ისე ტიროდა პატარა ტასო
-გეგონებოდა არავინ ჰყავსო.
ვარსკვლავმაც ალბათ იფიქრა ასე
მოსწყდა, მიუჯდა პატარას წამსვე.
,,რა გატირებს?” - ღიმილით ჰკითხა
,,ნუთუ შემოგხვდა ბოროტი ვირთხა?
თუ, შეგაშინა ფერიამ შავმა.
და მოგაყენა საბრალოს ტრავმა?”
ვარსკვლავს ახედა ეჭვებით ტასომ,
იფიქრა: ნეტავ ბოდავსო რასო?
სცადა ცრემლების მიზეზის ახსნა:
თურმე მიზეზი ყოფილა ჩაფსმა.
ძმასთან თამაშით იყო გართული,
ვერ მოითმინა ბოლო სართული.
იქვე ჩამჯდარა ანაბრად ბედის…
და სტირის ახლა - შიში აქვს დედის.
გაკვირვებული იყო ვარსკვლავი;
რა არის ასე გულმოსაკლავი?
ვერ გაუგია მას ბავშვის სევდა,
რადგან ვარსკვლავებს არა ჰყავთ დედა.
ამბობენ მზეო - არ არის სწორი,
მთვარის მამობაც ყოფილა ჭორი.
(ხომ უნდა შეხვდნენ მშობლები სადმე
ბავშვის კეთების რომ სცადონ საქმე)
და ისევ ცაზე ახტა ვარსკვლავი,
სადაც ცხოვრობდა სხვა უთვალავი.
მას შეჰყურებდა ქვემოდან ბავშვი,
ცრემლით აევსო თვალები წამში.
რომ არ შეიქნას დედის საკლავი:
თვითონაც უნდა გახდეს ვარსკვლავი
- მას არც დედა ჰყავს და არცა ფსამსო.
ამას ფიქრობდა სულელი ტასო.