ღმერთო, გვიმრავლე გმირები ქრისტეს მარტვილთა დარი,
აკურთხე ჩვენი სახლები და გაგვიმრავლე გვარი,
გვამხილე მძიმე ცოდვებში, შეგვიმსუბუქე ბრალი,
დაამხე ქართველთ მოძულე, გვაშორე ძმათა შარი.
ვისაც არ უყვარს მამული, ედინოს ცხვირში ძმარი,
კაცი კაცურად აცხოვრე, აღარ დაჩაგროს ქალი,
უსიყვარულო ოჯახი არის ბჟუტავი კვარი,
გადავარჩინოთ სოფლები მამა-პაპათა კვალი.
შენდობის ძალა მოგვეცი, შემოვირიგოთ მწყრალი,
კარებზე ხატი დავაკრათ, ჩამოვხსნათ რკინის ნალი,
ოფლით მოგვეცი საკვები, გაგვასტუმრინე ვალი,
სიძუნწე ცვალე სიკეთით, აგვცდეს უშრეტი ალი.
განდევნე ბნელი ბოროტი, მისი აზრები მყრალი,
იქნებ გაცემა გვასწავლო, არ გაბატონდეს რვალი,
შევმოსოთ შიშველ-ტიტველი, მივცეთ პური და წყალი,
ღირსებით გვატარებინე ბოლოჟამს მძიმე ჯვარი.
24.10.24.