მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მაკა გელაშვილი
სასულიერო ხასიათის ლექსები და პოემები

 

ცხოვრება ღირსისა მამისა ჩვენისა
ეფრემ ასურისა (+379)

ეძღვნება ბოლნელ ეპისკოპოსს ეფრემს

 

 

ნიზიბიიდან იწყებს სათავეს
ცხოვრება ღირსი ეფრემ ასურის,
გულახდილობით გვიმხელს წმინდანი
ამაოებას თავის წარსულის.

 

სიჭაბუკეში განიზრახავდა,
შემთხვევით იყო რაც რამ ხდებოდა.
ბუნებით ფიცხი ხშირად დაობდა
და დაბრკოლებაც ბევრი ხვდებოდა.

 

სულ ახალგაზრდა, ქცევით უჯერო,
მრუშმა აზრებმაც ბევრჯერ აწამეს.
ერთ დღეს ეფრემი ჩასვეს ციხეში,
ცხვრის მოპარვაში ცილი დასწამეს.

 

და პყრობილების მერვე ღამისას
ვიღაც უცნობი სიზმრად ეჩვენა,
რომელმაც უთხრა: „დაიმსახურე
უსამართლობად რაც მოგეჩვენა.

 

რაც გიფიქრია, გიკეთებია,
ამის შედეგი არის სასჯელი,
უფლის წინაშე ბევრჯერ შესცოდე,
ახლა ამიტომ ხარ განსასჯელი.“

 

ამ ჩვენებისგან სულით შეძრული
ყმაწვილი გახდა ღმერთისთვის სათნო.
საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ
ესე ქვეყანა უმალვე დათმო.

 

წავიდა მთებში განდეგილებთან,
ნიჭად ებოძა სიბრძნით სავსება,
მის ბაგეთაგან სიტყვების მადლი
ლმობიერებით გულებს ავსებდა.

 

* * *

 

როს ნიზიბია სპარსელთა გამო
ქრისტიანთაგან ბევრმა დატოვა,
ეფრემ ასურიც იყო მათ შორის
თავისი კუთხე ვინც მიატოვა.

 

უფალს მიმართა: „ქალაქ ედესოს
ხილვა მაღირსე, იესო, გვედრებ!
მასში შესული სულს ვასარგებლებ,
ვინმე განსწავლულს თუ შემახვედრებ.“

 

და როცა ქალაქს მიუახლოვდა,
მის გასაკვირად შემოხვდა ქალი.
დასევდიანდა: „სიბრძნეს ვით მეტყვის
ეს დედაკაცი ჭიშკართან მდგარი?“

 

ჰკითხა: „რად დგახარ და შემომცქერი?
მარქვი, ღვთის მონას რად მიმზერ ასე?“
ქალის პასუხი, მის გასაოცრად,
იყო სიწმინდით და სიბრძნით სავსე:

 

„მე ნუ მიყურებ, უცქირე მიწას,
რომლისაგანაც ხარ მოღებული!
მე გიმზერ, რადგან დედაკაცი ვარ,
შენი გვერდიდან გამოღებული!“

 

განკვირვებული ეფრემის თვალში
გონიერებით ქალი განდიდდა.
წმინდანის თხოვნა შესმენილ იქნა
და პასუხისთვის ღმერთი ადიდა.

 

ერთხელ ასეთი რამე შეემთხვა,
მეძავმა მისი ცთუნება სცადა,
ბოროტით აღძრულ ამ დედაკაცზე
ბერი დაფიქრდა და გამოსცადა:

 

„თავს არ მანებებ და არ მცილდები,
ასე ძალიან გინდა, რომ ვცოდოთ?
გამომყევ, სადაც ბევრი ხალხია
და იმ ადგილას დავწვეთ, შევცოდოთ!“

 

გაოცებულმა ქალმა კი უთხრა:
„არ შემიძლია, მრცხვენია ხალხის.“
ბერმა ამხილა: „რამდენგზის უფრო
უნდა გრცხვენოდეს ღმერთის და ხატის!“

 

შემდგომ ამისა ესე ცოდვილი
მისცა მონასტერს ხსნისათვის სულის,
საღმრთო წერილით შეძლო დამოძღვრა
ვნებებისაგან ზღვარგადასულის.

 

* * *

 

გამოხდა ხანი, მახლობელ მთაზე
სულიერ ღვაწლში იყო ეული,
ღვთივბოძებული ზეგარდმო ნიჭით
განმარტა მოსეს ხუთწიგნეული.

 

ხილვაში ემცნო, რომ ყოფილიყო
ხალხის ღვთის სათნოდ განმსწავლებელი,
ამიტომ მთიდან მყისვე დაბრუნდა,
ქალაქში გახსნა სასწავლებელი.

