მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

“ლუციფერის ეფექტი”

 

“ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის თითოეული ადამიანის გულზე გადის. ეს ნიშნავს, რომ საზღვარი გარეთ არ არის. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ შენ უნდა მიიღო. ეს პირადი არჩევანია.” / ალექსანდრ სოლჟენიცინი /

 

რატომ იცვლებიან ადამიანები?!…რამდენჯერ გაგვცრუებია იმედები და თავადაც ვყოფილვართ სხვისი იმედგაცრუების მიზეზი, როცა გარკვეულ სიტუაციაში მოვქცეულვართ ჩვენი პრინციპების საწინააღმდეგოდ და გაგვიბათილებია ყველა ის მოლოდინი, რომელიც ჩვენი მისამართით არსებობდა. რამდენჯერ გვსმენია ადამიანთა შესახებ, რომლებიც შეიცვალნენ ფულის, ძალაუფლების, სტატუსის, ავტორიტეტისა თუ სხვათა გავლენით.ხშირად ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ მოსაზრებები და ფასეულობები, რომლებიც ჩვენი არ არის , მოვირგოთ როლი – რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის და გაუაზრებლად ვაკეთოთ ის რისი გაკეთებაც არასდროს გვიფიქრია. ხშირად ჩვენ ვღალატობთ საკუთარ პრინციპებს და ვექცევით სიტუაციებისა და ავტორიტეტების გავლენის ქვეშ. რა ხდება? სად მიდის ჩვენი პრინციპები, რომლებსაც მთელი ცხოვრება “ვაკოწიწებთ”, რა ემართება ჩვენს მორალს უჩვეულო გარემოში?! ეს გლობალური თემაა, გლობალური შედეგებით და აქტუალობას არ კარგავს დროის მსვლელობის მიუხედავად. სწორედ ამიტომ “სტენფორდის ციხის კვლევა” დღემდე ინტერესის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი არაეთიკურად ცნეს (რაც ავტორმაც აღიარა), თავისი ღრმა შინაარსის გამო ის, დღემდე ფსიქოლოგების ყურადღების ცენტრშია.

 

1971 წელს ფილიპ ზიმბარდომ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა და გაერკვია რატომ იცვლებიან ადამიანები, რა განსაზღვრავს პიროვნების სასტიკ ქცევას– “სისტემა” თუ პიროვნული მახასიათებლები; რა გავლენა აქვს ორგანიზაციას, სისტემას, საზოგადოებას და მის მიერ მინიჭებულ “სოციალურ როლს” ინდივიდის ქცევაზე. ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, საინტერესოა რომ ბიბლია საუბრობს ყველა ზემოხსენებულ საკითხზე და არამარტო საუბრობს, არამედ გვთავაზობს პრობლემათა გადაჭრის გზებსაც, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი დავუბრუნდეთ კვლევას.

 

ზიმბარდოს კვლევა “სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის” სახელითაა ცნობილი. მოგვიანებით თავად ზიმბარდომ მას “ლუციფერის ეფექტი” უწოდა, ამავე სახელწოდების მონოგრაფიაში, სადაც კვლევის შედეგები შეაჯამა. ეს სახელი უკავშირდება ბიბლიურ ისტორიას ლუციფერის, სინათლის ანგელოზის შესახებ, რომელიც ამპარტავნებამ და ძალაუფლების წყურვილმა შეცვალა და მისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა სიბნელესა და ბოროტებას.

 

კვლევის ჩასატარებლად ზიმბარდომ, სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში ციხის ატმოსფერო შექმნა. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 12 მამრობითი სქესის სტუდენტი, რომლებმაც გაიარეს ფსიქოლოგიური შემოწმება, ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად. “ესენი არიან პატიმრები, რომლებსაც დაამცირებენ და ისინი გახდებიან რიცხვები, – ამბობდა ზიმბარდო – ესენი არიან ზედამხედველები, ძალაუფლებისა და ანონიმურობის სიმბოლოებით.” მონაწილეებს შორის შემთხვევითობის პრინციპით განაწილდა ზედამხედველებისა და პატიმრების როლები. ციხის ცხოვრება მაქსიმალურად იყო მიახლოვებული რეალურთან. ფსიქოლოგიური ეფექტის გასაძლიერებლად “პატიმრები” გაუფრთხილებლად აიყვანეს საკუთარი სახლებიდან.მოგვიანებით ერთ–ერთი იხსენებდა :” მოვიდა პოლიციის მანქანა, გადმოვიდა პოლიციელი და ამბობს რომ მე მეძებს. მათ გამიყვანეს საერთო საცხოვრებლიდან, დამაყენეს მანქანასთან, ფეხები–განზე…ეს ნამდვილი პოლიციის მანქანა იყო, ნამდვილი პოლიციელები, კამერები, ხელბორკილები…ქუჩაში მეზობლები იყვნენ და მათ არ იცოდნენ, რომ ეს ექსპერიმენტი იყო.”

