,,- ბაბუ, სად მივდივართ? - მეკითხება ჩემი ექვსი წლის შვილიშვილი.
- რაღაც მინდა, გაჩუქო.
- ვახ, რა კარგია! რა უნდა მაჩუქო?
- შენ რა გინდა?
- მეე? არაფერი.
- კარგი, ეგ შენი სასურველი არაფერი ვიყიდოთ.
სუპერმარკეტში შევდივართ და გამყიდველს ვეკითხები:
- გამარჯობა. არაფერი გაქვთ?
გამყიდველს უკვირს:
- ყველაფერი გვაქვს!
- არა, - ვუხსნი მშვიდად, - ჩვენ ყველაფერი კი არა, სწორედ არაფერი გვინდა.
- აააა, - მგონი, გამყიდველი მიხვდა, რაც ხდებოდა, - რა თქმა უნდა, არაფერიც გვაქვს, თან - ნაირნაირი.
- შენ როგორი არაფერი გსურს? - ვეკითხები შვილიშვილს.
ეგრევე თვალების ციმციმით მპასუხობს:
- წითელი!
- ერთი ახალთახალი წითელი არაფერი მოგვეცით, - ვეუბნები გამყიდველს.
ის მიდის. ჩემს შვილიშვილს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება - ძალიან ელოდება საჩუქარს. დაბადების დღე უსაჩუქროდ ვის გაუგონია?!
გამყიდველი ბრუნდება. ხელში დიდი წითელი ბლოკნოტი და ლამაზი მუდმივი კალამი უჭირავს.
- ეს რა არის? - ეკითხება ჩემი შვილიშვილი.
- ჯერ არაფერი, - უპასუხებს გამყიდველი, - სიცარიელეა.
- ეს ხომ ბლოკნოტია?!
- ჰო, ზოგ არაფერს ასეც უწოდებენ, - ეუბნება გამყიდველი, - აქ არაფერი წერია, ესე იგი, თვითონაც არაფერია.
- უყურე შენ?! - ამომხედა შვილიშვილმა, - მართლა არაფერი ყოფილა.
- კი, ასეა, - ვუდასტურებ მეც, - მართლა არაფერია. თანაც წითელი - როგორიც გინდოდა. კალამი კი მაგ არაფერს გამოჰყვა შენთან.
- რატომ, ბაბუ?
- მაგას და შენ შეგიძლიათ, ეს არაფერი ყველაფრად აქციოთ.
- ყველაფრად?! კი მაგრამ, როგორ?
- ამ ბლოკნოტში ჯერ შენს ფიქრს ჩაწერ, შემდეგ კი იმ ფიქრს გააცოცხლებ. ამაზე კარგი და მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში არაფერია.
- ვახ! ეს რა კარგი არაფერი გიჩუქებია, ბაბუ!
- ჰო, ეგ ისეთი არაფერია, თან ყველაფერიც რომ არის, - ამბობს გამყიდველი.
- შეიძლება, აქ ახლავე რაღაც ჩავწერო? - მეკითხება შვილიშვილი. წერა ხომ უკვე ვიცი!
მე და გამყიდველი თავს ვუქნევთ.
რამდენიმე ხნის შემდეგ წითელ ბლოკნოტში პირველი ორი წინადადება ჩნდება და ის სიცოცხლეს იწყებს:
"ბაბუმ წითელი არაფერი მაჩუქა. მე ამისგან ყველაფერს შევქმნი".
❤გია მურღულია❤