მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პატერიკი
(ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან)

 

თხრობანი წმ. გრიგოლ დიოლოღოსის დიალოღონიდან

 

წიგნი პირველი


ერთხელ, ერთ მყუდრო, შვების მომგვრელ ადგილას განვმარტოვდი ამქვეყნიური საქმეებით დამძიმებული, რომლებიც არცთუ იშვიათად გვაიძულებენ მივატოვოთ სულიერი საქმე, რაც ყოვლად დაუშვებელია. იქ, თავისუფლებაში, შემეძლო უკეთ გავრკვეულიყავი დამამძიმებელ, უსიამოვნო შთაბეჭდილებებში და ზედმიწევნით განმეხილა ყოველივე, რაც ნაღველს მგვრიდა. როდესაც დანაღვლიანებულმა მარტოობაში საკმაო ხანი გავატარე, უსაყვარლესმა შვილმა, დიაკვანმა პეტრემ მომინახულა. ჩვენ ადრეული სიყრმიდან მტკიცე მეგობრობა გვაკავშირებდა, ერთად ვუღრმავდებოდით ღმრთის სიტყვას. როდესაც პეტრემ ესოდენ გულდამძიმებული მიხილა, მკითხა: რაიმე ახალი ხომ არ შეგემთხვა, რად დამწუხრებულხარ ჩვეულებრივზე მეტად? – არა, საყვარელო პეტრე, – ვუპასუხე, – მწუხარება, რომელსაც ყოველდღიურად ვითმენ, ჩემთვის მუდამ ძველია, იმიტომ, რომ ჩვეულია, და მუდამ ახალია, იმიტომ, რომ მზარდია. ამჟამად სული წუხს იმის გამო, რომ ჩემზე დაკისრებული უსიამოვნო საქმეები მასში ჩემი ძველი სამონასტრო ცხოვრების მოგონებებს აღძრავს. იმ დროს ჩემს სულს შეეძლო ყოველ შემთხვევითობას გამკლავებოდა, მსწრაფლწარმავალზე ამაღლებულიყო, რადგან მისი ყოველი ზრახვა ზეცისაკენ იყო მიმართული. მაშინ თვით ხორცის საკრველები არ აბრკოლებდა მას დამტკბარიყო მჭვრეტელობითი ცხოვრებით, რადგან თვით სიკვდილი, რომელიც თითქმის ყოველ ადამიანს აშინებს და ძრწოლას გვრის, მისთვის სანუკვარი იყო, როგორც გარდასვლა ცხოვრებაში, როგორც მისაგებელი ღვაწლისათვის. ახლა კი, სამწყემსო მსახურების გამო, ვალდებული ვარ საერო საქმეებს მივდიო. დავტოვე ძველი, მშვენიერი და უშფოთველი ცხოვრება და სული მიწიერი საზრუნავებით უნდა შევიბილწო, რადგან, როგორც კი სულის ყურადღება სხვების მიმართ შემწყნარებლობით გარეშე საგნებზე გაიფანტება, მაშინ, უეჭველია, სულიერი საგნებისადმი ძლიერი ლტოლვაც მოუძლურდება. ამიტომ განვსჯი, რა შევიძინე და რა დავკარგე და დანაკარგის მიხედვით ვხედავ, რომ დავკარგე იმაზე მეტი, რაც მაქვს. ამჟამად ზღვის ტალღები მაშფოთებენ და ჩემი გონების ხომალდს ძლიერი ქარიშხალი არყევს; ხოლო როდესაც ჩემს ძველ ცხოვრებას ვიგონებ და მზერას ვაპყრობ, თითქოს ნაპირს ვხედავ და სულთვითქვამ. ძლიერი ღელვის გამო ძლივსღა ვხედავ ჩემ მიერ დატოვებულ ნავსაყუდელს, რადგან ჩვენს სულს ამგვარი რამ სჩვევია: როდესაც კარგავს იმ სიკეთეს, რომელიც ჰქონდა, პირველად ახსოვს დანაკარგი, მაგრამ დროთა განმავლობაში ავიწყდება და ამგვარად, ხსოვნაც კი არ რჩება იმისი, რაც უწინ ჰქონდა. ამიტომ, როგორც ვთქვი, განვაგრძობთ ცურვას და მხედველობის არიდან სრულებით გვეკარგება უშფოთველი ნავსაყუდელი. ზოგჯერ, ჩემდა სამწუხაროდ, მაგონდებიან ადამიანები, რომლებიც სულით სრულიად განეშორნენ ამ სოფელს. მათი ანგელოზთა მსგავსი ცხოვრების მხოლოდ გახსენებაც მიჩვენებს, როგორ დავკნინდი. ამ წმიდა მოსაგრეთა უმრავლესობა ამ სოფლისაგან ფარულად ემსახურებოდა თავის შემოქმედს. ყოვლისშემძლე ღმერთს არ სურდა, რომ მათი განახლებული სული ადამიანურ საქმეებს მოეუძლურებინა და მათ ყოველგვარ მიწიერ საზრუნავს აცილებდა.


უკეთ რომ გადმოვცე ის, რაც ერთმანეთში ვისაუბრეთ, მას კითხვა-პასუხის სახეს მივცემ და ჩვენი სახელებით აღვნიშნავ.


პეტრე: თითქმის არაფერი ვიცი იმ მამათა ღვაწლის შესახებ, რომლებმაც წმიდა ცხოვრებით გაითქვეს სახელი იტალიაში. ამიტომ ვერ ვხვდები, ვის შესახებ საუბრობ ასეთი აღმაფრენით და ვის ცხოვრებას ადარებ შენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, არ მეეჭვება, რომ იტალიაში მართლაც იყვნენ წმიდა მოღვაწეები, მაგრამ მათი სათნოებანი და სასწაულები ან სრულიად უცნობია ჩემთვის, ან მათ შესახებ იმდენად ცოტაა ნათქვამი, რომ ამ დუმილმა შესაძლოა ეჭვი აღძრას.


გრიგოლი: საყვარელო პეტრე, მათ შესახებ მხოლოდ ის ცნობები რომ გადმოგცე, რომლებიც მე, უბადრუკმა, სანდო მოწმეებისგან შევიტყვე, ვფიქრობ, ამისთვის დრო არ მეყოფა.


პეტრე: გევედრები, უწმიდესო მამაო, თუნდაც ნაწილი გამანდე. ვფიქრობ, არ დაბრკოლდები იმის გამო, რომ მათი ცხოვრების გახსენებით საკმაოდ ვრცელი მონათხრობი გამოვა. წმინდანთა ცხოვრების განხილვით ჩვენც ვისწავლით, როგორ მოვიპოვოთ და დავიცვათ სათნოებანი, მათი სასწაულები გვიჩვენებს, თუ როგორ იდიდება მოპოვებული და დაცული სათნოება. არსებობენ ადამიანები, რომელთა სულში ზეციური სამშობლოსადმი სიყვარულის ცეცხლს აღანთებს არა იმდენად დარიგებები, რამდენადაც – მაგალითები. ვინც წმინდანთა ცხოვრებას გაიაზრებს, ამით ორგვარ სარგებელს მოიპოვებს: პირველი, იმათი ცხოვრების მაგალითები, რომლებმაც ჩვენზე ადრე განვლეს ცხონებისკენ მიმავალი გზა, ჩვენში მომავალი ცხოვრების სიყვარულს აღძრავს; მეორე, თუკი ვინმე საკუთარ თავში სათნოებებს ხედავდა, თავს დაიმდაბლებს, როდესაც შეიტყობს, რომ წმინდანების ღვაწლი აღმატებული იყო.


გრიგოლი: მზად ვარ ახლავე გადმოგცე ყოველივე, რაც ამ მოღვაწეთა შესახებ ღმრთისმოსავ კაცთაგან მსმენია. მივბაძავ მარკოზისა და ლუკას წმიდა და ამაღლებულ, მზესავით მანათობელ მაგალითს, რომელთაც თავიანთი სახარებები დაწერეს არა ნანახის, არამედ მოსმენილის საფუძველზე. იმისთვის, რომ მომავალში ჩვენი მკითხველი არ დაეჭვდეს, ყოველი მოვლენის აღწერისას მივუთითებ წყაროს, რითიც ვისარგებლე. მხოლოდ წინასწარ გეტყვი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მე მხოლოდ წყაროს აზრს გადმოვცემ, სხვა შემთხვევებში კი აზრთან ერთად თხრობის სიზუსტესაც დავიცავ. ყველაფერი ზუსტად რომ გადმოვცე იმათი სიტყვებით, ვინც ეს ამბები მაუწყა, ჩემი მონათხრობი არაერთგვაროვანი გამოვა იმის გამო, რომ ზოგიერთი მთხრობელი ძალიან უბრალო, მარტივი ენით გადმომცემდა ამბებს. უნდა აღვნიშნო, რომ ის, რის მოყოლასაც შენთვის ვაპირებ, ყველაზე სანდო კაცთაგან მეუწყა.



თავი პირველი
ჰონორატი, ფუნდის მონასტრის იღუმენი


ერთ პატრიცს, სახელად ბენანცის, სამნიის ოლქში მამული ჰქონდა. იქვე ერთი გლეხი ცხოვრობდა. მას ვაჟი ჰყავდა, სახელად ჰონორატი. მან სიყრმიდან შეიყვარა თავშეკავებული ცხოვრება, რამაც ზეციური მამულისადმი სიყვარული აღუძრა. ის ამგვარად დიდხანს იღწვოდა, ყოველი უქმი სიტყვის წარმოთქმას ერიდებოდა და სხეულს თავშეკავებით წვრთნიდა. ერთხელ მისმა მშობლებმა ლხინი გამართეს და მეზობლები მოიწვიეს. სუფრისთვის სხვა სანოვაგესთან ერთად ხორციც მოამზადეს. ჰონორატს, მარხვის სიყვარულით, სურვილიც არ ჰქონდა ხორცს გაკარებოდა. მშობლებმა დაცინვა დაუწყეს და უთხრეს: „ჭამე, ხომ არ გგონია, შენთვის თევზს დავიჭერთ?“ – იმ მხარეში თევზის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ. როდესაც ჰონორატს ამგვარად დასცინოდნენ, წყალი შემოაკლდათ: წყალზე მყისვე მსახური გაგზავნეს ხის ჭურჭლით. ჭურჭელს წყლით ავსებისას თევზი ამოჰყვა. სახლში დაბრუნებულმა მსახურმა წყალი ყველას თვალწინ გადმოღვარა და უჩვენა თევზი, რომელიც საკმაოდ მოზრდილი იყო და ჰონორატს საჭმელად მთელი დღე ეყოფოდა. ყველანი გაოცდნენ. ჰონორატის მშობლები იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ დაცინვა. ამგვარად, ყრმის თავშეკავება, რომელსაც აქამდე დასცინოდნენ, პატივისცემის საგანი შეიქნა და მთაში დაჭერილმა თევზმა ღმრთის კაცი ღვარძლიანი დაცინვისგან იხსნა. როდესაც ჰონორატის სათნო ცხოვრების შესახებ ხმა გავრცელდა, ბატონმა გაათავისუფლა და მან ფუნდში მონასტერი დააარსა, სადაც თითქმის ორას განდეგილს ხელმძღვანელობდა. ის ყველასთვის სამაგალითო, ამაღლებული ცხოვრებით ცხოვრობდა.


ერთხელ მთას, რომლის ძირში მონასტერი მდებარეობდა, უზარმაზარი ლოდი მოსწყდა, მთის ფრიალო კალთაზე დაქანდა და მონასტერსა და ძმებს დანთქმით ემუქრებოდა. წმიდა მამამ ეს როგორც კი შენიშნა, მყისვე მაცხოვრის სახელს მოუწოდა, მოწყვეტილ ლოდს, რომელიც ის იყო მონასტერს უნდა დასცემოდა, ჯვარი გადასახა და ის მაშინვე შეჩერდა. ამის შესახებ ერთი ღმრთისმოსავი კაცი, სახელად ლავრენტი მომითხრობდა. მთის ბექობი, სადაც ლოდი შეჩერდა, ციცაბო იყო. ამბობენ, ახლაც რომ შეხედო, მოგეჩვენება, თითქოს ლოდი მოწყვეტას აპირებსო.


პეტრე: წმიდა მამაო, როგორ გახდებოდა ეს საკვირველი კაცი სხვათა ხელმძღვანელი, უწინ თავად რომ არ ჰყოლოდა დამრიგებელი?


გრიგოლი: არ მსმენია, რომ ის ვინმეს დამოწაფებოდა. სულიწმიდის ნიჭები ზოგჯერ ადამიანებს უჩვეულო გზით მიენიჭება. ჩვეულებრივ, ხელმძღვანელი ვერ იქნება ის, ვისაც მორჩილება არ უსწავლია და ხელქვეითებს მორჩილებას ვერ აღუძრავს ის, ვინც თვითონ არ იცის ზემდგომთა მორჩილება. მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნათლდებიან სულიწმიდის მიერ; მართალია ისინი გარეგან ადამიანურ ხელმძღვანელობას მოკლებულნი არიან, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ სულთან მუდამ არის შინაგანი დამრიგებელი – სულიწმიდა. თუმცა სათნოებებში უმტკიცარმა ადამიანებმა წმიდა მამათა ცხოვრებებში გამოვლენილი ამგვარი ზებუნებრივი შემთხვევები მაგალითად არ უნდა დაისახონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღაცამ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ თვითონაც აღსავსეა სულიწმიდით, უგულებელყოს ადამიანური დარიგება და ცდომილებაში ჩავარდეს. სულიწმიდით აღვსილ სულს სრულიად ცხადი ნიშნები აქვს, რაც ააშკარავებს მის ამგვარ მდგომარეობას: ეს არის სიმდაბლესთან შეერთებული უდიდესი სათნოება. თუკი სული ამ თვისებებს სრულყოფილად ფლობს, ეს ცხადზე ცხადი ნიშანია მასში სულიწმიდის დავანებისა. მაგალითად, წმიდა წერილში არსად არის მოხსენებული, რომ წმიდა იოანე ნათლისმცემელს მოძღვარი ჰყოლოდა; თვით ქრისტეს – თავად ჭეშმარიტებას, რომელიც მიწაზე ხილული ყოფნის ჟამს მოციქულებს ასწავლიდა, მოწაფეთა შორის ხილული სახით არ შეურაცხავს იოანე. ვისაც შინაგანად განსწავლიდა, მას თითქოს ტოვებდა, რომ თავისი ნებით ეცხოვრა. ასევე, მოსესაც უდაბნოში ანგელოზი წინამძღვრობდა (გამ. 23, 20 და შემდეგი), და არა – ადამიანი. სათნოებებში განუმტკიცებელი ადამიანებისთვის ეს ყოველივე უნდა იყოს არა მიბაძვის, არამედ – პატივისცემის საგანი.


პეტრე: გთხოვ, მითხარი: ამ წმიდა მამას, ჰონორატს, მოწაფეთა შორის მიმდევარი არ დარჩენია?



თავი მეორე

ლიბერტინი, იმავე მონასტრის ეკონომოსი


გრიგოლი: გუთების მეფის, ტოტილას მეფობის დროს იმავე მონასტერში ეკონომოსად იყო ღმრთისმოსავი კაცი, სახელად ლიბერტინი. ის ცხოვრობდა და იზრდებოდა მამა ჰონორატის ხელმძღვანელობით. ხალხი მრავალ სარწმუნო ამბავს ჰყვებოდა მისი სათნოებების შესახებ. მასზე განსაკუთრებით ბევრს მიამბობდა უკვე ხსენებული ღმრთისმოსავი ლავრენტი, რომელიც ამჟამადაც ცოცხალია და დაახლოებული იყო მამა ლიბერტინთან. შევეცდები მოკლედ გადმოგცე მისი ნაამბობი.


ერთხელ ღმრთისმოსავი ლიბერტინი სამონასტრო საჭიროებათა გამო სადღაც გაემგზავრა, გზად უკვე ხსენებული სამნიის ოლქი უნდა გაევლო. იმ დროს, იმავე გზაზე, გუთების ერთ-ერთი მხედართმთავარი დარდანიც მიდიოდა ჯართან ერთად. მისი მხედრები ღმრთის კაცს თავს დაესხნენ, მიწაზე გადმოაგდეს და ცხენი წაართვეს. წმინდანმა დანაკარგი დიდსულოვნად დაითმინა, ავაზაკებს მათრახიც მიაწოდა და უთხრა: „ესეც წაიღეთ, რომ ჩემი ცხენი გადენოთ“. ამის შემდეგ წმინდანი ლოცვად დადგა. დარდანის ჯარმა გზა განაგრძო და მალე მდინარე ბულტურნას მიუახლოვდა. მეორე ნაპირზე გადასასვლელად მხედრები ცხენებს ოროლებს სცემდნენ და წყალთან აგდებდნენ; პირუტყვს ბევრი ურტყეს და ტანჯეს, მაგრამ ფეხი ვერ მოაცვლევინეს. მათ ისე ეშინოდათ წყალში შესვლის, თითქოს ფრიალო კლდიდან გადაშვებას აიძულებდნენ. როდესაც პირუტყვის ცემით მხედრებიც დაიღალნენ, ერთ-ერთმა თქვა: „იმისთვის ვიტანჯებით, რომ გზაში ღმრთის კაცი შეურაცხვყავით“. რამდენიმე მათგანი მყისვე დაბრუნდა და ლიბერტინი იმავე ადგილზე, ისევ ლოცვად მდგომი იხილეს. „ადექი, – უთხრეს მას, – და დაიბრუნე ცხენი“. „ღმერთმა დაგლოცოთ, – მიუგო წმინდანმა, – ცხენი არ მჭირდება“. მაშინ მხედრები ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ, ლიბერტინი თავის ცხენზე ძალით შესვეს და დაუყოვნებლივ გაბრუნდნენ. ამის შემდეგ ცხენებმა მდინარე სწრაფად გადაცურეს, თითქოს იქ წყალი არც ყოფილიყოს. ამგვარად, ღმრთის განგებით, როგორც კი წმინდანს ცხენი დაუბრუნეს, იმათაც დაემორჩილნენ თავიანთი ცხენები.


იმავე ხანებში კამპანიის ოლქში ფრანკების ჯარი მიდიოდა, რომელსაც ბუცელინი მთავრობდა. ხმა დადიოდა, რომ ჰონორატის მონასტერი დიდ განძეულს ფლობდა. ფრანკები ტაძარში შეიჭრნენ და ეკონომოს ლიბერტინს დაუწყეს ძებნა. ის იმ დროს მიწაზე გართხმული ლოცულობდა და ჰოი, საოცრებავ, რამდენი ეძებეს ფრანკებმა ლიბერტინი, მაგრამ ვერ დაინახეს, თუმცა მის სხეულს ხშირად ფეხითაც ეხებოდნენ. ამგვარად, თავისივე სიბრმავით მოტყუებულნი, მონასტრიდან ხელცარიელნი გაბრუნდნენ.


სხვა დროს ლიბერტინმა წინამძღვრისგან (რომელიც ლიბერტინის მოძღვრის – ჰონორატის მემკვიდრე იყო) ბრძანება მიიღო, რავენაში სამონასტრო საქმეზე გამგზავრებულიყო. წმიდა ჰონორატისადმი სიყვარულის გამო ლიბერტინს ჩვევად ჰქონდა, სადაც მიემგზავრებოდა, თან მისი ფეხსაცმელი მიჰქონდა. გზად მიმავალს ერთი დედაკაცი შემოხვდა, რომელიც ხელით გარდაცვლილ შვილს მოასვენებდა. ღმრთის კაცი რომ დაინახა, ლიბერტინის ცხენის ლაგამი მოზიდა და წმინდანი დააფიცა: „აქედან ვერ წახვალ, ვიდრე შვილს არ გამიცოცხლებ“. ლიბერტინი მიხვდა, რა უჩვეულო სასწაულის აღსრულებას ითხოვდნენ მისგან. ის ფიცთან შეერთებული თხოვნის მოსმენამ შეაძრწუნა და შეეცადა განშორებოდა დედაკაცს, მაგრამ ვერ შეძლო. იგი ორჭოფობდა. წარმოიდგინე, ამ დროს მის სულში რა ძლიერი ბრძოლა აღიძრა. მისი სიმდაბლე უბედური დედაკაცის მიმართ თანაგრძნობას ებრძოდა, შიში უჩვეულო სასწაულის აღსრულებისა ებრძოდა სამწუხარო გრძნობას, – უარი ეთქვა შეწევნაზე შვილმკვდარი დედისთვის. უკანასკნელ, სადიდებელად ღმრთისა, მის ურყევ სიმდაბლეს თანალმობამ სძლია, ურყევს სწორედ იმიტომ, რომ თანალმობით იძლია, რადგან ურყევს ვერ უწოდებ სათნოებას, რომელიც სხვათა განსაცდელის ხილვისას ქედუხრელი რჩება. ამგვარად, წმინდანი ცხენიდან ჩამოხდა, მუხლი მოიდრიკა და ზეცისკენ ხელაღპყრობით ლოცვის შემდეგ მიცვალებულ ყრმას მკერდზე წმიდა ჰონორატის ფეხსაცმელი დაადო. წმინდანის ლოცვით მიცვალებულის სული სხეულში დაბრუნდა. ლიბერტინმა გაცოცხლებული ყრმა მგლოვიარე დედას გადასცა, თვითონ კი გზა განაგრძო.


პეტრე: მითხარი, მამაო: წმიდა ჰონორატის სათნოების ძალამ აღასრულა ეს სასწაული, თუ წმიდა ლიბერტინის ლოცვამ?


გრიგოლი: ასეთი უჩვეულო სასწაულის აღსასრულებლად შეერთდა: დედაკაცის რწმენა და ორივე წმინდანის სათნოების ძალა; ვფიქრობ, ლიბერტინმა ამ სასწაულის აღსრულება იმიტომ შეძლო, რომ უფრო მეტად მოძღვრის სათნოებათა ძალას მიენდო, ვიდრე – საკუთარს. მას სწამდა, რომ იმისი სული, ვისი ფეხსაცმელიც მიცვალებულს მკერდზე დაადო, მის ლოცვას შეისმენდა. მსგავსად იმისა, როგორც ელისემ ვერ შეძლო თავისი მოძღვრის ხალენის მდინარეში ერთხელ ჩაგდებით ორად გაეპო წყალი იორდანეში, მაგრამ როგორც კი წარმოთქვა: „სადა არს უფალი ღმერთი ელიასი აფფო?“ (4 მეფ. 2, 14) და ჩააგდო ილიას ხალენი მდინარეში, წყალი გაიპო და გზა მისცა მას. ხედავ, საყვარელო პეტრე, სასწაულის აღსრულებისას სიმდაბლეს როგორი ძალა აქვს? მაშინ შეძლო მოძღვრის ძალის თანასწორი ძალა გამოეჩინა, როდესაც მის სახელს მოუხმო, და მისი მსგავსი საქმეც აღასრულა, რადგან მის სიმდაბლეს ბაძავდა.


პეტრე: სასიამოვნოა შენი საუბრის მოსმენა, ყოვლადპატიოსანო მამაო! მითხარი, ჩვენს დასამოძღვრად ამ მოსაგრის შესახებ მსგავსი რამ კიდევ ხომ არ იცი?


