მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ჰელოუინი

 

ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკასა და ევროპაშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ წარმართულ დღესასწაულს, რომელიც გარდაცვლილთა სულების „დაშინებას“ და „განდევნას“ ისახავს მიზნად, საქართველოში უკვე მერვე წელია აღნიშნავენ.

 

პირველ ნოემბერს ამერიკასა და ევროპაში უცნაურად ჩაცმული ბავშვები ქუჩებში დადიან, სახლის კარებზე აკაკუნებენ და ყველას, ვინც ტკბილეულით არ გაუმასპინძლდება, რაიმე ცუდის გაკეთებით ემუქრებიან. „მომეცი, თორემ ინანებ!“ - აშინებენ ჯადოქრებივით მორთული პატარები ოჯახის პატრონებს.

 

წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, „ზაფხულის დასასრულს“ აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან, კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ.

 

XIX ს-ში ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი ამერიკაში გაავრცელეს. ბოლო ხანს მისი აღნიშვნა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც დაიწყეს. გერმანიაში „სულ უფრო მეტი მოქალაქ ცდილობს, ამ შემაძრწუნებელ გართობებში მონაწილეობის მიღებას“, - წერს გაზეთი „ნორდკურიერი“ ჰელოუინის შესახებ.

 

ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, - მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. ნიცის ეპისკოპოსი ჟან ბონფისი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სიტყვა „ჰელოუინის“ ძირი კელტურია, მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული. სულები მიცვალებულთა სახეებს იღებენ, მოჩვენებებად გვევლინებიან, რათა ჩაასახლონ ჩვენში სიკვდილის შიში, რაც ეშმაკისგან მოდის. „დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჰელოუინი არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან“, - გვაფრთხილებს ეპისკოპოსი.

 

საჰელოუინოდ ტრადიციულ სამასკარადო ტანსაცმლით შემოსილი ბავშვები თავისდაუნებურად ბოროტ ძალას ემსახურებიან. როდესაც არ გვესმის იმ „დღესასწაულის“ არსი, რომელშიც ვმონაწილეობთ, ამან შეიძლება მეტად მავნე და საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჰელოუინის ოკულტური დღესასწაულის შესახებ თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლობა.

 

უკანასკნელ წლებში საქართველოში, როგორც ყველა „უცხო ხილს“, კომერციული მიზნით ჰელოუინის აღნიშვნასაც გამოუჩნდნენ ინიციატორები. შარშან, 31 ოქტომბერს, ჰელოუინის თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში აღინიშნა. ჩაბნელებულ დარბაზში მაგიდებს გოგრისგან დამზადებული ჩირაღდნები ანათებდა. სტუმართა უმრავლესობა სამასკარადო კოსტიუმებში იყო გამოწყობილი, რასაც თან ერთვოდა ელექტრონული მუსიკაც. იმ მართლმადიდებელ ქართველებს, რომლებიც ღამის კლუბში შავი სამასკარადო შესამოსლით როკავდნენ და „სულების განდევნის რიტუალში“ მონაწილეობდნენ, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ დღესასწაულის ოკულტურ ფესვებზე და უწყინარი, მხიარული გართობა ეგონათ.

 

საერთოდ, ბოლო ხანს საქართველოში ერთგვარ მოდად იქცა უცხოური დღესასწაულებისა თუ ტრადიციების მექანიკური გადმოტანა და საყოველთაო ზეიმებად გადაქცევა. სჯობს, სანამ ამგვარი საქმის თაოსანნი რაიმეს გადაწყვეტდნენ, კარგად გაერკვნენ „დღესასწაულების“ არსში.

 

მოამზადა სერგო კერესელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, №19, 2005 წ.

 

 

რა არის ჰელოუინი და როდის წარმოიშვა იგი?

 

