მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ია ნანეიშვილი

 

სადაც მიხვალ სიყვარული მიიტანე

 

 

სადაც მიხვალ სიყვარული მიიტანე,
ამ საჩუქარს ვინ იყიდის ფულით?!.
სადაც მიხვალ უბით მზეს თუ გაიყოლებ,
ვინ დაგხვდება მოღუშული გულით?!

სადაც შეხვალ,მტრული თვალით არ შეხვიდე,
სული გქონდეს სანთელივით სუფთა.
შენი მისვლით ერთს თუ მაინც გაახარებ -
დანარჩენ ათს ნუ მიიტან გულთან.

სადაც წახვალ-გზად ღიმილი დაარიგე,
იქნებ,ვინმეს ეს ღიმილი შველის.
სიყვარული-გადაარჩენს ამ სამყაროს!
სიყვარული-დედამიწას შეცვლის!

ბოროტი და ავი შენგან განიშორე,
რომც შემოგხვდეს შეაქციე ზურგი.
სიკეთის ცას თვალი-თვალში გაუსწორე,
თუ გაწვიმდა,გადაიღებს,ნუ გწყინს...

სადაც მიხვალ-ეკალი არ მიიტანო,
იქნებ,ვინმეს მოადინოს ცრემლი...
გზად იმდენი ია-ვარდი გაიშლება, -
მათ საკრეფად გაიწოდე ხელი...

სადაც მიხვალ-დარდი არსად შეიტანო,
დაე,შენი უხაროდეთ მისვლა.
სადაც წახვალ,ჯვარი გულზე დაიბნიე -
რომ არსდროს გაგიჭირდეს წინსვლა..

სადაც მიხვალ სიყვარული მიიტანე,
ამ საჩუქარს ვინ იყიდის ფულით?!.
სადაც მიხვალ უბით მზეს თუ გაიყოლებ,
ვინ დაგხვდება მოღუშული გულით?!