გრიგოლი: ვიცი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, ვისაც მისი მიბაძვა სურს, რადგან მიმაჩნია, რომ სიმდაბლე ყოველგვარ ნიშსა და სასწაულს აღემატება. მოხდა ამგვარი რამ: ერთხელ წინამძღვარი (რომელმაც ჰონორატის აღსრულების შემდეგ ის წინამძღვრის თანამდებობაზე შეცვალა) იმდენად განურისხდა სათნო ლიბერტინს, რომ მზად იყო მისთვის დაერტყა. ჯოხი რომ ვერსად მოიხელთა, ხელი სკამს სტაცა და ლიბერტინს ისე ურტყა, რომ მას თავი და სახე მთლიანად დაუსივდა და დაულურჯდა. ლიბერტინმა დაითმინა ეს სასტიკი ცემა და მშვიდად წავიდა თავის სენაკში. მალე სამონასტრო საქმის გამო იძულებული გახდა სადღაც წასულიყო. დილის კანონი აღასრულა და წინამძღვრის სენაკისკენ გაემართა, რათა მისგან ლოცვა-კურთხევა გამოეთხოვა. წინამძღვარმა იცოდა, რომ ლიბერტინს უსამართლოდ მიყენებული წყენის შემდეგ ყველა პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობოდა. მას ეგონა ლიბერტინს მონასტრის დატოვება სურდა და დაეკითხა: „საით გაგიწევია?“ – „მონასტრის გადაუდებელ საქმეთა გამო, – უპასუხა ლიბერტინმა, – ჯერ კიდევ გუშინ დავპირდი ამა და ამ ადგილას წასვლას და მსურს წავიდე“. მაშინ წინამძღვარმა სულის სიღრმეში აღიარა, რომ, ერთი მხრივ, სასტიკად და მკაცრად მოეპყრო ლიბერტინს, მეორე მხრივ, შეურაცხყოფილი მშვიდი და თავმდაბალი იყო. ის გამოვიდა სენაკიდან, ლიბერტინის ფერხთით დავარდა და აღიარა, რომ მძიმედ შესცოდა, დამნაშავეა მის წინაშე, რომ გაკადნიერდა სასტიკი შეურაცხყოფა მიეყენებინა ასეთი სათნო კაცისათვის. ლიბერტინიც დავარდა მიწაზე წინამძღვრის ფერხთით და არწმუნებდა, რომ მის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მიზეზი არა წინამძღვრის გახელება იყო, არამედ თვითონ იყო ამაში დამნაშავე. ამ შემთხვევის შემდეგ წინამძღვარი ყველას დიდი კრძალვით ექცეოდა. ამგვარად, მოწაფის სიმდაბლემ გულისხმიერებაში ჩააგდო თვით მასწავლებელი. როდესაც ლიბერტინი მონასტრის საქმეზე წავიდა, რამდენიმე წარჩინებული დიდებული შეხვდა, რომლებიც მას უდიდეს პატივს სცემდნენ. მათ დიდი გაოცებითა და თანალმობით გამოჰკითხეს, რა დაემართა, რატომ ჰქონდა სახე დასიებული და დალურჯებული? „გუშინ, გვიან საღამოს, – უპასუხა ლიბერტინმა, – ჩემი ცოდვების გამო სკამს შევეჯახე და ძლიერ დავშავდი“. ამგვარად, ამ წმიდა კაცმა პასუხში ჭეშმარიტება განაცხადა, არც წინამძღვრის საქციელი გათქვა და არც ტყუილი უთქვამს.


პეტრე: მსურს შევიტყო, ყოვლადპატიოსანო მამაო, ისეთმა ღმრთისმოშიშმა ადამიანმა, როგორიც ლიბერტინი იყო, რომლის შესახებ ასეთ სასწაულებს მიამბობ, ნუთუ არ დატოვა მონასტერში თავისი სათნოებების მიმდევარნი?



თავი მესამე

მონაზონი, რომელიც იმავე მონასტერში მებაღე იყო


გრიგოლი: შენთვის ცნობილი ფელიქსი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ იმავე მონასტრის ეკონომოსი იყო, მრავალ საკვირველ ამბავს მიამბობდა მონასტრის ძმების შესახებ. მის მონათხრობს სრულად არ გადმოგცემ, რადგან სულ სხვა რამეზე მსურს შენთან საუბარი, მაგრამ არ შემიძლია დავდუმდე ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც მისგან გავიგე.


ფუნდის მონასტერში ერთი მონაზონი იყო, მებაღედ მსახურობდა და ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა. მის ბოსტანს ქურდი შეეჩვია. ის ღობეზე ფარულად გადადიოდა და ბოსტნეულს იპარავდა. მებაღემ შენიშნა, რომ რაც დათესა, იმაზე ბევრად ნაკლები მოიწია, რაც დარჩა – ისიც გათელილი და დაგლეჯილი იყო. მან ბოსტანი შემოიარა და იმ ადგილს მიაგნო, საიდანაც ქურდი იპარებოდა. როდესაც ბოსტანში ბრუნდებოდა, გველი დაინახა და უბრძანა: „გამომყევი“. იმ ადგილზე, საიდანაც ქურდი შედიოდა, ისევ უბრძანა გველს: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ დაიცვა ეს შემოსასვლელი და ქურდს ბოსტანში შემოსვლის ნება არ მისცე“. გველი მაშინვე გზის გარდიგარდმო გაწვა, მონაზონი კი სენაკში დაბრუნდა. შუა დღეს, როდესაც მონასტრის ძმები ისვენებდნენ, ქურდი გამოჩნდა და ღობეზე გადასვლა სცადა. უეცრად მას გველმა გზა გადაუღობა. ქურდი ძლიერ შეშინდა და უკან გადავარდა, მაგრამ ფეხი ღობის წნულში გაეხლართა და მებაღის მოსვლამდე თავდაღმა დაკიდებული დარჩა. როდესაც მებაღე მოვიდა, დაინახა ქურდი ღობეზე ეკიდა; ის გველს მოუბრუნდა და უთხრა: „მადლობა ღმერთს, შენ აღასრულე ნაბრძანები, ახლა წადი“. გველი მიიმალა. მებაღემ ქურდს მიმართა: „ძმაო, ღმერთმა ჩემს ხელში ჩაგაგდო. როგორ გაკადნიერდი, მონაზვნის შრომის ნაყოფი მიგეთვისებინა?“ ამის შემდეგ მებაღემ ქურდს ფეხი გაუთავისუფლა, ღობიდან ჩამოიყვანა, თავის სენაკში მიიწვია და სიხარულით მისცა ბოსტნეული, რომელსაც ის ჩვეულებრივ იპარავდა, შემდეგ ბოსტნის კარებამდე მიაცილა და უთხრა: „წადი და ამიერიდან აღარ იქურდო; როდესაც დაგჭირდება, ჩემთან მოდი, სიხარულით მოგცემ იმას, რასაც აქამდე ცოდვის გზით იძენდი“.


პეტრე: ვხვდები, აქამდე ამაოდ ვფიქრობდი, თითქოს იტალიაში არ იყვნენ სასწაულებით სახელგანთქმული წმინდანები.



თავი მეოთხე

ეკვიცი, რომელიც მონასტრის წინამძღვარი იყო ვალერიის ოლქში


გრიგოლი: ახლა იმას გიამბობ, რაც ფრიად ღირსეულმა ფორტუნატემ მიამბო, რომელიც მონასტერს წინამძღვრობდა პუტეოლში. ვალერიის პროვინციაში ერთი კაცი, სახელად ეკვიცი, ცხოვრობდა, რომელიც უჩვეულოდ წმიდა ცხოვრებას იმარხავდა. მას წინამძღვარი ფორტუნატეც კარგად იცნობდა და მისი სულიერი ღვაწლის მიმართ სხვებიც კრძალვით იყვნენ გამსჭვალულნი. ეკვიცი, როგორც დიდი სიწმინდით მცხოვრები კაცი, იმ ოლქში მრავალ მონასტერს წინამძღვრობდა. სიყრმეში მას ხორციელ გულისთქმებთან ბრძოლა ტანჯავდა, მაგრამ ბრძოლის სიმძიმემ უფრო გულმოდგინე ლოცვისთვის აღძრა. ამგვარად, ეკვიცი დაუცხრომელი ლოცვით ყოვლისშემძლე ღმერთისგან შეწევნას გამოითხოვდა და ბოლოს იგრძნო, რომ ხორციელი გულისთქმები განეშორნენ და თითქოს უსხეულო შეიქნა. როდესაც ღმერთის შეწევნით სათნოებებში განმტკიცდა, ეკვიცი დედათა მონასტრების წინამძღვარიც გახდა, რადგან იქამდე მხოლოდ მამათა მონასტრებს წინამძღვრობდა. თუმცა თავის მოწაფეებს მუდამ ჩააგონებდა, რომ მის მაგალითს განუსჯელად არ აჰყოლოდნენ და არ მოესურვებინათ იმის აღსრულება, რისი ნიჭიც არ ჰქონდათ.


იმ დროს რომში გრძნეულები შეიპყრეს. ვინმე ბასილი, რომელიც ყველაზე დახელოვნებული ჯადოქარი იყო, სამონაზვნო კაბაში გადაცმული ვალერიის ოლქში გაიქცა. ის ამითერნის ეპისკოპოსს, ღირს კასტორს ეახლა და შეევედრა ეკვიცის მონასტერში განეწესებინა, თან ჰპირდებოდა, მონასტერს სამკურნალო ხელოვნებით შევეწევიო. ეპისკოპოსი ცრუ მონაზონ ბასილთან ერთად მაშინვე მონასტრისკენ გაემართა და ღმრთის სათნო ეკვიცის სთხოვა იგი ძმებს შორის მიეღო. წმინდანმა შეხედა ბასილს და ეპისკოპოსს უთხრა: „შენ მიბრძანებ მივიღო არა მონაზონი, არამედ – ეშმაკი“. – „შენ მხოლოდ მიზეზს ეძებ, რომ ჩემი თხოვნა არ შეასრულო“, – უპასუხა ეპისკოპოსმა წინამძღვარს. „ვამბობ იმას, რასაც მასში ვჭვრეტ, – უთხრა ღმრთის მონამ, – მაგრამ შენ რომ არ იფიქრო, თავს ვარიდებ მორჩილებას, აღვასრულებ შენს ნებას“. ბასილი მონასტერში მიიღეს. რამდენიმე დღის შემდეგ ღმრთის მონა ეკვიცი ხანგრძლივი დროით მონასტრიდან წავიდა, რათა სულიერი ნუგეშის მაძიებელნი ჭეშმარიტებაში განესწავლა. წმიდა ეკვიცის წასვლის შემდეგ დედათა მონასტერში, რომელსაც აგრეთვე ის წინამძღვრობდა, ერთი მონაზონი, რომელსაც სილამაზე ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი, დასნეულდა, საშინლად იტანჯებოდა და ყვირილითა და სულთქმით იმეორებდა: „მოვკვდები, თუ მონაზონი ბასილი არ მოვა და თავისი ხელოვნებით ჯანმრთელობას არ დამიბრუნებს“. წინამძღვრის არყოფნის დროს ვერც ერთი მონაზონი დედათა მონასტერში შესვლას ვერ ბედავდა, მით უმეტეს ბასილი, რომელიც ძმობაში ახალი მიღებული იყო და არავინ იცნობდა. ეკვიცისთან მაცნე გაგზავნეს და შეატყობინეს, ესა და ეს მონაზონი ითხოვს, რომ ბასილმა მოინახულოს. ამის გაგონებაზე წმიდა მამამ მწარე ღიმილით თქვა: „არ ვამბობდი, რომ ეს ადამიანი კი არა, დემონია? დაბრუნდით და ის მონასტრიდან გააძევეთ, ხოლო სნეული დის გამო ნუ იღელვებთ; მისი ავადმყოფობა გაივლის და ის ბასილს აღარ მოუხმობს“. გაგზავნილები დაბრუნდნენ და შეიტყვეს, რომ სნეული სწორედ იმ დროს გამოკეთდა, როდესაც ისინი ღმრთის სათნო ეკვიცის მონასტრისგან მოშორებით ესაუბრებოდნენ. ამგვარად, მართალმა სასწაული თავისი მოძღვრისა და უფლის – იესო ქრისტეს მსგავსად აღასრულა; როდესაც უფალი მეფის მოხელემ ძის განსაკურნებლად მოიხმო (იოან. 4, 46), მან ერთი სიტყვით მიანიჭა მას კურნება და სახლში დაბრუნებულმა მამამ შეიტყო, რომ მისი ძე სწორედ იმ დროს განიკურნა, როდესაც ამის შესახებ თავად ჭეშმარიტების ბაგეთაგან გაიგო. მონაზვნებმა წინამძღვრის ბრძანება აღასრულეს და ცრუ მონაზონი ბასილი მონასტრიდან გააძევეს. ამის შემდეგ მან აღიარა, რომ თავისი გრძნეულებით წმიდა ეკვიცის სენაკი ჰაერში აჰქონდა, მაგრამ ვერაფერი ავნო. მალე ეს გრძნეული ხალხის მოშურნეობით რომში კოცონზე დაწვეს.


ერთხელ ერთი მხევალი ღმრთისა იმავე დედათა სავანიდან მონასტრის ბოსტანში შევიდა. ბოსტნეული რომ დაინახა, ხარბად დაიწყო ჭამა, პირჯვრის გამოსახვა კი დაავიწყდა. მას უეცრად არაწმიდა სული ეკვეთა და მიწაზე დასცა. როდესაც ის ამ მდგომარეობაში იხილეს, მამა ეკვიცის სთხოვეს, ლოცვით განეკურნა სნეული. როგორც კი ეკვიცი ბოსტანში შევიდა, არაწმიდა სული დაცემული მხევლის პირით აყვირდა, თითქოს შეწყალებას ითხოვდა: „განა რა ჩავიდინე, განა რა ჩავიდინე? ბოსტნეულში ვიყავ, ამან კი მათთან ერთად თავის წიაღში მიმიღო“. ღმრთის კაცმა არაწმიდა სულს რისხვით უბრძანა, დაეტოვებინა მონაზონი და ყოვლისშემძლე ღმერთის მხევალთან აღარასოდეს დაბრუნებულიყო. ბოროტი სული მყისვე განშორდა მას და ამის შემდეგ მასთან მიახლოებას ვეღარ ბედავდა.


ნურსიის ოლქის წარჩინებულმა დიდებულმა ფელიქსმა, კასტორის მამამ, რომელიც ამჟამად რომში ცხოვრობს, შეიტყო, რომ ღმრთისმოშიშ ეკვიცის სამღვდელო ხარისხი არ ჰქონდა, ამავე დროს მოშურნედ ასწავლიდა სხვებს სიტყვით და ერთხელ მეგობრულად დაეკითხა: „მამაო, როგორ კადნიერდები, რომ ქადაგებ, როდესაც არც სამღვდელო ხარისხი გაქვს და არც რომის მღვდელმთავრის ნებართვა, რომლის დაქვემდებარებაშიც ხარ?“ წმიდა მოსაგრემ უპასუხა: „ამის შესახებ მეც მიფიქრია, მაგრამ ერთხელ ძილში მშვენიერი ჭაბუკი წარმომიდგა, ენაზე ის იარაღი შემახო, რომელსაც ექიმები სისხლის გამოსაშვებად იყენებენ, თან მითხრა: „აჰა, ჩემს სიტყვას დავდებ შენს ბაგეზე, წადი და იქადაგე“. მას შემდეგ, რომც მოვისურვო, ვერ დავდუმდები, რადგან ღმერთის ძალა აღმძრავს“.


პეტრე: მამაო, მსურს ვიცოდე, როგორ მოღვაწეობდა ეს წმიდა კაცი, რომელსაც, როგორც ცნობილია, ღმერთისგან ასეთი ნიჭები მიემადლა.


გრიგოლი: ღვაწლი, საყვარელო პეტრე, მადლისმიერ ნიჭზეა დამოკიდებული და არა – მადლი ღვაწლზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მადლი არ იქნება მადლი. ყოველ ღვაწლს წინ უძღვის მადლისმიერი ნიჭი, თუმცა შემდგომ მადლისმიერი ნიჭები იმდენად მრავლდება, რამდენადაც იზრდება ღვაწლი. თუ გსურს უტყუარი ცნობები შეიტყო ამ ღმრთის სათნო კაცის შესახებ, მიმართე რეათინის ეკლესიის ეპისკოპოსს, ალბინს – ის კარგად იცნობდა წმიდა ეკვიცის. მაგრამ, რად ეძიებ მის უმეტეს ღვაწლს, როდესაც იცი, რომ ეს კაცი უბიწო ცხოვრებას იცავდა და იმავდროულად მოშურნედ ასწავლიდა სხვებს. იგი უდიდესი მოშურნეობით ანთებული იღვწოდა, რამდენიმე მონასტერს ხელმძღვანელობდა და ამავე დროს მიმოდიოდა ყველგან: ტაძრებში, ქალაქებში, სოფლებში, ქრისტიანთა სახლებშიც კი და მსმენელთა გულებში ზეციური მამულისადმი სიყვარულს აღვივებდა. წმიდა მამას სრულიად უბადრუკი სამოსი ეცვა და გარეგნობაც იმდენად თავმდაბლური ჰქონდა, უცნობი ადამიანი რომ შეხვედროდა და იმისთვის თაყვანი ეცა, ის ღირსად არ ჩათვლიდა, სალმითვე ეპასუხა. ზოგან ცხენით მიემგზავრებოდა, რისთვისაც მონასტრის ცხენებს შორის ყველაზე უარესს ირჩევდა და ლაგამის ნაცვლად ყოველთვის ავშარას იყენებდა, უნაგირის ნაცვლად კი – ცხვრის ტყავს. ტყავის აბგით თან ყოველთვის წმიდა წერილის წიგნები მიჰქონდა, რათა განაღებდა რა ღმრთის სიტყვის წყაროს, სულიერ სამკალზე ეწვიმებინა. ხმა მისი ქადაგებების შესახებ რომს მისწვდა. ზოგიერთი მლიქვნელი მოხელე რომის საეპისკოპოსოს სამღვდელო დასიდან (რომლებიც, როგორც წესი, ჯერ ენით მოინადირებენ, შემდეგ კი წარწყმედენ მსმენელის სულს) მყისვე ეახლა მღვდელმთავარს საჩივრით: „წმიდა მამაო, რომელიღაც უსწავლელმა კაცმა ქადაგების უფლება მიითვისა, უმეცარმა მიიტაცა მოვალეობა, რომელიც შენს უწმიდესობას ეკუთვნის. ხომ არ ინებებ მის მოყვანას, რათა შეაგონო საეკლესიო განწესება?“ ჩვეულებრივ, ვინც მოშურნედ აღასრულებს თავის მოვალეობას, ის ადვილად ემონება მლიქვნელობას, თუკი მას გულის კარიდან თავიდანვე არ განიშორებს. რომის ეპისკოპოსი სამღვდელო კრებულის შეგონებას დაჰყვა და დათანხმდა, ჩამოეყვანათ რომში წმიდა ეკვიცი, რათა მისთვის თავისი მოვალეობანი აეხსნათ. თუმცა პაპს არ სურდა, რომ ამ ბრძანებას ღმრთის სათნო მოღვაწე რაიმეთი გაენაწყენებინა და თავის მოციქულს, დეფენსორ იულიანეს (შემდგომში საბინის ეკლესიის ეპისკოპოსი) დაავალა, წმიდა ეკვიცი რომში სრული ღირსების დაცვით ჩამოეყვანა. სამღვდელო დასის მიერ წაქეზებული იულიანე, ბრძანება სწრაფად რომ აღესრულებინა, წმიდა ეკვიცის მონასტერში აჩქარებით წავიდა. იქ რამდენიმე მონაზონი დახვდა, რომლებიც წიგნების გადაწერით იყვნენ დაკავებულნი და მათ დაეკითხა: „სად არის თქვენი წინამძღვარი?“ „აქვეა, მონასტრის მინდორში ბალახს თიბავს“, – უპასუხეს მონაზვნებმა. იულიანეს თან მსახური ახლდა, რომელიც იმდენად ამპარტავანი და თავხედი იყო, რომ მისი მომწყემსვა თვითონაც უჭირდა. იულიანემ ის გაგზავნა, რომ სწრაფად მოეხმო წინამძღვარი. მსახური ცქვიტად გაემართა, სწრაფად მიუახლოვდა მინდორს და მთიბავებს უტიფრად გასძახა: „სად არის ეკვიცი?“ მას მიუთითეს. როდესაც ჯერ კიდევ შორს მყოფ წინამძღვარს მოჰკრა თვალი, მსახური უჩვეულო შიშმა შეიპყრო: ათრთოლებულმა და აკანკალებულმა გზა ძლივს განაგრძო, ღმრთის კაცს ძრწოლით მიეახლა, დავარდა მის წინაშე, მუხლზე მდაბლად ემთხვია და თავისი ბატონის მოსვლა ამცნო. მისალმების შემდეგ ღმრთის სათნო კაცმა უთხრა: „აჰა, აიღე თივა და თქვენს ცხენებს წაუღე; მე საქმეს დავასრულებ და მალე გეახლებით“. ამასობაში პაპის ელჩს, დეფენსორ იულიანეს, ძალიან უკვირდა, მისი მსახური რომ იგვიანებდა. როდესაც დაინახა, რომ ის მინდვრიდან თივის ზვინით ბრუნდებოდა, განრისხებულმა დაუყვირა: „ეს რას ნიშნავს? მე შენ წინამძღვრის მოსაყვანად გაგგზავნე და არა თივის მოსატანად“. – „ის ახლავე მოვა“, – უპასუხა მსახურმა. ამ დროს ღმრთის კაცი, შემოსილი და მხრებზე თივის კონით, მონასტერში დაბრუნდა. როდესაც ჯერ კიდევ შორს იყო, მსახურმა მიუთითა ბატონს, რომ სწორედ ის იყო, ვის წასაყვანადაც აქ მოვიდნენ. იულიანემ დაინახა თუ არა ეკვიცი, მისი მდაბალი გარეგნობის მხილველმა, მასთან მკაცრად და მბრძანებლურად დააპირა საუბარი, მაგრამ როდესაც ღმრთის სათნო კაცი მიუახლოვდა, იულიანეს გულს უჩვეულო შიში დაეუფლა, სხეული აუკანკალდა და ძლივს გადასცა წმინდანს თავისი ჩამოსვლის მიზეზი, მდაბლად დავარდა მის ფერხთით, მისგან ლოცვა გამოითხოვა და ამცნო, რომ უწმიდეს პაპს მისი ნახვა სურს. წმიდა ეკვიციმ ყოვლისშემძლე ღმერთს მთელი გულით შესწირა მადლობა იმისთვის, რომ უმაღლეს იერარქს მისი მოწოდება ჩააგონა. მან რამდენიმე ძმას უბრძანა, ცხენები სამგზავროდ გაემზადებინათ და დაჟინებით მოითხოვა, დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყვნენ. „ეს შეუძლებელია, წმიდა მამაო, – უთხრა იულიანემ, – შორეული მგზავრობით დავიქანცეთ და დღესვე გამგზავრება არ შეგვიძლია“. „ვწუხვარ, შვილო ჩემო, – უპასუხა წმიდა ეკვიციმ, – თუკი დღესვე არ გავემგზავრებით, ხვალ მით უმეტეს ვერ წავალთ“. ამგვარად, ელჩის დაღლილობის გამო ღმრთის სათნო მოსაგრე იმ ღამით მონასტერში დარჩა. მეორე დღეს, გათენებისთანავე, იულიანესთან სხვა, ახალგაზრდა მოციქული მოვიდა, რომლის ცხენი სიჩქარისგან სულს ღაფავდა. მან იულიანეს პაპის წერილი გადასცა, რომელშიც ის უბრძანებდა, ღმრთის სათნო მოსაგრე მონასტრიდან გამგზავრებით არ შეეწუხებინა. როდესაც იულიანე დაინტერესდა, რამ აიძულა პაპი შეეცვალა ბრძანება, შიკრიკმა მიუგო: სწორედ იმ ღამით, როდესაც იულიანე მონასტერში გამოემგზავრა, პაპს საზარელ ჩვენებაში საყვედურით უთხრეს – როგორ გაკადნიერდა, მონასტრიდან მოეხმო ღმრთის სათნო კაცი. იულიანე მაშინვე წმიდა ეკვიცისთან წავიდა, თავი მის ლოცვას შეჰვედრა და აცნობა, რომ პაპმა ბრძანა არ შეეწუხებინათ ის მონასტრიდან გამგზავრებით. ამის გაგონებაზე ეკვიცი დამწუხრდა და თქვა: „გუშინ ხომ გითხარი, თუ ახლავე არ გავემგზავრებით, შემდეგ საერთოდ ვეღარ წავალთ-მეთქი“. შემდეგ მოისურვა ახალგაზრდა შიკრიკის მიმართ სიყვარული გამოეხატა, თავის სენაკში წაიყვანა და გაწეული შრომისთვის გვარიანად დააჯილდოვა, თუმცა ყრმა უარზე იყო და ფულის აღება არ სურდა. გულისხმაყავ, საყვარელო პეტრე, უფალი როგორ იფარავს იმათ, ვინც ამ ცხოვრებაში თავს იმდაბლებენ, და ზეცის მოქალაქეთა შორის როგორ აღირაცხებიან ისინი, ვინც ადამიანთაგან უგულებელყოფას არ თაკილობენ; პირიქით, ღმერთის თვალში უგულებელყოფილნი არიან ისინი, ვინც ამაო დიდებას ეძიებენ მოყვასისა და საკუთარი თავის წინაშე. ამიტომ ბრძანებს თავად ჭეშმარიტება: „თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თვისთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“ (ლუკ. 16, 15).


