მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მაკა გელაშვილი
სასულიერო ხასიათის ლექსები და პოემები

 

წმინდა შიო მღვიმელის ცხოვრება

 

 

ღმერთშემოსილი და წმინდა შიო,
ასურეთიდან წარმოშობილი,
ყოვლად მდიდარ და უფლისმოყვარე
იყო მშობელთა მხოლოდშობილი.

 

ნეტარი შიო, ღვთისგან ნაბოძი,
იყო საყრდენი მათი სიბერის,
მათ შეაყვარეს გულდასმით კითხვა
ძველი, ახალი აღთქმის წიგნების.

 

როცა წმინდანი ოცი წლის გახდა,
ღირს იოანეს, დიდ მწყემსს ესტუმრა,
ვინაც წინასწარ განჭვრიტა მისი
სულის სიმდაბლე, გულის შემუსვრა.

 

რწმენით ძლიერმა ბერმა მიმართა:
„შიო, ნეტარ ხარ წინაშე ღმერთის,
წადი, კურთხევა მოგცენ მშობლებმა,
მერე მიგიღებ სულგრძელს და კეთილს.

 

მათ მონაზვნობა მოესურვებათ
და შენზე უწინ მონასტრებს წავლენ,
შენ კი მოსული ამ უდაბნოში,
სათნოებებით ცხოვრებას განლევ.“

 

ახდა წმინდანის წინასწარხედვა,
შიოს მშობლებმა დათმეს სოფელი,
თვითონ გაყიდა, რაც კი ებადა
და ღარიბ-ღატაკთ მისცა ყოველი.

 

მერე მივიდა იოანესთან
და აღიკვეცა ნეტარი ბერად,
მასში უფლისთვის თავის გაწირვა
და სიყვარული გამრავლდა ბევრად.

 

 

* * *

 

ოცი წლის შემდეგ შიოს მოძღვარმა,
ღვთისგან მიიღო სათნო ბრძანება:
თორმეტი ბერი გამოერჩია
და ამ კურთხევას იგი დანებდა.

 

უნდა წვეოდნენ ქართველთ ქვეყანას
და რწმენა მათი განეძლიერათ,
ექციათ ხალხი, ქრისტიანები,
სულით, სიტყვით და საქმით ძლიერად.

 


გზა გაჭირვებით განვლეს ბერებმა
და აღასრულეს სურვილი მართლის,
შიო ერთ-ერთი მათგანი იყო,
ვინაც ესტუმრნენ მიწა-წყალს ქართლის.

 

ღირს ევლავიოზს – ღირს კათოლიკოზს
ძილში უფალმა ახარა, ამცნო,
რომ წმინდანები ქართლს მოვიდოდნენ
და შეხვედროდა ღმერთისგან ნამცნობთ.

 

დილით წმინდანებს გახარებული
ევლავიოზი ემთხვია ფეხთით,
და იოანემ ქართულ ენაზე
დაუბრკოლებლად ადიდა ღმერთი.

 

ამით დაიწყო სასწაულები,
ასურელები კურნავდნენ სნეულთ,
ყველა უსმენდა სწავლა-მოძღვრებას
წმინდა მამათა, უფლისგან რჩეულთ.

 

როცა ბერებმა ინდომეს ყოფნა
მიუვალ ტყეში, ზედაზნის მთაზე,
არაგვი იყო ადიდებული,
გაძნელდებოდა გადასვლა მასზე.

 

ნეტარმა შიომ მუხლი იდრიკა,
ჯვარი დასახა მშფოთავ მდინარეს,
მისი დინება შეწყდა და უფლის
მადლმა მოიცვა ის არე-მარე.

 

უდაბურ ტყიან მთაზე დასახლდნენ,
გამოქვაბული ტაძრად აქციეს,
მათთან მავალი დიდი, პატარა,
ქრისტეს მორწმუნედ გადააქციეს.

