|
რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც -
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.
ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს -
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.
მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან -
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.
და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს - ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე -
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს...
და თითქოს ვითვლით - ისევ და ისევ
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!
მიხეილ ქვლივიძე
|
|