მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

გამჩენო, გამოგვაღვიძე

 

ჯერ ლოცვას მიატოვებენ, მერე წირვას და ღმერთსაო,
ხელი რომ მოეცარებათ, დაიწყევლიან ბედსაო,
ახალ რწმენაზე გადავლენ, დაივიწყებენ ძველსაო,
იესოს უღალატებენ, გაამეფებენ მხეცსაო.


ღვთის შიში აღარ ექნებათ, არ მოუსმენენ მღვდელსაო,
სამშობლოს გაასხვისებენ, გაახარებენ მტერსაო,
გადაგვარდება კულტურა, გიჟი ბრძენს ეტყვის შტერსაო,
ვინც იქადაგებს სიმართლეს, დაუძახებენ შლეგსაო.


ზოგი მოძღვარიც შეცდება, დააბრკოლებენ მრევლსაო,
გონიერს განუდგებიან, დაუჯერებენ ყბედსაო,
მაცდური გაბატონდება, გადაიბარებს ბევრსაო,
იქაც არ მოასვენებენ სოფლიდან გასულ ბერსაო.


აღარ ივლიან ტაძარში, ჩამოიხსნიან ჯვრებსაო,
ცოლები გავლენ სახლიდან, არა ჰკითხავენ ქმრებსაო,
ბავშვები გამოთაყვანდნენ, მონობენ ინტერნეტსაო,
სათვალეებით დადიან, იზიანებენ ზნესაო.


ბიჭი გოგოს ჰგავს, გოგო ბიჭს ისე იჭრიან თმებსაო,
ადამიანებს არ ჰგვანან, იმახინჯებენ ფერსაო,
ცოცხლებზე აღარ ზრუნავენ, ვინ მოიხსენებს მკვდრებსაო,
ხვალე დაღუპვა მოგველის, თუ არ მივხვდებით დღესაო.


პირსუკან განმიკითხავენ, როგორ თქვა ჩვენზე ესაო,
ლუარსაბობა ჯობია, მიჩვეული ვართ ბნელსაო,
ძნელი არ არის მიხვედრა, რა ელოდება ერსაო,
გამჩენო, გამოგვაღვიძე, ნუ ჩაგვისვენებ მზესაო.

23.02.23.