 

ღირს იოანეს ქალწულმა ნინომ
და ღვთისმშობელმა ძილში ახარეს:
„მოწაფეები უნდა გაგზავნო
სამოღვაწეოდ სხვადასხვა მხარეს.“

 

 

* * *

 

წმინდანი შიო მოძღვარმა ლოცა
და ნება მისცა დაყუდებისა,
შიო მცხეთასთან, უწყლო ადგილზე
მივიდა ძებნად საყუდებლისა.

 

იპოვა მცირე გამოქვაბული,
არ შეუშინდა შიმშილს და წყურვილს.
ქვეწარმავლები, მხეცები ირგვლივ
ვერ აფერხებდნენ ნეტარის სურვილს.

 

შიოს გამოზრდა იწყო ყოველ დღე
მტრედმა, უფლისგან მოვლინებულმა,
წყარომაც იწყო დინება კლდიდან,
მადლი მიიღო მოთმინებულმა.

 

ერთ დღეს ევაგრემ, წარჩინებულმა,
სანადიროდ რომ გამოსულიყო,
იხილა მტრედი კლდისკენ მფრინავი
და გადაწყვიტა იქ მისულიყო.

 

გამოქვაბულში ნახა წმინდანი
და მოიხიბლა მისი სიტყვებით,
მასთან დარჩენა მოუნდა ძლიერ,
სული აღევსო რწმენით, სიქველით.

 

ნეტარმა შიომ თავისი კვერთხი
ხელში გადასცა ევაგრე მთავარს,
უთხრა, რომ მტკვარში ჩაეყო იგი,
ის უჩვენებდა მოშურნეს გზა-კვალს.

 

მდინარის ფსკერზე ივლიდა მშრალად,
გადავიდოდა ნაპირზე კვერთხით,
მოაგვარებდა ყოველგვარ საქმეს,
დაბრუნდებოდა ნამცნობი ღმერთით.

 

მტკვართან მისული კვლავ კვერთხს ჩაჰყოფდა,
და თუ მდინარე უჩვენებდა გზას,
განღმრთობილი და აღვსილი მადლით
შიო თავისთან დასტოვებდა მას.

 

შიოს ბრძანებას ბუნება წყლისა,
ვითარცა მოსეს, დაემორჩილა.
ევაგრემ თავის საქმე აკეთა
და დაუბრუნდა წმინდანს მორჩილად.

 

ნეტარმა იგი შემოსა სქემით
და მონაზვნობის წესი ასწავლა.
ევაგრეს მხრიდან გაცხადდა შიო,
მრავალმა იწყო რწმენით მათთან სვლა.

 

ზოგმა დაიწყო ბერის ცხოვრებაც
და ბოლოს მათმა იმატა რიცხვმა,
არ აშინებდათ წმინდანთან მყოფებს
მცირედმორწმუნე ერისგან კიცხვა.

 

ერთ დღეს, ერთ-ერთ ძმას დიდი წვალებით
კოკით მოჰქონდა მდინარის წყალი,
მაგრამ ეშმაკმა ფეხი წამოსდო
და გაუტეხა ჭურჭელი ძალით.

 


ნეტარმა შიომ ძმას ატირებულს
და შეწუხებულს რომ მოჰკრა თვალი,
იქვე ილოცა და ღვთის შეწევნით
აღმოაცენა კურნების წყალი.

 

და ამის შემდეგ ძმობა გამრავლდა;
ერთი ტაძარი სურდათ, აეგოთ,
მაგრამ ადგილი მინიშნებული
წმინდანის პირით უნდა გაეგოთ.

 

შიო კლდის წვერზე, აღმოსავლეთით,
ავიდა ლოცვით ყველასთან ერთად,
ხელზე საკმევლით დაიწყო კმევა
და კვამლი ზეცას ამაღლდა სვეტად.

