ახლა მე ისევ მზით ავივსები
რათა სიმღერად ვიდინო მერე,
წამოვაჯდები კისერში ნისლებს
და მაღალ მთათა დავტკბები მზერით.
იქაც გავიჩენ სატრფოს ყვავილებს,
ვეჩურჩულები მთვარეს ღამ-ღამით,
დავტკბები, მწვერვალს როცა ავივლი,
შორს გადაშლილი სივრცის კამკამით.
სტუმრად ვეწვევი წყაროს დილ-დილით,
რიტმში ავყვები მე ამ ბუნებას,
თუ ნეკზე იკბენს მწყრალად სიკვდილი,
ნაცვლად სიცოცხლე მეამბორება.
გვიან ჩამოვალ ბარში ყივილით,
ქარი ჩვეული რიდით მოგვისმენს,
და გათავდება ყველა ტკივილი
თუკი გაგვაჩნდა იგი ოდესმე.