 

პატიმრებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ნამდვილ კრიმინალებს: უღებდნენ ანაბეჭდებს, სურათებს, აცმევდნენ ფორმას, ანიჭებდნენ ნომერს და კეტავდნენ კამერაში. მცველები ჩვეულ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი, ხელბორკილებით, სასტვენებით, შავი სათვალით, რათა პატიმრებთან თვალებით კონტაქტი შეუძლებელი ყოფილიყო. საგულისხმოა, რომ ძალადობა დაშვებული არ ყოფილა და მცველების მიზანი წესრიგის დაცვას წარმოადგენდა. მოკლეს ხანში სტუდენტებმა ბუნებრივად მოირგეს როლები. ზედამხედველები პატიმრებს დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასრულებილებდნენ უაზრო და დამამცირებელ სამუშაოებს. მოგვიანებით ერთ-ერთი ამბობდა : ” გულწრფელად გაკვირვებული ვარ საკუთარი ქცევით. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვაიძულებდი ვინმეს, რომ საპირფარეშო შიშველი ხელებით ეწმინდა. ჩანს ძალაუფლებაში დიდი სიამოვნებაა.” თავის მხრივ პატიმრებიც კარგავდნენ ნელ-ნელა სახეს. მალე მათაც დაიწყეს ნამდვილი პატიმრებივით მოქცევა:საუბრობდნენ ციხის საკითხებზე, ზედამხედველებზე ერთმანეთთან “ზღაპრებს” ჰყვებოდნენ, ზოგიერთი იცავდა წესებს, ზოგი კი მათ დარღვევას ცდილობდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც წესრიგის დამრღვევთ ასმენდა. პატიმრების მორჩილების ზრდასთან ერთად ზედამხედველების აგრესიაც იზრდებოდა და პირიქით. ზიმბარდოს სურდა ექსპერიმენტი ორი კვირა გაგრძელებულიყო, მაგრამ იძულებული გახდა მე-6 დღეს შეეწყვიტა იგი სიტუაციის სრული უკონტროლობის გამო. ფსიქიკურად ჯანმრთელი ახალგაზრდები 36 საათში გატყდნენ. როგორ ხსნიან ფსიქოლოგები ადამიანის ბუნების ასეთ ცვლილებას? ისინი ხომ ჩვეულებრივი, ბეჯითი სტუდენტები იყვნენ მანამ, სანამ ბნელ სარდაფში ჩავიდოდნენ. “უყურადღებოდ გადადგმული პირველი, პატარა ნაბიჯი, საკუთარი პიროვნებისაგან განდგომა,პიროვნული პასუხისმგებლობის დიფუზია,ავტორიტეტის ბრმა მორჩილება, ჯგუფის ნორმებისადმი უკრიტიკო მორჩილება, ბოროტების პასიური მიღება უმოქმედობით და გულგრილობით,- ესაა ის პროცესი, რომელიც ბოროტების სრიალა გზას პოხავს. – ამბობდა ზიმბარდო– და ეს ხდება, როდესაც თქვენ ახალ ან უცხო გარემოში ხართ. თქვენი სტანდარტული ქცევითი რეაქციები არ მუშაობს. პიროვნება და მორალი ითიშება. კვლევები ხსნიან, როგორ იცვლებიან ჩვეულებრივი კარგი ადამიანები ნარკოტიკების გარეშე. სტენფორდის ექსპერიმენტი გვაფრთხილებს, რომ ძალაუფლების დილიგირება ზედამხედველობის გარეშე, ეს ძალადობის რეცეპტია!” ზედამხედველები იცავდნენ წესრიგს ,ისინი წარმოდგენდნენ სისტემას, მათ გაუჩნდათ ერთიანობის, გუნდურობის შეგრძნება ერთმანეთის მიმართ და დაიწყეს მიზანმიმართული აგრესიის გამოვლენა იმ პატიმრების წინააღმდეგ, რომლებიც მათ მიერ აღქმული იქნენ წესრიგის დამრღვევებად. სხვანაირად რომ ვთქვათ ადამიანებმა ყველა საშუალებით დაიცვეს ის ძალაუფლება ,რომლებიც მათ მიანიჭეს და ნებისმიერი რამ რაც აღიქმებოდა ამ ძალაუფლებისთვის საფრთხედ ,ზედამხედველებმა მიიჩნიეს ბრძოლის ობიექტად. მათ გამოიყენეს დევიზი – მიზანი ამართლებს საშუალებას!