 

უცბად ჰაერში გამოჩნდა კვამლის
სვეტი და ქვემოთ დაეშვა ნებით,
თავზე დაადგა ხევის ერთ ადგილს,
სადაც მკვიდრობდნენ წმინდანის ძმები.

 

უფლისგან ნარჩევ ადგილს მივიდნენ,
ნეტარი ჟამზე მეტ ხანს უკმევდა,
ხელს არ უწვავდა ნაკვერცხლის ცეცხლი,
რაც აოცებდა ყველას უკლებლად.

 

კვამლის სვეტიან ადგილზე შიომ
მიწას დაარტყა სათხრელი სამჯერ
და ნათლისმცემლის ტაძრის აგება
მიანდო ყველას, მორჩილთ და დამჯერთ.

 

სვეტი სამი დღე უძრავად იდგა
და გამოუთქმელს აფრქვევდა სურნელს,
მხოლოდ სამი დღე, ზევით წასვლამდე,
ეჩვენებოდა დანახვის მსურველთ.

 

 

* * *

 

როცა ქართველთა მეფე ფარსმანმა
გაიგო წასვლა ევაგრე მთავრის,
გულით დამწუხრდა, არ გაეხარდა
ბერად შედგომა ერთგული სარდლის.

 

მასთან მისულმა ამაოდ სთხოვა,
ქართლის სამეფოს დაბრუნებოდა.
ევაგრემ უთხრა, ენახა შიო,
სანამდე ერში გაბრუნდებოდა.

 

და როცა მეფემ წმინდანის სახე
ნახა და მისი მადლი შეიგრძნო,
ოქროს გვირგვინი მიწას დააგდო,
რამეთუ თავი მეფედ ვერ იგრძნო.

 

ბერმა აკურთხა მისი მეფობა,
გვირგვინი თავზე დაადგა ლოცვით,
ამ დროს ერთ-ერთი მთავარი მეფის
მოვიდა შიოს ფეხებთან ჩოქვით.

 

ისრისგან ჰქონდა დაშავებული
ცალი თვალი და უშლიდა ხედვას,
სწამდა იმ წამსვე განკურნებისა,
შეეხებოდა როგორც კი ნეტარს.

 

და მართლაც, თვალი გამთელდა უცებ,
გაკვირვებულნი დარჩნენ მთავარნი,
შიომ თავმდაბლად დაუწყო ყველას
ქართულ ენაზე სულის სწავლანი.

 

მეფემ მონასტერს შესწირა ოთხი
სამეფო დაბა გამორჩეული,
ტაძრებისათვის ოქრო და ვერცხლი,
ბარძიმ-ფეშხუმი, ჯვარი რჩეული.

 

ეკლესიების აშენებისთვის
მან დაადგინა ზედამხედველნი.
მცხეთას დაბრუნდნენ მეფე, მთავრები,
შიოს სწავლებით სულის მჭვრეტელნი.

 

როცა აშენდა სამი ტაძარი,
ერმა და ბერმა დაიწყო მისვლა.
ეპისკოპოსებს სურდათ, შიოსთვის
მიეცათ წმინდა ხარისხი მღვდლისა.

 

მაგრამ საკუთარ ღვაწლში დარჩენა
არჩია ბერმა, ძაძით მოსილმა,
ყველა მღვდელმთავარს და კათალიკოზს
უარი უთხრა ღმერთშემოსილმა.

 

მხოლოდ დიაკვნის ხარისხში მყოფი
კურნავდა კოჭლებს, ბრმას თუ ავადმყოფს,
სასწაულების მოხდენის ნიჭით
განაკვირვებდა მიმსვლელს, მასთან მყოფს.

 

 

* * *

 

მიმსვლელი მრავლად იყო და მათსას
ეტანებოდნენ მხეცები ცხენებს,
ანადგურებდნენ, ჭამდნენ სახედრებს
და აწუხებდნენ მონასტრის ბერებს.

