ერი იწყებს ახალ მატიანეს,
მატიანეს მშვენიერს და წმიდას,
მოჩვენებითს ჟამი ატიალებს,
უკვდავებად რაიც ვერ გაბრწყინდა.
ღმერთო გვიშველე, კვლავ აგვიშენე
სალოცავები შენი
მამულის მტერი გადაგვიშენე
შენ ხომ ყველაფერს შველი?....
არცა მოგვშლია, არც მოგვეშალოს,
ქვეყნად იმედი შენი.
როგორც სიცოცხლე, სიყვარული
ვით მზის სიცილი;
არ მოგაკლდება სიხარული
შენ შენი წილი.
მიღმა სამყაროს თუ შეიგრძენ იდუმალება,
მიხვდები კიდეც ღვთის ხატ-ქმნილო რა გევალება
სიკეთის ფრთები, სიმსუბუქე
მარად იოლი...
გამართლება და...
ნეტარება მარადიული.
იწვის... ანათებს... მზეა... – ჰქვია მზე...
ჩრდილში კი გრილი გრილობს ნიჟარა...
გაგეცინება ადამიანზე,
მაინც რად არის ასე მშიშარა?
თუ უხარია, მალავს სიხარულს,
თუ უჭირს თავი ამაყად მოაქვს,
დრო გამოაჩენს ყველაფერს ფარულს,
რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს.
სხვის გოლგოთაზე შენ ვინ გაგზავნის?
შენ უნდა შენი იტვირთო ჯვარი...
სულს არ უხდება დაჩნევა ბზარის,
არ გამართლდება, როგორც რომ ზარი.