მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ადამიანის ფასი

 

ერთხელ ერთი ახალგაზრდა ბრძენ უხუცესთან მივიდა რჩევის საკითხავად.

 

მან ჰკითხა მოხუცს:

 

- მოძღვარო, გარშემო მყოფთაგან იმდენად დამცირებულად ვგრძნობ თავს, რომ არაფრის კეთების ხალისი აღარ მაქვს, ძალიან მოუხერხებელი და სულელი ვარ, შედეგად კი ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვცდილობ, ცუდად გამომდის. რა ვქნა? როგორ მოვიქცე, რომ მეტად დამაფასონ?

 

მოხუცს არც კი შეუხედავს ახალგაზრდისათვის, ამოიოხრა და უთხრა:

 

- ძალიან ვწუხვარ, ყმაწვილო, მინდა დაგეხმარო, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პრობლემა და ვერ გადამიჭრია. შენ რომ დამხმარებოდი, იქნებ მეც შემძლებოდა შენთვის გამოსავლის პოვნა...

 

- დიდი სიამოვნებით, - შესძახა ახალგაზრდამ. - მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რასაც მთხოვ, ოღონდ ამ ყველაფრიდან თავი დამაღწევინე.

 

- ძალიან კარგი, - გაუღიმა მოხუცმა. ხელიდან ბეჭედი მოიძრო, მიაწოდა და უთხრა: შეჯექი ცხენზე და სოფლის ბაზრისკენ გაიქეცი. მინდა, რომ ეს ბეჭედი გამიყიდო რაც შეიძლება მეტად, მაგრამ არანაკლებ ერთ ოქროდ. თუ ნაკლები შემოგთავაზეს, არაფრით არ დათანხმდე, რადგან ზუსტად ერთი ოქრო მჭირდება ჩემი ვალის დასაფარად.

 

ახალგაზრდამ დაუფიქრებლად გამოართვა ბეჭედი, ხელსახოცში გაახვია, იმედმოცემული მოხუცის ცხენზე ამხედრდა და დიდი სიჩქარით გაქუსლა ბაზრისკენ. როგორც კი მიაღწია ბაზარს, დაიწყო ბეჭდის შეთავაზება მოვაჭრეებისთვის. თავიდან დაინტერესდნენ და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ, რასაც იგი სთავაზობდა. მაგრამ როცა ფასზე მიდგა საქმე ყმაწვილმა კი განაცხადა, რომ არაფრით არ გაყიდდა ერთ ოქროზე ნაკლებად, დაცინვა და დამცირება დაუწყეს. სხვები კი უფრო თავაზიანად მიუახლოვდნენ და რამდენიმე სპილენძის მონეტას სთავაზობდნენ ბეჭდის სანაცვლოდ. ყმაწვილი კი მტკიცედ იდგა უარზე. ერთმა ერთი ვერცხლის მონეტაც შეთავაზა, მაგრამ ყმაწვილის დაყოლიება ვერავინ შეძლო.

 

დღის ბოლომდე დაჰყო ბაზარში, მაგრამ ვერაფრით მოახერხა ბეჭდის გაყიდვა. საღამოს მოწყენილი, ნელი სვლით დაბრუნდა მოხუცის ქოხამდე და თავჩაღუნულმა მორიდებით უთხრა, რომ მისი ბეჭედი ნამდვილად არ ღირდა არც ერთი ოქრო და არც მისი ნახევარი, თან მოუყვა, რაც გადახდა ბაზარში. მოხუცმა გაიღიმა, თმაზე ხელი მოუსვა ბიჭს და უთხრა: ნუ გეშინია, იმედი ჯერ არ არის დაკარგული, და მეორე დილას დაიბარა თავის ქოხში.

 

დილით უთხრა მოხუცმა ახალგაზრდას: ახლა აიღე ეს ბეჭედი კიდევ ერთხელ და ოქრომჭედელთან წადი. ჰკითხე, რამდენს გადაგიხდის, თუმცა რაც არ უნდა შემოგთავაზოს, არაფრით არ დათანხმდე.

 

ბიჭი უკვე დინჯად გაემართა ოქრომჭედელთან და მოხუცის ბეჭედი აჩვენა.

 

ოქრომჭედელმა გააპრიალა ბეჭედი და კარგა ხანი გულმოდგინედ აკვირდებოდა გამადიდებლით.

 

ყმაწვილის სულმოუთქმელი ლოდინის შემდეგ ოქრომჭედელმა ამოხედა და ვაჭრული მაცდურობით უთხრა:

 

- თუ გეჩქარება გაყიდვა, ახლავე შემიძლია შემოგთავაზო 50 ოქრო ამ შენს ბეჭედში.

 

ყმაწვილს თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ მოხუცისგან დარიგებულმა მტკიცე უარი უთხრა და ხელი გაუწოდა და ბეჭდის დაბრუნება მოსთხოვა.

 

ოქრომჭედელმა ბეჭედი მიაწოდა და უთხრა:

 

- თუ გეცოტავა, კიდევ შემიძლია, 10 ოქრო დაგიმატო. ბიჭი კი მტკიცე უარზე იდგა.

 

ბეჭედი ხელში ჩაბღუჯა და გასასვლელისკენ გაეშურა, ოქრომჭედელი წამოდგა და გაეკიდა, მისძახოდა და უმატებდა და უმატებდა ფასს.

 

ბიჭმა მოკურცხლა, უნდოდა, სასიხარულო ამბავი მიეტანა უხუცესი ბრძენისთვის. ქოხში დაუკაკუნებლად შეიჭრა და როგორც კი გააღო პირი, მოხუცმა გააჩუმა.

 

დაჯექი, - თქვა ბრძენმა, შემდეგ კი გაუღიმა და უთხრა: შვილო, შენ ხარ ამ ბეჭედივით, რატომ გინდა, რომ დაგაფასონ მათ, ვინც არ იციან ადამიანის ნამდვილი ფასი, რატომ არ ჰკითხავდი შენს ნამდვილ ფასეულობას იმას, ვინც ყველაზე კარგად იცნობს ადამიანს და იმას, თუ რა არის ადამიანში? იმას, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირა შენთვის?

 

ავტორი: ჯორჯ ბუკაი
(არგენტინელი მწერალი)

 

თარგმანი: ალიკა ბერიკაშვილი