მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მაკა გელაშვილი
სასულიერო ხასიათის ლექსები და პოემები

 

ლექსები

 

 

აღდგომა

 

დღეს კუვუკლიის თავზე
გარდამოვიდა ცეცხლი,
რწმენამ სანთლებზე ანთო
ნაწყალობევი ზეცის.
ყოველი სიტყვა ახდა,
ის რაც წერილში თქმულა,
ჯვარცმული იესო ქრისტე
„აღსდგა, ვითარცა თქუა“.

 

 

* * *

მადლობელი ვარ, გულის სიტკბო
ენას ამოაქვს,
სურვილახდენილს რაღა მინდა?
ვინატრო რაღა?
ნეტავ, ყოველი დღე მეგონოს
უკანასკნელი,
რომ გადიდო და უცოდველ ღმერთს
შეგცოდო აღარ...

 

 

* * *

უფალო ჩემო, შენდებიან დარდის
კედლები
და ნუგეშისთვის მხოლოდ შენ ერთს
შეგეკედლები,
ცრემლდადინებულ, ნაღველნარევ
სულს ის მიმშვიდებს,
წამსვე შენში რომ მოვიპოვებ სულის
სიმშვიდეს.

 

 

უფალს

როცა მარტო ვარ, მე არ ვარ მარტო,
შენ არ ხარ ჩემთან და ჩემთანა ხარ,
სავსე ვარ შენით, შენზე ფიქრებით,
ეს სიყვარულიც შენისთანაა.

 

დავდივარ მარტო და შენთან ერთად,
ვდუმვარ და თან გღლი ჩემი სიტყვებით,
მერე შენს სახლში სტუმრად შემოვალ
და სიყვარულში გამოგიტყდები.

 

 

ჯვარცმა

ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ღმერთს გაიმეტებდა მავანი საცემრად,
ვაი მას, ვინც გულში მზაკვრულად გაივლო
იესოს შეპყრობა ხის ჯვარზე საცმელად.

 

ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
მოციქულ იუდას ცოდვები დასცემდა,
თუმცა გულთამცნობმა უფალმა უწყოდა,
თავისი მოწაფე კოცნით რომ გასცემდა.

 

ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ვიღაცის სიცილით იესოს გაშოლტვა,
ვაი მას, ვინც უფალს აფურთხა, დასცინა,
ვინც გული აჯერა მათრახით ნაშოლტავს.

 

ვინ მოიფიქრებდა, ვის ეგონებოდა,
ძელზე გაგვიკრავდნენ იესო მაცხოვარს,
ნეტარ, ვინც იმავ დროს ღმერთს ევედრებოდა
ჯვარზე ნაწამების ტკივილთა დაცხრომას.

 

ვერავინ, ვერავინ ვერ მოიფიქრებდა
ქრისტე აღსდგებოდა ხელ-ფეხით ნამსჭვალი,
სიკვდილი მოკვდებოდა, სიცოცხლის წინაშე კი
ვერას გახდებოდა ლახვარი, სამსჭვალი.

 

 

იგავი

ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.

 

იესომ უთხრა: „ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.“

 

უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
„განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.“

 

იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
„გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.“

 

 

იესოს

ო, როგორ მინდა, ვგავდე კეთროვანს,
კურნების მადლი რომ დაგიფასა,
და იმ ავაზაკს, ცხონების მპოვნელს,
შენი ღმერთკაცად შეცნობის ფასად.

 

ო, როგორ მინდა, ვგავდე მეზვერეს,
ტაძრის კუთხეში მხურვალედ მლოცველს,
მებაჟე ზაქეს, რწმენამიცემულს,
შენს დასანახად ხეებზე მცოცველს.

 

ო, როგორ მინდა, მეძავეს ვგავდე,
ცხარე ცრემლებით ფეხს რომ გილტობდა,
ხალხს, უფლის სიტყვის გაგონებისთვის,
უდაბნოში რომ შენსკენ ილტვოდა.

 

ო, როგორ მინდა, მწამდე გულწრფელად,
რომ წყალზე მდგომი არ ჩავიძირო,
ვგავდე ასისთავს, სისხლმდინარე ქალს,
და რწმენის ფსკერი მქონდეს უძირო.

 

 

თქმულება

 

ებრაელების ცნობილ ფოლკლორში
არის თქმულება, ძალზედ პატარა:
მოსე მწყემსს შეხვდა ვრცელ უდაბნოში
და მასთან ერთად დღე გაატარა.

 

საღამო დადგა, მოწველეს ცხვრები,
და მაშინ, როცა ცას მთვარე ავსებს,
მწყემსმა ბრტყელ ქვაზე ჭურჭელი დადო
საუკეთესო ჯიშის რძით სავსე.