პეტრე: გაკვირვებული ვარ, ასეთ დიდ ადამიანს პაპის წინაშე როგორ დასწამეს ცილი?


გრიგოლი: რა არის საკვირველი, პეტრე? ჩვენ, ყველანი, როგორც ადამიანები, განა ცოდვებს არ ვემონებით? ნუთუ არ იცი, რომ დავითმა, წინასწარმეტყველების სულით აღვსილმა კაცმა, იონათანის ძე მონის ცილისწამების შედეგად დასაჯა? (2 მეფ. 16, 3-4). ჩვენ გვწამს, რომ მეფე დავითის განკარგულება, ჩვენთვის მიუწვდომელი საღმრთო განგებულებით, სამართლიანი იყო, მაგრამ ამავე დროს არ ვიცით, ადამიანური გაგებით როგორ შევუთავსოთ ეს ქმედება სამართლიანობას. განა საკვირველია ამის შემდეგ, რომ ჩვენ, ვინც წინასწარმეტყველნი არა ვართ, ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ ცილისმწამებელთა ენას, ცოდვაში ჩაგვაგდოს? მით უმეტეს არ არის საკვირველი, თუკი ამგვარი ბრძოლა რომელიმე უმაღლეს იერარქს შეემთხვევა, რომელსაც უამრავი საზრუნავი აქვს. როდესაც ყურადღება მრავალ საგანზე იფანტება, ის ერთ-ერთ მათგანზე ნაკლებად ჩერდება და რაც უფრო მრავალ საგანს სწვდება ჩვენი გონება, ერთ-ერთი მათგანით მით უფრო ადვილად ტყუვდება.


პეტრე: მამაო, სრულიად მართებულია შენი სიტყვები.


გრიგოლი: არ შემიძლია არ გადმოგცე, თუ რა შევიტყვე ამ წინამძღვრის შესახებ ღირსი ვალენტინისგან. მისი თქმით, წმიდა ეკვიცის სხეული დაკრძალეს წმიდა მოწამე ლავრენტის ტაძარში. ერთხელ მის საფლავზე ერთმა გლეხმა ჭურჭლით პური დადო. მან არ იცოდა, ვინ განისვენებდა იქ, არც გამოუკითხავს და მისთვის არც თაყვანი უცია. უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა, ტაძარში ყველაფერი უცვლელად იყო თავის ადგილზე, მხოლოდ საფლავზე მოთავსებული ჭურჭელი გადატყორცნა შორს. ამდენად, ყველასთვის ცხადი გახდა, რა დიდი წმინდანი განისვენებდა იმ ადგილზე.


აგრეთვე მოგახსენებ იმას, რაც გადმომცა ადრე ხსენებულმა ფორტუნატემ, რომელსაც დიდ პატივს ვცემ როგორც ასაკის, ასევე – სულიერი ღვაწლისა და უბრალოების გამო. ვალერიის ოლქს თავს დაესხნენ ლონგობარდები (ერთ-ერთი გოთური ტომი); მაშინ წმიდა ეკვიცის მონასტრის მონაზვნებმა ხსენებულ მონასტერს შეაფარეს თავი. როდესაც გაშმაგებული ლონგობარდები ტაძარში შეიჭრნენ და მონაზვნები გარეთ გარეკეს, რათა ეწამებინათ და ამოეხოცათ, ერთ-ერთმა ძმამ სულთქმითა და მწუხარებით შესძახა: „ჰოი, წმიდაო ეკვიცი! ნუთუ ინებებ და მტარვალთა ხელში დაგვტოვებ?“ ამ ლოცვის შემდეგ გაცოფებულ ლონგობარდებს არაწმიდა სული ეკვეთა, მიწაზე დასცა და იქამდე აწამებდა, ვიდრე ამის შესახებ ტაძრის გარეთ მყოფი ლონგობარდები შეიტყობდნენ. ამის შემდეგ არც ერთი მათგანი აღარ გაკადნიერებულა ასეთი სიშმაგით დასხმოდა თავს წმიდა ადგილს. ამგვარად დაიცვა წმიდა ეკვიციმ თავისი მოწაფეები და ამის შემდეგაც მრავალთ შეეწეოდა, ვინც მის საფლავს ლოცვა-ვედრებით მიეახლებოდა.



თავი მეხუთე

კონსტანტინე, წმიდა სტეფანეს ტაძრის მნათე


გრიგოლი: ახლა იმას გიამბობ, რაც ერთ ნაცნობ ეპისკოპოსთან საუბრისას შევიტყვე. ის მრავალი წლის მანძილზე მონაზონი იყო ქალაქ ანკონში და ღმრთისმოშიშებით ცხოვრობდა. მის ნაამბობს იმავე ქალაქის სხვა, ხნიერი მოქალაქეებიც ადასტურებენ. ქალაქ ანკონის სიახლოვეს წმიდა მოწამე სტეფანეს ტაძარი მდებარეობდა, სადაც მნათის მოვალეობას პატივსაცემი კაცი, კონსტანტინე ასრულებდა. მისი უბიწო ცხოვრების შესახებ ხმა შორს გავრცელდა, რადგან ამ ადამიანმა ყოველივე ამქვეყნიური სრულიად მოიძულა და სულით მხოლოდ ზეციურს ესწრაფოდა. ერთხელ ტაძარში ზეთი შემოაკლდათ და ღმრთის მონა კონსტანტინეს აღარაფერი ჰქონდა, რომ კანდელები აენთო. მან სრულიად უშფოთველად, კანდელებში წყალი ჩაასხა და პატრუქიც ჩაუშვა. როდესაც პატრუქს ცეცხლი მოუკიდა, წყალი ისე იწვოდა, თითქოს კანდელებში ზეთი ესხა. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, თუ რა დიდი მოსაგრე იყო კონსტანტინე, რომელსაც გაჭირვებისას სტიქიათა თვისებების შეცვლა შეეძლო.


პეტრე: ჭეშმარიტად, საკვირველია შენი მონათხრობი, მამაო, მაგრამ მსურს ვიცოდე, ეს ადამიანი, ასეთ უჩვეულო გარეგან საქმეებს რომ აღასრულებდა, შინაგანი თავმდაბლობის რომელ საფეხურზე იდგა?


გრიგოლი: კარგია, რომ სასწაულმოქმედებაში ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოძიებას ცდილობ, რადგან გარეგანი სასწაულმოქმედება სულს ძლიერ განსაცდელში აგდებს. მაგრამ როგორი სიმდაბლით იყო მოსილი წმიდა კონსტანტინე, მაშინვე მიხვდები, როგორც კი მისი ერთ-ერთი საქმის შესახებ გიამბობ.


პეტრე: ასეთი დიდი სასწაულის შემდეგ ისღა დაგრჩენია, მისი სულიერი სიმდაბლის შესახებ მიამბო.


გრიგოლი: როდესაც კონსტანტინეს სიწმიდის ამბავი შორს გავრცელდა, უამრავმა ხალხმა იწყო მოსვლა დაუოკებელი სურვილით, რომ ენახათ იგი. ერთხელ შორეული ქვეყნიდან მის სანახავად ერთი გლეხი ჩამოვიდა. იმ დროს წმიდა კონსტანტინე ხის სკამზე იდგა და კანდელებს ასწორებდა. ის ტანდაბალი, გამხდარი და შეუხედავი იყო. მის სანახავად ჩამოსული კაცი ყველას ეკითხებოდა, სად შეიძლებოდა წმინდანის ნახვა და სთხოვდა ეჩვენებინათ იგი. ვინც წმინდანს იცნობდა, მისი წადილი აღასრულეს. უმეცარი ადამიანები ხშირად სულიერ სათნოებებზე გარეგნული სახით მსჯელობენ. ამ კაცმაც, როდესაც ტანდაბალი და შეუხედავი ადამიანი დაინახა, გაიფიქრა, რომ ეს წმინდანი არ იქნებოდა. მას მოეჩვენა, რომ რაც გაეგო წმინდანის შესახებ, თვალით ნანახს არ შეესაბამებოდა. შეუძლებელია, ფიქრობდა ის, ასე სახელგანთქმული ადამიანი ასეთი შეუხედავი იყოს. როდესაც მრავალმა დაუდასტურა, რომ ის სწორედ სახელგანთქმული წმინდანი იყო, მან უპატივცემულოდ და დაცინვით თქვა: „ვფიქრობდი ღირსეულ კაცს ვნახავდი, ეს კი ადამიანსაც არ ჰგავს“. გაიგო თუ არა ეს სიტყვები კონსტანტინემ, მაშინვე მიატოვა საქმე, გლეხს გახარებული მიეჭრა, გულში ჩაიკრა, უჩვეულო სიყვარულით ეამბორა და მთელი გულით მადლობდა, რომ ამგვარად მოიხსენია იგი: „შენ ერთადერთმა თქვი ჩემ შესახებ სიმართლე“, – ამბობდა წმინდანი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა დიდი იყო წმინდანის სიმდაბლე, მის შესახებ უხეირო ნათქვამის მიუხედავად, გლეხის მიმართ ასეთი სიყვარული რომ გამოხატა. ადამიანის სულიერი ხარისხი ყველაზე უკეთ იმით შეიცნობა, თუ როგორ ითმენს სხვებისგან შეურაცხყოფას. რამდენადაც ამპარტავანთ სხვებისგან პატივის მიგება უყვართ, იმდენად თავმდაბალნი მათი დამდაბლებით ხარობენ. ისინი სიმშვიდეს მაშინაც ინარჩუნებენ, როდესაც სხვები შეურაცხყოფენ, რადგან ხედავენ, რომ საკუთარ თავზე მათი შეხედულება სხვათა მიერ დასტურდება.


პეტრე: ვხედავ, რომ ეს წმინდანი დიდი იყო სასწაულმოქმედებით, მაგრამ უფრო დიდი იყო სიმდაბლით.



თავი მეექვსე

ანკონის ეპისკოპოსი მარცელინი


იმავე ქალაქ ანკონში ეპისკოპოსად იყო ვინმე მარცელინი, რომელიც მკაცრად მოღვაწეობდა. მას ფეხები დაუავადდა და სიარული აღარ შეეძლო. ამიტომ, როდესაც სადმე გამგზავრება უხდებოდა, მსახურებს საკაცით მიჰყავდათ. ერთხელ, ვიღაცის დაუდევრობით, ანკონში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა სწრაფად იმძლავრა. ყველა ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, მაგრამ მიუხედავად მათი გულმოდგინე მცდელობისა, ცეცხლი სულ უფრო ძლიერდებოდა და მთელ ქალაქს გადაწვით ემუქრებოდა. როდესაც ცეცხლმა ახლოს მდებარე შენობები მოიცვა, ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა და მის გავრცელებას ვერაფრით ეწინააღმდეგებოდნენ, ამ დროს ეპისკოპოსი გამოიყვანეს. საერთო უბედურებით შეძრულმა მარცელინმა, საკაცის მტვირთველებს უბრძანა საკაცე ცეცხლის წინ დაედგათ. როდესაც მათ ბრძანება შეასრულეს და საკაცე იქ დადგეს, სადაც ცეცხლი განსაკუთრებით მძვინვარებდა, ხანძარმა, ყველას გასაოცრად, იკლო და თითქოს თავადვე ამცნო იქ მყოფთ, რომ ვერ გადალახავს იმ ადგილს, სადაც ეპისკოპოსია. ამგვარად, შეჩერებული ხანძარი თავისით ჩაქრა და სხვა შენობები გადარჩა. გულისხმაყავ, საყვარელო პეტრე, რა სიწმინდით იყო მოსილი ეს უძლური ადამიანი, როდესაც შეძლო ლოცვით ჩაექრო საშინელი ცეცხლი.


პეტრე: ვხვდები და განცვიფრებული ვარ.



თავი მეშვიდე

ნონოზი, სარაქტის მთის მონასტრის ეკონომოსი


გრიგოლი: ახლა გიამბობ რა შევიტყვე ანკონის მეზობლად მდებარე ადგილის შესახებ, შენთვის ცნობილ პირებთან – ღირსეულ ეპისკოპოს მაქსიმინთან და მღვდელ-მონაზონ ლავრიონთან საუბრისას. ისინი ამჟამადაც ცოცხლები არიან. მოხუც ლავრიონს ქალაქ ნემეზის მახლობელ სუპენტონის მონასტერში მზრუნველობას უწევდა ვინმე ანასტასი, რომელიც წმიდა ცხოვრებას ეწეოდა. სუპენტონის მონასტერთან ახლოს, სარაქტის მთაზე, მდებარეობდა სხვა მონასტერი. იქ ერთმა ღირსმა მოსაგრემ, ეკონომოსმა ნონოზმა, ამაღლებული და მკაცრი ცხოვრებით გაითქვა სახელი. ამ მიზეზით და აგრეთვე მონასტერთან სიახლოვის გამო, ანასტასი ნონოზის სანახავად ხშირად მიდიოდა. ნონოზის მონასტრის წინამძღვარს ძალიან ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ნონოზი მის მრისხანებას მუდამ საკვირველი სიმშვიდით ითმენდა. ის სიმშვიდით მთელ საძმოს აღემატებოდა და ხშირად თავისი სიმდაბლით წინამძღვარს ამშვიდებდა. რადგან მონასტერი მთის მწვერვალზე მდებარეობდა, ძმები ბოსტნის გასაშენებლად პატარა ადგილსაც ვერ პოულობდნენ. მთის ფერდზე ერთი ადგილი კი იყო, მაგრამ მას მთიდან გადმოშვერილი კლდე ფარავდა. ერთხელ წმიდა ნონოზმა გაიფიქრა, რომ ბოსტნისთვის ამ ადგილის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ კლდე იმდენად დიდი იყო, რომ ორმოცდაათი წყვილი ხარიც ვერ შეძლებდა მის გადაადგილებას, ადამიანური ძალა ამ საქმისთვის ხომ სრულიად უსუსური იყო. წმინდანმა ღმერთს მოუხმო შეწევნისთვის და ღამის სიწყნარეში ლოცვას მიეცა. დილით იქ მისულმა ძმებმა იხილეს, რომ უზარმაზარი ლოდი იმ ადგილიდან შორს გადავარდნილიყო და მათ ბოსტნისთვის ფართო სივრცე დარჩენოდათ.


ეს წმინდანი სხვა დროს ტაძრის სტოაში მინის კანდელებს ასუფთავებდა. ერთი კანდელი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა. წინამძღვრის შიშით, ნონოზმა ნამსხვრევები მოაგროვა, საკურთხევლის წინ მოათავსა და სულთქმით ილოცა: ლოცვის შემდეგ წამომდგარმა ნახა, რომ კანდელი, რომლის ნამსხვრევებს შიშით აგროვებდა, გამთელებულიყო. ამგვარად, ამ ორი სასწაულის აღსრულებით, ის ორ წმინდანს მიემსგავსა: კლდის მოწყვეტით – წმიდა გრიგოლს, რომელმაც სიტყვით მთა გადააადგილა, ხოლო კანდელის გამთელებით – წმიდა დონატეს, რომელმაც დამსხვრეული ჭურჭელი აღადგინა.


პეტრე: ვხედავ, რომ წინათ აღსრულებული სასწაულები ამჟამადაც მეორდება.


გრიგოლი: თუ გსურს, იმასაც გიამბობ, რა აღასრულა წმიდა ნონოზმა წინასწარმეტყველ ელისეს მიბაძვით.


პეტრე: მოუთმენლად მსურს მოვისმინო.


გრიგოლი: ერთხელ მონასტერში ზეთი შემოაკლდათ. ამ დროს, თუმცა ზეთისხილის მოკრეფის დრო იყო, მონასტრის ბაღში ხეებს არაფერი ესხა. მონასტრის წინამძღვარმა ძმები ახლო მდებარე სოფლებში გაგზავნა, რომ სოფლელებს ზეთისხილის მოკრეფაში დახმარებოდნენ და შრომის საფასურით მონასტრისთვის ცოტაოდენი ზეთი შეეძინათ. ღმრთის კაცი ნონოზი უდიდესი სიმშვიდით წინ აღუდგა ამას, რადგან ეშინოდა, ძმათაგან ვინმეს, მონასტრიდან ზეთის მოსაპოვებლად გასვლის შემდეგ სულიერი ზიანი არ განეცადა. მონასტრის ბაღში ზეთისხილის ხეებს აქა-იქ ესხა ნაყოფი. წმიდა ნონოზმა ბრძანა მოეკრიფათ, გამოეწურათ მათგან ზეთი და მისთვის მიეტანათ. მისი ბრძანება შეასრულეს და ძმებმა გამოწურული ზეთი პატარა ჭურჭლით მიუტანეს წმინდანს. როდესაც ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, წმიდა ნონოზმა ზეთიანი ჭურჭელი საკურთხევლის წინ დადგა და ღმრთის მიმართ ილოცა. როდესაც ძმები დაბრუნდნენ, უბრძანა მონასტრის ყველა ჭურჭელში ცოტ-ცოტა ზეთი ჩაესხათ და ჭურჭლები დაეხურათ. როდესაც გახსნეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ზეთით ავსებულიყო.


პეტრე: ახლა ცხადია, როგორ მოუკლებელად აღესრულება უფლის სიტყვები: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს და მეცა ვიქმ“ (იოან. 5, 17).



თავი მერვე

ანასტასი – სუპენტონის მონასტრის წინამძღვარი


გრიგოლი: იმავე ხანებში ღირსი ანასტასი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ნოტარიუსად მსახურობდა რომის ეკლესიაში, რომელსაც ამჟამად, ღმრთის წყალობით, მე ვემსახურები. მან მოისურვა, ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა, წერილობითი საქმეები მიატოვა და საცხოვრებლად სწორედ ის სუპენტონის მონასტერი აირჩია, რომელიც უკვე ვახსენეთ. ანასტასი, როგორც მზრუნველი მწყემსი, მართავდა მონასტერს და ღვაწლში მრავალი წელი გაატარა. მთის წვერზე უზარმაზარი კლდე იყო გადმოშვებული, მის ქვემოთ კი ფრიალო კალთა ეშვებოდა. როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით უკვე მოახლოვდა დრო, მიწიერ ცხოვრებაში აღსრულებული ღვაწლისათვის ანასტასის მისაგებელი მიეღო, ერთ ღამეს ამ მაღალი კლდიდან ხმა გაისმა, რომელსაც დიდი ხმაური ახლდა: „ანასტასი, მოდი!“ ამის შემდეგ სხვა შვიდი ძმაც სახელდებით იქნა მოხმობილი. შემდეგ ხმა ცოტა ხნით მიჩუმდა, მაგრამ მალე კიდევ ერთ ძმას მოუხმო. ეს მთელ საძმოს ესმოდა და არავის ეეჭვებოდა, რომ იმათ აღსასრულს მოასწავებდა, ვისაც ხმამ მიმართა. მართლაც, რამდენიმე დღეში ჯერ ანასტასი აღესრულა, ხოლო შემდეგ დანარჩენებიც იმ თანამიმდევრობით, როგორც ხმამ მოუწოდა. იმ ძმამ, რომელიც ხმამ მცირეოდენი ხნის შემდეგ მიიხმო, დანარჩენ ძმებზე მეტ ხანს იცოცხლა და შემდეგ აღესრულა. აქედან ცხადია, რომ ხმის დუმილი რამდენიმე დღის სიცოცხლეს ნიშნავდა. ამ დროს ამგვარი სასწაული მოხდა: როდესაც წმიდა ანასტასის აღსასრული უახლოვდებოდა, მასთან ერთი ძმა მივიდა, რომელსაც არ სურდა წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ეცოცხლა, წმინდანის ფერხთით დავარდა და ცრემლით შეევედრა: „ღმერთის სახელს გაფიცებ, რომელთანაც მიიცვლები, არ დაუშვა, რომ შენი გარდაცვალების შემდეგ შვიდ დღეზე მეტ ხანს ვიცოცხლო“. მართლაც, არ გასულა შვიდი დღე ანასტასის გარდაცვალების შემდეგ, რომ ეს ძმაც აღესრულა, თუმცა იგი სხვებთან ერთად იმ ღამით ხმას არ მოუხმია. ცხადია, რომ მხოლოდ წმიდა ანასტასის ლოცვას შეეძლო მიენიჭებინა მისთვის აღსასრული.


პეტრე: მამაო, თუკი ძმა ამქვეყნიდან მხოლოდ წმიდა ანასტასის ლოცვით გავიდა და მას ხმამ არ მოუწოდა, ხომ არ შეიძლება აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დიდ წმინდანებს თავიანთი ლოცვით ზოგჯერ შეუძლიათ მიიღონ ის, რაც არ იყო ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრული?


გრიგოლი: არა, რაც ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრული არ არის, იმას ისინი ვერ მიიღებენ; რასაც თავიანთი ლოცვის პასუხად იღებენ, ის განსაზღვრულია, ანუ ის ლოცვის მეოხებით ისე უნდა აღესრულოს კიდეც. ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ თვით ცათა სასუფევლის დამკვიდრება იმგვარად არის წინასწარ განსაზღვრული, რომ რჩეულნი მას ღვაწლისათვის იღებენ; ისინი ლოცვით მოიპოვებენ ნიჭებს, რომლებიც ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ მათთვის იყო წინასწარგანსაზღვრული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.


პეტრე: გთხოვ, მამაო, სრულად განმიმარტე: ლოცვა როგორ აღასრულებს წინასწარგანსაზღვრულობას?


