გოგონასთვის დასაკრძალ შესამოსელს კერავდნენ... მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მისი შეკერვა აღარ იყო საჭირო - რადგან ის, ვისთვისაც დასაკრძალ სამოსს კერავდნენ, ამ ქვეყნიდან დიდ სქემაში შემოსილი უნდა გასულიყო.
ეს საოცარი ამბავი 2005 წლის 28 აპრილს დაიწყო, როდესაც 20 წლის სნეული ოლღა, დედამ სრედნეურალსკის დედათა მონასტერში მიიყვანა. გოგონა თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გამოწერეს ქალაქ ეკატერინბურგის ონკოლოგიური ცენტრიდან. მდგომარეობა უიმედო იყო. ამ დროისთვის მას უკვე ფეხზე დგომაც უჭირდა და გადაადგილებაში დედა ეხმარებოდა. დამწუხრებული ახლობლები მის გარდაცვალებას ელოდნენ. ბებიამ კი, გოგონასთვის დასაკრძალი შესამოსლის კერვას შეუდგა, მაგრამ საქმე რატომღაც ჭიანურდებოდა და ძალიან უკვირდა, მისთვის ასე მარტივად შესასულებელ ხელსაქმეს თავს რატომ ვერ ართმევდა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა ყველასთვის ცნობილი, რომ მისი შეკერვა არ იყო აუცილებელი. რადგან ის, ვისთვისაც დასაკრძალ სამოსს კერავდნენ, ამ ქვეყნიდან დიდ სქემაში შემოსილი უნდა გასულიყო. სწორედ ამ მიზეზის გამო მიეცა სნეულ ოლღას სიცოცხლის კიდევ ერთი, საოცარი წელიწადი...
მონასტერში მისვლისთანავე ოლღა ამ სავანის დამაარსებელთან და მოძღვართან, მამა სერგისთან მიიყვანეს. მან გოგონას უთხრა: თუ გინდა რომ იცოცხლო, დარჩი ჩვენს მონასტერში!
მან დაუჯერა მამა სერგის და მონასტერში დარჩა. სნეულებას თან ერთვოდა გაუსაძლისი თავის ტკივილები, იტანჯებოდა, საჭმელს ვერ ჭამდა. მაგრამ მონასტერში ყოფნის პირველივე დღეებიდან, ოლღამ თანდათანობით შეძლო არა მხოლოდ ჭამა, არამედ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი. მოგვიანებით ის დედებს მოუყვა, რომ როდესაც მაგნიტოგორსკის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მას ეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, პირველი აზრი რაც თავში მოუვიდა მონასტერში წასვლა იყო. თუ რატომ, ამას თვითონაც ვერ ხსნიდა და როდესაც მამა სერგისგან მონასტერში დარჩენის შეთავაზება მოისმინა, ოლღას სწორედ ის პირველი განზრახვა გაახსენდა და ამიტომაც, მონასტერში დარჩენაზე უყოყმანოდ დათანხმდა.
მოგვიანებთ ოლღას სხვა სურვილი გაუჩნდა: თუ სიმსივნისგან განიკურნებოდა, მონასტერში სამუდამოდ დარჩენილიყო და ამასვე ითხოვდა თავის გულმხურვალე ლოცვებში ყოვლადწმიდა ღვთიმშობლისადმი. და ერთ-ერთი ასეთი ვედრების დროს მონაზვნობის აღთქმაც დადო. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ მონასტერი, რომელიც ერთგვარ თავშესაფრად იქცა სნეული გოგონასთვის მისი მწუხარების დღეებში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელს ატარებდა. ოლღამ მამა სერგის გაუმხილა თავისი განზრახვის შესახებ და მისგან შემდეგი პასუხი მიიღო:
— შვილო, შენ უნდა გესმოდეს იმ სიტყვების მთელი სერიოზულობა, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უთხარი. ეს ხომ აღთქმის დადებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო.
შემდეგ მოხდა ის, რასაც სასწაულებრივი განკურნება ჰქვია. გოგონას, რომელსაც ექიმებმა საბოლოო ვერდიქტი გამოუტანეს და გაწერეს როგორც უიმედო, რათა თავის აღსასრულს შინ დალოდებოდა, მონასტერში საბოლოოდ განიკურნა. სულ ცოტა ხნის წინ მან მონასტრის ზღურბლს გადააბიჯა თავის ტვინის სიმსივნით. სიმსივნე რომელმაც მას მარცხენა თვალი სრულიად დაუფარა და შუბლზე საშინელი კოპის სახით გამოიზარდა, თითქოს სადღაც გაქრა. კოპი გასწორდა, შუბლი დაეწმინდა და უკვე თვალის გახელაც შეეძლო. იგი იყო სიჩუმის, ქალურობისა და სიმშვიდის ეტალონი, იხსენებდნენ მის შესახებ დედები. არასოდეს სმენიათ მისგან რომ რაიმეზე დაეჩივლა, ეწუწუნა ან ვინმესთვის ხმა აემაღლებინა, რაც ხშირად ახასიათებთ მძიმე სენით შეპყრობილ ადამიანებს.
