მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მაკა გელაშვილი
სასულიერო ხასიათის ლექსები და პოემები

 

წმინდა ნისიმა სალოსი

 

 

ეგვიპტის მეფეს ჰყავდა ასული,
ერთადერთი და პირმშვენიერი.
ასულს ნისიმა ერქვა და ყველას
ხიბლავდა თავის სიმშვენიერით.

 

მეფემ ქალიშვილს თავზე დაადგა
ნაჭედი ოქროს გვირგვინი თვისი,
უთხრა: „მე როცა აღარ ვიქნები,
ვინც შენ შეგირთავს, იქნება მისი.“

 

მორწმუნე ასულს სწამდა მცნებებით
სულის სახსნელი გზების მიგნების,
სამიდან ღამის ცხრა საათამდე
უყვარდა კითხვა საღვთო წიგნების.

 

ერთხელ ატირდა: „ვიცი, მშობლები
ყურს ჩემს სურვილებს არ ათხოვებენ,
დე, აღესრულონ, ნებით უფლისა,
სანამ მე ძალით გამათხოვებენ.“

 

და მართლაც ღმერთით, მშობლები ერთ დღეს
მოულოდნელად გარდაეცვალა.
ასულს მდიდრული ცხოვრება სურდა
სალოსობაზე გადაეცვალა.

 

როცა დედ-მამა დაასაფლავა
და არვინ დარჩა სულის ზიარად,
ეკლესიაში წავიდა კრძალვით
და საიდუმლოს იქ ეზიარა.

 

სახლში შესულმა სახარებაში
ამოიკითხა უფლის სიტყვები:
„გლახაკს თუ მისცემ, რაც გაგაჩნია,
რაა საუნჯე _ მერე მიხვდები.“

 

ნეტარმა გასცა მთელი სიმდიდრე,
ათავისუფლა მონა-მხევლები,
ფული, ქონება მათ დაურიგა
და მიატოვა თავის მხლებლები.

 

შესამოსელი, მამის გვირგვინი
დატოვა თითქოს ცოდვებთან ერთად
და სახარებით ხელში უდაბნოს
წავიდა, გული მიჰქონდა ღმერთთან.

 

დაკარგა სახის ნაზი სიტურფე,
უდაბნოს მზეში რომ დადიოდა.
ტანზე ემოსა ძველი ძონძები
და ფეხებიდან სისხლი სდიოდა.

 

ორმოცი წელი ასეთ ყოფაში
განვლო ცხოვრება თვითწარმავალი.
წმინდანის ირგვლივ იკრიბებოდნენ
მხეცნი, ფრინველნი, ქვეწარმავალნი.

 

ნისიმას პირით სახარებიდან
ისმენდნენ სიტყვებს ტყის ბინადარნი,
ალბათ ბუნება მათი იგებდა,
მსგავსი სიტყვები რომ არსად არის.

 

ნეტარმა ერთხელ თავის თავს უთხრა:
„მე ფინიკსა და ველურ წყალს ვიხმევ,
შემწუხებელი არავინა მყავს,
თავზე არავის სურვილებს ვიხვევ.

 

საცხონებელად ჩემი სულისა
სჯობს, დამებანა ფეხი ვინმესთვის.
მონასტრის დებთან ვიცხოვრებ ჩუმად,
ძაგებას ჩემსას დავთმობ ქრისტესთვის.

 

ხორცს ვამარხულებ დაფარულში და
ჩამთვლიან დები, როგორც მაძღარად.
დაე, ვეგონო უქნარა ყველას,
მოვიქცე მათთან როგორც მასხარა.“

 

ასეთ განზრახვით მივიდა იგი
ერთი მონასტრის კართან ეული,
დედაბერს, ვინაც მეკარე იყო,
ქალი ეგონა ეშმაკეული.

 

დადუმებული თავის სენაკში
დააბა რკინის სამმაგი ჯაჭვით.
შეატყობინა მერე წინამძღვარს,
მოსულიაო ვიღაცა ტანჯვით.

 

წინამძღვარმა თქვა: „ჩემი შეხედვით,
შეხედულებას გიჟის არ ტოვებს.“
ნებართვა მისცეს დაძინებისა
და მონასტერში ქალი დატოვეს.

 

ნისიმა ყველას მსახური გახდა,
მგზავრებს, მაშვრალებს კვებავდა პურით,
როცა უგნურად მოიქცეოდა,
სცემდნენ და ქალი ხარობდა გულით.

 

წყლით სავსე კოკით, მონასტრის გარეთ,
მირბოდა როცა მწყურვალს ხედავდა.
ეჯავრებოდათ მონასტრის მცხოვრებთ,
გარეგანსავალ გზებს რომ ხვეტავდა.

 

ისე გასრულდა ორმოცი წელი,
ტაბლასთან მიმჯდარს ვერვინ ნახავდა.
ყველანი ზიზღით უყურებდნენ და
მაინც არავის არა ძრახავდა.

 

 

* * *

 

ერთ დაყუდებულ ბერს ანგელოზმა
უთხრა: „იწირავს ღმერთი შენს ლოცვას,
მაგრამ ერთია ქალი სალოსი,
ვისაც წუთითაც არა აქვს მოცლა.

 

თავზე ახურავს ძველი ძონძები,
მისგან კურთხევა მიიღე წმინდა.
ალექსანდრიის იმ მონასტერში
წადი, წმინდანის ნახვა თუ გინდა.“

 

მონასტრის მკვიდრნი მოინახულა,
მაგრამ მათ შორის არ იყო ქალი.
გაკვირვებულმა წინამძღვარმა კი
ბერს უთხრა „ერთი სნეულიც არის“.

 

ნისიმა მიხვდა, ნეტარი კაცი
მისული იყო მის სანახავად,
არ მიყვებოდა მათ, ვისაც იგი
ეჯავრებოდათ დასანახავად.

 

და მაინც ძალით მიუყვანეს ბერს.
რომ ნახა ძონძი თავზე ხვეული,
დებს მიუბრუნდა ბერი სიტყვებით:
„ხალხო, ეს არის უფლის რჩეული.“

 

მუხლზე დაეცა, კურთხევა თხოვა,
ამის მნახველი ყველა განცვიფრდა.
დებმა ტირილი დაიწყეს მწარე
და წინამძღვარსაც ცრემლი დასცვივდა.

 

აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს,
გაბრაზებით რომ ნარეცხს ასხამდნენ,
რას იფიქრებდნენ, მათთვის საძულველს
ახლა დიდებას რომ შეასხამდნენ.

 

ვერ აიტანა პატივისცემა
და უდაბნოში ჩუმად წავიდა,
ოთხასი ბერის წინამძღოლობით
სიცოცხლის ბოლო წლებიც გავიდა.

 

სალოსზე წერის შეწყვეტა მიჭირს,
თანაც ყურს ვუგდებ გადაღლილ ფურცლებს,
ქრისტიანობის გმირ-ქალად ვრაცხავ
წმინდა ნისიმას, „ქრისტესთვის სულელს“.