გრიგოლი: საყვარელო პეტრე, ჩემ მიერ გამოთქმული მოკლედ ამგვარად შემიძლია განგიმარტო. შენ, უეჭველია, იცი, რა უთხრა ოდესღაც ღმერთმა აბრაამს: „ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავად“ (დაბ. 21, 12) და აგრეთვე სხვა ადგილას: „მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ“ (დაბ. 17, 5). მას კიდევ ამგვარი აღთქმა მიეცა: „კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ“ (დაბ. 22, 17). ეს აღთქმანი ცხადად გვიჩვენებს – ყოვლისშემძლე ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ აბრაამის თესლი ისააკს გაემრავლებინა. ამავე დროს, აი რას ვკითხულობთ სხვა ადგილას: „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა ცოლისა თჳსისა რებეკასთჳის, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა“ (დაბ. 25, 21). თუკი წინასწარგანსაზღვრულობით აბრაამის შთამომავლობა ისააკისგან უნდა გამრავლებულიყო, მაშინ მისი ცოლი ბერწი რატომ იყო? სწორედ აქედან ჩანს, რომ წინასწარგანსაზღვრულობა ლოცვით აღესრულება, რადგან იმას, ვისაც აბრაამის შთამომავლობა უნდა გაემრავლებინა, შვილები მხოლოდ ლოცვით მიეცა.


პეტრე: მამაო, შენი სიტყვებით საიდუმლო გამეხსნა და უკვე არავითარი ეჭვი აღარ მაშფოთებს.


გრიგოლი: თუ გსურს, იმ წმიდა მამათა შესახებ გიამბობ, რომლებიც ტუსციაში ცხოვრობდნენ, რათა იცოდე როგორი მოღვაწეები იყვნენ იქ და თავიანთი შემეცნებით როგორ უახლოვდებოდნენ ღმერთს.


პეტრე: გულითადად გთხოვ, მიამბო მათ შესახებ.



თავი მეცხრე

ბონიფაცი, თერენტის ეპისკოპოსი


ქალაქ თერენტში ეპისკოპოსად იყო ვინმე ბონიფაცი, კეთილმოღვაწე კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით საეპისკოპოსო კათედრას ამშვენებდა. მის შესახებ პრესვიტერი გავდენცი მიამბობდა, რომელიც ამჟამადაც ცოცხალია. ის ბონიფაცის ხელმძღვანელობით იზრდებოდა და მის მიერ აღსრულებულ საქმეთა მოწმე იყო, ამიტომაც შეეძლო მასზე უტყუარი ცნობების მოწოდება. თერენტის ეკლესია იმ ხანად უკიდურეს შეჭირვებას განიცდიდა (სიღარიბე კეთილი ადამიანებისთვის, როგორც წესი, სიმდაბლის მცველია): მისი საარსებო სახსარი ერთადერთი ვენახი იყო. ერთხელ ისეთი ძლიერი სეტყვა მოვიდა, რომ მტევნები მთელ ვენახში აქა-იქ შემორჩა. როდესაც ამის შემდეგ ხსენებული ღმრთის მონა, ეპისკოპოსი ბონიფაცი, ვენახში შევიდა, ყოვლადძლიერ ღმერთს მადლობა შესწირა იმისთვის, რომ უკიდურესი გაჭირვების ჟამს მწუხარება მოუვლინა. როდესაც ყურძნის დამწიფების დრო დადგა, ეპისკოპოსმა წესისამებრ ბრძანა მცველი დამდგარიყო ვენახში და დაავალა, რაც შეიძლება ფხიზლად ედარაჯა. შემდეგ თავის შვილიშვილს, პრესვიტერ კონსტანტინეს უბრძანა ყველაფერი მოემზადებინა, რაც ღვინისთვის იყო საჭირო, უპირველეს ყოვლისა კი, საეპისკოპოსოში მოემზადებინათ ჭურჭელი და კასრები, რომლებიც წინასწარ გაფისეს. ამგვარმა ბრძანებამ პრესვიტერი შვილიშვილი გააოცა, მას უცნაურად ეჩვენა: რისთვის ბრძანა ეპისკოპოსმა ღვინის ჭურჭლის მომზადება, როდესაც ღვინო (ყურძნის სიმცირის გამო) თითქმის არ უნდა დაწურულიყო? მაგრამ არ გამოუკითხავს, რის გამო გაიცა ამგვარი ბრძანება და ყველაფერი შეასრულა. ამის შემდეგ ღმრთის სათნო ბონიფაცი ვენახში წავიდა, დარჩენილი ყურძნის მტევნები დაკრიფა, საწნახელში ჩააწყო და ყველას უბრძანა წასულიყვნენ, მხოლოდ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად დარჩა და უბრძანა მას ჩასულიყო საწნახელში და მტევნები დაეჭყლიტა. ყურძენი საკმაოდ ცოტა იყო. როდესაც მცირეოდენი წვენი გამოიწურა, ღმრთის კაცმა საკუთარი ხელით პატარა ჭურჭელში ჩაასხა და ლოცვა-კურთხევით ყველა მომზადებულ კასრსა და ჭურჭელში გაანაწილა, ისე, რომ ზოგიერთ მათგანში თითქმის არაფერი ესხა. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა პრესვიტერს უბრძანა გლახაკები მოეხმო. როგორც კი ეს ბრძანება აღსრულდა, საწნახელში იმდენი ღვინო აღმოჩნდა, რომ უპოვართა ყველა ჭურჭელი გაივსო. როდესაც მათი მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, წმინდანმა ყრმას უბრძანა საწნახელიდან ამოსულიყო; ამის შემდეგ მარანი დაკეტა, თავისი ბეჭდით დაბეჭდა და სახლში დაბრუნდა. მესამე დღეს პრესვიტერ კონსტანტინეს უხმო, ლოცვა აღავლინა და მარანი გახსნა. აღმოჩნდა, რომ ყველა ჭურჭელი, რომელშიც ეპისკოპოსმა რამდენიმე წვეთი ყურძნის წვენი ჩაასხა, ღვინით პირამდე ავსებულიყო და ცოტაც რომ დაეგვიანა, მარნის იატაკი ღვინით დაიფარებოდა. მაშინ მან პრესვიტერი მკაცრად გააფრთხილა, ბონიფაცის სიცოცხლეში ამ სასწაულის შესახებ არავისთვის ეთქვა. წმინდანს ეშინოდა, აღსრულებული სასწაულის გამო ადამიანთა მიერ არ განდიდებულიყო, რაც სულისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. ამგვარად, იგი მოძღვარს ბაძავდა, რომელიც საკუთარი მაგალითით სიმდაბლეს გვასწავლიდა, როდესაც მოწაფეებს ამცნო მისი სასწაულების შესახებ არავისთვის ეთქვათ, ვიდრე „ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“ (მათ. 17, 9).


პეტრე: რამდენადაც შესაფერისი შემთხვევა მომეცა, მსურს დაგეკითხო, მამაო, რატომ აუკრძალა ჩვენმა მხსნელმა ორ ბრმას, რომელთაც თვალი აუხილა, გაენდოთ ვინმესთვის ეს სასწაული, მათ კი მთელ ქვეყანას ამცნეს (მათ. 9, 27-31)? ნუთუ მხოლოდშობილმა ძემ, მამისა და სული წმიდის თანასამარადისომ, ის განიზრახა, რაც არ აღსრულდებოდა, ანუ არ ესაუბრათ სასწაულის შესახებ, რომლის დაფარვაც შეუძლებელი იყო?


გრიგოლი: ყოველივეს, რასაც ჩვენი მხსნელი მოკვდავ სხეულში მყოფი აღასრულებდა, იმისთვის აღასრულებდა, რომ ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი მოეცა, რათა ჩვენ, ძალისაებრ გავყოლოდით მის ნაკვალევს და წაბორძიკების გარეშე გაგვევლო ამქვეყნიური ცხოვრების გზა. მან სასწაული აღასრულა და მისი გახმაურება აუკრძალა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ამით სურდა ეჩვენებინა, რომ თუკი ღმრთის რჩეულთ სურთ მიბაძონ მის მაგალითს და სწავლებას, როდესაც დიდ სასწაულს აღასრულებენ, გულის სიღრმეში უნდა ისურვონ, რომ ეს საქმე დაფარული დარჩეს, თუნდაც, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ეს საქმე სხვათა სასარგებლოდ გაცხადდეს. რადგან, როგორც სურვილი, რომ უდიდესი საქმეები დარჩეს დაფარულად, ნიშანია უდიდესი სიმდაბლისა, ასევე მათი გახმაურებით სარგებელს ჰპოვებენ სხვები. ამიტომ ღმერთს ენება არა ის, რომ შეუძლებელი რამ აღსრულებულიყო, არამედ მხოლოდ ჩვენი სწავლებისთვის სურდა საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა, რა უნდა სურდეთ მისი (საიდუმლო) სხეულის ასოებს და რა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ სურვილს.


პეტრე: სრულიად გულსავსე ვარ, მამაო, შენი განმარტებით.


გრიგოლი: რამდენადაც წმიდა ბონიფაცის შესახებ დავიწყეთ საუბარი, მის მიერ აღსრულებული კიდევ რამდენიმე სასწაული მსურს გადმოგცე. ერთხელ მოწამე პროკულეს ხსენების დღე ახლოვდებოდა. მაშინ თერენტში ერთი სახელგანთქმული კაცი, სახელად ფორტუნატე, ცხოვრობდა. ის მომეტებულად ევედრებოდა ღირს ბონიფაცის, რომ სადღესასწაულო ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ, ნეტარი მოწამის პატივად, სახლში სწვეოდა და დაელოცა. ღმრთის სათნო მამამ ფორტუნატეს გულითად თხოვნაზე უარი ვერ უთხრა. ამიტომ სადღესასწაულო ღმრთისმსახურების დასრულების შემდგომ ეწვია კიდეც სახლში ტრაპეზის დროს. მაგრამ ვიდრე ტრაპეზის წინ ლოცვას დაასრულებდა, სახლის კართან ერთი კაცი გამოჩნდა მუსიკალური ინსტრუმენტებით და წინწილა აახმიანა (ზოგიერთებს აქვთ ამგვარი ჩვეულება, საჭმელი მუსიკის თანხლებით მიიღონ). წმინდანი უკმაყოფილოდ უსმენდა მუსიკის ჰანგებს და თქვა: „ჰოი, კვდება, კვდება ეს უბედური! მოვედი ამ სასიამოვნო ტრაპეზზე და უფლის დიდება ვერ მოვასწარი, რომ მან უკვე დაუკრა თავისი სიმღერა“. შემდეგ დაუმატა: „წადით, სიყვარულით შესთავაზეთ საჭმელ-სასმელი, მაგრამ იცოდეთ, რომ ის მკვდარია“. მართლაც, როდესაც ამ საცოდავ კაცს გაუტანეს პური და ღვინო და ის უკან გაბრუნდა, სახლის სახურავიდან უზარმაზარი ქვა გადმოვარდა და თავზე დაეცა. ის ცოცხალ-მკვდარი აიყვანეს და მეორე დღეს, წმინდანის წინასწარმეტყველების თანახმად, გამოეთხოვა სიცოცხლეს. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, როგორი კეთილკრძალული შიში გვმართებს წმინდანთა მიმართ, რომელთა სულებშიც ცხადად მკვიდრობს ღმერთი! და როდესაც რისხვით აღივსება წმინდანი, ვისია ეს რისხვა, თუ არა იმისი, ვინც უხილავად მკვიდრობს წმინდანის სულში? ამიტომ მით უფრო უნდა გვეშინოდეს, რომ მართალი კაცი არ განვარისხოთ, რამდენადაც უეჭველია, რომ მის გულში მარად მკვიდრობს ის, რომელსაც თვისი ნებისაებრ ყოველთვის ძალუძს შურისგება.


ერთხელ ხსენებულმა პრესვიტერმა კონსტანტინემ, წმიდა ბონიფაცის შვილიშვილმა, თავისი ცხენი თორმეტ დრაჰკანად გაყიდა, ფული ზანდუკში ჩადო და საქმის გამო სადღაც გაემგზავრა. სწორედ ამ დროს ეპისკოპოსს სახლში გლახაკებმა მოაკითხეს და ევედრებოდნენ მათ უპოვარებას შეწეოდა, მაგრამ ღმრთის კაცს არაფერი ჰქონდა მათთვის რომ მიეცა და შეწუხდა, უპოვრებს ხელცარიელს რომ უშვებდა. უცებ გაახსენდა, რომ მისმა შვილიშვილმა ცხენი გაყიდა და ფული ზანდუკში ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში არ იყო, მოძებნა ზანდუკი, წმიდა განზრახვის აღსრულების მიზნით გატეხა საკეტი, ამოიღო თორმეტი დრაჰკანი და თავისი შეხედულებისამებრ გაუყო უპოვართ. როდესაც კონსტანტინე დაბრუნდა, ნახა, რომ ზანდუკი გატეხილი იყო და შიგ ფული აღარ იდო. ძლიერ განრისხებულმა ხმამაღლა იყვირა: „აქ ყველა თავის ნებაზე ცხოვრობს, მარტო მე არა მაქვს ჩემს ნებაზე ცხოვრების უფლება!“ ამის გაგონებაზე ეპისკოპოსი და საეპისკოპოსოს მცხოვრებნი გამოვიდნენ. წმინდანმა პრესვიტერის დამშვიდება სცადა, ის კი ყვირილს განაგრძობდა: „ყველა მშვიდად ცხოვრობს შენს მონასტერში, მარტო მე არ მაძლევ მოსვენებას! დამიბრუნე ფული!“ დამწუხრებული ეპისკოპოსი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძარში შევიდა, შეიმოსა სამღვდელო შესამოსელი, ხელები ზეცად აღაპყრო და ყოვლადწმიდას მიმართ ლოცვა დაიწყო, რომ ის შეწეოდა პრესვიტერის უგუნური მრისხანების დაცხრომაში. ლოცვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა შესამოსლის უბეში თორმეტი დრაჰკანი აღმოაჩინა, რომლებიც ისე ბრწყინავდნენ, თითქოს ახალი მოჭრილი იყო. ის მაშინვე განრისხებულ პრესვიტერთან დაბრუნდა და დაუბრუნა ფული სიტყვებით: „აჰა, შენი ფული, მაგრამ იცოდე, სიძუნწის გამო ჩემი სიკვდილის შემდეგ ეპისკოპოსი ვერ გახდები!“ წმინდანის სიტყვებიდან ჩანს, რომ პრესვიტერი ამ ფულს ეპისკოპოსობის სურვილის გამო აგროვებდა. წმინდანის წინასწარმეტყველება ახდა: კონსტანტინე პრესვიტერის ხარისხში აღესრულა.


ერთხელ წმიდა ბონიფაცის მონასტერში ორი გუთი შემოვიდა, ისინი რავენაში მიიჩქაროდნენ. წმინდანმა მათ პატარა ჭურჭელში ღვინო ჩაუსხა, რათა გზაში ენუგეშათ. ამ პატარა ჭურჭელში გუთებს ღვინო თვით რავენამდე არ გამოლევიათ. მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს იქ, ღვინოს ყოველდღე სვამდნენ და ის არ იკლებდა. ბოლოს იმავე გზით დაბრუნდნენ თერენტში წმინდანთან, ღვინოს ყოველდღიურად სვამდნენ, მაგრამ ჭურჭელს სასმელი არ აკლდებოდა: ღვინო კი არ იმატებდა, არამედ არ აკლდებოდა.


ახლახან იმ მხარიდან ერთი მოხუცი კლერიკოსი (სამღვდელო დასის წევრი) მეწვია. არ შემიძლია არ გადმოგცე მისი მონათხრობი წმიდა ბონიფაცის შესახებ. ერთხელ წმინდანმა მონასტრის ბაღში ნახა, რომ მცენარეებს ჭია შესეოდა, განსაკუთრებით ბოსტნეული იყო განადგურებული. მაშინ მან მიმართა ჭიაღუას: „სახელითა იესო ქრისტესითა, გიბრძანებ, დატოვო ბოსტნეული და აღარ გაანადგურო“. ჭიაღუა მყისვე სადღაც უკვალოდ გაქრა. ეს სასწაულები წმიდა ბონიფაციმ ეპისკოპოსის ხარისხში მყოფმა აღასრულა, როდესაც ხარისხის მადლთან ერთად ზნეობრივადაც წარემატებოდა ღმერთის წინაშე, რაც არ არის იმდენად გასაკვირი, რამდენადაც ის სასწაულები, რომელთაც, როგორც ის მოხუცი კლერიკოსი მოგვითხრობდა, სიყრმეში აღასრულებდა. იმ დროს, როდესაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხშირად სახლში დაბრუნებულს სამოსი არ ეცვა, რადგან სხვადასხვა სახლში სტუმრობისას, თუკი შიშველ გლახას ნახავდა, იხდიდა და აძლევდა იმ იმედით, რომ თვით ღმერთი, რომლის თვალთა წინაშე აღასრულებდა სიკეთეს, მიაგებდა მას. დედა ხშირად ტუქსავდა და საყვედურობდა, რატომ აძლევდა სხვებს ტანსაცმელს, როდესაც თვითონაც ღარიბი იყო. ერთხელ ის ბეღელში შევიდა, სადაც მთელი წლის სამყოფი ხორბალი ეგულებოდა და ბეღელი ცარიელი დახვდა. მის ვაჟს ხორბალი გლახაკებისთვის მიეცა. დედა სასოწარკვეთილებამ მოიცვა და უნუგეშოდ ატირდა, რომ სარჩო მთელი წელი აღარ ექნებოდა. ბონიფაციმ დედის დამშვიდება სცადა, მაგრამ მისი სიტყვები არაფერს შველოდა. მაშინ მან სთხოვა დედას გასულიყო ბეღლიდან და ღმრთის წინაშე ლოცვას მიეცა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედას მოუხმო. ბეღელში იმაზე მეტი ხორბალი აღმოჩნდა, ვიდრე მას ზამთრისთვის ჰქონდა გადანახული. დედა გაოცდა ამ სასწაულის ხილვისას და ყრმის ლოცვის ძალა რომ შეიცნო, იმ დღიდან ხორბლის გაცემას თვითონ აიძულებდა. დედას ყოველთვის ჰყავდა სახლში რამდენიმე შინაური ფრინველი. მათ მელა შეეჩვია. ერთხელ, როდესაც ყრმა ბონიფაცი შემოღობილში იყო, სადაც ქათმები ჰყავდათ, მელამ მის თვალწინ მოიტაცა ერთი მათგანი. ყრმა მყისვე ეკლესიაში წავიდა და ღმერთს მიმართა: „ღმერთო, ნუთუ შენ გსურს, რომ დედის მიერ მომზადებული საჭმელი ვერც კი გავსინჯო? ის ზრდის ქათმებს, მელა კი გვიჭამს!“ ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსული ხედავს: მელა დაბრუნდა და პირით მოტაცებული ქათამი მოიყვანა; ქათამს პირი გაუშვა და ბონიფაცის თვალწინ უსულოდ დაეცა.


პეტრე: საკვირველია, როგორ აღასრულებს ღმერთი მსასოებელთა მისთა ვედრებას, თვით ამგვარ უმნიშვნელო საგნებთან დაკავშირებითაც კი.


გრიგოლი: ეს ყოველივე, საყვარელო პეტრე, ჩვენი ყოვლადბრძენი შემოქმედის განზრახვით აღესრულება, რათა როდესაც მივიღებთ მცირედს, აღვზარდოთ ჩვენში სასოება, რომ მივიღებთ უმეტესსაც. უბრალო და ღმრთისმოსავმა ყრმამ იხილა თავისი გულწრფელი სურვილის აღსრულება და ამით უნდა მიმხვდარიყო, როგორი კადნიერება შეიძლება ჰქონოდა ღმერთის წინაშე, როცა უმეტესს გამოითხოვდა.


პეტრე: მართალს ბრძანებ, მამაო.



თავი მეათე

ტუდერტის ეპისკოპოსი ფორტუნატე


გრიგოლი: იმავე ქვეყანაში, ქალაქ ტუდერტში, ეპისკოპოსად იყო ვინმე ფორტუნატე, რომელიც ღმრთის სათნოდ ცხოვრობდა. მან ღმერთისგან უჩვეულო ნიჭი მიიღო – არაწმიდა სულებს განაგდებდა, ზოგჯერ მისი ლოცვის ძალით ეშმაკთა მთელი ლეგიონები ტოვებდნენ მათ მიერ შეპყრობილ ადამიანებს. ასეთივე უმტკიცესი ლოცვის მეოხებით განაგდებდა ის მასზე თავდამსხმელ ეშმაკთა მხედრობას. წმიდა ფორტუნატესთან დაახლოებული იყო ჩვენი ეკლესიის დეფენსორი იულიანე, რომელიც ახლახან რომში აღესრულა. სწორედ მისი მონათხრობი მსურს გადმოგცე. იულიანე, ფორტუნატესთან სიახლოვის გამო, ხშირად მის მიერ აღსრულებულ საქმეთა მოწმე ხდებოდა და ისეთი საამო იყო წმინდანის შესახებ მისი მოგონებების მოსმენა, თითქოს მის ბაგეთაგან თაფლი მოწვეთავდა.


ერთ დიდგვაროვან ქალბატონს ტუსციის მახლობლად ჰყავდა რძალი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ გაჰყვა ცოლად მის ვაჟს. ერთხელ დედამთილმა ის ქმართან ერთად მიიწვია, რათა ერთად დასწრებოდნენ წმიდა სებასტიანეს ტაძრის კურთხევას. ღამით რძალმა თავი ვერ შეიკავა ქმართან თანაცხოვრებისაგან. დილით ამ თავშეუკავებლობის გამო სინდისის ძლიერი ქენჯნა იგრძნო, მაგრამ შერცხვა უარი ეთქვა მიწვევაზე. ამგვარად, უფრო ადამიანთა მიმართ პირმოთნეობით, ვიდრე ღმრთისმოშიშებით, დედამთილთან ერთად ტაძრის კურთხევაზე გაემგზავრა. როდესაც ტაძარში წმიდა მოწამე სებასტიანეს წმიდა ნაწილები შეაბრძანეს, რძალს ბოროტი სული ეკვეთა და ყველას თვალწინ ტანჯავდა. ტაძრის ერთ-ერთმა პრესვიტერმა საკურთხევლიდან სინდონი გამოიტანა და შეპყრობილს დაადო, მაგრამ არაწმიდა სული მასაც ეკვეთა. ამას მოწმობდა პრესვიტერის დაუცხრომელი შეტევები. დედაკაცი ტაძრიდან სახლში გადაიყვანეს. ძველისძველი კაცის მკვლელი (ეშმაკი) მუდმივად ტანჯავდა მას. შეპყრობილის მშობლებმა მისადმი სიყვარულით (თუმცა არა სულიერი, არამედ ხორციელი სიყვარულით), ყოველგვარ საშუალებას მიმართეს, რათა განეკურნათ, ბოლოს ვიღაც ექიმბაშებს მიჰგვარეს: თითქოსდა სურდათ, რომ ჯადოქრული საშუალებებით ხორციელად გაეჯანსაღებინათ, მაგრამ საბოლოოდ წარეწყმიდათ მისი სული. ექიმბაშებმა ის მდინარესთან მიიყვანეს, წყალში ჩაიყვანეს და ხანგრძლივი შელოცვა დაიწყეს, რომ მისგან არაწმიდა სული განედევნათ. მაგრამ აღსრულდა ყოვლისშემძლე ღმერთის გამოუკვლეველი განგებულება: ისინი ჯადოსნური ხელოვნებით მისგან ერთი დემონის განდევნას ცდილობდნენ, მაგრამ ქალს ეშმაკთა მთელი ლეგიონი დაეუფლა. ამის შემდეგ სნეული ძლიერ იგვემებოდა და ისე გაშმაგებით ყვიროდა, როგორც ეშმაკთა ლეგიონისგან იყო მოსალოდნელი. რაკი იხილეს თავიანთი ცრურწმენის ნაყოფი, სნეულის მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით ის ეპისკოპოს ფორტუნატესთან მიიყვანეს და მას მიანდეს. მას უარი არ უთქვამს სნეულის მიღებაზე და დიდხანს, დღედაღამ ლოცულობდა, გააძლიერა ლოცვები იმის გამო, რომ ცხადი იყო, ერთი ადამიანისგან მთელი ლეგიონი უნდა განედევნა. რამდენიმე დღის შემდეგ ფორტუნატემ ის სრულიად განკურნებული გადასცა მშობლებს, თითქოს მანამდე არაფერი აწუხებდა.