 

ღირს მამას ჰქონდა გამოცხადებაც,
სვეტი ცეცხლისა ზეცამდე მიდის;
ხმა გაიგონა: „ეფრემ, ამ სვეტის
მსგავსი არისო ბასილი დიდი.“

 

კაბადოკიის კესარიაში
წავიდა, მისი ნახვა ისურვა,
ხმამაღალ სიტყვით იწყო ღაღადი
ეკლესიაში ლოცვით მისულმა:

 

„ზეცად აღმართულ ცეცხლოვან სვეტს ჰგავს,
ღვთიური მადლით არის აღვსილი!
სულიწმიდაა მის ბაგეებზე
და ჭეშმარიტად დიდ არს ბასილი!“

 

ღვთისმსახურების დასასრულისას
ბასილმა ჰკითხა: „რადა თქვი ასე?“
ბერმა მიუგო: „მტრედი ვიხილე
დადგრომილ გყავდა მარჯვენა მხარზე.

 

ის გკარნახობდა მრევლისთვის სათქმელს,
იყავ მოსილი ცეცხლის ენებით.
სულიწმიდა რომ ივანებს შენზე
ეს განმიცხადდა დღეს ამ ჩვენებით.“

 

წმინდანმა უთხრა: „შენი საქმენი,
დაე, მაღალმა ღმერთმა აკურთხოს.
ასეთი მშვიდი და ურისხველი
ეფრემ, ხუცესად მინდა გაკურთხო.“

 

ბერმა თავმდაბლად გასცა პასუხი:
„ვით გადავფარავ უთვალავ ცოდვებს?“
ბასილი დიდმა წამოიძახა:
„შენი ცოდვები ნეტავ მე მქონდეს!“

 

შემდგომ ამისა ეპისკოპოსმა
ეფრემს დიაკვნად დაასხა ხელნი
და სათნო-მეტყველ მამას უსურვა
სიცოცხლისათვის მრავალი წელნი.

 

* * *

 

ეფრემ ასური, თავისი სიბრძნით,
ამბობდა ყველა ცოდვილს რაც ღუპავს,
ღრმასულიერი ქადაგებებით
მრავალ განწირულ სულს სძენდა უფალს.

 

ხალხს მოაჩვენა თავი სალოსად
როს მღვდელმთავრობა მან არ ინება,
თავმდაბალი და მორჩილი თვლიდა,
წარმავალია ყველა დიდება.

 

იმხანად გაჩნდა ცრუ წინამძღოლი,
ქადაგებები იწყო მაცდურად
და ხელოვანი ელინურ სიბრძნის
მართლმადიდებლებს ექცა საცდურად.

 

მრავალი წიგნი, რაც კი დაწერა,
სულისთვის მავნე ბევრჯერ ხდებოდა.
მისთვის ძვირფასი ორი მათგანი
ერთ დედაკაცთან ინახებოდა.

 

ეს რომ შეიტყო ღირსმა ეფრემმა,
არ დაუწყია დიდი ხნით დაცდა,
ქალთან მივიდა ქება-დიდებით,
თავს მწვალებელის მოწაფედ რაცხდა:

 

„ამ საოცარი ადამიანის
წიგნები მხოლოდ ორი დღით მანდე.
მინდა, კეთილი სიტყვა ვიკითხო,
მინდა, მის სიბრძნეს მეც ჩავუღრმავდე!“

 

პირობა მისცა, გავუფრთხილდები,
დაგიბრუნებო ამ წიგნებს უცვლელს.
შინ წამოსულმა აიღო წებო
და დააწება ფურცელი ფურცელს.

 

როცა ორივე ქვასავით იქცა,
უკან წაუღო დედაკაცს სახლში.
ქალმა დააწყო თავის ადგილზე,
არც კი უცდია ჩახედვა მასში.

 

წმიდა ეფრემმა ამ მარჯვე ხერხით
ცრუ მოძღვრის გეგმა ისე ჩაშალა,
რომ მწვალებელმა პაექრობისას
წიგნი ვერაფრით ვერ გადაშალა.

 

ვერ დაამარცხა ქრისტიანები,
მისი კამათი არ იყო სრული,
ბევრი იდარდა გაწბილებულმა
და განუტევა ცოდვილი სული.

 

ასე იღწვოდა ბერი ეფრემი,
უკეთურების იყო მგმობელი.
ჩვენთვის დაწერა მრავალი წიგნი,
მრავალი ლოცვა, საგალობელი.

 

ღრმა სიბერეში გარდაიცვალა
უსათნოესი ეფრემ ასური
და ჩვენი ხსნისთვის მარად მლოცველი
უფლის საყდართან არის ასული.

 

29.11.07