 

რა გავლენას ახდენს ანონიმურობა ადამიანების ქცევაზე? რა შეიცვლება მათში თუკი ეცოდინებათ, რომ არავინ უყურებს მათ? ზედამხედველებმა, კვლევაში, იცოდნენ რომ ღამით კამერები გამორთული იქნებოდა (მათ ასე უთხრეს), სწორედ ამ მონაკვეთში მათი ძალადობრივი ქმედება პიკს აღწევდა, რადგან იცოდნენ რომ არავინ ჩავიდოდა ბნელ დილეგში. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ მეომრები ომში წასვლისას იცვლიან გარეგნობას? აქვს თუ არა გავლენა მათ ანონიმურობას იმაზე, თუ როგორ ექცევიან ისინი საკუთარ მსხვერპლს? ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ კულტურაში მეომრები არ იცვლიან გარეგნობას. მრავალ კულტურაში კი ჯარისკაცებს უნიფორმა ხდის ანონიმურს.

 

ანთროპოლოგმა ჯონ ვოტსონმა აღმოაჩინა 23 კულტურა, რომელსაც ორი მაჩვენებელი ჰქონდა: თუ არ იცვლიან გარეგნობას 8-დან მხოლოდ ერთი კლავს, აწამებს და ასახიჩრებს და თუ იცვლიან 13 -დან 12 აკეთებს ამას. უნიფორმა არის, ის რაც ჯარისკაცს თავს სისტემის ნაწილად აგრძნობინებს, ის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას “ფორმის გარეთ” ტოვებს და პასუხისმგებლობას “სისტემაზე” გადაბარებით იცილებს, შესაბამისად ის თავს უფლებას აძლევს მოიქცეს უფრო სასტიკად, ვიდრე ამას გააკეთებდა “ფორმის მიღმა”, როგორც რიგითი მოქალაქე. ექსპერიმენტმა ასევე აჩვენა რომ თუ ადამიანს მივანიჭებთ შესაბამის სოციალურ როლს, იგი იწყებს მოქმედებას ამ როლის შესაბამისად, სწორედ ამიტომ ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს ბავშვების შეფასებისას არ დაუშვან შეცდომები(მაგ. ; ნუ ეტყვით მას რომ უსაქმურია, სულელი და არაფერი გამოსდის), რადგან ადვილი შესაძლებელია, როლი რომელსაც ის მოირგებს მისი ცხოვრების განმსაზღვრელი აღმოჩნდეს. ზიმბარდო ამტკიცებს რომ სოციალურ როლს,სისტემას და ორგანიზაციას შეუძლია ადამიანის სრული ტრანსფორმაცია .