სხვა დროს ამ ღმრთის სათნო მოღვაწემ ასევე განაგდო არაწმიდა სული ერთი ადამიანისგან. დაბინდებისას, როდესაც ქალაქში სრული სიმშვიდე სუფევდა, ეპისკოპოსის მიერ განგდებულმა არაწმიდა სულმა მწირის სახე მიიღო, ქალაქის ქუჩებში მიმოდიოდა და ყვიროდა: „აი, რა მიყო წმიდა ეპისკოპოსმა ფორტუნატემ! თავისი სახლიდან გააგდო მწირი! და აჰა, თავშესაფარს ვეძებ ქალაქში და ვერ მიპოვია!“ ეს ხმა მოესმა ერთ კაცს, რომელიც სახლში იყო და ცოლთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ბუხართან იჯდა. მან გამოჰკითხა მწირს, რა ჩაიდინა ეპისკოპოსმა, თავის სახლში მიიწვია და გვერდით მოისვა. მათ ერთმანეთისთვის რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრეს და არაწმიდა სული მასპინძლის მცირეწლოვან ვაჟს ეკვეთა, ცეცხლში ჩააგდო და დაახრჩო. უბედური მამა მაშინვე მიხვდა, ვინ გააგდო ეპისკოპოსმა და თავად სახლში ვინ შეიფარა.


პეტრე: როგორ, მამაო, კაცთმოძულეს შეეძლო მკვლელობა ჩაედინა იმის სახლში, ვინც იგი მწირად მიიღო?


გრიგოლი: მრავალი რამ, პეტრე, ჩვენ კარგად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის იმიტომ, რომ კეთილი მიზნით არ აღესრულება. ამიტომ ბრძანებს უფალი სახარებაში: „უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს“ (მათ. 6, 23). თუკი მოქმედებას არაწმიდა მიზანი უძღვის წინ, მაშინ იგი უკეთური იქნება, კარგადაც რომ გვეჩვენებოდეს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც: შემდგომმა სასჯელმა ცხადყო, რომ საქმე არაწმიდა მიზნით აღესრულა. ვფიქრობ, ეს ადამიანი, რომელმაც სტუმართმოყვარეობის გამო ვაჟი დაკარგა, დაისაჯა იმიტომ, რომ კეთილი საქმე არა ღმრთისმოშიშებით, არამედ ეპისკოპოსის დაკნინების მიზნით გააკეთა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ კეთილი საქმე მხოლოდ იმიტომ გააკეთონ, რომ სხვების სიკეთე დაკნინდეს: მათ ახარებთ არა სიკეთის კეთება, არამედ თავიანთი სათნოებით სხვისი დამცირება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელმაც არაწმიდა სულს გაუწია მასპინძლობა, უფრო მეტად ამპარტავნებით იყო აღძრული, ვიდრე – სიკეთის ქმნის სურვილით; მას სურდა ყველას გაეგო, რომ ის სათნოებით ეპისკოპოსს აღემატა, რომ მან შეიწყნარა ის, ვინც ღმრთის სათნო ფორტუნატემ გააძევა.


პეტრე: სწორად მსჯელობ. შედეგი ცხადყოფს, რომ საფუძვლად ამ საქმეს არაწმინდა გულისსიტყვა ედო.


გრიგოლი: ერთხელ ამგვარი რამ მოხდა: ერთმა ადამიანმა თვალისჩინის დაკარგვის გამო წმინდანს მიმართა და მიიღო კიდეც შეწევნა. როგორც კი ღმრთის კაცმა ლოცვა აღავლინა და თვალებზე ჯვარი გამოსახა, წყვდიადი მის თვალთაგან მაშინვე გაიფანტა და მხედველობა აღუდგა. ერთი მეომრის ცხენი გაშმაგდა ისე, რომ რამდენიმე ადამიანი ძლივს აკავებდა და ვინც მიუახლოვდებოდა, სასტიკად კბენდა. ბოლოს შეკრეს იგი და წმიდა ფორტუნატეს მიჰგვარეს. როგორც კი მას წმინდანმა ჯვარი გადასახა, მისი სიშმაგე სადღაც გაქრა და ცხენი იმაზე უფრო თვინიერი გახდა, ვიდრე გაშმაგებამდე იყო. მეომარმა ცხენის სასწაულებრივი განკურნება რომ იხილა, გადაწყვიტა ის წმინდანისთვის ეჩუქებინა. წმინდანმა უარი თქვა საჩუქრის მიღებაზე, მაგრამ რადგან მეომარი დაჟინებით სთხოვდა არ უგულვებელეყო მისი საჩუქარი, წმინდანმა ორ უკიდურესობას შორის შუალედური ამოირჩია. მან შეიწყნარა მეომრის თხოვნა, მაგრამ იქამდე არ დათანხმდა ცხენის მიღებაზე, ვიდრე მისი საფასური არ გადაიხადა. წმინდანს არ უნდოდა შემომწირველის უარით შეურაცხყოფა და სიყვარულით აღძრულმა იყიდა მისგან ის, რაც სრულებით არ სჭირდებოდა.


არ შემიძლია არ გიამბო ის, რაც ამ წმინდანის შესახებ შევიტყვე თორმეტიოდე დღის წინ. ჩემთან ერთი ღარიბი მოხუცი მოვიდა. რადგან განსაკუთრებით მიყვარს საუბარი მოხუცებთან, სადაურობა ვკითხე და შევიტყვე, რომ ქალაქ ტუდერტიდან იყო. „მითხარი, ხომ არ იცნობდი ეპისკოპოს ფორტუნატეს?“ – დავეკითხე. „ვიცნობდი და თან ძალიან კარგად“, – მიპასუხა მოხუცმა. „მითხარი, გეთაყვა, – განვაგრძობდი მე, – ხომ არ იცი მის მიერ აღსრულებული რაიმე სასწაული და აღმიწერე ეს წმიდა კაცი“. „ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, – მითხრა მოხუცმა, – რასაც სთხოვდა ყოვლისშემძლე ღმერთს, ყოველთვის უსრულდებოდა. მხოლოდ ერთ სასწაულს გიამბობ, რაც ამწუთას მომაგონდა. ერთხელ რავენაში მიმავალმა გუთებმა ქალაქ ტუდერტში გაიარეს და ქალაქის ახლოს მდებარე სოფლიდან ორი ბიჭუნა გაიტაცეს. როგორც კი ამის შესახებ წმიდა ფორტუნატეს ამცნეს, მან დაუყოვნებლივ უხმო გუთებს. წმინდანმა მშვიდად დაიწყო მათთან საუბარი და ცდილობდა მათი სიფიცხე ალერსით დაეცხრო. შემდეგ დაეკითხა: „რას ისურვებთ გამოსასყიდად იმ ორი ბიჭუნას სანაცვლოდ? მე გამოსასყიდს მოგცემთ, ხოლო თქვენ, ჩემდამი კეთილგანწყობის ნიშნად, დამიბრუნეთ ყრმები“. ამაზე გუთმა, რომელიც პირველობდა დანარჩენებს შორის, უპასუხა: „გვთხოვე რაც გინდა, მზად ვართ შეგისრულოთ თხოვნა, მაგრამ ამ ბიჭებს არანაირი გამოსასყიდის ფასად არ დაგიბრუნებთ“. წმინდანი მშვიდად დაემუქრა: „ამაოდ აურვებ მამას, შვილო ჩემო, ნუ დამამწუხრებ, რათა უსიამოვნო არაფერი შეგემთხვეს“. მაგრამ გუთმა, გულქვაობის გამო, უარი უთხრა წმინდანს და წავიდა. მეორე დღეს, გამგზავრების წინ, იგივე გუთი კვლავ მივიდა წმინდანთან და მან კვლავ გაუმეორა თხოვნა, დაებრუნებინა ყრმები. გუთმა ისევ იუარა. „იცოდე, გზაში უბედურება შეგემთხვევა, რადგან დამამწუხრე“, – უთხრა უკმაყოფილოდ წმინდანმა. გუთმა ეს სიტყვებიც უყურადღებოდ დატოვა, დაბრუნდა სახლში, სადაც გაჩერებული იყო, ბიჭუნები ცხენზე შესვა და ამხანაგებთან ერთად გაამგზავრა, თვითონ კი ცხენით უკან გაჰყვა. როდესაც წმიდა პავლეს ტაძრის სიახლოვეს ჩაიარა, მისმა ცხენმა წაიბორძიკა, მხედარი ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ის აიყვანეს და უკან დააბრუნეს. მან მაშინვე გაგზავნა კაცი ყრმების დასაბრუნებლად და წმიდა ფორტუნატეს სთხოვა თავისი მსახური გამოეგზავნა. როდესაც მსახური მოვიდა, სნეულმა, რომელიც ადრე უარს აცხადებდა ყრმების დაბრუნებაზე, მყისვე გადასცა ისინი მსახურს სიტყვებით: „წადი და უთხარი ჩემს ბატონ ეპისკოპოსს: შენ არ აკურთხე იგი და აჰა, დაშავდა; დაიბრუნე ყრმები, რომელთაც ითხოვდი და შეეწიე მას“. მსახურმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა ეპისკოპოსს ყრმები. ნეტარმა ფორტუნატემ მას ნაკურთხი წყალი მისცა, რათა სნეულისთვის ესხურებინა. მსახური დაბრუნდა გუთთან და ნაკურთხი წყალი აპკურა სხეულზე. საკვირველი და მიუწვდომელი საქმე აღესრულა! როგორც კი წყალი მტკივან ადგილზე ესხურა, სნეულება გაქრა და ძვალი ძველებურად გამთელდა, ისე, რომ გუთი მყისვე წამოდგა სარეცელიდან და გზა განაგრძო, თითქოს არაფერი მოსვლოდა. ამგვარად, გუთი, რომელმაც არ ისურვა წმინდანს დამორჩილებოდა და ყრმები ფულის სანაცვლოდ დაებრუნებინა, საღმრთო სასჯელმა აიძულა დაებრუნებინა ისინი გამოსასყიდის გარეშე“. გარდა ამ შემთხვევისა, მოხუცმა წმიდა ფორტუნატეს სხვა სასწაულებიც მიამბო, მაგრამ რადგან სულიერი რჩევის მისაღებად მელოდნენ და ძალიან გვიან იყო, მას დიდხანს ვერ მოვუსმენდი, თუმცა, როცა შესაძლებლობა მაქვს, მუდამ მზად ვარ სიამოვნებით ვუსმინო მონათხრობს ამ წმინდანის შესახებ.


სხვა სტუმრობის დროს, მოხუცმა წმიდა ფორტუნატეს მიერ აღსრულებული კიდევ უფრო საოცარი სასწაული მიამბო. „ქალაქ ტუდერტში, – მითხრა მან, – ორ ხორციელ დასთან ერთად ვინმე მარკელე ცხოვრობდა, ის პატიოსანი კაცი იყო. მარკელე ავად იყო და აღდგომის წინ, შაბათს საღამოს აღესრულა. რადგან სასაფლაო შორს იყო, ის იმ დღესვე ვერ დაასაფლავეს, მაგრამ როდესაც დაკრძალვის დრო დადგა, მარკელეს დები, დანაკარგით დამწუხრებულნი, წმიდა ფორტუნატესთან მივიდნენ და ცრემლითა და სულთქმით შეევედრნენ: „ვიცით, რომ მოციქულთა მსგავს სასწაულებს ახდენ: კეთროვანთ კურნავ, ბრმებს თვალისჩინს უბრუნებ, – მოდი და აღადგინე მკვდრეთით ჩვენი ძმა“. წმინდანმა მათი ძმის აღსრულების შესახებ რომ გაიგო, ატირდა და დებს უთხრა: „წადით, და ნუ ითხოვთ ამას; ყოველივე ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით ხდება, მისი წინააღდგომა არავის ძალუძს“. ისინი წავიდნენ, მაგრამ ეპისკოპოსი მათი ძმის სიკვდილის გამო კვლავ დამწუხრებული იყო. მომდევნო დღეს, კვირას, გათენებამდე, იგი ორი მსახურის თანხლებით მიცვალებულის სახლისკენ გაემართა. როდესაც მიუახლოვდა სარეცელს, სადაც უსულო გვამი ესვენა, ღმრთის მიმართ ლოცვა დაიწყო. ლოცვის დასრულების შემდეგ მიცვალებულთან ჩამოჯდა და ხმადაბლა მიმართა: „ძმაო, მარკელე!“ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმადაბლა წარმოთქვა მან ეს სიტყვები, მიცვალებულმა, თითქოს ძილში ჩაესმაო, თვალები გაახილა, ეპისკოპოსს შეხედა და თქვა: „ჰოი, რა დამემართა, რა დამემართა!“ – „რა დაგემართა?“ – დაეკითხა ეპისკოპოსი. „გუშინ ჩემთან ორნი მოვიდნენ და სხეულთან განმაშორეს, ერთ მშვენიერ ადგილზე წამიყვანეს, დღეს კი ერთ-ერთი მათგანი ისევ მოვიდა ჩემთან და თქვა: „დააბრუნეთ ისევ იქ, იმიტომ, რომ ეპისკოპოსი ფორტუნატე ეახლა მას სახლში“. ეს თქვა და მაშინვე წამოდგა და ამის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მან დაკარგა ის ნეტარება, რომელიც პირველი სიკვდილის შემდეგ მიიღო, რადგან, თუკი ის პირველ სიკვდილამდე სათნოეყოფოდა ყოვლისშემძლე ღმერთს, უეჭველია, წმინდანის ლოცვებით გაძლიერებული, კიდევ უფრო მეტი სათნოებით იცხოვრებდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მაგრამ რად გვინდა ბევრი ლაპარაკი წმიდა ფორტუნატეს ღმრთის სათნო ცხოვრების შესახებ, როდესაც თვალწინ მისი უხრწნელი ნაწილები გვაქვს? როგორც სიცოცხლეში განდევნიდა ის ეშმაკებს, ყოველგვარი სნეულებისგან კურნავდა იმათ, ვინც რწმენით მიმართავდა, იმავეს აღასრულებს სიკვდილის შემდგომ უხრწნელი სხეულით.


– თუმცა, საყვარელო პეტრე, უნდა დავასრულო იმ წმინდანთა სასწაულების შესახებ თხრობა, რომლებიც ვალერიის ოლქში ცხოვრობდნენ, რომელთა შესახებაც მომითხრობდა ზემოთ ნახსენები ღირსი ფორტუნატე. ის ამჟამადაც ხშირად სტუმრობს ჩემთან, მიამბობს წმიდა მოღვაწეთა ცხოვრებებს და მუდამ სიხარულს მანიჭებს.



თავი მეთერთმეტე

ვალერიის ოლქის მკვიდრი მონაზონი მარტირი


ვალერიის პროვინციაში ცხოვრობდა ვინმე მარტირი, ღმრთის სათნო კაცი, და აი, რა აღასრულა მან თავისი სიწმინდის ნიშნად. ერთხელ მასთან მცხოვრებმა ძმებმა ღუმელში პური შეაცხვეს და მასზე ჯვრის გამოსახვა დაავიწყდათ. იმ მხარეში ცომზე ჯვარს გამოსახავენ და ამის გამო პური თითქოს ოთხად არის გაყოფილი. წმინდანი იქვე იყო და შენიშნა, რომ პურზე ჯვარი არ გამოუსახავთ. როდესაც პური ღუმელში მოათავსეს და ნახშირით და ფერფლით დაფარეს, წმინდანმა იკითხა: „რატომ არ გამოსახეთ ჯვარი?“ და მყისვე გადასახა ჯვარი ცომის მიმართულებით. ამის გამო პურმა ისე დაიტკაცუნა, თითქოს ცეცხლმა თიხის ჭურჭელი გახეთქა. როდესაც ღუმელიდან პური გამოიღეს, მასზე ჯვარი იყო გამოსახული, რომელიც გამოისახა არა შეხებით, არამედ – რწმენით.



თავი მეთორმეტე

იმავე ოლქის პრესვიტერი სევეროსი


იმავე ოლქში არის ინტერორინის ხეობა, რომელსაც მდაბიონი ინტეროკრინს უწოდებენ. მასზე აღმართულია ყოვლადწმიდა და მარადქალწულ მარიამის ტაძარი. ამ ტაძარში პრესვიტერად იყო ვინმე სევეროსი, რომელიც საკვირველ ცხოვრებას ეწეოდა. ერთხელ პრესვიტერს სთხოვეს სასწრაფოდ მოენახულებინა ერთი სახლი, სადაც მომაკვდავი ოჯახის უფროსი იწვა. ის სთხოვდა მღვდელს მისულიყო, რათა სინდისი განეწმინდა მისთვის სინანულის საიდუმლოთი, შევედრებოდა ღმერთს მისი ცოდვების გამო და მშვიდი აღსასრული გამოეთხოვა. როდესაც წარგზავნილნი მივიდნენ, პრესვიტერი ბაღში ხეებს სხლავდა და მთხოვნელთ დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ წავიდოდა, მაგრამ, რადგან ცოტაოდენი საქმე კიდევ ჰქონდა დარჩენილი, ოდნავ შეყოვნდა, რათა დაწყებული საქმე დაესრულებინა და შემდეგ წავიდა სნეულთან. გზაში მასთან მისული ადამიანები შემოხვდნენ და უთხრეს: „მამაო, რატომ დაიგვიანე? ნუღარ დაშვრები, ავადმყოფი გარდაიცვალა“. ამის გაგონებაზე პრესვიტერს ძლიერ შეეშინდა და საკუთარ თავს ხმამაღლა უწოდებდა ავადმყოფის მკვლელს. აცრემლებული მივიდა მიცვალებულის სარეცელთან და სულთქმით მიწაზე დაემხო. როდესაც ის უნუგეშოდ ტიროდა, თავს მიწას ახლიდა და თავს იდანაშაულებდა ავადმყოფის სიკვდილში, უეცრად მიცვალებულის სული სხეულში დაბრუნდა. იქ მყოფებმა (ისინი მრავლად იყვნენ) ამის დანახვაზე გაკვირვებისგან შეჰყვირეს და სიხარულით უფრო მეტი იტირეს, ვიდრე მანამდე დამწუხრებულნი ტიროდნენ. მკვდრეთით აღმდგარს დაეკითხნენ: სად იმყოფებოდა და როგორ დაუბრუნდა სული? „ვიღაც სამმა, – თქვა მან, – გამოიყვანა ჩემი სული და წამიყვანეს; მათი ნესტოებიდან და ბაგეებიდან აუტანელი ცეცხლი იფრქვეოდა. მათ ბნელი ადგილები მომატარეს; ამ დროს მშვენიერი გარეგნობის ჭაბუკი შემოგვხვდა, რომელმაც ჩემს მხლებლებს მიმართა: „დააბრუნეთ იგი, იმიტომ, რომ მას ცრემლით იგლოვს პრესვიტერი სევეროსი და ღმერთმა ეს სული მას მიმადლა ამ ცრემლებისთვის“. სევეროსმა ეს რომ მოისმინა, წამოდგა, გაცოცხლებულს სინანულის საიდუმლო განუმარტა და ღმერთს მისთვის ევედრებოდა. გაცოცხლებული კაცი შვიდი დღის განმავლობაში სინანულით წარხოცდა ჩადენილ ცოდვებს, ხოლო მერვე დღეს სიხარულით მიაბარა სული უფალს. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, როგორი სიყვარულით შეისმინა უფალმა პრესვიტერ სევეროსის ლოცვა, როდესაც მისი მწუხარედ დატოვება არ ისურვა.


პეტრე: ჭეშმარიტად საკვირველი საქმეა! აქამდე მსგავსი არაფერი მსმენია. ამბობენ, რომ ამჟამად უკვე აღარ არიან ასეთი დიდი წმინდანები!


გრიგოლი: ვფიქრობ, საყვარელო პეტრე, ისინი ამჟამადაც მრავლად არიან. რაკი ეს მოღვაწეები ამგვარ სასწაულებს არ აღასრულებენ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი წმინდანები არ არიან. ცხოვრების შესახებ უნდა ვიმსჯელოთ არა გარეგნული ნიშნებით, არამედ – ღვაწლის ხარისხის მიხედვით. მრავალნი თუმცა სასწაულებს არ აღასრულებენ, მაგრამ სასწაულთმოქმედ მამებს არაფრით ჩამოუვარდებიან.


პეტრე: მითხარი, გეთაყვა, როგორ დავრწმუნდე, რომ ისინი, ვინც სასწაულებს არ აღასრულებენ, არაფრით ჩამოუვარდებიან მათ აღმასრულებელთ.


გრიგოლი: მაგალითად, ნუთუ არ იცი, რომ მოციქულები პეტრე და პავლე მოციქულთა თავნი არიან?


პეტრე: ვიცი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ, თუმცა პავლე მოციქულთა შორის უმცირესს უწოდებდა თავს, მაგრამ მან სხვებზე უმეტესი იღვაწა.


გრიგოლი: მოიგონე: პეტრე წყალზე დადიოდა (მათ. 14, 29), ხოლო პავლეს ხომალდი დაემსხვრა ზღვაში (2 კორ. 11, 25); ერთსა და იმავე სტიქიასთან მიმართებაში – პავლემ ხომალდითაც კი ვერ შეძლო ცურვა, ხოლო პეტრე წყალზე ისე დადიოდა, როგორც ხმელეთზე. განა ცხადი არ არის: თუმცა სასწაულთა აღსრულებაში ერთნაირი ძალა არ გამოუვლენიათ, მათი დამსახურება ღმერთის წინაშე ერთნაირია.


პეტრე: სრულიად საკმარისია შენი განმარტება. ახლა ცხადად ვხედავ, რომ ცხოვრებას უნდა შეხედო, და არა – სასწაულებს, მაგრამ, რადგან სასწაულები წმიდა ცხოვრებას მოწმობს, ამიტომ გთხოვ, კიდევ მიამბო რაიმე – კეთილი მაგალითებით გამოზარდე ჩემი მშიერი სული.


გრიგოლი: ჩვენი გამომხსნელის სადიდებლად გიამბობ წმიდა ბენედიქტეს ზოგიერთი სასწაულის შესახებ. ახლა თავისუფალი დრო არა მაქვს და ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.



