ჰარმონიაქმნილ სამყაროს უმზერ,
ფიქრებში ხატავ ყოფილ ქაოსებს,
მიმწუხრის ლოცვა გეღვრება გულზე
და ზენაარის სიბრძნე გაოცებს.
თავს ცა დაგხარის ნათლის მთოველი,
მიაყურადებ ვარსკვლავთა ციმციმს,
იდუმალია ირგვლივ ყოველი
და საიდუმლოს ამოხსნა გიმძიმს.
სადაც არ უნდა გაფრინდეს კაცი,
ჰქონდეს მიზანი მძაფრი და ზუსტი.
ვერსად გაასწრებს დროსა და მანძილს,
ერთგვარად მაინც დარჩება სუსტი.
თუმცა ფიქრების ოქროს ხვავია
შენს ირგვლივ, რასაც იმედი შველის...
და ვარსკვლავები ისე ჰყვავიან,
როგორც ლამაზი ოცნება შენი.
1973 წ.