მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

მღვდელი იერემია სტეეპეკი
ნამდვილი ამბავი

 

მღვდელმა იერემია სტეეპეკმა უსახლკაროსავით ჩაიცვა და იმ ეკლესიისკენ გაემართა, სადაც იმ დილით იგი წინამძღვრად უნდა წარედგინათ.

ვიდრე ხალხი სალოცავს გაავსებდა, ის ოცდაათი წუთი დადიოდა ამ ტაძრის ირგვლივ, რომელიც მისთვის უნდა გადაეცათ. მოსულებიდან, რომელთა რაოდენობა ათასი მაინც იყო, მხოლოდ სამი მიესალმა. მან ხურდა ფული ითხოვა, საჭმელი მინდა ვიყიდოო. არავინ გაუმართა ხელი. ეკლესიაში რომ შევიდა და წინა რიგებში დააპირა ადგილის დაკავება, თხოვეს, უკან გადამჯდარიყო. იგი ყველას ესალმებოდა, პასუხად ადამიანების ჯიქურ და გამკიცხავ მზერას აწყდებოდა. ისინი ქედმაღლურად უცქეროდნენ და განიკითხავდნენ.

ვიდრე უკანა რიგებში იჯდა, ისმენდა საორგანიზაციო და სხვა მსგავს განცხადებებს. ამის შემდეგ უფროსობა ფეხზე ადგა და განაცხადეს, რომ მოხარულნი არიან, წარადგინონ ახალი მოძღვარი: „ახლა კი მღვდელი იერემია სტეეპეკი!“ მრევლი აქეთ–იქით იყურებოდა და სიხარულით ელოდებოდა მამა იერემიას გამოჩენას.

უკან მჯდომი უსახლკარო კაცის სამოსში გამოწყობილი მღვდელი ადგა და გასასვლელისკენ წამოვიდა. ყველა გაილურსა. ახლა მათი თვალები მხოლოდ ამ ბოგანოს მიშტერებოდნენ. ის კი მივიდა საკურთხეველთან, მამასახლისს მიკროფონი გამოართვა, წამით გაჩუმდა და დაიწყო კითხვა:

"მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ, რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (მათეს სახარება, თავი 25, 34–45).

კითხვას რომ მორჩა, მან უამბო მრევლს, თუ რა განიცადა ამ დილით. ბევრმა ტირილი დაიწყო, ბევრს თავები ჩაექინდრა სირცხვილით და ლოცულობდა. მაშინ მოძღვარმა უთხრა მათ: „დღეს მე აქ მხოლოდ ადამიანთა შეკრება დავინახე და არა იესო ქრისტეს ეკლესია. ამქვეყნად უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ უფლის მოწაფენი თითქმის აღარ არიან ჩვენს შორის. როდის გადაწყვეტთ თქვენ, გახდეთ ქრისტეს მიმდევრები და როდის დაემოწაფებით მას?“

იყო ქრისტიანი, ეს ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენ ვამტკიცებთ ამას ჩვენი ცხოვრებით!

იყო ქრისტიანი, ნიშნავს სუნთქავდე ქრისტეში და ყველაფერს – სიყვარულსაც და საზრდოსაც, სიხარულსაც და სამოსსაც – უზიარებდე მოყვასს!