მე მეგრული ნანა მიყვარს,
თუმც მეგრელი არა ვარ,
მაგრამ რაკი ქართველი ვარ,
მეგრელიც ვარ. მაშ რა ვარ?!
მე სვანური ლილეც მიყვარს,
თუმცა სვანი არა ვარ,
მაგრამ, რაკი ქართველი ვარ,
სვანიცა ვარ. მაშ რა ვარ?!
იმერული ლხინიც მიყვარს,
თუმც იმერი არა ვარ,
მაგრამ რაკი ქართველი ვარ,
იმერიც ვარ. მაშ რა ვარ?!
მიყვარს რაჭის მთების როკვა,
თუმც რაჭველი არა ვარ,
მაგრამ რაკი ქართველი ვარ,
რაჭველიც ვარ. მაშ რა ვარ?!
ვეფერები მწყაზარ ლეჩხუმს,
მის ასავალ-დასავალს
და რაკიღა ქართველი ვარ,
ლეჩხუმელიც გახლავართ!
მწამს გურულის კრიმანჭული,
თუმც გურული არა ვარ,
მაგრამ რაკი ქართველი ვარ,
გურულიც ვარ. მაშ რა ვარ?!
აჭარულმა განდაგანამ
ამიშალა ფიქრები
და რაკიღა ქართველი ვარ,
აჭარელიც ვიქნები!
ტურფა მესხეთ-ჯავახეთში
ლამაზია ბალახიც;
ჰოდა, რახან ქართველი ვარ,
მესხიც ვარ და ჯავახიც!
მე კახური ღვინოც მიყვარს,
თუმც კახელი არა ვარ,
მაგრამ რაკი ქართველი ვარ,
კახელიც ვარ. მაშ რა ვარ?!
პაწაწინა ქიზიყი ხომ
მხიბლავს, როგორც თილისმა.
ჰოდა, თუკი ქართველი ვარ,
მაშ ქიზიყის შვილიც ვარ!
მე მთიელთა კილოც მიყვარს,
თუმც მთიელი არა ვარ,
მაგრამ რაკი ქართველი ვარ,
მთიელიც ვარ, მაშ რა ვარ!
მოხევეც ვარ, ხევსურიც ვარ,
ფშაველიც და მთიულიც,
უამათოდ ვერ იქნება
საქართველო ღვთიური!
თუშეთის ცა ფირუზია,
მისი მთები - ხავერდი,
თუშიც ვარ და სალოცავად
იქაც კრძალვით ავედი.
ორთავ ქართლო და თბილისო,
მუდამ თქვენი ვიქნები,
თქვენს საქებრად, სადიდებლად
არ მეყოფა სიტყვები.
მე ის მიწა-წყალიც მიყვარს,
სხვის ხელში რომ ხუნდება,
მაგრამ მჯერა, ღვთის შეწევნით
უკან დაგვიბრუნდება.
მიყვარს ჩემი საქართველო,
ყველაფერი ქართული;
ქართველობის ჯვარის ზიდვა
მძიმე არის და რთული.
საქართველოვ, მინდა გნახო
მრთელი, აყვავებული,
ორ ზღვას შუა გაშლილი და
ღვთისგან გაბრწყინებული!..