ჰელოუინი არის დღეს ერთერთი საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ევროპაში, ამერიკაში და სხვა ზოგიერთ დასავლურ სახელმწიფოში.
ჰელოუინი არის თავისი წარმოშობით ერთერთი უძველესი ხალხური დღესასწაული, რომლის ძირებიც დაიძებნება კელტების უძველეს რელიგიაში. კელტები იყვნენ ის ტომები, რომელნიც ცხოვრობდნენ თანამედროვე ბრიტანეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვის პირველსაუკუნეებში, კელტებს ჰქონდათ საიდუმლო რელიგიური პრაქტიკა, ქურუმები რომელნიც კელტურ რელიგიას ემსახურებოდნენ დრუიდების სახელით არიან ცნობილნი ისტორიაში. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება შეგვხვდეს ჩვენ, ცნობილი ტერმინი დრუიდიზმი რელიგიების ისტორიაში, რომელიც დრუიდების რელიგიურ პრაქტიკას აღნიშნავდა. არამარტო ჰელოუინი, არამედ ზოგიერთი, ევროპაში გავრცელებული ხალხური დღესასწაული, სწორედ დრუიდულ რელიგიური კულტიდან იღებს სათავეს. ეს არის დღესასწაული ვითომდა ავი სულების, დემონური ძალების განსადევნელად, როგორც, ვთქვათ საქართველოში შეიძლება პარალელი გავაკეთოთ, უძველესი დროიდან იყო ფეხმოკიდებული დღესასწაული "ჭიაკოკონა"-ს სახელით ცნობილი და ჭიაკოკონას დღესასწაულის ძირითადი არსი ვითომდა იყო ის, რომ ამ დღესასწაულზე ადამიანები რომელნიც ცეცხლს ახტებოდნენ, განდევნიდნენ თავიანთი თავიდან ბოროტ-დემონურ სულებს. სინამდვილეში ეს იყო მაზდეანური, ძველი ირანული დღესასწაულის "ორდალია"-ს ქართული ხალხური გამოვლენა. ვითომდა ეს დღესასწაული უნდა ყოფილიყო დამთხვეული დიდ ოთხშაბათს, რაც ზოგიერთის წარმოდგენით მოასწავებდა მის ქრისტიანულ შინაარსს, მაგრამ ბუნებრივია, ეკლესია ყოველთვის გმობდა ამ წარმართულ მსახურებას. იგივე ითქმის ჰელოუვინზეც. ეს არის ვითომ ქრისტიანობასთან რაღაცით კავშირში მყოფი რელიგია რადგანაც ანტიდემონური შინაარსისაა, მაგრამ თვითონვე აქვს დემონურ-სატანურ ძალებთან ფარული კავშირი, ფარული კონტაქტი.

 

 

რატომ ეწინააღმდეგება ჰელოუინი ქრისტიანულ სწავლებას?

 

ჰელოუინი იმიტომ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას რომ მას არა აქვს საფუძველი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში და ქრისტიანული ეკლესიის პრაქტიკაში. ყველა დღესასწაული რომელიც აღინიშნება ეკლესიის წიაღში, თავისი შინაარსით ბიბლიური სამყაროდან უნდა მომდინარეობდეს. ვთქვათ ვდღესასწაულობთ მაგალითად შობის დღესასწაულს, ბუნებრივია რომ შობის დღესასწაულზე ჩვენ ვადიდებთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს განკაცებას. იბადება ანალოგიური კითხვა, რომ ჰელოუინის დროს ვის ვადიდებთ ჩვენ? ანუ სად არის აღწერილი ეს მოვლენა ან ეკლესიის ისტორიაში ან წმინდა წერილში? ბუნებრივია რომ არსად, ამიტომ იბადება კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ჰელოუინის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა მართლმადიდებელი ქრისტიანის მხრიდან.

 

 

რატომ არ შეიძლება ამ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება?

 

ამ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება, რადგანაც იგი შენიღბული დემონური დღესასწაულია, ანუ არის გარკვეული სატანური რიტუალები, რომელსაც ამ შავი მაგიის მიმდევრები არც მალავენ, და არის დღესასწაულები, რომლებსაც ისინი ნიღბავენ. ანუ ვითომდა არის თავისი შინაარსით კეთილი და გარეგნულად სიკეთის ფორმა აქვს მას მორგებული, მაგრამ შინაგანად მტაცებელ მგელს ემსგავსებიან მასში მონაწილენი. ამიტომ აქ მოქმედებს პრინციპი: "მტერი მოსრული მოყვრულად, მტერზედვე უარესია". აი მისი შენიღბულობა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს მის მზაკვრულ და მის არასაიმედო, ქრისტიანისათვის არასტაბილურ მდგომარეობას. ეს დღესასწაული სამწუხაროდ დღეისათვის ევროპისა და განსაკუთრებით ამერიკის ცხოვრებაში შობის მერე თითქმის მეორე ადგილზე გავიდა ზოგიერთი სოციოლოგიური მონაცემებით პოპულარობის მიხედვით, რაც მოასწავებს დასავლეთის სულიერი სამყაროს დეგრადაციას ჩვენს ცოდვით დაცემულ ეპოქაში. რაც უფრო გადის წლები, სამწუხაროდ, ვითომდა ქრისტიანები უფროდაუფრო შორდებიან იმ სწავლებას, რომელი სწავლებაც მოციქულთა დროიდან არის გადმოცემული ეკლესიაში და რომელიც შეურყვნელი წესით არის დაცული ჩვენს პერიოდამდე. სამწუხაროდ ეს ტრადიციები უფროდაუფრო გადაფასდა, ღირებულებები უფროდაუფრო დაიკარგა, რაც მოასწავებს იმას, რომ ამ დღესასწაულმა დღეს საყოველთაო ხასიათი მიიღო.

 

 

საქართველოში როდიდან დაიწყო ჰელოუინის აღნიშვნა?

