„ვისაც აქვს ჩემი მცნებები და იცავს მათ, ის არის, ვისაც ვუყვარვარ მე;
ხოლო ვისაც ვუყვარვარ მე, მას შეიყვარებს ჩემი მამაც,
და მეც შევიყვარებ მას და გამოვუცხადებ მას ჩემს თავს.“
(იოანე 14:21)
უდაბურ ადგილას ცხოვრობდა ერთი მწყემსი. იგი სიყრმიდანვე ეზიარა ქრისტეს სიბრძნეს. უკვე წამოზრდილმა კი აღარ ისურვა არც ქალაქში, არც სოფელში ცხოვრება. უდაბნოში მწყემსავდა ცხვარს. დღეს სახარებისა და ფსალმუნების კითხვაში ატარებდა, ღამით კი ვარსკვლავებს შეჰყურებდა და ფიქრობდა: „ყოველივე ეს გაქრება, მხოლოდ შენ იქნები, უფალო, უკუნითი უკუნისამდე“.
ასე ჰქონდა შეცნობილი ამ ცხოვრების ამაოება. ხშირად ებადებოდა ამგვარი კითხვები: „რისთვის დავეხეტები აქეთ-იქით?! რა საჭიროა ეს ყველაფერი? ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ სულის ხსნისა და სასუფევლისთვის ვზრუნავდე – უფალმა რომ გაუმზადა ადამიანებს, ხან ცხვარს ვყიდი, ხან ვყიდულობ და განა უგუნურება არაა ასე ცხოვრება?!“ ასე კი მსჯელობდა, მაგრამ ის ვერ გაეგო, როგორ მისულიყო სასუფევლამდე.
- სანამ უფალი ამქვეყნად ცხოვრობდა, უშუალოდ მიმართავდა ადამიანებს გამომყევითო; ახლა კი, როცა იგი უხილავია, ვისგან გავიგო საით წავიდე?
ერთ დღესაც გაყიდა თავისი ფარა და სასუფევლის საძებნელად გაეშურა. მთელი დღე იარა. ბოლოს ერთ ქოხს მიადგა და დააკაკუნა. ქოხიდან მღვდელი გამოვიდა: "კეთილო კაცო, სასუფევლის გზას ვეძებ, ხომ ვერ მიმასწავლი?"
მღვდელმა გაკვირვებით შეხედა მწყემსს, შემდეგ გამოჰკითხა ვინ იყო, სად ცხოვრობდა და როცა დარწმუნდა მის გულუბრყვილობასა და გულწრფელობაში, უთხრა: "ასე იარე, როგორც მიდიხარ, ნურსად გადაუხვევ და მიაღწევ კიდეც სასუფევლამდე".
მწყემსს არ უფიქრია, რომ მღვდელმა ამ სიტყვებით ცხოვრების წესი მოუწონა, სიტყვასიტყვით გაიგო მისი ნათქვამი და გზას გაუდგა. პირდაპირ მიდიოდა და დარწმუნებული იყო, რომ გზის ბოლოს მიაღწევდა იმ ადგილს, სადაც დედამიწა ცას უერთდებოდა. ასე იარა მთელი დღე და ღამე მანამ, სანამ უზარმაზარ გალავანს არ მიადგა. სხვა გზა არ იყო – თუ პირდაპირ სურდა გზის გაგრძელება, გალავანში უნდა შესულიყო და ისე განეგრძო გზა. ბევრი აღარც უფიქრია, მოძებნა ჭიშკარი და დააკაკუნა. კარი მონასტრის დარაჯმა გაუღო. მწყემსმა მასაც ალალად გაანდო თავისი განზრახვა: "სასუფევლისკენ მივდივარ, მითხრეს პირდაპირ მევლო, არსად არ უნდა გადავუხვიო, ამიტომ იძულებული ვარ თქვენი ეზოს გავლით განვაგრძო გზა".
დარაჯი გააოცა მწყემსის ამ სიტყვებმა: ეს მონასტერია, ძმაო. ერთი წუთით დამელოდე. წინამძღვარს მოვახსენებ შენ შესახებ.<
როცა წინამძღვარმა უცნაური მწყემსის შესახებ მოისმინა, ბრძანა: მოიყვანეთ ჩემთან. შემდეგ თვითონვე გაესაუბრა მას. წინამძღვარი გააოცა მწყემსის სიწრფელემ, ასე გულუბრყვილოდ რომ დაიჯერა მღვდლის ნათქვამი. „როგორი მართალი და მიამიტი სული აქვს?! ფიქრადაც არ მოსდის, რომ შეიძლება ადამიანმა მოატყუოს. უნდა გავუფრთხილდეთ მას“, - გაიფიქრა წინამძღვარმა და მონასტერში დარაჯად დარჩენა შესთავაზა მწყემსს, თან გააფრთხილა არავისთვის მოეყოლა თავისი ამბავი და თუ რამეთი დაინტერესდებოდა, მხოლოდ მისთვის ეკითხა. წინამძღვარმა იცოდა მონასტრის ყველა მკვიდრი რომ ვერ გაიგებდა მის მიამიტობას და შეეშინდა, ვინმეს არ ევნო ან აბუჩად არ აეგდო ეს წმიდა კაცი.
მწყემსი მონასტერში დარჩა. მეორე დღეს, წირვის წინ ტაძარში შესულმა, უცებ ზემოდან ვიღაცის გამჭოლი მზერა იგრძნო. აიხედა და რას ხედავს! – ცოცხალი ადამიანი დაჰყურებს თავზე. არავისთვის არაფერი უკითხავს, წინამძღვარს დაელოდა. წირვის შემდეგ სწორედ მას მიმართა: მამაო, ზემოთ რომ კაცია, ცოცხალია?
წინამძღვარი ახალი ნაზიარები იყო, დიდ სიხარულს გრძნობდა გულში და მტკიცე სარწმუნოებით მიუგო: რა თქმა უნდა, ცოცხალია! მას ვერასდროს დათრგუნავს სიკვდილი.
მწყემსს სურდა ეკითხა ვინ იყო ეს ადამიანი და რატომ იყო ზემოთ, მაგრამ წინამძღვარს ხალხი შემოეხვია და ვერაფერი ჰკითხა, თუმცა მწუხრის ლოცვაზე კვლავ მივიდა მასთან და შეეკითხა: მამაო, ვინ არის ეს კაცი და მაღლა რატომ დგას?
- ეს ჩვენი მწყემსი და კარის მცველია, უპასუხა წინამძღვარმა და დააპირა კიდეც თავისი ნათქვამი აეხსნა, მაგრამ ისევ არ დასცალდა, მლოცველებმა შეაფერხეს, ისე რომ დარაჯი აღარ გახსენებია, გულუბრყვილო მწყემსს კი ძალიან გაუხარდა ის, რაც წინამძღვრისგან მოისმინა: ეტყობა ისიც მიხვდა ამ ცხოვრების ამ ამაოებას, თავი მიანება ყველაფერს და მონასტერში მოვიდა კარის მცველად, ფიქრობდა იგი, – მაგრამ ადამიანია და ალბათ, რაღაც დააშავა, მაღლა რომ დაუყენებიათ. ნეტავ, რა დანაშაული აქვს ასეთი ან რისთვის დასაჯეს?!“
ცოტა ხნის შემდეგ მოახერხა და ესეც ჰკითხა წინამძღვარს. წინამძღვარმა ის-ის იყო დააპირა აეხსნა მისთვის, რომ ეს იყო იესო მაცხოვარი და რომ იგი თვითონ უწოდებდა თავის თავს მწემსსა და კარის მცველს, მაგრამ გადაიფიქრა და მხოლოდ ეს უთხრა: იგი უცოდველია, არც ტყუილი უთქვამს არასდროს. სხვების ცოდვები აიღო თავის თავზე და ამისთვის დაისაჯა. ამის თქმაღა მოახერხა და ისევ სხვებს მიუბრუნდა.
მწყემსი კი ფიქრს განაგრძობდა: „ალბათ რა ძნელია დღე და ღამ იქ დგომა, ასე უჭმელ-უსმელად.“
საღამოს ლოცვის შემდეგ, ტაძრის სიწყნარე რომ არ დაერღვია, ჩურჩულით მიმართა მაღლა მდგომს: კეთილო მწემსო! მართალო ადამიანო! ალბათ დაიღალე მანდ დგომით. ჩამოდი ჩემთან, ცოტა დანაყრდი. აი, შენთვის თევზის ნაჭერი, თაფლი და პური მოვიტანე, – მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, განაგრძო: იქნებ წინამძღვრის გეშინია? ტყუილად ფიქრობ ასე. იგი ისეთი კეთილია! მასაც ეცოდები და ძალიან კარგადაც იცის სხვის გამო რომ დაგსაჯეს, ამიტომ, გემუდარები, ჩამოდი და ცოტა მაინც მიირთვი.
პასუხი ახლაც რომ არ გასცეს, იფიქრა: „ალბათ ჩემი ნაჭამი რომაა, იუკადრისაო“ და მეორე დღეს პირი აღარ დაუკარებია კერძისთვის. მარტო რომ დარჩა ტაძარში, ისევ მიიპატიჟა ზემოთ მდგომი: რომ იცოდე როგორ მებრალები. შენი ცოდვით თვალი ვერ მომიხუჭავს. შენთვის შემოვინახე ეს საჭმელი, პირიც არ დამიკარებია. თუ ღმერთი გწამს, ჩამოდი. ქრისტე ხომ არ თაკილობდა ცოდვილ ადამიანთან პურის ჭამას.
სიტყვები დასრულებული არ ჰქონდა, რომ მზის სხივივით ჩამოეშვა მაღლა მყოფი, შარავანდედით მოსილი, თვალები კი ისეთი კეთილი და თბილი ჰქონდა, მწყემსიც აივსო სითბოთი. იგი გვერდით დაუჯდა მწყემსს, თაფლი და პური აიღო და მშვიდად შეექცა. მწყემსი სულ კითხვებს უსვამდა. ისიც პასუხობდა და პასუხობდა.
გარეთ გავლილ ბერებს ტაძრიდან საუბარის ხმა რომ შემოესმათ, წინამძღვარს მოახსენეს ამის შესახებ. წინმძღვარი მაშინვე მიხვდა, რომ უჩვეულო ამბავი ხდებოდა მონასტერში და სასწრაფოდ თავისთან უხმო მწყემსს.
ვის ესაუბრებოდი ტაძარში?
– ოჰ, რომ იცოდე, მამაო, როგორი გახარებული ვარ! როგორც იქნა დავიყოლიე ის მართალი კარის მცველი, რომ ჩემთან ერთად ეჭამა.
და ჩამოვიდა?! – გაოცდა წინამძღვარი.
ნუ გაუჯავრდები, მამაო, რომ იცოდე, რა ტკბილად მოუბარია!
მაინც რა გითხრა?
მე ვკითხე: ასე უჭმელ-უსმელად როგორ შეგიძლია-მეთქი მანდ დგომა? მან კი მიპასუხა, რომ იგი მამამისის სახლში დგას და რომ იქ ყველასთვის, ვინც ამას იმსახურებს, ულევი სიხარულია; ეს სიხარული კი ისეთი ძლიერია, რომ ყველაფერს შეგაძლებინებსო. მაშინ მე ვკითხე, ჩემთვის თუ შეიძლება იქ მისვლა და ცხოვრება-მეთქი. მანაც მითხრა, რომ მეც შემეძლო მამამისის ნახვა. ამას რომ ამბობდა, გული სიხარულით ისე ამევსო, რომ ვერ გავუძელი და მის ფეხებთან დავემხე. როცა თავი ავწიე, იგი ისევ თავის ადგილას იდგა, ამ დროს კი თქვენც მიხმეთ და მეც მოვედი.
წინამძღვარი თვალცრემლიანი უსმენდა მწემსს: ნეტარ არიან შენი თვალები, რომელთაც იხილეს იგი. მე აგერ უკვე ასი წელი მისრულდება, და ამ ხნის განმავლობაში სულ მისკენ ვისწრაფი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე მასთან საუბარი, შენ კი რა უცებ გახდი მასთან შეხვედრის ღირსი! ამ სიტყვებით გულში ჩაიკრა მწყემსი.
>
– განა ვინმემ შეგიშალა ხელი ამაში? - გაიკვირვა მწყემსმა. - შედი ტაძარში, უხმე და ჩამოვა. გინდა შემოგყვები?! ჩემთვის ძალიან სასიხარულო იქნება კიდევ ერთხელ მასთან შეხვედრა და საუბარი.
არა, მე არ შემიძლია ამის გაკეთება! წინამძღვარი შეშინებულიც ჩანდა და გახარებულიც. – მაგრამ თუ კიდევ მოგეცემა მასთან საუბრის საშუალება, გევედრები, ჩემ შესახებაც ჰკითხე. უკვე ოთხმოცი წელია ბერი ვარ, სამოცი წელი კი ამ მონასტრის წინამძღვარი. ჰკითხე ჩემზეც, მეც მიმიყვანს მამამისის სახლში? მე მთელი ცხოვრება ხომ სწორედ ამისთვის ვემზადები.
წინამძღვარი ამას რომ ამბობდა, ცრემლებად იღვრებოდა.
– ნუ ტირი, მამაო, როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა, მაშინვე გამოვკითხავ ყველაფერს. – დაჰპირდა მწყემსი.
მეორე დღეს, ლოცვის შემდეგ, წინამძღვარი შიშითა და კრძალვით ელოდა დარაჯს.
როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა გაბრწყინებული სახით:
– გიხაროდეს, მამაო! ყველაფერი კარგად მოგვარდა. კარის მცველი კვლავ ჩამოვიდა ჩემთან და როცა ვუთხარი შენ შესახებ, ჯერ არ დამთანხმდა მამამისთან შენს წაყვანაზე, მეუბნებოდა, იგი ამისათვის ჯერ მზად არ არისო, მაგრამ ფეხებში ჩავუვარდი და ვთხოვე: ძალიან კი გამიჭირდება შენი დათმობა, მაგრამ ამასაც გავაკეთებ, თუკი ეს საჭიროა იმისათვის, რომ მონასტრის წინამძღვარი ღირსი გახადო მამაშენთან წაყვანისა-მეთქი. იცი, როგორ ნატრობს იქ მისვლას, იცი, როგორ ტიროდა გუშინ-მეთქი?!
ამ სიტყვებმა გული მოულბო და მითხრა: ორივენი გაემზადეთ. ხვალ აგისრულებთო სურვილს.
წინამძღვარი დარაჯს გადაეხვია.
შენ თავად მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოგეცხადა. ხვალ ჩვენ იგი ამ ამაო წუთისოფელს გაგვაშორებს და თავისთან წაგვიყვანს. ქრისტე ჩვენი მწყემსია, ჩვენ კი მისი ცხვრები ვართ, და იგი, როგორც ჭეშმარიტი კარისმცველი, სასუფევლის კარს გვიღებს და თავის საბრძანებელში გვამკვიდრებს. მოვემზადოთ ამისათვის!
წინამძღვარმა უხმო მონასტრის ძმობას და მათ წინამძღვრად სხვა დაუდგინა.
დილით ორივენი ეზიარნენ და წინამძღვარი, მწყემსთან ერთად, უჩვეულო სიხარულით აღსავსე, სამადლობელი ლოცვების კითხვის დროს განეშორა წუთისოფელს.
ამგვარად დასრულდა ეს ამბავი. როგორც ნახეთ, მწყემსის გულითადმა ლოცვებმა, ღვთისა და მოყვასის უსაზღვრო სიყვარულმა, სასწაული მოახდინა და თვით უფალი ჩამოვიდა მასთან, რომ პური გაეტეხათ და ესაუბრათ.
ადამიანი, დედამიწაზე მცხოვრები ყველა სულდგმულისაგან განსხვავებით, მხოლოდ ამქვეყნისათვის როდია შექმნილი! მას ღვთისაგან საუკუნო სიცოცხლე აქვს მინიჭებული, საუკუნო და არა დროებითი. დროებით იგი მხოლოდ ამ ქვეყნად ცხოვრობს, შემდეგ კი, საიქიოში გადასული, იქ განაგრძობს სიცოცხლეს ან ნეტარებაში, ან ტანჯვაში. საუკუნო სიხარული გამზადებულია მართალი, წმინდა გულის ადამიანებისათვის, მათთვის, რომლებიც, ამ ცხოვრებაში შეჭირვებულნი, იქ იმკიან ამ დათმენის საზღაურს. ზოგჯერ კი ასეთი ადამიანები, ამ ამბის გმირის მსგავსად, აქ, მიწაზევე ხდებიან იესო ქრისტეს ხილვის ღირსნი.
მკითხველო, იქნებ დაგაფიქრა ამ ამბავმა, და თუ ირწმუნე იგი, დღეიდან მაინც შეეცადე სულის განწმენდას. ნუ შეგაშინებს შენ მიერ განვლილი გზა, გწამდეს უფლის გულმოწყალებისა. იგი ხომ ყველა ცოდვას შეუნდობს იმათ, ვინც გულწრფელად მოინანიებს. და თუკი ირწმუნე იმქვეყნიური არსებობა, ამიერიდან მაინც იზრუნე, რომ ღირსი გახდე საუკუნო ნეტარებისა და სასუფევლის.
დაბოლოს: მიმოვიხედოთ გარშემო. იქნებ ჩვენ ირგვლივაც არიან ასეთი გულუბრყვილო და მიამიტი გულის ადამიანები. მათ მოფერება და მოფრთხილება სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ როგორ ვეპყრობით მათ? მოდით, ამის შესახებაც ვიფიქროთ.