თუ ღირსებას დავიბრუნებთ მოვიძიებთ დაკარგულს,
სინანულის ცრემლი შველის ცოდვებისგან დალაქულს,
ისე, როგორც შეგვიძლია, დავეხმაროთ დატანჯულს,
უფრო მეტად ნუ დავჩაგრავთ ბუნებისგან დაჩაგრულს.
ზაფხული რომ შეგვაწუხებს, გავიხსენებთ გაზაფხულს,
სიყვარულით მოვეფეროთ სიძულვილით გალახულს,
გაბუტულმა არ შევხედოთ განსაცდელში გაპარულს,
ღვთისგან ფარდა აეხდება უზნეობით დაფარულს.
არაფერი ეშველება კრისტალივით გაბზარულს,
ცრემლიანი მზე ჯობია მთვარეს, ვნებით გაბადრულს,
გულიანი მისალმება დაამშვიდებს დაძაბულს,
მწუხარება ვერ ეხება სულს მადლისგან დანამულს.
თავმდაბალი არ დასცინის უშნოს, უშნოდ გაპრანჭულს,
შვილი გვერდში დაუდგება მშობელს ჯაფით დაღალულს,
სიტყვას ბევრი შეუძლია, სახარებით დაშაქრულს,
ღმერთი გახსნის აღსარებით ეშმაკისგან გაბაწრულს.
ბოროტება აზიანებს უფლისაგან დახატულს,
სასწაული გააცოცხლებს ქართულ ენას დამარხულს,
სასოებით ველოდებით არსმენილს და არნახულს,
მჯერა, ვნახავთ საქართველოს ერთიანს და გამართულს.
28.10.24.