ქუჩის კუთხეში იჯდა გლახაკი,
გამვლელს უცქერდა იმედის თვალით,
იქნებ იმდენი უბოძონ ხურდა,
პური იყიდოს სამყოფი ხვალის.
დღეს კი, იმდენი იშოვა უკვე,
დანაყრდეს უნდა, იყიდა პური,
ხელით მოცერა, მაგრამ ქისაში,
გროში არ დარჩა, არ უდევს ფული.
იფიქრა რა ვქნა, დღეს ეს მეყოფა,
ხვალინდელს ალბათ მომცემს უფალი,
ეხ, რა ყოფილა ეს სიღატაკე,
ღატაკის გამჩენს მე რა ვუთხარი.
ის იყო, პური უნდა გატეხოს,
ხედავს ქუჩაში მოდის ღარიბი,
მასზე ღატაკი და უქონელი,
ამ ქუჩის ვინმე ერთი ყარიბი.
მოათრევდა ძლივს ფეხშიშველ ფეხებს,
ქუჩის ქვა-ღორღიც ტერფებსა ტკენდა,
მოკვდა იმისი საცოდაობით
და გამჩენისგან სულ უფრო წყენდა.
მიუახლოვდა ღატაკი ღატაკს,
პური მაჭამე , სთხოვა - მშიაო,
ჯიბეს არა მაქვს არც ერთი გროში
და შოვნაც აღარ შემიძლიაო.
მან კი, ღატაკმა შეხედა ერთი,
არც კი დაფიქრდა და პური მისცა,
მერე შეხედა, კვლავ დააკვირდა
და იმ ღატაკში უფალი იცნა.
ჰკითხა - უფალო, შენაც მათხოვრობ?
შენც გაგიჭირდა, ვიფიქრო ნეტა?
არა შვილოსა, ეს იმიტომ რომ,
ასე ღატაკებს უკეთა ვხედავ.
შენ კი ღატაკი არა ხარ შვილო,
გული გქონია, კეთილი გული,
ყველა მდიდარზე მაღლა შენ დგახარ,
სული გქონია, მდიდარი სული.
აჰა, აიღე ეს შენი პური,
ლუკმას მიყოფდი თვითონ მშიერი,
ვერ გადაგძლია თავად შიმშილმა,
კუჭში რომ გიზის, ეშმა ცბიერი.
გახსოვდეს როცა გაჭირვებული,
ხელს გამოგიშვერს და ითხოვს შველას,
რაც გაქვს მიეცი, თუნდაც ღიმილი,
არასდროს კადრო უხეში ენა.
ვინც უნდა იყოს ადამიანი,
თუნდ სხვა ენაზე ტკბილმოუბარი,
გახსოვდეს, ყველა ადამიანში,
იყო და არის მუდამ უფალი.
დაასრულა და გზა გააგრძელა,
უფალი იყო, თუ ვინმე გლახა,
მაგრამ ღატაკმა დანამდვილებით,
ამ ძონძების ქვეშ უფალი ნახა.
გაოგნებული უცქერდა ქუჩას,
ვერ აცილებდა მიმავალს მზერას,
აი სად არის თურმე უფალი,
ჩვენში ყოფილა ახლა კი მჯერა.
ნ.შაინიძე.
|