წუხელ ღამით დამესიზმრე მამი,
თითქოს ცოცხლად გხედავდი და როცა
ჩაგეხუტე, ვიხალისე წამით,
წამი წამის მეასედში მორჩა.
ხმა მესმოდა, უსასრულო გზიდან,
ვერ გხედავდი, სად წახვედი ნეტავ?
ისევ შენთან ჩახუტება მინდა,
კვლავ ბავშვურად ატირებას ვბედავ.
დიდი ხარო, დამიძახე ისე
თითქოს მშობელს ავირჩევდეთ წლებით.
- რა ვქნა თუ კი გული შენსკენ იწევს,
დაგეძებ და გულნატკენი ვრჩები.
ასი წელიც რომ ვიცხოვრო ალბათ,
თვეში ასჯერ მოგინატრებ მჯერა,
იქნებ სადმე დაგინახო წამლად,
შენს ტკბილ "შვილოს"- ვერ ვივიწყებ, ვერა.
ალბათ წელში მოხრილიც რომ ვიყო,
სიბერისგან გულმავიწყიც გავხდე,
არ მგონია მამა დავივიწყო,
გონებიდან წამეშალოს სახე.
წუხელ კიდევ დამესიზმრე წამით,
გეხვეწები ბევრჯერ, ხშირად მოდი,
შენს ლოდინში დავიძინებ ღამით,
მომაშორე გულზე დიდი ლოდი.
დიდი ხარო, ნუღარ მეტყვი მეტად,
მე შენს გვერდით ორი წლის ვარ ბავშვი.
დამესიზმრე, ცას შემოვრჩი კენტად,
მოტეხილ ფრთებს სიზმრად მაინც გავშლი.