მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

შალომ

 

მაშინ, როცა მიწა-წყალი ყველგან ოხრად ეყარა,
შენ აღთქმული მიწა გერგო, მე წილხვედრი ქვეყანა,
ბევრჯერ, ჩვენი რწმენის გამო, ტანჯვა შემოგვეყარა,
შენ გოდების კედელი გაქვს, მე გოდების ქვეყანა...


ერთნაირი ბედ-იღბალით, ერთნაირი ტკივილით,
სალამს გეტყვი და შენც შალომს შემაგებებ ღიმილით,
გვდევნიდნენ და სარგებლობდნენ მუდამ ჩვენი სიმცირით,
გავუძელით, გადავრჩით და დღესაც ლაღად ვიცინით...


გამიყავი ერთ დროს მაცა, მეც მოგართვი ხმიადი,
იმ დროიდან ვერ ჩამოწვა ორ ერს შორის წყვდიადი,
ერთმანეთის ჭირ-ვარამზე არ ვყოფილვართ მდუმარი,
ძმად მოხვედი, ძმად მიგიღე, ვერ დაგარქვი სტუმარი...


შენ შენს დავითს ადიდებდი, მე ჩემს დავითს ვაქებდი,
შენს შვილს ცოტნეს ეძახოდი, მე სოლომონს ვარქმევდი,
დაგენაცვლეს მიძახოდი, შემოგევლეს გეძახდი
ქართველ ებრაელად გცნობდი და ,,სხვა" დღემდე ვერ გახდი...


ბევრჯერ, ჩვენი ძმობის გამო, ტანჯვაც შემოგვეყარა,
შენ გოდების კედელი გაქვს, მე გოდების ქვეყანა...
ერთმანეთის გვადევს ვალად სიყვარულის ბეგარა
შენ აღთქმული მიწა გერგო, მე წილხვედრი ქვეყანა.


ირაკლი ნადარეიშვილი

17.03.2022 წ.