როდესაც ოლღა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, მისმა თანაკურსელებმა და მეგობრებმა შეახსენეს, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, და ლამაზი იყო, რომ საჭირო იყო სწავლის გააგრძელება და ოჯახი შექმნაც კი... რომ მომავალში, კვლავ შეძლებდა დაბრუნებოდა მონასტერს. ახლობლების მხრიდან ამგვარმა შეგონებებმა მისი სული შეაცბუნა და გოგონას ფიქრები სხვა მიმართულებით წარმართა. ოლღა სასწრაფოდ მივიდა მამა სერგისთან და ყველაფერში გამოუტყდა. მაგრამ მამა სერგიმ, ოლღას დადებული აღთქმა შეახსენა...
— მოდი უბრალოდ ვილოცოთ, - შესთავაზა მოძღვარმა ოლღას,- ვევედროთ დედა ღვთისმშობელს: ის ისე მოაწყობს, რომ მიხვდები რომელი გზით წახვიდე. და ასე ილოცეს ერთად.
გარკვეული დროის შემდეგ სიმსივნემ კვლავ იჩინა თავი და საოცარი სისწრაფით იწყო ზრდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ოლღას სულიერი ზრდაც. მან მორჩილებით და უდრტვინველად იტვირთა თავისი ჯვარი. მიხვდა რომ ეს სნეულება სულის გადასარჩენად მიეცა და თუ ერში დაბრუნდებოდა, ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი რამ, რაც მის სულს დაღუპავდა. და ჩაეჭიდა თავის სნეულებას, როგორც გადარჩენის ერთადერთ გზას, რომელიც მას უფალთან მიიყვანდა.
ოლღა აღკვეცეს მანტიაში და უწოდეს ევდოკია. ამ დროს მას ჯერ კიდევ შეეძლო ფეხზე დგომა, ამიტომ აღკვეცის წესი ტაძარში აღასრულეს. აღკვეცის წესის თანახმად, გოგონა ჯვრის ფორმით დააწვინეს ფარდაგზე და იესოს ლოცვის თანხლებით, მანტიით დაფარეს. დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა, ამიტომ საკურთხევლისკენ მიმავალ გზაზე მას ორივე მხრიდან იჭერდნენ მონაზონი ბარბარე და მონასტრის მომავალი იღუმენია, ასევე მონაზონი ბარბარე. მოკლე ხანსი, მძიმედ სნეულ მონაზონ ევდოკიას განუზომელი მადლიერების გრძნობა დაეუფლა: იგი ჰმადლობდა უფალს ამ ჯვრის გამო, მისგან მოვლენილი სნეულების გამო. ეს ნამდვილი საოცრება იყო.
— მადლობელი ვარ უფლის – ყვებოდა მონაზონი ნინო,– რომ საკუთარი თვალით მომიხდა მენახა ეს ღვთის სასწაული. დიდ სქემაში აღკვეცის წინ ვესტუმრე მას.
იგი აღკვეცეს ხარების დღესასწაულის წინა დღით, მწუხრზე. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებდა და სრულიად ნათელი გახდა აღსასრულის მოახლოვება. სწორედ სნეული მონაზონის სულიერმა განცდებმა - უსაზღვრო მადლიერების გრძნობამ მასზე დაშვებული განსაცდელის გამო, მამა სერგის გადააწყვეტინა, თხოვნით მიემართა მეუფესთვის, ოცი წლის მონაზვნის დიდ სქემაში აღსაკვეცად. მეც სწორედ ამ მოვლენის წინ მოვინახულე იგი. მასთან ბევრნი შედიოდნენ მაგრამ ძალიან ცოტა ხნით, რომ არ შეეწუხებინათ. სამაგიეროდ ეს რამოდენიმე წუთი საკმარისი იყო იმისთვის რომ სენაკიდან სულიერად გაძლიერებული გამოსულიყვნენ, რადგან ისინი გრძნობნენ ნათელს, რომელიც მადლით გასხივოსნებული მონაზვნის სულის სიღრმეებიდან მოდიოდა.
და აი, მივუახლოვდი მის საწოლს და მოვიკითხე. იმ მომენტისთვის საშინელი თავის ტკივილები ჰქონდა და წვეთოვანი ედგა. დედაო ყოველდღე ეზიარებოდა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და ასე ძლებდა ზიარებიდან ზიარებამდე. მაგრამ როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა იგი თვითონ ითხოვდა წვეთოვანის დაყენებას. ჩვენი საუბარი გვიანი საღამოთი შედგა. ჩემს შეკითხვაზე თუ როგორ გრძნობდა თავს, მან მიპასუხა:
— ისეთი ბედნიერი ვარ!
თავიდან მეგონა რომ მომესმა, ამიტომ მის თავთან დავიხარე და კითხვა გავუმეორე. და კვლავ მესმის პასუხად:
— ძალიან ბედნიერი ვარ!