 

ის, რასაც მეცნიერები ასე გულმოდგინედ იკვლევენ ბიბლიაში დიდი ხნის წინათ დაწერილიცაა და გათვალისწინებულიც. შემოქმედმა ხომ ყველაზე უკეთ უწყის ჩვენი ზრახვები, ჩვენი ფსიქიკა და შინაგანი სამყარო. ის რასაც ზიმბარდო ამბობდა “ცუდი სისტემების” შესახებ, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქულმა მისწერა კორინთელებს (1კორ.15 : 33) :” ცუდი საზოგადოებანი რყვნიან კეთილ ჩვევებს!” ბიბლია საუბრობს ადამიანებზეც, რომლებიც ირჩევენ სიბნელეს, რათა დაფარონ თავიანთი ბოროტი საქმეები (ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები./ იოან. 3:19/),თუ დავუკვირდებით დანაშაულის უმეტესი ნაწილი ღამით ხდება (ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები. /იოან. 3:20/). სახარებაში ვხვდებით ადგილებს, სადაც საუბარია დაფარულის გაცხადებაზე: “არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება”(ლუკ.12 – 2:3). ქრისტიანები ვალდებულნი არიან სინათლეში დადიოდნენ, მათ იციან, რომ ანონიმურობა არ არსებობს, რადგან ღმერთი ყველა მათ ნამოქმედარს ხედავს და მათი საუბარი იწერება ღმერთის წინაშე სამახსოვრო წიგნში (მალაქ. 3:14).

 

ბიბლიაში ვხედავთ ძალაუფლებას, რომელსაც ღმერთი აძლევს თავის შვილებს, თუმცა ბიბლიური ძალაუფლება პასხისმგებლობას გულისხმობს, არამარტო შედეგის დადებაზე, არამედ ამ შედეგამდე მისაღწევ გზებზეც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ქრისტიანისთვის მიზანი არ ამართლებს საშუალებას. საინტერესოა, რომ ბიბლიაში ძალაუფლება მორჩილების გარეშე არ არსებობს, ძალაუფლებას იღებს ის, ვინც ღმერთის და მისი მცნებების მორჩილების ქვეშაა. ქრისტიანი პასუხისმგებელია არამარტო უფლის, არამედ ეკლესიის წინაშეც, რაც უზრუნველყოფს მის მოწესრიგებულობას, რადგან ვერ შევძლებთ დავემორჩილოთ ღმერთს, რომელიც არავის უხილავს, თუ არ შეგვეძლება ანგარიში გავუწიოთ ხილულ საკრებულოს, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩვენს მსახურებას.

 

კიდევ ერთი ნიუანსი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არის პასუხისმგებლობის აცილების და გადაბარების საკითხი სისტემაზე. ეკლესიაც “სისტემაა” და თითოეული მორწმუნეც ძალიან ჰგავს ჯარისკაცს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ბიბლია ამბობს:”ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს (რომ.14 : 12).” ჩვენ ვართ “ეკლესია”, ისევე როგორც თითოეული ჯარისკაცი “არმია”, მაგრამ ჩვენი ქმედებებისთვის პასუხისგება თითოეულ ჩვენთაგანს ინდივიდუალურად მოუწევს. ზიმბარდო ამბობდა, რომ მიუხედავად ამ ექსპერიმენტში გაკეთებული უარყოფითი აქცენტებისა, ის ხედავდა დადებითსაც, რადგან თუ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს უარყოფითისკენ, მას შეუძლია შეიცვალოს დადებითისკენაც. თუ ცუდ “სისტემებს” შეუძლიათ გახრწნან პიროვნება, რატომ არ შეიძლება კარგი”სისტემები” ეხმარებოდნენ ადამიანს პიროვნულ წინსვლასა და განვითარებაში?!… ასეთი კარგი “სისტემის” მაგალითი ეკლესიაა, რომლის კარი ღიაა ყველასთვის, რომელიც არ აწესებს ფეისკონტროლს ადამიანებზე და მზადაა დაეხმაროს მას.

 

და მაინც, რაც არ უნდა კარგი “რეცეპტი” არსებობდეს, თუ როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად…გვახსოვდეს რომ საქმე “რეცეპტში” არაა, ეს პირადი არჩევანია, ნება, რომელსაც ღმერთიც არ ეხება. ეს მხოლოდ ჩვენს ხელშია და ამ გადაწყვეტილებას ჩვენს გარდა სხვა, ვერავინ მიიღებს…რა გავლენაც არ უნდა ჰქონდეს გარემოს ჩვენზე, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლები მხოლოდ ჩვენ ვართ, თუ ამას დავივიწყებთ, ადვილად შეიძლება გადავიქცეთ “სტენფორდის ზედამხედველად”. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ლუციფრიდან სატანად გადაქცევამდე მანძილი ძალიან მოკლეა……….