წიგნი მესამე

თავი პირველი
ნოლანის ეპისკოპოსი პავლინი


მე ყურადღება იმ მამების ღვაწლს მივაპყარი, ვინც უახლოეს წარსულში მოღვაწეობდა და თითქოს სხვა სახელგანთქმულ წმინდანთა საქმეები სრულიად დავივიწყე, როგორიც, მაგალითად, ნოლანის ეპისკოპოს პავლინის მიერ აღსრულებული სასწაული იყო. ის სათნოებებით მრავალ, ჩემთვის ცნობილ წმინდანს აღემატა. ამიტომ ძველ წმინდანთა შესახებ თხრობას განვაგრძობ და შეძლებისდაგვარად მოკლედ გადმოგცემ. ჩვეულებრივ, კეთილმოღვაწე კაცთა საქმეები, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანთათვის ხდება ცნობილი, ვინც მათ მიემსგავსება. ჩვენი ბერებისთვის, რომლებიც წმინდანთა მიმბაძველნი არიან, ნოლანის კეთილმოღვაწე ეპისკოპოსის დიდებული სახელი კარგად არის ცნობილი. მისი საკვირველი ღვაწლი მათთვის სამაგალითოა. ამიტომ მათ სრულიად ვენდობი, თითქოს მათი მონათხრობი საკუთარი თვალით მენახოს.


როდესაც იტალიაზე ვანდალთა სასტიკი შემოსევის შემდეგ კამპანია სრულიად უკაცრიელი გახდა და ამ ქვეყნის მრავალი მცხოვრები აფრიკაში წაიყვანეს, ღმრთის მონა პავლინი ღატაკებსა და ტყვეებს საეპისკოპოსოს ქონებას უხვად ურიგებდა. ერთხელ, როდესაც მთხოვნელთათვის აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი, მასთან ერთი ქვრივი დედაკაცი მივიდა და უამბო, რომ ვანდალთა მეფის სიძემ მისი ვაჟი ტყვედ წაიყვანა. ქალი ღმრთის კაცს ევედრებოდა, მისთვის გამოსასყიდი მიეცა, რათა მისი შვილის ბატონს, თუკი გამოსასყიდის მიღებაზე დათანხმდებოდა, ვაჟი სახლში დაებრუნებინა. ღმრთის კაცმა ძებნა დაიწყო, რომ მთხოვნელისთვის რაიმე მიეცა, მაგრამ საკუთარი თავის გარდა არაფერი ჰქონდა და უთხრა: "არაფერი მაქვს, რომ მოგცე, წამიყვანე და თქვი, რომ შენი მონა ვარ და შვილი რომ დაგიბრუნონ, მის ნაცვლად ჩემი თავი მიეცი მონად". დედაკაცმა ეპისკოპოსის სიტყვები უფრო დაცინვად მიიღო, ვიდრე თანალმობად. მაგრამ პავლინმა, რომელიც მჭევრმეტყველი და საერო მეცნიერებებში ფრიად განსწავლული კაცი იყო, დედაკაცი სწრაფად დაარწმუნა თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ შვილის სანაცვლოდ გამოსასყიდის სახით ეპისკოპოსი მიეყვანა. ამგვარად, ისინი აფრიკაში გაემგზავრნენ. იქ დედაკაცმა ვანდალთა მეფის სიძე მოძებნა და სთხოვდა, მისთვის შვილი დაებრუნებინა. ამაყმა ბარბაროსმა, რომელიც დროებითი ბედნიერებით ქედმაღლობდა, არა თუ თხოვნის შესრულება, მისი მოსმენაც არ ისურვა. მაშინ ქვრივმა უთხრა: "მონის სანაცვლოდ ამ ადამიანს დაგიტოვებ, ოღონდ შემიწყალე – დამიბრუნე დედისერთა შვილი". ბარბაროსმა მოხუც პავლინს გადახედა და ჰკითხა, რაიმე ხელობა თუ იცოდა. "არავითარი ხელობა არ ვიცი, – მიუგო პავლინმა, – მაგრამ ბაღის მოვლა შემიძლია". ბარბაროსს ეამა, რომ პავლინი გამოცდილი მებაღე იყო და მონად დაიტოვა, ხოლო ქვრივ დედაკაცს თავისი ვაჟი დაუბრუნა. ისინი სამშობლოში გაემგზავრნენ, ხოლო პავლინმა ბაღის მოვლას მიჰყო ხელი. მეფის სიძე იქ ხშირად მიდიოდა, მებაღეს კითხვებს აძლევდა და მისი სიბრძნე შეიცნო. მასთან საუბარი იმდენად სიამოვნებდა, რომ ამისთვის მეგობრებსა და ნაცნობებს ხშირად ტოვებდა. პავლინს ბატონის სუფრისთვის ყოველდღიურად ახალი და სურნელოვანი მწვანილეული მიჰქონდა, დღიურ სარჩოს მიიღებდა და ისევ საქმეს უბრუნდებოდა. საკმაო ხანი გავიდა. ერთხელ პავლინმა გულახდილ საუბარში ბატონს უთხრა: "ვანდალთა მეფე ძალიან მალე მოკვდება. შენ წინასწარ გმართებს იფიქრო, როგორ მოიქცე და წარმართო სამეფო". რადგან ბატონი მეფის კეთილგანწყობილებით სარგებლობდა, მისთვის არც დაუმალავს, რაც ბრძენი მებაღისგან შეიტყო. მეფემ ეს რომ გაიგო, სიძეს უთხრა: "მსურს ეს ადამიანი, ვის შესახებაც მიამბობ, თვითონ ვნახო". "მას, როგორც წესი, ჩემი სუფრისთვის ახალი მწვანილი მოაქვს, – უპასუხა სიძემ, პავლინის დროებითმა ბატონმა, – ვუბრძანებ, რომ მწვანილი შენ მოგიტანოს სადილზე და მას ამგვარად ნახავ". ასეც მოიქცნენ. პავლინმა მეფეს სადილზე თავის ბაღში მოწეული მწვანილი მიართვა. მეფემ დაინახა თუ არა პავლინი, ძრწოლა დაეუფლა, თავის სიძეს მოუხმო და საიდუმლო გაანდო: "ამ ადამიანმა სიმართლე გითხრა. წუხელ ვიხილე, რომ სასამართლოში მოსამართლეები ჩემს გასასამართლებლად შეკრებილიყვნენ. მათ შორის ეს ადამიანიც (პავლინი) იყო. მათი გადაწყვეტილებით მათრახი, რომელიც მანამდე მქონდა, ჩამომერთვა. ჰკითხე ვინ არის, არ მგონია, რომ უბრალო ადამიანი იყოს, როგორც გარეგნულად ჩანს". მეფის სიძემ პავლინი მოიხმო და ფარულად დაეკითხა, ვინ იყო. "შენი მონა ვარ, რომელიც ქვრივის ვაჟის სანაცვლოდ აიყვანე", – უპასუხა ღმრთის კაცმა. მაგრამ ბატონი დაჟინებით სთხოვდა ეთქვა, ვინ იყო ის სამშობლოში და ამის შესახებ არაერთხელ ჰკითხა. ღმრთის მონამ ვეღარ დაფარა და იძულებული შეიქნა გაემხილა, რომ ეპისკოპოსი იყო. ამის გაგონებაზე ბატონს ძლიერ შეეშინდა და პავლინს მდაბლად სთხოვა, ყოველივე მოეთხოვა, რაც აუცილებელი იქნებოდა სამშობლოში პატივით მის დასაბრუნებლად. "ერთადერთი სიკეთე შეგიძლია გააკეთო ჩემთვის, – უთხრა ღმრთის მონა პავლინმა, – ტყვეობიდან ჩემთან ერთად ყველა ჩემი თანამემამულე გაათავისუფლე". ღირსი პავლინის სურვილის შესასრულებლად მყისვე მთელ აფრიკაში მოძებნეს ტყვეები და მასთან ერთად პურით დატვირთული ხომალდებით გაამგზავრეს. რამდენიმე დღის შემდეგ ვანდალთა მეფე გარდაიცვალა და მათრახი, რომელიც ღმერთის დაშვებით ჰქონდა მიცემული მორწმუნეთა განსასწავლად, სხვას გადაეცა. ამგვარად, ყოველივე ისე აღესრულა, როგორც ყოვლისშემძლე ღმრთის მონა პავლინმა იწინასწარმეტყველა. მან ნებაყოფლობით მონობა იტვირთა და მრავალი ადამიანი იხსნა, რადგან მას ჰბაძავდა, ვინც მონის სახე შეიმოსა, რათა ცოდვათა მონობისაგან ჩვენ გამოვეხსენით. მისი მიბაძვით, პავლინი დროებით ტყვედ იქმნა, რათა მომავალში სხვებთან ერთად თავისუფლება მიეღო.


პეტრე: როდესაც შევიტყვე ცხოვრება ადამიანისა, რომლის მიბაძვა არ ძალმიძს, ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ შემიძლია ვიტირო.


გრიგოლი: პავლინის აღსრულების შესახებ წერილობითი ცნობები მისმა ეკლესიამ შემოინახა. ის სნეულებით ძლიერ დაუძლურდა და როდესაც აღესრულებოდა, უეცრად მიწისძვრა მოხდა. სნეულის სარეცელი შეირყა, სახლი კი უძრავად იდგა. ყველა იქ მყოფი უჩვეულო შიშმა მოიცვა. პავლინის წმიდა სული მის სხეულს ეყრებოდა.


ის, რაც პავლინის შესახებ გიამბე, უფრო მეტად წმინდანთა შინაგან სათნოებას წარმოაჩენს, ხოლო ახლა გარეგან სასწაულებს მოგითხრობ, რომლებიც მრავალთათვის არის ცნობილი და ისეთი ღმრთისმოშიში ადამიანებისგან შევიტყვე, რომ მათ სიტყვებში არ შემიძლია ეჭვი შევიტანო.



თავი მეშვიდე
ფუნდის ეპისკოპოსი ანდრია


როდესაც დიდ მოღვაწეთა საქმეებზე მოგითხრობ, მუდამ ფუნდის ეპისკოპოს ანდრიას მიმართ გამოვლენილი ღმრთის სახიერება მაგონდება. ამით ჩემს მკითხველებს, ვინც სხეულს თავშეკავებით წვრთნის, განსაკუთრებით ვურჩევდი არ გაკადნიერდნენ დედაკაცის სიახლოვეს ცხოვრებით, რადგან საშიშია, სულიერი დაცემა არ მოხდეს იმის გამო, რომ დედაკაცის სიახლოვისას ცოდვიანი გულისთქმა აღიძვრება. გიამბობ უტყუარ ამბავს, რომლის მოწმეც იმ ქვეყნის თითქმის ყოველი მცხოვრებია. ღმრთისმოსავი ანდრიას ცხოვრება მრავალი სათნოებით იყო აღსავსე. ის უბიწო ცხოვრებას მკაცრად იცავდა. როდესაც ეპისკოპოსი გახდა, არ უნდოდა მზრუნველობა მოეკლო ერთი ენკრატისისთვის, რომელიც უწინ მასთან ცხოვრობდა და მტკიცედ დარწმუნებულმა, რომ ისიც მასავით სიწმინდეს იცავდა, ნება დართო მასთან დარჩენილიყო. ადამიანთა უძველესმა მტერმა (ეშმაკმა) მოისურვა ესარგებლა ამით, რათა ანდრიას სულში საცდურის შესაღწევად შესასვლელი გაეღო. ეპისკოპოსის გონებას მუდმივად წარმოუდგენდა ამ დედაკაცის სახეს და არაწმიდა გულისთქმები მას სარეცელზეც არ ტოვებდა.


ერთხელ ერთმა იუდეველმა, რომელიც რომში მიემგზავრებოდა, აპიაში გაიარა. როდესაც ფუნდის მთებს მიაღწია, უკვე საღამოვდებოდა და თავშესაფარი რომ ვერსად ნახა, თავი აპოლონის სამსხვერპლოს შეაფარა. ეშმაკთა საცხოვრებელმა შიში მოჰგვარა და პირჯვარი გამოისახა, თუმცა ჯვრის ძალა სრულებით არ სწამდა. შუა ღამით, როდესაც ღამის სიჩუმე შიშს ჰგვრიდა და არ ეძინა, უეცრად დაინახა, რომ სამსხვერპლოსთან უამრავი ბოროტი სული მოვიდა, რომლებიც თავიანთ მბრძანებელს ამალასავით მოჰყვებოდნენ. ის, ვინც მათ შორის მთავარს ჰგავდა, სამსხვერპლოს შუაში დაჯდა და ყოველ თანმხლებს ეკითხებოდა, თუ რას საქმიანობდა. მას აინტერესებდა, მათგან თითოეულმა რამდენი ბოროტება ჩაიდინა. ყოველი გამოკითხული ბოროტი სული ჰყვებოდა, კეთილისმოქმედ ადამიანებს რითი აცდუნებდა. შემდეგ მის წინაშე ის წარდგა, ვინც ეპისკოპოს ანდრიას მოწესე დედაკაცის სახის წარმოდგენით ხორციელ ბრძოლას აღუძრავდა. მათი მთავარი ამ ცნობას ხარბად ისმენდა და ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რადგანაც ბოროტი სული წარმწყმედელი დაცემისაკენ წმიდა კაცს მისდრეკდა. ამავე დროს სულმა აღიარა, რომ ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდა, გარდა იმისა, რომ გუშინ საღამოს ეპისკოპოსი აღძრა, მონაზონს ვნებიანად შეხებოდა. მაშინ ბოროტმა სულმა, კაცთა მოდგმის უძველესმა მტერმა, მას დარწმუნება დაუწყო, დაწყებული საქმე დაესრულებინა და პირველობის პალმის რტოს დაჰპირდა. იქ მყოფმა იუდეველმა ეს ყოველივე ცხადად ნახა, მაგრამ შიშის ზარი მაშინ დაეცა, როდესაც მთავარმა ბრძანა გაეგოთ, ვინ გაბედა მათ სამსხვერპლოში გაეთია ღამე. ბოროტი სულები იუდეველს მიუახლოვდნენ, კარგად დააკვირდნენ და ნახეს, რომ ის ჯვრის ნიშით იყო გარეშემოზღუდული და შეშინებულებმა შესძახეს: "ჰოი, ეს ცარიელი, დაბეჭდილი ჭურჭელია!" ამ სიტყვების შემდეგ ბოროტ სულთა სიმრავლე გაქრა. იუდეველი მყისვე ადგა და ეპისკოპოსთან გაეშურა. ის ამ დროს ტაძარში იყო. იუდეველმა მღვდელმთავარი გვერდზე გაიხმო და დაეკითხა, განსაკუთრებით რომელი ბრძოლა აწუხებდა. ეპისკოპოსს თქმა ერიდებოდა. მაშინ იუდეველმა უთხრა, რომ ის ენკრატისის მიმართ არაწმიდა სიყვარულით იტანჯებოდა, მაგრამ ეპისკოპოსი მაინც არ გამოტყდა. ამის შემდეგ იუდეველმა უთხრა: "რატომ არ აღიარებ იმას, რის შესახებაც გეკითხები? გუშინ იმგვარი ბრძოლა არ გქონდა, რომ გაკადნიერდი და ენკრატისს ვნებიანად შეეხე?" ამ სიტყვებით მხილებულმა ეპისკოპოსმა მდაბლად აღიარა ყოველივე, რასაც აქამდე ჯიუტად უარყოფდა. იუდეველს სურდა მისი სიწმინდე დაცემისაგან ეხსნა და მოუთხრო, როგორ შეიტყო ამის შესახებ ბოროტ სულთა კრებაზე. მაშინ ეპისკოპოსი სინანულითა და ლოცვით მიწაზე დაემხო და თავისი საცხოვრებლიდან არა მარტო ის ენკრატისი განიშორა, არამედ – სხვა მორჩილი დედაკაცებიც. აპოლონის სამსხვერპლოს ადგილას მან წმიდა მოციქულ ანდრიას ტაძარი ააგო და ხორციელი ბრძოლისაგან სრულიად გათავისუფლდა. ხოლო იუდეველი, რომელმაც ამხილა და თავისი ხილვით იხსნა, მარადიული ხსნის გზაზე დააყენა, ნათლისღების წყალში განბანა და წმიდა საიდუმლოთა მეოხებით წმიდა ეკლესიის წიაღში მიიღო. ამგვარად, ამ ებრაელმა სხვის ხსნაზე ზრუნვით ხსნა თავისთვისაც მოიპოვა და ყოვლისშემძლე ღმერთმა მას სათნო ცხოვრებისაკენ სწორედ იმით მოუწოდა, რაც სხვისი სათნოების დაცვას ემსახურა.


პეტრე: მოსმენილი შიშსა და სასოებას აღმიძრავს.


გრიგოლი: მუდამ გვმართებს ვსასოებდეთ ღმერთის ჩვენდამი მოწყალებას და ვძრწოდეთ ჩვენი უძლურების გამო. აჰა, გავიგეთ, სამოთხის კედარი როგორ შეირყა, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა, რათა ჩვენში, რომლებიც უმტკიცარნი ვართ, მისი რყევის გამო შიში იშვას, და სასოება – მისი სიმტკიცის გამო.



თავი მეთოთხმეტე
ღმრთის მონა ისააკი


ქალაქ სპოლეტოს სიახლოვეს, გუთების ბატონობის დასაწყისიდან თითქმის დასრულებამდე, ცხოვრობდა ვინმე ისააკი, ღმრთისმოსავი კაცი. მას მრავალნი იცნობენ, მათ შორის არის კეთილმსახური ქალწული გრიგორია, რომელიც ამჟამად რომში, ყოვლადწმიდა და მარადქალწულ მარიამის ტაძართან ცხოვრობს. ის სიყრმეში ისააკმა ტაძარში შეიფარა, როდესაც გათხოვებას უპირებდნენ. მას სურდა მონაზვნური ცხოვრება დაემარხა და ღმრთის შეწევნით შეძლო. იმის გამო, რომ მიწიერ საქმროს დაემალა, ის ღირსი გახდა სასიძო ზეცაში შეეძინა. ისააკის შესახებ ასევე მრავალი რამ ღირს მამა ელეფთერთან საუბარში შევიტყვე. ის ისააკს ახლოს იცნობდა, ხოლო მისი ღმრთისმოშიშება მის მონათხრობს სარწმუნოს ხდის.


ღმრთისმოსავი ისააკი წარმოშობით იტალიელი არ იყო, მაგრამ მე მის მიერ იტალიაში აღსრულებულ სასწაულთა შესახებ გიამბობ. როდესაც იგი სირიიდან სპოლეტოში პირველად ჩამოვიდა, ტაძარში შევიდა და ეკლესიის მსახურთ სთხოვა, ნება დაერთოთ იმდენ ხანს ელოცა, რამდენიც მოესურვებოდა და ღმრთისმსახურების დროს ტაძრიდან არ გაეძევებინათ. მან მთელი დღე და ღამე ლოცვაში გაატარა, ასევე ორი მომდევნო დღე და ღამეც დაუცხრომელად ლოცულობდა. ტაძრის ერთ-ერთმა მსახურთაგანმა, რომელიც ამპარტავნების სულით იყო აღვსილი, ამ შემთხვევით სარგებლობის ნაცვლად, მხოლოდ წარსაწყმედელი ვნება მოიმკო. მან წმინდანის შესახებ ხმამაღლა და კადნიერად დაიწყო ლაპარაკი, რომ ის თვალთმაქცი და მატყუარაა, სხვების წინაშე თავის მოწონება ხანგრძლივი ლოცვით სურს. შემდეგ ღმრთის მონას მივარდა და ცემა დაუწყო, რათა ტაძრიდან, როგორც ცრუ წმინდანი, შეურაცხყოფილი გაეგდო. მაგრამ უეცრად მას ბოროტი სული ეკვეთა, ღმრთის კაცის ფერხთით დასცა და მისი პირით აყვირდა: "ისააკი განმდევნის მე". ამ უცხო ადამიანის სახელი აქამდე არავინ იცოდა. ბოროტმა სულმა, რომელიც გაჰყვიროდა ისააკი განმდევნისო, განაცხადა მისი სახელი. ღმრთის მონა მყისვე შეპყრობილის სხეულზე განერთხა და ბოროტი სული მისგან განდევნა.


ეს ამბავი მთელ ქალაქს მაშინვე მოედო. მდაბიო და წარჩინებულმა დედაკაცებმა თავი მოიყარეს და თითოეული ცდილობდა წმინდანი თავის სახლში მიეწვია. ერთნი მამულს სთავაზობდნენ, მეორენი – ფულს, სხვები კიდევ სხვა შეწევნას, ვისაც რა შეეძლო და ევედრებოდნენ წმინდანს ეს ყოველივე მონასტრის მოსაწყობად გამოეყენებინა, მაგრამ ღმრთის მონამ არაფერი მიიღო, ქალაქს გაეცალა, განმარტოებული ადგილი მოძებნა და სენაკი აიშენა. მრავალნი აკითხავდნენ და მისი მაგალითით მარადიული ცხოვრების საძიებლად აღძრულნი ღმრთის მონას მორჩილებისა და ხელმძღვანელობისათვის თავს ანდობდნენ. მოწაფეები მას ხშირად სთხოვდნენ, მართალია, დაჟინებით, მაგრამ – სიმდაბლით, რომ მონასტრის სარგებლობისთვის შემოწირულობები მიეღო, მაგრამ ის უპოვარებას ფხიზლად იცავდა და მუდამ მტკიცედ პასუხობდა, რომ "ვინც მიწიერ საუნჯეს ეძებს, ის მონაზონი არ არის". ის ისეთივე სიფრთხილით ცდილობდა უპოვარება დაემარხა, როგორც მდიდრები ცდილობენ დაიცვან თავიანთი ხრწნადი სიმდიდრე. მონასტერში მისი ცხოვრების დროს ხმა მისი წინასწარმეტყველების ნიჭისა და უდიდესი სასწაულების შესახებ შორეულ ქვეყნებში გავრცელდა.


ერთხელ, საღამოხანს, მან ბრძანა მონასტრის ბოსტანში რამდენიმე ბარი დაეტოვებინათ: "ამდენი და ამდენი ბარი ბოსტანში დატოვეთ და უკან სასწარაფოდ დაბრუნდით", – უთხრა მან მოწაფეებს. იმავე ღამეს ლოცვისთვის ამდგარ ძმებს უბრძანა: "მუშაკებისთვის შეჭამანდი მოხარშეთ, რომ დილაადრიან მზად იყოს". დილით უბრძანა, შეჭამანდი ბოსტანში წაეღოთ და ძმებთან ერთად იქ მისულს იმდენი მუშაკი დახვდა, რამდენი ბარიც მისი ბრძანებით იქ დატოვეს. ისინი ქურდები იყვნენ. როდესაც ბოსტანში შეიპარნენ, მათი განზრახვა, ღმერთის ზემოქმედებით, შეიცვალა: ბარები რომ ნახეს, აიღეს და ღმრთის მონის მოსვლამდე შეუსვენებლად მუშაობდნენ. მათ დაუმუშავებლად დარჩენილი მიწა დაბარეს. "გამარჯობათ, ძმებო! უკვე დიდი ხანია შრომობთ. დროა, დაისვენოთ!" – უთხრა მათ ღმრთის მონამ. შემდეგ მოტანილი შეჭამანდი შესთავაზა, რათა მომქანცველი შრომის შემდეგ ენუგეშათ. როდესაც ინუგეშეს, წმინდანმა უთხრა: "ბოროტებას ნუ ჩაიდენთ, როდესაც რაიმე დაგჭირდებათ, კარებთან მოდით, მშვიდად ითხოვეთ და კურთხევით მიიღებთ, ხოლო ქურდობისგან თავი შეიკავეთ". შემდეგ ბრძანა, მათთვის რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული მიეცათ. ამგვარად, ბოსტანში ბოროტი განზრახვით მისულნი, თავადაც უვნებელნი დაბრუნდნენ და გაწეული შრომისათვის უხვი ჯილდოც მიიღეს.


