| |
"მეზობელო კარისაო",
უცხო გახდი ლამისაო,
ლხინის ხმები გამაგონე,
ან ესა თქვი ან ისაო...
აღარ გიხსნის კბილს და კრიჭას
ბასრი პირი დანისაო,
არც სტუმარი აღარ გინდა,
აღარც შენი გვარისაო...
რად მიზეზობ თურმე ბრალი
არის დრო და ხანისაო,
არაფერი დაგაკლდება
ხან შენ მიხვალ ხან ისაო...
რად გაქვავდი, რატომ გახდი
მსგავსი კლდისა სალისაო,
ნუთუ აღარ გახსოვს მადლი
ყველი პური სალისაო,
მადლი სოფლის შენებისა
და მიცემა ბანისაო,
არც მეზობლის აკვნის რწევის
აღარც იავნანისაო.
შეიცვალე, ვინც იყავი
უკვე აღარ ხარ ისაო,
ღმერთმა გული მოგიბრუნოს
"მეზობელო კარისაო",
სახლში დიდი ხვავი მოგცეს
მკლავში ჯანი ხარისაო.
18 მარტი 2018 წელი
|
|