იყო მეგობარი, ნიშნავს გიხაროდეს,
სხვისი სიხარულის ბაღები.
გწყინდეს მწუხარება მისი გულის სევდის,
ზეცას დაუსველო თაღები.
ვარდი აუყვავო, გული გაუშალო,
ცრემლი წაუშალო თვალებში.
ფიქრი წაიკითხო, სიტყვით არ იკითხო,
ლოცვა შეაგებო კარებში.
იყო მეგობარი, ნიშნავს გული მისცე,
სული ჩაუწურო განცდებში.
ავი არ უსურვო, ნატვრა აუსრულო,
ბნელი გაუქარვო ღამეში.
ნება აღარ მისცე, არვის აღარ მისცე,
მასზე სამდურავი წამოსცდეს.
წრფელი მეგობარი - უფლის საჩუქარი,
შენი სულის მზიდან დალოცე!
რადგან მეგობრობა სულის კავშირია,
ფიქრის გამჭვირვალე ყვავილი...
დიახ, მეგობრობას როცა დასჭირდება,
მის წილ ეკალ-ბარდსაც გავივლი.
როცა აცივდება, სულში გაწვიმდება,
ვეტყვი: "მიმკურნალე ძმობილო,
ჩემო ჩემნაირო, ჩემო სულის ცალო,
ძმაო, სხვა დედისგან შობილო"...
იყო მეგობარი, ნიშნავს დაცვა გსურდეს,
ყველა ამ ქვეყნიურ ცუდისგან.
რაც კი გაგაჩნია სითბო გასაცემი,
მხრებზე მოაფრქვიო გულიდან...
ჩემთვის მეგობარი ისე ძვირფასია,
გვერდით რომ ვიგულო სულ მინდა.
რადგან მეგობარი მზეა სანატრელი,
რომ გამობრწყინდება ღრუბლიდან.
ნამდვილ მეგობართან გული დამტკბარია,
წამში გეპარება წუთები...
აღარ მოგწყინდება, აღარ გეეჭვება,
- მირონცურვილია გულები...