სხვა დროს ისააკს მოწყალებისათვის უცხოტომელებმა მიაკითხეს, რომელთაც იმდენად დაფლეთილი და დაკონკილი სამოსი ეცვათ, რომ თითქმის შიშვლები იყვნენ. მათ წმინდანს სამოსი სთხოვეს, ის კი მდუმარედ უსმენდა. შემდეგ ერთ-ერთი მოწაფეთაგანი მოიხმო და ფარულად უბრძანა: "წადი ტყეში, ამა და ამ ადგილას ხის ფუღუროში ტანსაცმელს ნახავ და მოიტანე". მოწაფე წავიდა, ხის ფუღურო მოძებნა, ტანსაცმელი ამოიღო და მოძღვარს ფარულადვე მიუტანა. ღმრთის სათნო მოსაგრემ ტანსაცმელი ნახევრადშიშველ უცხოტომელებს მისცა და უთხრა: "თითქმის შიშვლები ხართ, ეს ტანისამოსი გამომართვით და ჩაიცვით". მთხოვნელებმა მაშინვე იცნეს ტყეში დატოვებული თავიანთი ტანსაცმელი და შერცხვენილები ძრწოლამ მოიცვა. ამგვარად, იმათ, ვინც სიცრუით სხვისი სამოსის მოპოვება ისურვეს, შერცხვენილებმა თავისივე მიიღეს.


ერთხელ ერთი ადამიანი წმინდანისგან ლოცვას ითხოვდა და მას მონის ხელით სანოვაგით სავსე ორი კალათი გაუგზავნა. მონამ ერთი კალათი გზაში გადამალა, ხოლო მეორე ღმრთის სათნო მოსაგრეს მიართვა და მას თავისი პატრონის სათხოვარი მოახსენა. ღმრთის მონამ ძღვენი სიყვარულით მიიღო, მადლობა გადაუხადა და თან უთხრა: "გაფრთხილდი, როდესაც გზაზე გადამალულ კალათს აიღებ: მასში გველი ჩავიდა, ამიტომ საშიშია, მოულოდნელი შეხების გამო არ გიკბინოს". ამ სიტყვებმა მონას ძრწოლა მოჰგვარა. ერთი მხრივ, უხაროდა, რომ სიკვდილს გადაურჩა, ხოლო მეორე მხრივ, დანაღვლიანდა, მაგრამ სირცხვილი მან ისე აიტანა, როგორც მაცხოვნებელი სასჯელი. როდესაც ბრუნდებოდა, კალათი ფრთხილად აიღო და როგორც ღმრთის კაცმა უწინასწარმეტყველა, მასში გველი აღმოჩნდა. ამგვარად, ეს წმინდანი თავშეკავების სათნოებას, ყოველივე მსწრაფლწარმავალის მოძულებას და წინასწარმეტყველების ნიჭს ლოცვისადმი არაჩვეულებრივ გულმოდგინებას უერთებდა. უჩვეულო მხოლოდ ერთი რამ იყო: ის ზოგჯერ იმდენად მხიარულდებოდა, ვინც არ იცნობდა, ვერაფრით დაიჯერებდა, რომ უდიდეს სათნოებებს ფლობდა.


პეტრე: გთხოვ, ამიხსენი, ეს რას ნიშნავს? ის ამგვარ მხიარულებას თავისი ნებით ეძლეოდა, თუ მისი სული, რომელიც ასეთ სათნოებებს ფლობდა, უნებურად აღფრთოვანდებოდა ნამდვილი სიხარულით?


გრიგოლი: დიდებულია, პეტრე, ყოვლისშემძლე ღმერთის განგებულება. უმთავრესად, იმგვარად ხდება, რომ იმათ, ვისაც ღმერთი უმაღლეს სიკეთეს მიჰმადლებს, უმცირესს მოაკლებს, რათა მათ სულებს მუდამ შეეძლოთ რითიმე თავის დამდაბლება, რათა, რაკი ისწრაფვიან სრულყოფილებისაკენ და ვერ ჰპოვებენ, იღვწიან იმის მოსაპოვებლად, რაც არა აქვთ და ვერც ჰპოვებენ საკუთარი შრომის შედეგად, თავი იმით არ განიდიდონ, რაც აქვთ, არამედ ისწავლონ, რომ საკუთარ თავში მცირე და უმნიშვნელო ნაკლოვანებათა აღმოფხვრაც კი არ ძალუძთ და თავისით არ მოუპოვებიათ უმაღლესი სრულყოფილებანი. სწორედ ამიტომ, როდესაც ღმერთმა რჩეული ერი აღთქმულ მიწაზე შეიყვანა, ყოველი მათი მტერი მოსრა, მხოლოდ ფილისტიმელები და ქანაანელები დატოვა, რადგან როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი: "სურდა გამოეცადა ისრაელიანები" (მსაჯ. 3, 4). ამგვარად, როგორც უკვე გითხარი, უფალი უშვებს, მცირე ნაკლი დარჩეს იმათში, ვისაც უდიდეს სრულყოფილებას ანიჭებს, რომ მათ ჰქონდეთ საბრძოლველი და არ აიმაღლონ თავი ძლიერი მტრების დამარცხების შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ აშფოთებენ უსუსური მტრები. ასე საკვირველად ერთი და იგივე სული სათნოებებშიც მტკიცდება და უძლურებითაც შეჭირვებულია, რათა, რომ იხილავს, ერთი მხრივ, კეთილგანგებულებას თავის თავში, ხოლო, მეორე მხრივ, – მოუწყობლობას, უკმაყოფილება იგრძნოს იმის გამო, რომ ვერ იკმაყოფილებს მისწრაფებას მოიპოვოს მისთვის მიუწვდომელი სიკეთე და სიმდაბლით დაიცვას ის, რაც აქვს. მაგრამ განა საკვირველია ეს ადამიანში, როდესაც თვით ზეცის მოქალაქეთა ნაწილი დაეცა, მეორე ნაწილმა კი სიმტკიცე შეინარჩუნა და თანამოძმეთა ამპარტავნებით დაცემის მხილველი რჩეულ ანგელოზთა სულები უმეტესად განმტკიცდნენ სიმდაბლეში. მოკლებამ როგორც ზეცაში მოიტანა სარგებლობა, რადგან მისი რღვევა მისივე მარადიული სიმტკიცის საფუძველი გახდა, ყოველ სულშიც ასევე ხდება: უმნიშვნელო ნაკლი, როგორც სიმდაბლის მცველი, მას უდიდეს შენაძენთათვის იფარავს.


პეტრე: გულსავსე ვარ შენი განმარტებით.



თავი მეთხუთმეტე
ღმრთის მონანი – ევტიქი და ფლორენცი


გრიგოლი: გადმოგცემ იმას, რაც ღირსი სანკტულასგან შევიტყვე. ის იმავე ოლქში პრესვიტერი იყო. მის მონათხრობში ეჭვი არ შეგეპარება, რადგან მისი ღმრთისმოშიში და მართალი ცხოვრების შესახებ შენც იცი.


იმავე ხანებში ნურსიის ოლქის მიდამოებში ორი მონაზონი ცხოვრობდა: ევტიქი და ფლორენცი. ევტიქი სულიერი მოშურნეობით გამოირჩეოდა და ღმრთის სათნო ცხოვრება მხურვალედ უყვარდა. მისი უმთავრესი საზრუნავი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოექცია სათნოების გზაზე. ფლორენცი უბრალოდ ცხოვრობდა. მისი უმთავრესი საქმიანობა ლოცვა იყო. ერთხელ მათ სიახლოვეს მდებარე მონასტერში წინამძღვარი გარდაიცვალა. მონასტრის ძმებმა ისურვეს მის ადგილზე ევტიქი მიეწვიათ. ევტიქიმ მათი თხოვნა შეიწყნარა და მონასტერს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა, მოწაფეთა სულებს სამონაზვნო ცხოვრების მიხედვით წარმართავდა, მაგრამ მას არ უნდოდა, რომ სენაკი, სადაც უწინ ცხოვრობდა, დაცარიელებულიყო და ნება მისცა ღმრთისმოშიშ ფლორენცის იქ გადასულიყო. ფლორენცი ერთხელ ყოვლისშემძლე ღმერთს შეევედრა, რომ მისთვის ამ ადგილზე დადგომისთვის რამენაირი შეწევნა წარმოეგზავნა. ლოცვის დასრულების შემდეგ წმინდანი სენაკიდან გარეთ გავიდა და დაინახა, რომ კარის წინ დათვი იდგა, თავი მიწისკენ დაეხარა, მოძრაობით არაფერს მხეცურს არ ავლენდა და ცხადად მიანიშნებდა, რომ ღმრთის კაცთან მორჩილების აღსასრულებლად მივიდა. წმინდანმა ეს მყისვე შეიცნო. სენაკს ოთხი-ხუთი ბატკანი ეკუთვნოდა, მაგრამ მათ მწყემსი არ ჰყავდათ. "წადი, ბატკნები საძოვარზე გადენე, – უთხრა წმინდანმა დათვს, – ხოლო მეექვსე ჟამზე მათთან ერთად დაბრუნდი". მას შემდეგ დათვი მუდამ მწყემსის მოვალეობას ასრულებდა და ეს სისხლისმსმელი ცხოველი ცხვრებს მწყემსავდა, რომელთაც მანამდე მუსრს ავლებდა. როდესაც ღმრთის მონა მარხულობდა, მაშინ უბრძანებდა დათვს მეცხრე ჟამზე დაბრუნებულიყო, დანარჩენ დღეებში კი – მეექვსე ჟამზე. დათვიც ყოველთვის მას ემორჩილებოდა: როდესაც დაბრუნებას მეცხრე ჟამზე უბრძანებდა, მეექვსეზე არასოდეს ბრუნდებოდა, ხოლო დაბრუნება თუ მეექვსე ჟამზე ჰქონდა ნაბრძანები, მეცხრეზე არ ბრუნდებოდა. გავიდა ხანი და ხმა ამ სასწაულის შესახებ შორს გავრცელდა, მაგრამ უძველესი მტერი სწორედ იმით ცდილობს ბოროტი ადამიანები შურით მოწყლას, რითიც ღმრთის სათნო ადამიანი დიდებაში წარემატება. ღმრთისმოშიში ევტიქის ოთხმა მოწაფემ ძლიერ შეიძულა ფლორენცი იმის გამო, რომ მან, განმარტოებით მცხოვრებმა, იმგვარი სასწაულებით გაითქვა სახელი, როგორსაც მათი მოძღვარი ევტიქიც კი არ აღასრულებდა. შეითქვნენ და ფარულად დათვი მოუკლეს. როდესაც ფლორენცისთან დანიშნულ დროს დათვი არ დაბრუნდა, წმინდანი ძლიერ აღელდა, იმ საღამოს ელოდა, ხოლო მეორე დღეს დათვის საძებნელად გაემართა და მკვდარი იპოვა. გამოძიების შემდეგ შეიტყო, დათვი ვინც მოუკლა და მწარედ ატირდა, ის უფრო მეტად ძმების გაბოროტებას იგლოვდა, ვიდრე – დათვის მოკვლას. ღმრთისმოსავმა ევტიქიმ ფლორენცი მიიხმო და მისთვის ნუგეშისცემას ცდილობდა, მაგრამ ღმრთის მონამ, მწუხარებით დანაღვლიანებულმა, ევტიქის თანდასწრებით შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "მჯერა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ყველას თვალწინ, ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში მიაგებს მათ ბოროტებისთვის: მათ მოკლეს დათვი, რომელსაც მათთვის არაფერი დაუშავებია". ამ სიტყვების კვალდაკვალ ღმერთის შურისგებამაც არ დააყოვნა. ოთხივე მონაზონს, რომლებმაც დათვი მოკლეს, იმწამსვე კეთრი შეეყარათ, სხეულები დაულპათ და მოკვდნენ. როდესაც ამგვარი რამ მოხდა, ფლორენცი ძლიერ შეშინდა: მის მიერ წარმოთქმულმა ძმათა განკითხვამ მას შიში მოჰგვარა. ის მთელი ცხოვრება იმის გამო გლოვობდა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი – საკუთარ თავს სასტიკს უწოდებდა და ძმათა სიკვდილში ადანაშაულებდა. ვფიქრობ, ყოვლისშემძლე ღმერთმა იმისთვის დაუშვა აღსრულებულიყო ამგვარი რამ, რომ ფლორენცისთვის, უაღრესად ალალმართალი კაცისთვის, ეჩვენებინა – თვით უდიდესი მწუხარების ჟამსაც კი ყოველთვის არ შეიძლება ასე განავრცო სხვათა განკითხვა.


პეტრე: ნუთუ ასე მძიმეა განკითხვის ცოდვა, როდესაც მას მრისხანების ჟამს წარმოვთქვამთ?


გრიგოლი: რად უნდა ამას კითხვა, როდესაც ჯერ კიდევ წმიდა მოციქული პავლე ამბობდა: "მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (1 კორ. 6, 10). ამდენად, განსაჯე, რა მძიმეა ეს ცოდვა, რომელიც სასუფეველს განაშორებს.


პეტრე: ადამიანს რა მოეწევა, თუკი მოყვასს განიკითხავს არა გაბოროტებით, არამედ ენის შეუკავებლობით?


გრიგოლი: თუკი საშინელი მსაჯული, საყვარელო პეტრე, ყოველი უქმი სიტყვისთვის განიკითხავს, მაშინ ბოროტი სიტყვისთვის ხომ უფრო მეტად მოგველის განკითხვა? ამიტომ განსაჯე: თუკი ყოველი უქმი სიტყვისთვის სასჯელს მივიღებთ, რაოდენ უფრო დიდი სასჯელი მოჰყვება სიტყვას, რომელიც ბოროტებით გამოითქმის?


პეტრე: გეთანხმები.


გრიგოლი: იმავე წმინდანმა იმგვარი რამ აღასრულა, რის შესახებ შეუძლებელია დავდუმდე. როდესაც ფლორენცის სახელი შორეულ ქვეყნებში განითქვა, წმინდანთან შორიდან ერთი დიაკვანი გამოემგზავრა, რათა მისგან ლოცვა გამოეთხოვა. წმინდანის სენაკის სიახლოვეს მყოფმა, უამრავი გველი დაინახა და შეშინებულმა შესძახა: "ილოცე, ღმრთის მონაო!" ფლორენცი სენაკიდან გამოვიდა, ხელები და თვალები ზეცისკენ აღაპყრო და ღმერთს შეევედრა, ქვეწარმავლები თავისი ნებისაებრ მოესპო. წმინდანის ვედრებისთანავე მეხი ჩამოვარდა და იქ მყოფი ყველა ქვეწარმავალი დაიხოცა. ამის დანახვაზე ღმრთის მონამ შეჰღაღადა: "ღმერთო, შენ შემუსრე ისინი, მაგრამ ვინ გაწმენდს აქაურობას მათგან?" მყისვე, წმინდანის მიერ ლოცვის წარმოთქმისთანავე, უამრავი ჩიტი მოფრინდა, თითოეულმა თითო ქვეწარმავალი აიტაცა და შორს წაიღო. ამგვარად, ფლორენცის სენაკის ახლოს მიდამო ქვეწარმავლებისაგან სრულიად გაიწმინდა.


პეტრე: რამდენად სათნო და დიდი უნდა ყოფილიყო ეს წმინდანი, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა მისი ლოცვა ასე სწრაფად შეისმინა!


გრიგოლი: ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, რომელიც ბუნებით წმიდაა, საყვარელო პეტრე, ადამიანის გულის სიწმინდესა და უბრალოებას უდიდესი ძალა აქვს. მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მონები მიწიერ საზრუნავებს განუდგნენ, ფუჭსიტყვაობა განაგდეს და არ უშვებენ, რომ მათი სხეული ცოდვებით შეიბილწოს, მათ ლოცვას ძალზე ხშირად ყველას წინაშე შეისმენს შემოქმედი, რომელთანაც (ეს წმიდა კაცები) დაახლოებულნი არიან იმით, რომ მიემსგავსებიან მას, როგორც ეს შესაძლებელია, სიწმინდითა და უბრალოებით. ჩვენ კი მუდამ ადამიანურ საზრუნავებში ვეფლობით, უქმად ვმეტყველებთ, ზოგჯერ ძალიან მავნეს თქმასაც არ ვერიდებით. ამიტომ ჩვენი სიტყვა ღმერთისგან იმდენადვეა დაშორებული, რამდენადაც ამ ქვეყანას უახლოვდება. მუდმივი ლაპარაკი დროებითს მიგვაჯაჭვავს და ღმერთისგან განგვაშორებს. წმიდა ესაია წინასწარმეტყველმა ამგვარი რამ საკუთარ თავში სამართლიანად ამხილა და შეინანა; როდესაც მან უფალი ძალთაჲ იხილა, შესძახა: "O უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი" (ეს. 6, 5). შემდეგ კი დაამატა: "საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკKდრ ვარ მე", და ამით განმარტა, უწმინდური ბაგე რატომ ჰქონდა. ის ბაგეთა უწმინდურების გამო წუხდა, მაგრამ როდესაც თქვა, რომ უწმინდურ ადამიანებს შორის ცხოვრობს, გვიჩვენა, თუ უწმინდურებას ვის დაესესხა, რადგან ძალიან ძნელია, რომ მიწიერზე საუბარმა გონება არ შებილწოს. თავიდან უმნიშვნელო ჩვევა ჩაგვითრევს და თავს უფლებას ვაძლევთ ცოტაოდენი ვისაუბროთ საერო საკითხებზე. შემდეგ უკვე ყოვლად უღირს ფუჭსიტყვაობას ერთგვარი სიამოვნებითაც ვაგრძელებთ, იმდენად, რომ ბოლოს თავს იმისგანაც კი ვერ ვიხსნით, რის უფლებასაც საკუთარ თავს უწინ გატაცების გამო, ერთგვარი შემწყნარებლობით ვაძლევდით. ამგვარად, უქმისმეტყველებიდან მავნე სიტყვების გამოთქმაზე გადავდივართ, მსუბუქიდან – უმძიმესზე და ჩვენ მიერ გამოთქმულ ლოცვას უფალი მით უფრო ნაკლებად შეისმენს, რაც უფრო მეტად შეიბილწება ის უგუნური უქმისმეტყველებით, რადგან წმიდა წერილი ამბობს: "ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა" (იგავ. 28, 9). რა არის იმაში გასაკვირი, თუკი ღმერთამდე ჩვენი ლოცვები გვიან აღწევს, როდესაც საღმრთო მცნებების აღსრულებაში თავად ვზარმაცობთ ან სულაც არ აღვასრულებთ? ან იმაში რა არის გასაკვირი, რომ ღმერთმა ფლორენცის ლოცვა მსწრაფლ შეისმინა, როდესაც საღმრთო მცნებებს წმინდანი მუდამ ყურად იღებდა?


პეტრე: შენი განმარტების საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი.


გრიგოლი: რაც შეეხება ევტიქის, ფლორენცის თანამგზავრს საღმრთო ასპარეზზე, მისი სახელი სიკვდილის შემდგომ აღსრულებული სასწაულებით განითქვა. მისი თანამოქალაქეები უამრავ სასწაულს მოგვითხრობენ, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია სასწაული, რომელიც ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით წმინდანის სამოსლის საშუალებით მუდმივად აღესრულებოდა ლონგობარდების დროს. ვინაიდან იმ მხარეში გვალვა ხშირი იყო, წმინდანის თანამოქალაქენი ერთად იკრიბებოდნენ და მის სამოსელს ღმერთის წინაშე ლოცვით აღამაღლებდნენ და, როდესაც ლოცვითა და სამოსლით მინდვრებში დადიოდნენ, უეცრად წვიმა წამოვიდოდა და მიწას არწყულებდა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა დიდი იყო წმინდანის სულიერი სათნოებანი და დამსახურება, რომ შემოქმედის რისხვას მხოლოდ მისი სამოსის გამობრძანება აჩერებდა.



თავი მეჩვიდმეტე
არგენტარის მთის მონაზონი, რომელმაც მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა


გრიგოლი: ჩვენს დროში ბუქსენტის ეკლესიაში იპოდიაკვნად იყო ვინმე კვადრაგეზიმი. ის ავრელიის ოლქში თვითონ მწყემსავდა თავის ცხვრებს. ამ უაღრესად მართალმა კაცმა ერთი საუცხოო ამბავი გაგვანდო, რომელიც ყველასგან ფარულად აღესრულა. იმ დროს, როდესაც ის ცხვრებს მწყემსავდა ავრელიის ოლქში, არგენტარის მთაზე ერთი მეტად ღმრთისმოსავი კაცი ცხოვრობდა, გარეგნობისა და ცხოვრების წესის მიხედვით მონაზონი. მას წესად ჰქონდა ყოველ წელს წმიდა მოციქულთა თავის, პეტრეს ტაძარში მისულიყო. მასპინძლობას ზემოთ ნახსენები იპოდიაკონი კვადრაგეზიმი უწევდა. მისი სახლი ტაძრის სიახლოვეს მდებარეობდა. ერთხელ, როდესაც მას სტუმრად ხსენებული მონაზონი ჰყავდა, ერთ მეზობლად მცხოვრებ ღარიბ დედაკაცს ქმარი გარდაეცვალა. მან ცხედარი წესისამებრ განბანა, შემოსა და სუდარა გადააფარა, მაგრამ საღამომდე მისი დაკრძალვა ვერ მოასწრო. დაქვრივებულმა დედაკაცმა მთელი ღამე მიცვალებულის ცხედართან ტირილში გაატარა. გამუდმებული ქვითინით ის თითქოსდა ნაღველის განქარვებას ცდილობდა. ასე ძალიან დიდხანს გაგრძელდა და დედაკაცი ცრემლებს ვერ იკავებდა. მისი მდგომარეობით შეძრულმა ღმრთის მონამ, რომელიც კვადრაგეზიმის სახლში იმყოფებოდა, მასპინძელს უთხრა: "ამ დედაკაცის მწუხარებას სულით თანავუგრძნობ. ადექი და წავიდეთ, ვილოცოთ". ისინი ტაძარში წავიდნენ და ლოცვა დაიწყეს. ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ღმრთის მონამ კვადრაგეზიმს სთხოვა ჩამოელოცა (ანუ შესაბამისი დამამთავრებელი ლოცვა წარმოეთქვა). ჩამოლოცვის შემდეგ მან წმიდა ტრაპეზის სიახლოვეს მტვერი მოაგროვა და მიცვალებულის სახლისკენ გაემართნენ. მონაზონმა იქაც ხანგრძლივად ილოცა და უწინდელივით აღარ უთხოვია იპოდიაკვნისთვის ჩამოელოცა, თვითონ წარმოთქვა კურთხევა და მყისვე წამოდგა. მარჯვენა ხელში მოგროვილი მტვერი ეყარა, მარცხენით კი მიცვალებულს სახეზე საფენი გადახადა. დედაკაცი შეეწინააღმდეგა, რადგან არ იცოდა რას აპირებდა. მონაზონი მიცვალებულს სახეს მტვერით დიდხანს უზელდა, რის შემდეგაც მის სხეულში სული დაბრუნდა. მან თვალები გაახილა და პირი გააღო, წამოჯდა და თითქოს ღრმა ძილისაგან გამოიღვიძაო, გაკვირვებით უყურებდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა. გლოვით გათანგული დედაკაცი ამის დანახვაზე მომეტებულად ატირდა. ღმრთის მონა არწმუნებდა დამშვიდებულიყო და დადუმებულიყო. "თუ გკითხავენ, – უთხრა მან, – ეს როგორ მოხდა, უთხარი: უფალმა იესო ქრისტემ თავისი ძალის მეოხებით აღასრულა". ამის შემდეგ წავიდა და იმ მხარეში აღარ გამოჩენილა, რადგან წარმავალ დიდებას გაურბოდა და ცდილობდა ამ უდიდესი სასწაულის დამსწრე ადამიანებს ამ ცხოვრებაში აღარასოდეს შეხვედროდა.


