მე არც „გრუზია“ მინდა ვიყო და არც „ჯორჯია“,
ჩემი სამშობლო, ჩემი მიწა ერთი გოჯია,
აქ თითო კენჭი ჩემი სისხლით დაწინწკლულია,
ასე რომ ბორგავს ზღვა კი არა ჩემი გულია.
და რახანია შეხსნილი მაქვს მკერდზე იარა,
მომხვდურის ჩექმამ ამ მკერდზედაც გადაიარა.
გადაშლილია დედამიწა- დაფა ჭადრაკის,
ჭადრაკის ნაცვლად ყომარბაზი ნარდით ერთობა.
და პირდაფჩენილ ხალხის მასას, ვით საწოვარას
ტენიან სიტყვებს „სამართალი“, „ხალხთა ერთობა“,
„ადამიანთა უფლებები“, „დემოკრატია“
სცენაზე ქოროდ ჩამომდგარა ათი პარტია.
მთავარ როლისთვის ლიდერები შებმიან ერთურთს,
ტაკიმასხარა ტანზე ირგებს გმირის მანტიას.
ტირის ქალწული, ქორწილამდე დაქვრივებული,
ბავშვებს აცვიათ მეორადი ტანზე ჭინჭები
და ვირტუალურ სამყაროში სიკვდილის ჩრდილებს
სიცოცხლის ფასად ამარცხებენ ჩვენი ბიჭები.
ჩემი სიმცირით მამცირებენ, ჩემი სიკეთით,
პოლიტიკას კი საძაგელი სუნი აქვს შმორის.
ვდგავარ დაღლილი სიმართლის და სიცრუის კართან
და ვეძებ საზღვარს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
ღმერთო, შენ მიხსნი, კიდევ... ჩემი ძველი ფესვები,
მე რა გამტეხავს, სანამ ჩემი ზეცა მახურავს.
მე ვერც მომხდურმა და ვერც მოძმემ გრანტიჭამიამ
ვერ დამავიწყა წინაპართა ადათ-წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ, უწყის ღმერთმა ამ დღეში, მაგრამ,
„მაინც ვიცინი, ერთხელაც არ დამიკვნესია.“