მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

✍️ მიხა ხელაშვილი

 

ლექსო ამოგთქომ

 

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,

 

გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.

 

ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.

 

შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე…

 

ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?

 

ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.

 

თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,

 

ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაალხინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაატირებსა,

 

მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,

 

დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

 

1919 წელი. ბარისახო.

25 წლის მიხა ხელაშვილი, 1925 წლის 25 იანვარს, საკუთარ დაბადების დღეზე, საბჭოთა ხელისუფლების დავალებით, მეგობრებმა ღალატით მოკლეს. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭის ცხედარი ხალხის დასაშინებლად, დუშეთის მილიციის ეზოში დააგდეს. რამდენიმე დღის შემდეგ ნეშტი მისმა დამ მოიპარა და ქურდულად მიაბარა მიწას ჩარგლის სასაფლაოზე, ბოლშევიკების ხელით მოკლული დედის გვერდით.

 

2022 წელს მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.