 

ძმებმა წუხილით მიმართეს შიოს,
როცა მსგავსი რამ მრავალჯერ მოხდა.
ნეტარმა გულით ილოცა, რადგან
პირუტყვთა მიმართ სიკეთე ჰქონდა.

 

ლოცვა დასრულდა და ყველა სახის
მხეცი წმინდანთან მივიდა კრძალვით,
გამოქვაბულთან პირდაპირ დადგნენ
ქედმოდრეკით და დახრილი თავით.

 

ნეტარმა თბილად უბრძანა მხეცებს
გამოეცვალათ საცხოვრებელი,
ერთი მათგანი დარჩენილიყო,
რათა ემწყემსა მას ცხოველები.

 

ველური მგელი ბერის წინაშე
დადგა მორჩილად, ვითარცა მონა,
მხეცებს კი სხვაგან საცხოვრებელად
არ გაუჭირდათ ადგილის პოვნა.

 

შიომ მგელს უთხრა: „ამიერიდან
ადამიანთა სიტყვები გესმის,
საკვებადა სჭამ იმას, რასაც ჩვენ,
ტყეში სახედრებს აძოვებ მწყემსი.“

 

წმინდანის ლოცვამ ბუნება მგლისა
იმავე წუთში მხეცისგან გაჰყო,
და როგორც მწყემსმა სულ ექვსი წელი
მსახურებაში შიოსთან დაჰყო.

 

ერთხელ როდესაც მხეცი მწყემსობდა,
ერთი პირუტყვი გადაიჩეხა.
პატრონს ეგონა, მგელმა შეჭამა,
მისი სიმართლე არ დაიჯერა.

 

მაშინ ნეტარმა მგელს ასე უთხრა:
„საკმარისია, რაც იმსახურე,
ადამიანურ ერთგულებისთვის
თავისუფლება დაიმსახურე.“

 

მხეცი მორჩილად დაშორდა წმინდანს,
ეს სასწაულიც ასე დასრულდა,
თუმცა ნეტარის ხელით და ლოცვით
სასწაულები სხვებიც აღსრულდა.

 

 

* * *

 

კათალიკოზის კურთხევის შემდეგ
შიო ჩავიდა ბნელ, ღრმა მღვიმეში,
სიცოცხლის ბოლო წლები წმინდანმა
ლოცვით განლია მიწის სიღრმეში.

 

ნეტარმა შიო მღვიმელმა მღვიმე
გადააქცია ხორცის სამარხად
და კაცობრივი ბუნებაც თვისი
საკუთარ ნებით მიწას დამარხა.

 

როდესაც ღმერთმა მღვიმეში ამცნო
ხორციდან გასვლა გაეზიარა,
უკანასკნელ დღეს, სულგანწმენდილი
ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა.

 

შემდგომ აღაპყრო ხელები და თქვა:
„უფალო ჩემს სულს შენსას ვავედრებ,
სიცოცხლის ბოლოს, როგორც ყოველთვის,
ერსაც და ბერსაც შემოგავედრებ.“

 

ძმებმა შეგრაგნეს შიო მღვიმელი
და დაასვენეს მღვიმეში გვამი.
ბერებს უმძიმდათ გამოთხოვება
და დატირება სულიერ მამის.

 

ხალხთა კურნება და სასწაულნი
აღსრულებულა მრავალი წლები,
როცა მღვიმედან ამოდიოდა
ნეტარი შიოს უბიწო ძვლები.

 

დღეს მონასტერის სრული კომპლექსი
ბერ-მონაზვნებით აღვსილი ხარობს.
სულის და ხორცის სანუგეშებლად
მოედინება „ცრემლების წყაროც.“

 

სანატრელ შიოს ცხოვრება, ღვაწლი,
მწირი სტროფებით უკვე გასრულდა.
მადლობა უფალს, მისი შეწევნით,
„ხსენება მართლის ქებით აღსრულდა.“

 

26.04.01