"დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქნელია",
ესაა ჩვენი ცხოვრება, რუსთველი სიბრძნით მთქმელია,
რაც დაიბადა, მოვკდება, დღეს ნედლი ხვალე ხმელია,
უგულო ხალხის ცხოვრება უსიყვარულოდ ძნელია.
ბოროტი გვირევს გონებას, სიკვდილი დროის ცელია,
თუ მადლი მაღლით არ გიცავს, რამის კეთება ძნელია,
ვინც მიჯნურობა შეიცნო, მისი ბუნება მთელია,
მდიდარს სული აქვს ღარიბი, მისი სამოთხე ვერცხლია.
ლოცვაა სითბო სულისა, ეშმაკი ვნების ცეცხლია,
არავინ არის კეთილი, სიძუნწე ბოლოს ცრემლია,
ნამუსი ქალის მზითვია, სინდისი კაცთა მცველია,
თვალები დაბლა დახრილი, ენაზე მეტის მთქმელია.
ახალი, რაც კი მოხდება, დავიწყებული ძველია,
დიდი ხნით მზისკენ ყურება, მიწიდან, თვალის მჭრელია,
ფარულად ოქროს გამცემი, უფლის წინაშე ქველია,
სწავლაზე ურჩი მოზარდი თავის მომავლის მკვლელია.
ხარბი და გაუმაძღარი ადამიანი, მგელია,
ერისთვის განსაცდელები გამოსაწრთობი გრდემლია,
"ანი და ჰოეს" მოსვლამდე, ჯერ გამეფდება მელია,
ჭირი იქა და ლხინი აქ, რაც ხდება ღმერთის ხელია.