავს უფალი. მე სრულიად უგრძნობი ვარ. თავი მორწმუნე მგონია, მაგრამ ვცხოვრობ ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; უფრო მეტიც, როდესაც ცოდვის ჩადენა მწყურია და სინდისი მამხილებს, ვცდილობ ჩავკლა, ჩავახშო საკუთარი სინდისის ხმა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ღმერთი საერთოდ არ ყოფილიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შინაგანად ღვთის მკვლელი ვარ.

მე არ მწამს ღმერთი და არ მიყვარს იგი. წირვაზე დგომისას იმ უწმინდეს წუთებში, როცა სულიწმინდის მადლი მოიცავს ხოლმე ტაძარში მდგომთ, ვხედავ, რომ ამ თვით ანგელოზთათვის საშინელ დროს მე გართული ვარ მანკიერი, ბინძური გულისთქმებითა და მოგონებებით. ტაძარში ყოფნისას ჩემს გულს საღორედ ვაქცევ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი მწამს წმინდა.

მე სავსე ვარ ამპარტავნებით. გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს. რჩეული მგონია საკუთარი თავი. მე ჩემგან კერპი შევქმენი და მხოლოდ მას ვცემ თაყვანს. იმისთვის კი არ ვკითხულობ წმინდა წერილს და წმინდა მამათა შრომებს, რომ აღვასრულო ისინი, არამედ იმისთვის, რომ წმინდა წიგნების შესახებ საუბრისას თავი გამოვიჩინო ადამიანთა წინაშე; ხოლო თუ ერის კაცს შევხვდი, მეშინია განვაცხადო, რომ მორწმუნე ვარ, რათა არ დამცინონ და ფანატიკოსი არ მიწოდონ. პირჯვრის გამოსახვისაც კი მრცხვენია ერის კაცთა წინაშე. ჯვრისა, რომლითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა. ამიტომ მიმაჩნია, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს, სძულს ადამიანები, არა სწამს სიწმინდისა და აღსავსეა სატანური ამპარტევნებით“.