მის პასუხში, ისეთი სულიერი სიმშვიდე, ისეთი სიხარული იგრძნობოდა... ჩვენ მშვიდად ვისაუბრეთ სიკვდილისა და მარადიული ცხოვრების შესახებ. მას სიკვდილის საერთოდ არ ეშინოდა. იქ ვიყავი, როდესაც მამა სერგი შემოვიდა. მის დანახვაზე დედაომ ხელის მტევნები მკერდზე ჯვრის სახით დაილაგა და წყნარად წარმოთქვა:
— მამაო, მაკურთხეთ, რომ გავიდე!
მან ღიმილით მიუგო:
— რას ამბობთ სქემმონაზონო ანა, თუ ყველანი მოვკვდებით, მაშ ვინღა ილოცებს? მოდით, ცოტა ხანით კიდევ ვიცოცხლოთ!
მონაზონმა მშვიდად და მოკრძალებით კვლავ ითხოვა:
— მამაო, მაკურთხეთ, რომ გავიდე! მე იქ მინდა!
და ხელით, ზევით მიანიშნა. სენაკში ორსართულიანი საწოლი იდგა. მამაომ დრო იხელთა და გაეხუმრა:
— სად იქ? იქ ხომ ჩვენი მგალობლის, ირინეს საწოლია?
— არა, მამაო! მეორე სართულზე რა მინდა? ღვთისმშობელთან და უფალთან მსურს წასვლა.
ამ სიტყვებს ისე წყნარად და ისეთი სიხარულით წარმოთქვავდა თითქოს დიდი ხნის უნახავ, ახლობელ ადამიანებთან შეხვედრას ესწრაფვოდა. მე ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი; – ნუთუ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ხდება? არა წიგნში, არამედ ახლა, ჩემს გვერდით, რეალურ ცხოვრებაში. და ასევე მივხვდი იმას, რომ შესაძლებელია, ერთდროულად სნეულებისგან მოწყლული და ნატანჯი სხეული კვდებოდეს და იმავდროულად სული ხარობდეს. და ეს იმ დროს, როცა ადამიანი მხოლოდ ოცი წლისაა და უწყვეტ ლოცვა-ვედრებას აღავლენს უფლის წინაშე იმ ჯვრისათვის, რომელიც მას არგუნეს. ხოლო ამ უსაზღვრო მადლიერების გამო, მასზე უხვად გარდამოდის ღვთის მადლი, გული კი ტკბილი სიხარულით ივსება. მოგვიანებით გაირკვა რომ მან მართლაც მიიღო კურთხევა წუთისოფლის დატოვებაზე და მამა სერგისთან ერთად აღავლინა ლოცვა ღვთისმშობლის წინაშე.
სქემმონაზონი ანა მშვიდად მიიცვალა 2006 წლის 21 აპრილს. ვნების შვიდეულის დიდ პარასკევს – სწორედ იმ საათს და იმ ჟამს, როდესაც ჯვარზე გაკრული მაცხოვარი გარდაიცვალა. იგი ბრწყინვალე აღდგომის დღეს, სააღდგომო საგალობლების გალობით დაკრძალეს. მამა სერგიმ კი ხმამაღლა შესძახა:
— ქრისტე აღდგა, სქემმონაზონო ანა, ქრისტე აღდგა!
ყველას, ვინც დაკრძალვას ესწრებოდნენ გამოუთქმელი სიხარულის გრძნობა დაუფლებოდათ.
მის გარდაცვალებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, მონასტერს ბერი დავითი ეწვია. ის მამა სერგისთან ერთად შევიდა მონაზვნის სენაკში და შეძრა იმ ძალის შეგრძნებამ რომელიც ''სრულად ვლინდება უძლურებაში'' და რომელიც ამ წუთს ამ ახალგაზრდა მონაზონს დაუფლებოდა. ის ხანგრძლივად და მთელი სერიოზულობით აკვირდებოდა მას და მონაზონმა ჰკითხა ბერს:
— რატომ მიყურებთ ასე?
— უბრალოდ ვფიქრობ, როგორ დაგეხმაროთ.
მან იქვე მიუგო:
— არაფერი მიჭირს!
ნანახით და განცდილით აცრემლებული ბერი დავითი, სენაკიდან კორიდორში სასწრაფოდ გამოვიდა და თქვა:
— ვთხოვ, რომ ათონის მთაზეც ილოცონ მისთვის.
როდესაც სქემმონაზონი ანა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე, ათონის მთიდან დარეკეს და მონასტერს აცნობეს, რომ წმინდა მთის სამ, ღვთივგანბრძნობილ მამას ეუწყა თუ როგორი სისწრაფით და დაბრკოლების გარეშე გაიარა მისმა სულმა საზვერეები და ახლა სრულიად გაბრწყინებული უფლის ტახტთან იმყოფება. მათ ასევე მიულოცეს მონასტერს, რომ სწორედ მათგან გადავიდა მარადისობაში, ასეთი წმინდა სული.
სიცოცხლის იმ მოკლე დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა, სქემმონაზონ ანას დაუდგინა, მან იგემა როგორც მწუხარებით, ისე ღვთის წყალობით სავსე ფიალა და განუსაზღვრელი მადლიერების გრძნობით მიიღო ეს ყოველივე.
მონაზონი ნინო (კრიპინა)