 

„ეს ღმერთის რძეა“ – აუხსნა მოსეს,
„საჩუქრად ვწირავ, უფლისა ხდება,
კრძალვით მოვდივარ დილით ამ ქვასთან
და ცარიელი ჭურჭელი მხვდება.“

 

მოსემ მიმართა: „ჩემო ძმობილო,
რძეს როგორ დალევს? ღმერთი სულია!
ნუღარ ეცდები, ხედავ, ისედაც
ფუჭ მცდელობაში დრო გასულია.“

 

არ დაიჯერა მისი სიტყვები,
ბუჩქებში დადგა ჭურჭლის დარაჯად,
მწყემსი ელოდა მოსვლას უფლისას
და მთვარის შუქზე დაუდარაჯდა.

 

ამ დროს უეცრად გამოჩნდა მელა,
უცებ დალია რძე და გაიქცა,
დამწუხრდა მწყემსი, ძღვენი მის თვალწინ
მელიის საზრდოდ რომ გადაიქცა.

 

„მართალი იყავ, ღმერთი სულია,
ეჰ, მისი სახე გულზე მეხატა,
მხოლოდ რძე მქონდა, ამით შემეძლო
ეს სიყვარული გამომეხატა.“

 

უფალმა მოსეს ხილვაში უთხრა:
„თუმც არ მჭირდება რძე დამელია,
მოსე, შენ შეცდი! მადლიერებით
მე გამოვგზავნე ძღვენთან მელია;

 

მწყემსს მე ვმადლობდი სიყვარულისთვის,
რადგან გულწრფელი იყო ეს ძღვენი,
ვარ ჭეშმარიტად სული ზეცაში,
ნეტავ არ გეთქვა, ეს რატომ ჰქენი?..“

 

 

ლოცვა

 

ტკბილო იესო და მეუფეო ჩემო,
შენი სიყვარული მინდა დავიჩემო.

შენი არსებობა ვიწამე მე,
მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

ჩემო მაცხოვარო, ღმერთო, რომ იცოდე
უკვე ვეღარ ვითვლი იმდენჯერ შეგცოდე.

სულით დაცემულმა გიწამე მე,
მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

დამამდაბლებელი ფიქრნი გულში ვკეცე,
ასე გასვარული ვნატრობ, არ გამექცე.

სინანულის ლოცვით მიწამლე მე,
მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.

 

 

მონასტერში

 

ვსასოებ ტაძრის ხატებთან ერთად,
ფრესკიდან მლოცავს ჰოე და ანი,
არ ვიცი მთვარე საით ეშევა,
ან მზე სადაა ამდენი ხანი.

 

გულში – ლოცვებით ავსებულ სკივრში,
ჩასავარდნიც კი არაა ნემსის.
მზერა ახუნებს მონაზვნის ლეჩაქს,
მდუმარე სენაკს ჩურჩულიც ესმის.

 

მე ალბათ ვრჩები ჰორიზონტს მიღმა,
გალობის ექოს მიზიდავს ქარი.
ასეთი მშვიდი არსად ვყოფილვარ,
არსად მინახავს ცაც ამდაგვარი.

 

 

* * *

 

ცხოვრების რთული მავთულხლართი,
გვირგვინი ეკლის,
უნდა ვიტვირთო,
სული უკვე ჯებირებს ეკვრის...
მწუხარებისგან ვიწუწუნო
მხოლოდ ცოტაზე,
და ვზიდო ჩემი მძიმე ჯვარი ამ გოლგოთაზე.

 

 

წმიდა დედოფალი ქეთევანი

 

ეძღვნება ჩემს ბავშვობის მეგობარს
ქეთევან ლომსაძეს

 

მოიღეს შამფურნი და
შესხნეს ცეცხლსა შინა,
დედოფლის საწამებლად,
დედოფლის დასაშინად.

 

მუხლნი მოიყარნა,
ზე აღაპყრნა ხელნი,
ფერმკრთალთა ღაწვეზე
დასცვივდა ცრემლნი.

 

წმიდა ღმრთისმშობლისა
ხატი აღმოიღო,
რომელიც სამშობლოდამ
შირაზს წამოიღო.

 

შეწევნა შეჰვერდა...
ძნელია სათქმელად,
მაგრამ სატანჯველის
მზა იყო დათმენად.

 

ტარიგი ქრისტესი
ზეცისა იყო ღირსი,
ვითარცა ანგელოზის
ბრწინვიდა პირი მისი.

 

მტარვალთა განაშიშვლეს,
განურთხეს ხელნი,
მარწუხით აწამეს
წმიდაჲ სანატრელი.

 

ხარობდნენ ბოროტნი,
ეშმაკნი, ავნი,
დახლიჩეს ძუძუნი,
დაჰგლიჯეს მკლავნი.

 

მოიღეს ქუაბი
და ცეცხლზე გაახურეს,
წმიდასა ქეთევანსა
თავზე დაახურეს.

 

გაისმა ლოცვაჲ,
შეჰვედრა სული თვისი,
ადიდა ქრისტე ღმერთმა
ღვაწლი მისი.

 

წამებით შეიქმნა
ბოროტი გათელილ,
ბრწინვალე გუამსა ზედა
მოვიდა ნათელი.

 

ყოველთა იხილეს,
ადიდეს უფალი,
თქვეს: „ეს არს ჭეშმარიტად
წმიდაჲ დედოფალი.“

01.02.09