მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მორის ფოცხიშვილი

 

და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები

 

ერთად იწვიან და ერთურთს აბრწყინებენ,
ძმებს არ ამცირებენ, მტერს არ აცინებენ,
ავსულს თრგუნავენ და კარგს ყმას ამკვიდრებენ
და ღმერთს ადიდებენ - ჩემი ქართველები!

 

ბალღთან ბალღობენ და ქალთან რაინდობენ!
ხვნაში - კაცობენ და მკაში - კაფიობენ,
ჯილდოდ ჯინჯილებს და ჩინებს არ ითხოვენ
და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები!

 

თუ რამ ცოდვები აქვთ, ერთ კაცს არ ჰკიდებენ,
თავად კოტრდებიან და სხვებს ამდიდრებენ
უხვად არიგებენ სარჩოს, სალხინებელს
და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები.

 

რასაც ღაღადებენ, სულ ნაღდს ღაღადებენ,
ხატებს ხატავენ და ლოცვებს აღავლენენ,
კოშკებს აგებენ და ტაძრებს ამაღლებენ
ქართულ ჩუქურთმებით ჩემი ქართველები.

 

თავს არ იზოგავენ, მიწყივ ძალს იკრებენ.
დილას აღამებენ, ღამეს აცისკრებენ
და ღმერთს ადიდებენ, და ღმერთს ადიდებენ
და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები.

 

თავზე არ ფიქრობენ, ვის არ მასპინძლობენ,
წელზე ფეხს იდგამენ, მაღრიბ-მარშიყობენ
ცეცხლთან არშიყობენ გენთა გახელებით
და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები!

 

მოყვრებს მოყვრობენ და ყონაღთ ყონაღობენ
გლახაკთ განიკითხვენ, მაშვრალთ ქომაგობენ,
მგზავრებს გზააბნეულთ თვალს არ არიდებენ
ხელებს უწვდიან და უფსკრულს არიდებენ.

 

და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები!
მრევლს არ ღალატობენ, დარდს არ თამაშობენ,
ლხინში ნავარდობენ, ჭირშიც თამადობენ,
გულ-ხელს არ იკრეფენ, ღვინოს არ იკლებენ,

 

ქვეყნებს არ იკლებენ ბოღმით ქართველები.
ბჭობენ, კამათობენ, სიტყვაშარბათობენ,
უცხოს, უშვილძიროს - კერას არ ანდობენ,
დამუნჯდებიან და ენას არ დათმობენ

 

დაყრუვდებიან და ალგეთს არ დათმობენ,
დაბრმავდებიან და ჯვარზენს არ დათმობენ,
მიწას არ დათმობენ, ზეცას არ დათმობენ,
თბილისს არ დათმობენ ჯილა ქართველები.

 

წყენას ივიწყებენ, რწმენას იმტკიცებენ,
დედას იფიცებენ, მამულს აღმერთებენ
და ღმერთს ადიდებენ, და ღმერთს ადიდებენ
და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები.