მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მეუფე თადეოზი (იორამაშვილი)

 

მეგობარ პოეტს

აკურთხე გვირგვინი წელიწადისა
სიტკბოებითა შენითა, უფალო.
ფსალმუნიდან


რამეთუ ყოველი მოცემა კეთილი, და ყოველი
ნიჭი სრული ზეგარდამო არს შთამომავალი
შენ მიერ მამისაგან ნათლისა...
ამბიონის ლოცვიდან


ცავ, შენ ხომ მადლის იყავ მთოველი,
შენ გეკითხები ტალღების სადარს, –
თქვი: სად არს არსენ იყალთოელი,
თქვი: იოანე პეტრიწი სად არს?

 

ჯემალ ინჯია


საღამო ესე სიხარულს აქსოვს
და ზამთრის ღამე აყვავილდება...

თუ სიტყვის მადლი მომავალს ახსოვს,
პოეტს რად უნდა მეტი დიდება?

 

გლოცავთ... ეს წელი ლხენად იწყება,
სამასსამოცდახუთი მზის ეტლით.
სიყვარული და თავდავიწყება,

პოეტს რად უნდა დიდება მეტი?..

 

მარად ქუხს შოთა, ვაჟა, ტატოი...

ვინ თქვა – სიცოცხლის ენა დადუმდა?
გალაკტიონი, ჩემო ბატონო,

მეტი დიდება პოეტს რად უნდა?

 

ალალკაცურად სტრიქონი რანდე

და უკვდავების ნათელი გპოვებს...

და შემოდგომის, და სთვლობის დამდეგს
მეტი დიდება რად უნდა პოეტს?

 

საიდუმლთა ჯერ გაუმხელი
ოქროვან წვიმად მუზა მოსული,

ვისაც ქედს ადგას ქვეყნის უღელი

იცოცხლებს მისი ცეცხლი მგოსნური.

 

მაღალ მწვერვალებს სიწმინდე მოსავს

და დაგყოლია ლტოლვა მარადი,

მზის სიყვარული და დედის ლოცვა

ამ უვალ გზებზე დაე გფარავდეს.

 

მწამს საქართველოც – დედაი დიდი,
მაღლით შეგმოსავს მაღალ იმედებს,
რომ გაზაფხული გედგას მარადი

და სიყვარული გაყვავილებდეს.

 

რისი ნილოსი – მარმარილოსი,
რის ამაზონი, ანდა რა ინდი, –

შენი სტიქია ღირსად გიქია
ორი მდინარე – ციხით რაინდით.

 

მიჰქრიან დღენი ნიადაგ წვაში
ჟამთა სიბერეს რომ ვერ გიყელოს...

მიფრინავ მზისკენ შენებურ რაშით
ლიახველო და გორისციხელო.


1977 წ.