მე განვწირე სული ჩემი
და ვითარცა მტერი –
თვით შინა-განმცემელ ვექმენ
ავაზაკსა მას ღამისასა,
რამეთუ ვიძლიე ნაყროვნებითა
და არაი მოვიპოვე მარხვა.
და მის თანა ლოცვაი –
წმიდამყოფელი სულთა და ხორცთაი.
ვითარცა მტილი უცავი
მპოვა მოშურნემან
და მსწრაფლ დასთესა ჩემ თანა
თესლი იგი უძღებებისაი,
რომლითა შემაკუეთა საწუთროსა
და ტრფიალ მყო გემოთა შისთა
და ესრეთ ადვილად
მომინადირა მე სასიკუდინედ.
მომეც პატივი პირველი
არაღირსსა ამას ––
შვილად შენდა წოდებულსა,
მამაო ტკბილო და სახიერო,
რომელი წარვწყმიდე უგუნურებით,
აწ ვეძიებ სინანულითა,
შემიწყალე, მკსნელო,
და ნუ უსმენელ ჰყოფ ხმასა ჩემსა!
რაჟამს გამოსჩნდე, მაცხოვარ,
ზეცით მომავალი
სასტიკებით, საშინელად
ანგელოზთა თანა ძლიერთა,
მას ჟამსა, რომელნი ჰაერთა ზედა
აღეტაცნენ შემთხუევად შენდა,
|მათ თანა ღირს მყვენ ჩუენ,
ურცხვინელად მიგებებად შენდა.
ნუ მოგუაგებ, სახიერ,
საქმეთაებრ ჩუენთა,
დაფარენ ცოდვანი ჩუენნი.
და დაივიწყენ ბრალნი ჩუენნი,
შეგვინდვენ უწესოებანი ესე
უგუნურებისა ჩუენისანი
და განგვიღე, ტკბილო,
კარი სულთა ჩუენთა ცხორებისაი.
ვითარცა უბრძანე პეტრეს
შეცოდებულთათვის
ერთსა ხოლო დღესა შინა
სამეოცდაათ შვიდგზის შენდობაი,
ეგრეთვე აწ წყალობა ყავ ჩუენ ზედა
ოხითა ღმრთისმშობელისაითა
და მოგვიტევენ ჩუენ
ურიცხუნი შეცოდებანი ჩუენნი.
მიზეზსა მას მიზეზთასა
მიზეზ ექმენ შენ ––
ხსნისათვის ჩუენისა, სძალო,
ღირსად სანატრელო მარიამ,
რამეთუ სთნდა უკუდავსა მეუფესა
სიკეთე სიწმიდეთა შენთაი,
ყრმაი რაი იშვა შენგან
და ძე მოგუეცა დაუსაბამოი.