 

საქართველოში ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა არცთუისე დიდი ხანია რაც დაფიქსირდა. ჩვენ გვახსოვს, რომ თითქმის 10 წლის წინ ჯერ კიდევ ხსენება არ იყო ამ ყველაფრის. რამ შემოიტანა ქართველებში ამ დღესასწაულის პოპულარობა? პირველი მიზეზი გახლავთ სწორედ დასავლურ სამყაროს განუზომელი ზეგავლენა ქართული სამყაროს სულიერ ცხოვრებაზე. ვიმეორებ, რაც უფრო გადის წლები, მით ჩვენი ქვეყანაც უფროდაუფრო მჭიდრო კონტაქტს პოულობს დასავლეთის ფასეულობებთან. ამიტომაც ბევრი რამ ისეთი, რაც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო, ფეხმოკიდებული აღმოჩნდა ჩვენს სინამდვილეში. რამდენიმე წელიწადია რაც ამ დღესასწაულს საზეიმოდ აღნიშნავენ თბილისის საკმაოდ ცნობილ ადგილებში, ცნობილ ცენტრებში და რაც ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ მასში მონაწილეობას იღებენ მართლმადიდებლები, ვითომ მართლმადიდებლები რა თქმა უნდა, რომელნიც ერთი მხრივ მრწამსით აღიარებენ თავს ქრისტიანებად, მეორე მხრივ კი, თავიანთი ცხოვრების წესით ეწინააღმდეგებიან სამოციქულო ეკლესიის სწავლებას.

 

 

ამბობენ რომ ჰელოუინი განდევნის ბოროტ სულებს, რამდენად მართალია?

 

ჰელოუინი განდევნის ვითომდა ეშმაკეულ სულებს, სინამდვილეში იგი თანაზიარობა გახლავთ ეშმაკეულ სულებთან. ეს დღესასწაული მაგიურია თავისი შინაარსით, რადიკალურად განსხვავებული ქრისტიანული სულიერი პრაქტიკისაგან. ამიტომ ყოველმა ადამიანმა თავის თავში უნდა გაამარჯვებინოს სულიწმიდას-ჭეშმარიტებას, და მიხვდეს, გაარჩიოს, რაში მონაწილეობა იქნება მისთვის სასარგებლო და რაში მონაწილეობა იქნება მისთვის მავნე. ბუნებრივია, რომ არამარტო ჩვენ უნდა ავუკრძალოთ ჩვენს თავებს ჰელოუინში მონაწილეობა, არამედ, უნდა ვეცადოთ, რომ სხვა ჩვენს გვერდზე მყოფი ადამიანებიც ნელნელა განვანათლოთ სულიერად და დავეხმაროთ სწორი არჩევანის, სწორი ორიენტირის გაკეთებაში.

 

 

არის თუ არა მხოლოდ გართობა?

 

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანები მასში ხედავენ უბრალოდ რაღაცა კარნავალს, რაღაცა გართობას, რაღაც საზეიმო მსვლელობას, რომელშიც განსაკუთრებით ახალგაზრდები და ბავშვები ვითომდა მხიარულებას მიეცემიან, ანუ ისინი გარეგნულ ფორმას უკვირდებიან, არ უკვირდებიან მის შიგნით რა იმალება. მასში მონაწილეობა წააგავს იმ თაფლიანი სასმელის დალევას, რომლის ფსკერზეც შხამი იმალება სინამდვილეში. მაგრამ უფრო მეტი პროპაგანდა ეკლესიას მართებს, რათა იერარქიამ, განათლებულმა საეკლესიო წრეებმა მართებული კომენტარი გააკეთონ ამ მოვლენაზე, რომ ქართული საზოგადოების არცერთ ნაწილს აღარ გაუჩნდეს სურვილი, რომ ეს დღესასწაული, რომელიც დიდი ხანია ჩაბარებული იყო ისტორიას, ხელახლა ამოტივტივდეს ჩვენს ცხოვრებაში.ჩვენ უნდა ვეცადოთ ქართველებში არსებულ ბევრ წარმართულ გადმონაშთთან ბრძლოლასაც. უამრავი ცრურწმენები უკავშირდება მიცვალებულს, ქართველ მთიელებშია გავრცელებული მრავალი წარმართული რიტუალები. ჩვენ რამდენი რამე ჩვენი გვაქვს დასაძლევი და ახლა ის რაც ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაშია, ჩვენ ესეც რომ მივუმატოთ ჩვენს წარმართობას, მაშინ სახეზე მივიღებთ თანამედროვე ადამიანის აბსოლუტურ სულიერ სიღატაკეს, რომელიც იქნება ქრისტიანობისა და წარმართობის უხეში ნაზავი, რასაც არაფერი კონტაქტი არ გააჩნია ჭეშმარით ქრისტიანობასთან.

 

 

რა შემთხვევაში დავაღწევთ თავს მსგავს ღონისძიებებს?

 

მსგავს ღონისძიებას თავს დავაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით შეფარებულნი მარად ეკლესიის წიაღქვეშ. საიდანაც ჩვენ ყოველთვის მივიღებთ იმ სწორ სწავლებას, იმ ჭეშმარიტ სწავლებას, რომელიც დაცულია სამოციქქულო სწავლებაში, მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონებში და იმ ჭეშმარიტებაში, რომელსაც მოკლედ და ლაკონურად ქვია მართლმადიდებლობა, რომელიც არის ერთადერთი მაცხივნებელი, ყოველი იმ ადამიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტად ღრმად ფიქრობს თავისი სულის გადარჩენაზე, თავისი სულის ცხონებაზე

 

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი