ქალს შეჰფერის სიყვარული, კაცს გაგება სჭირდება,
მოძღვარს უნდა დავუჯეროთ, ღმერთს შევწიროთ დიდება,
პროლოგიდან ეპილოგში დრო და ჟამი მცირდება,
ეს იმდენად ნათელია, უგუნურიც მიხვდება.
ბავშვებს ფერი ეკარგებათ, როცა სწავლა იწყება,
ყრმამ თუ წიგნი არ იკითხა, ბიოზომბი იზრდება,
ზოგი ისე გათავხედდა, უკვე აღარც წითლდება,
სავალალო გაგვიხდება მომავალის მიგდება.
ვიცხოვროთ თუ ვიარსებოთ?! ბევრი არც კი ფიქრდება,
სხეული რომ დამძიმდება, სული მაშინ კნინდება,
მამისგან თუ შორს წახვედი, ედემიც კი გწყინდება,
აღმოაჩენ, რომ მარტო ხარ, გვერდში არვინ გიდგება.
რომ დამარცხდი, გვიან ხვდები, გული დარდით გიკვდება,
ცხოვრებას ვერ გადაახვევ და გოდება გინდება,
ბოლოს ხავსი გეკიდება, ძარღვში სისხლი ჩირქდება,
დასასრულიც მოახლოვდა, თავთავები მწიფდება.
ბრძენი მეტად დაბრძენდება, ბრიყვი უფრო ბრიყვდება,
იგივეა ყველაფერი, არაფერი იცვლება,
სავლე პავლე თუ გახდება, მაშინ კარგად იქნება,
აქ ჯობია, რომ დავდუმდე, ვატყობ, თავი მტკივდება.
23.10.24.