ტყეში რომ არ შეუშვეს,
გლეხმა ხარი გაყიდა,
თავი დაიიმედა,
-ტყვილა შრომად არ ღირდა!
ვეღარ დახნა ყანა და
სიმინდი ვერ დათესა,
მერე წამოუარა,
ძირში მოჭრა ადესა.
საქმე რომ შემოაკლდა,
მუშაობაც დაზარდა,
ყასბებს მისცა ძროხა და
აღარც ღორი გაზარდა,
გადათელა ბაღი და
შეშად აჭრა ატამი,
გადააწყო ბატი და
გადააწყო ქათამი.
არ დათესა მწვანილი,
აღარ გასხლა ვაზი და
ტალავერის რკინები
ერთ დღეს ჯართად გაზიდა.
რადგან ერთხელ გაბედა,
ბოლომდე დაიზარა,
ღობეც შემოერღვა და
კედლებიც დაიბზარა.
კერას იკლო სითბომ და
მოიმატა ნიავმა,
ოფლით ნაკოწიწარი
წამში გაანიავა.
გამოსავალს ეძებდა,
მოიფიქრა ეტყობა,
სახელმწიფოს მიადგა,
დახმარება შესთხოვა.
შეამოწმეს და უფროსს
ჩააბარეს პატაკი,
მივცეთ სოციალური,
ღარიბია, ღატაკი!
მომრავლდნენო სოფელში,
უპოვარი ბომჟები,
დაუნიშნეს სამადლოდ
შემწეობის გროშები.
... და გასწორდა მიწასთან
გლეხი, ერთ დროს ძლიერი,
ახლა სხვისი შემყურე,
სანახევროდ მშიერი,
ტყვილად ვეძებთ მიზეზებს,
- ნეტა ვისი ბრალია,
მოქალაქე დაიცვას,
სახელმწიფოს ვალია!
თუკი ვერ ეხმარები,
ხელს მაინც ნუ შეუშლი,
გლეხს ხარები რად უნდა,
ტყეში თუ არ შეუშვი?