პეტრე: არ ვიცი სხვები როგორ ფიქრობენ, მაგრამ მე ყოველ სასწაულზე უფრო აღმატებულად მიცვალებულის მკვდრეთით აღდგენა მიმაჩნია, როდესაც სული მისსავე სხეულს უბრუნდება.


გრიგოლი: თუკი სასწაულის გარეგან მხარეს მივხედავთ, მაშინ უეჭველია, ასეა. ხოლო თუ ყურადღებას შინაგან მხარეს მივაპყრობთ, რა თქმა უნდა, ცოდვილი ადამიანის სიტყვით განსწავლა და ნუგეშისცემა უფრო აღმატებულია, ვიდრე მიცვალებულის მკვდრეთით აღდგენა, რადგან უკანასკნელ შემთხვევაში სხეული აღდგება, რომელიც ოდესმე ისევ გარდაიცვლება, პირველ შემთხვევაში კი სული აღდგება, რომელიც მოწოდებულია მარადიული სიცოცხლისათვის. ორ მაგალითს შემოგთავაზებ: შენი აზრით, აღმატებული სასწაული რომელ მათგანში გამოჩნდა? ლაზარე, რომელიც, რა თქმა უნდა, მორწმუნე იყო, უფალმა აღადგინა სხეულით, ხოლო სავლე – სულით. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარეს სათნოებათა შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ, რაც სულიერი აღდგომის შემდეგ პავლეს სათნოებათა შესახებ წმიდა წერილშია ნათქვამი, ჩვენს უძლურ გონებას იმის წარმოდგენაც კი არ ძალუძს: კერძოდ, მისი ქადაგების შემდეგ თვით ყველაზე უწყალო სულები სათნოების გზაზე ექცეოდნენ; მას სურდა მომკვდარიყო იმ ძმებისთვის, რომელთა სიკვდილით უწინ ხარობდა; წმიდა წერილი სრულად იცოდა, მაგრამ თავს უმეცარს უწოდებდა და ამბობდა, არაფერი ვიცი, გარნა ხოლო ქრისტე და ისიცა ჯვარცმულიო; ქრისტესთვის, რომელსაც მოქცევამდე მახვილით დევნიდა, მოქცევის შემდეგ კვერთხით ცემას სიხარულით ითმენდა. ის უდიდესია, როგორც მოციქული, მაგრამ მოწაფეთა შორის თავი უდარესად მიაჩნდა; ის საიდუმლოთა სახილველად მესამე ცაზე იქნა აღტაცებული, მაგრამ სიყვარულით აღძრული, გონების თვალს მიაპყრობს საქორწინო კავშირს და ამბობს: ქმრებმა ცოლებს ჯეროვანი სიყვარული მიაგონ და აგრეთვე – ცოლებმა ქმრებს; ანგელოზებთან ერთად ჭვრეტს და ამავე დროს ფიქრობს და განაგებს მონაზონთა საქმეებს; უძლურებაში ხარობს და როდესაც შეურაცხყოფენ, მისთვის ქრისტეა ცხოვრება და სიკვდილი – შენაძენი; ხორცში მყოფი ხორცს გარეთ ცხოვრობდა. აი, როგორ იცხოვრა იმან, ვინც ხორციელი ცხოვრებიდან კეთილმსახური ცხოვრებისაკენ მოიქცა! ამგვარად, მიცვალებულის მკვდრეთით აღდგენა ხორციელად – უდარესი სასწაულია, თუკი ხორციელ აღდგომას თან სულიერი აღდგომაც არ ახლავს, იმგვარად, რომ ხილული სასწაულის მეოხებით ადამიანი შინაგანადაც ისე აღდგეს, როგორც ჭეშმარიტების გზაზე მოქცევის შემდეგ ხდება.


პეტრე: ადრე მკვდრის აღდგინება უდიდეს სასწაულად მიმაჩნდა, ახლა კი დავრწმუნდი, რომ ცხონების გზაზე კაცის მოქცევა ბევრად უფრო დიდი საქმეა. გთხოვ, განაგრძე დაწყებული თხრობა, რომ თავისუფალმა დრომ დამოძღვრის გარეშე არ ჩაიაროს.



თავი ოცდამეექვსე
განდეგილი მინა


გრიგოლი: ახლახან სამნიის ოლქში განმარტოებით ცხოვრობდა ერთი ღმრთის სათნო კაცი, სახელად მინა. ის ათიოდე წლის წინ აღესრულა; ჩვენი ახლობლებიდან მას მრავალი იცნობდა. მათგან, ვინც მის საქმეთა შესახებ გვიამბობდა, არავის გამოვყოფ. მისი ცხოვრების მოწმე იმდენი ადამიანია, რამდენმაც სამნიის ოლქის არსებობა იცის. მთელი მისი ქონება რამდენიმე სკა ფუტკარი იყო. ერთხელ რომელიღაც ლონგობარდმა მისი სკების მოპარვა გადაწყვიტა. მინამ ამის გაკეთება სიტყვიერად აუკრძალა. უეცრად ლონგობარდს ბოროტი სული ეკვეთა და მინას ფერხთით დასცა. ამ შემთხვევის შემდეგ მინას სახელი განითქვა როგორც იმ ოლქის მცხოვრებლებს, ასევე ბარბაროს-ლონგობარდებს შორის და მის სენაკთან უშიშრად მიახლოებას ვეღარავინ ბედავდა.


მეზობელი ტყიდან ხშირად დათვები გამოდიოდნენ და სკიდან თაფლის ამოღებას ცდილობდნენ, მაგრამ წმინდანი იჭერდა მათ და სცემდა კვერთხით, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა. საზარელი ცხოველები ცემით შეშინებულნი ღმუილით გარბოდნენ: ისინი მახვილს არ უფრთხოდნენ ისე, როგორც მის კვერთხს.


წმინდანს წესად ჰქონდა: არაფერი ჰქონოდა და ამქვეყნად არაფერი მოეპოვებინა; სიყვარულით მოსული თითოეული ადამიანი მარადიული ცხოვრების დამკვიდრების სურვილით აღენთო, ხოლო ისინი, ვისი ცოდვით დაცემანიც იცოდა, დაუზარებლად ემხილებინა და, როგორც მისი მხურვალე სიყვარული ითხოვდა, უმკაცრესი სიტყვით მოეწყლა. ახლომახლო მცხოვრებლებმა წესად დაიდეს, წმინდანისთვის ყოველდღიურად მორიგეობით სხვადასხვა შეწირულება გაეგზავნათ, რათა მას მოსულთათვის მიეცა. ერთხელ ერთმა მდიდარმა კაცმა, კარტერიმ, რომელიც არაწმინდა ვნებით იყო შეპყრობილი, ერთი მოწესე დედაკაცი (ენკრატისი) გაიტაცა და მასზე უკანონოდ იქორწინა. როდესაც ეს ღმრთის კაცმა შეიტყო, კარტერი სხვების პირით ამხილა. მან დანაშაული შიშით აღიარა, მაგრამ ღმრთის კაცთან მისვლა ვერ გაბედა, რომ მისგან მკაცრი მხილება არ მოესმინა და სხვათა შეწირულობებთან ერთად ფარულად ძღვენი გაუგზავნა, რათა წმინდანს უცოდინრად მიეღო მისი შენაწირი. როდესაც მინას მიართვეს შეწირულობანი, მან სათითაოდ დაიწყო მათი გადარჩევა. ყველა საჩუქარი გადააწყო, კარტერის მიერ გამოგზავნილი ძღვენი გამოცხადებით იცნო, ზიზღით გადააგდო და თქვა: წადით და მას უთხარით: "შენგან შემოწირულობას არ ვიღებ, რადგან ღმერთს ძღვენი მოსტაცე და მე მიგზავნი!" ამ სიტყვებმა წარმოაჩინა, როგორ ზედმიწევნით შეიცნობდა წმინდანი მისგან შორს მომხდარს და ყველა იქ მყოფს დიდი შიში მოჰგვარა.


პეტრე: ვფიქრობ, ხსენებულ წმინდანთაგან მრავალნი მოწამენი გახდებოდნენ, მაშინ დევნა რომ ყოფილიყო.


გრიგოლი: მოწამეობა ორგვარი არსებობს, საყვარელო პეტრე: ერთი – შინაგანი, მეორე – გარეგანი. თუ დევნა არ არის, შეიძლება ფარული მოწამეობა არსებობდეს, როდესაც სული მოწამეობისათვის მზადყოფნით არის ანთებული. მოწამეობა რომ ხილული წამების გარეშეც შესაძლებელია, ეს თვით უფალმა სახარებაში დაადასტურა, როდესაც ზებედეს ძეებს, რომელნიც გონების უძლურების გამო მას საუკეთესო ადგილებზე დაჯდომას სთხოვდნენ, დაეკითხა: "ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად?" ხოლო მათ უპასუხეს: "ძალ-გჳც". მაშინ იესომ მიუგო: "სასუმელი სამე ჩემი შესუათ... ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად" (მათ. 20, 22-23). რას გულისხმობს უფალი სასმისში, თუ არა – წამების თასს? ჩვენ ვიცით, რომ იაკობმა სიცოცხლე მოწამებრივად დაასრულა, ხოლო იოანე მაშინ აღესრულა, როდესაც ეკლესია დევნას არ განიცდიდა. უეჭველია, რომ მოწამეობა ხილული წამების გარეშეც არსებობს, რადგან დევნის გარეშე აღსრულებულზე ითქვა, რომ უფლის სასმისს შესვამს. თუმცა იმის კვლევა რად გვინდა, დევნის დროს მოწამეები გახდებოდნენ თუ არა ჩემ მიერ მოხსენიებული მამები, რომლებსაც მტრის მანქანება მუდმივად ტანჯავდა და ამქვეყნად თავიანთი მტრები უყვარდათ, ყოველგვარ ხორციელ ვნებას ებრძოდნენ და ამგვარად თავიანთ სულს საუფლო მსხვერპლად აწრთობდნენ და მოწამენი მშვიდობიან დროში გახდნენ; ჩვენს დროშიც კი, თვით ყველაზე უბრალო ერისკაცნი, რომელთა განსაკუთრებულ განდიდებაზე თითქოს არავინ ფიქრობდა, ხელსაყრელი შემთხვევისთანავე მოწამებრივ გვირგვინებს იდგამდნენ.


თავი ოცდამეშვიდე
ორმოცი გლეხი, რომლებიც ლონგობარდებმა იმის გამო დახოცეს, რომ ნაკერპავის ჭამაზე უარი თქვეს


მაგალითად, თხუთმეტიოდე წლის წინ, როგორც თვითმხილველნი მოწმობენ, ორმოცი გლეხი ლონგობარდებმა დაატყვევეს და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. როდესაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და შებილწულ საჭმელს არ გაეკარნენ, ლონგობარდები სიკვდილით დაემუქრნენ. მაგრამ ტყვეები, რომლებმაც მარადიული ცხოვრება უფრო მეტად შეიყვარეს, ვიდრე ამქვეყნიური და წარმავალი, სარწმუნოების ერთგულნი დარჩნენ და ამ სიმტკიცის გამო ყველანი დახოცეს. განა ეს ადამიანები, რომლებმაც სიკვდილი ამჯობინეს, ვიდრე აკრძალულის ჭამით შემოქმედი შეურაცხეყოთ, ჭეშმარიტებისთვის ნამდვილი მოწამენი არ იყვნენ?



თავი ოცდამერვე
ტყვეები, რომლებიც იმისთვის დახოცეს, რომ თხის თავს არ სცეს თაყვანი


იმავე ხანებში ლონგობარდებს ტყვედ სხვა ოთხასი ადამიანიც ჰყავდათ. ლონგობარდები ეშმაკს მსხვერპლად თხის თავს სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვის დროს ისინი წრეზე დარბოდნენ და უგუნურ სიმღერებს მღეროდნენ. თვითონ მსხვერპლეშიწრვა აღასრულეს და ტყვეებსაც იმავეს აიძულებდნენ. მაგრამ ტყვეთა უმრავლესობამ ამჯობინა სიკვდილით მარადიული ცხოვრება მოეპოვებინა, ვიდრე კერპის თაყვანისცემით სიცოცხლე შეენარჩუნებინა. მათ უღირსი ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავები, რომელთაც შემოქმედს უდრეკდნენ, ქმნილებას არ მოუდრიკეს. ამის გამო ყოველ მათგანს, ვინც მონაწილეობა არ მიიღო მათ ცდომილებაში, განრისხებულმა მტრებმა მახვილით თავი მოჰკვეთეს. ამგვარად, თუკი შემთხვევითი დევნის დროს მოწამებრივი გვირგვინი მოიპოვეს იმათაც კი, ვინც შესაძლოა ეკლესიის მშვიდობიანობის დროს ფართო გზით ვიდოდნენ, რა გასაკვირია, რომ დევნის დროს მოწამენი ისინი გამხდარიყვნენ, ვინც მშვიდობიან დროშიც კი თავს არ ზოგავდნენ, გამუდმებით შეიჭირვებდნენ და მოწამეობის ვიწრო გზით ვიდოდნენ? თუმცა, რაც რჩეულ მოსაგრეებზე ვთქვი, არ შეიძლება განვაზოგადოთ, როგორც საერთო წესი, იმიტომ, რომ ეკლესიის აშკარა დევნის დროს მრავალმა მათგანმა, ვინც მშვიდობიან ხანაში სანდო არ ჩანს, შეიძლება მოწამეობა იტვირთოს და, პირიქით, ვინც მშვიდობიან ხანს მტკიცე მორწმუნედ გვეჩვენება, ზოგჯერ შიშის გამო ირყევა. უეჭველად მწამს, რომ ყველა ჩემ მიერ მოხსენებულ წმინდანს შეეძლო მოწამეობა ეტვირთა, – ეს მათი აღსასრულიდანაც ჩანს. რადგან ისინი, ვის შესახებაც ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ფარული სულიერი ღვაწლი მტკიცედ დაიმარხეს, არც ხილული დევნის შემთხვევაში დაეცემოდნენ.


პეტრე: სამართლიანად ბრძანებ, მაგრამ ჩვენ, უღირსთა, მიმართ გამოჩენილი ღმრთის მოწყალება მაოცებს, რომელიც ლონგობარდების სისასტიკეს იმგვარად ზღუდავს, რომ იმათი უწმინდური სამღვდელოება, რომელიც ერთი შეხედვით ჩვენზე ზეიმობს, მართლმადიდებელ მორწმუნეებს ვერ სდევნის.



თავი ოცდამეცხრე
დაბრმავებული არიოზელი ეპისკოპოსი


გრიგოლი: ლონგობარდები ამას მრავალჯერ ცდილობდნენ, საყვარელო პეტრე, მაგრამ მათ ბოროტებას ღმერთი სასწაულებრივად აჩერებდა. ერთ სასწაულს გიამბობ, რომლის შესახებ სამიოდე დღის წინ ბონიფაცისგან შევიტყვე, – ის ჩემი მონასტრის მონაზონია და მანამდე ოთხი წელი ლონგობარდებთან დაყო. ერთხელ ქალაქ სპოლეტოში არიოზელი ლონგობარდი ეპისკოპოსი ჩავიდა. მას ტაძარი არ ჰქონდა, სადაც თავის მსახურებას ჩაატარებდა და ქალაქის ეპისკოპოსს ტაძარი სთხოვა, რათა თავისი ერეტიკული მსახურება აღესრულებინა. როდესაც ეპისკოპოსმა გადაჭრით უთხრა უარი, არიოზელი დაემუქრა, რომ მეორე დღეს წმიდა მოციქულ პავლეს ტაძარს ძალით მიიტაცებდა. ტაძრის მცველმა ამის შესახებ რომ გაიგო, ტაძარში მივიდა და კარი ურდულით ჩაკეტა. როდესაც მოსაღამოვდა, მცველმა კანდელები ჩააქრო, თვითონ კი ტაძარში მიიმალა. არიოზელი ეპისკოპოსი თავის ხალხთან ერთად გამთენიისას მოვიდა, რათა ტაძრის კარი გაეტეხა, მაგრამ უეცრად, ღმრთის ძალით, ყველა კარი შეირყა, კლიტეები შორს გადაცვივდა და ეკლესიის ყველა კარი და ურდული დიდი ხმაურით გაიხსნა. ზევიდან ნათელი გადმოვიდა და ჩამქრალი კანდელები აანთო; ტაძრის მიტაცების მიზნით მოსული არიოზელი დაბრმავდა და სახლში სხვათა დახმარებით დაბრუნდა. ამის შესახებ იმ ქვეყანაში მყოფმა ლონგობარდებმა რომ შეიტყვეს, მართლმადიდებლურ ტაძრებში შესვლას ვეღარ ბედავდნენ. ამგვარად, როდესაც წმიდა პავლეს ტაძარში კანდელები არიოზელი ეპისკოპოსის გამო ჩააქრეს, ერთი და იმავე სასწაულებრივი ქმედებით ეპისკოპოსს თვალისჩინი წაერთვა და ტაძარს სინათლე დაუბრუნდა.



თავი ოცდამეათე
არიოზელთა ტაძარი რომში, რომელიც მართლმადიდებელთათვის იკურთხა


არიანული ერესის სამხილებლად იმასაც გიამბობ, რა ნიში აჩვენა საღმრთო სახიერებამ ორი წლის წინ ჩვენს ქალაქში. ეს გარემოებანი ნაწილობრივ ცნობილია ხალხისთვის, აგრეთვე მღვდელი და ტაძრის მნათეები, როგორც თვითმხილველნი და მოწმეები, ადასტურებენ. რომის უბანში, რომელსაც სუბურო ჰქვია, არიოზელებს ტაძარი ჰქონდათ მიტაცებული, რომელიც ორი წლის მანძილზე უმოქმედო იყო. მართლმადიდებლებმა განიზრახეს ტაძარი მართლმადიდებლურად ეკურთხებინათ და იქ წმიდა სებასტიანესა და ქალწულმოწამე აღათიას წმიდა ნაწილები დაებრძანებინათ. ასეც მოიქცნენ. უამრავი ხალხის თანხლებითა და ღმრთისადმი ქების ჰიმნთა გალობით ისინი ტაძარში შევიდნენ. სადღესასწაულო წირვის დროს ხალხი სიმრავლის გამო მჭიდროდ იდგა. ზოგიერთები ტაძრის გარეთ იდგნენ. უეცრად მათ იგრძნეს, რომ ფეხებთან ღორი დაურბოდათ. თითოეული, ვინც ამას გრძნობდა, გვერდით მდგომს ატყობინებდა. ღორი ტაძრიდან გარეთ გამოვარდა; ყველა, ვის ფეხებთანაც მან გაიარა, გაოცებული იყო, ისინი თუმცა გრძნობდნენ მის მოძრაობას, მაგრამ ვერ ხედავდნენ. ღმრთის სახიერებამ ეს დაუშვა, რათა ყველასთვის ცხადი გამხდარიყო, რომ ტაძრიდან არაწმიდა სული გავიდა.


წირვის დასრულების შემდეგ ყველანი წავიდნენ. იმავე ღამეს ტაძრის სახურავზე ძლიერი ხმაური გაისმა, თითქოს იქ ვიღაც დარბოდა. მომდევნო ღამით ხმაური გაძლიერდა და ბოლოს ისეთი ზანზარი ატყდა, თითქოს ტაძარი საძირკველიდან გადაადგილდაო. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა და უძველესი მტრის შფოთი აღარაფრით გამოვლენილა. ამ ხმაურით გამოჩნდა, რომ ბოროტი სული იძულებული გახდა ის ადგილი დაეტოვებინა, რომელსაც დიდი ხანია დაჰპატრონებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ცა მოწმენდილი იყო, ციდან საკურთხეველზე ღრუბელი დაეშვა, საფარველივით გადაეფარა და ტაძარი ისეთი კეთილსურნელებითა და ნათლით აივსო, რომ ღია კარებში შიშით შესვლას ვერავინ ბედავდა. მღვდელი და მნათეები, ასევე წირვაზე მისული მრევლი, სასწაულის ხილვისა და კეთილსურნელების შეგრძნების გამო ტაძარში შესვლას ვერ ბედავდნენ. მეორე დღეს ჩამქრალი კანდელები ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა აანთო. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მნათემ კანდელები ჩააქრო, ტაძრიდან წავიდა და უკან დაბრუნებულს ჩამქრალი კანდელები ანთებული დახვდა. იფიქრა, რომ უყურადღებობის გამო ანთებული დარჩა, კანდელები ისევ ჩააქრო და ტაძარი გულმოდგინედ დაკეტა. სამი საათის შემდეგ დაბრუნებულს ჩამქრალი კანდელები ისევ ანთებული დახვდა: ამ ცეცხლმა ცხადად აჩვენა, რომ ტაძარმა სიბნელიდან ნათელში გადაინაცვლა.


პეტრე: საოცარი სასწაულები, რომელთა შესახებ მიამბობ, მოწმობს, რომ თუმცა დიდ მწუხარებებში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენს შემოქმედს ჯერ მთლად არ მივუტოვებივართ.

გრიგოლი: განზრახული მქონდა მხოლოდ იტალიაში მომხდარი ამბები მეამბნა, მაგრამ არიანული ერესის სამხილებლად, თუ გსურს, ესპანეთში გადავინაცვლოთ, იქიდან კი აფრიკის გავლით იტალიაში დავბრუნდეთ.



თავი ოცდამეთერთმეტე


ვესტგუთების მეფე ლიუვიჰილდის ძე, მეფე ჰერმინიჰილდი, რომელიც მამამ კათოლიკე (საყოველთაო, ანუ მართლმადიდებლური) სარწმუნოების გამო მოკლა.


გრიგოლი: ესპანეთიდან ჩამოსულებმა მიამბეს, რომ ახლახან ვესტგუთების მეფე ლიუვიჰილდის ძე ჰერმინიჰილდი იტალიელი ეპისკოპოსის, ღირსი ლეანდრის, ქადაგებით, რომელთანაც ერთ დროს ხანმოკლე მეგობრობა მაკავშირებდა, არიანული ერესიდან კათოლიკე სარწმუნოებაზე მოექცა. არიოზელი მამა შვილის მწვალებლობაში დაბრუნებას ცდილობდა და ამისთვის ჯილდოს აღუთქვამდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელით აშინებდა. მაგრამ, რადგან შვილი მტკიცედ პასუხობდა, რომ ერთხელ შეცნობილ ჭეშმარიტ სარწმუნოებას არასოდეს დატოვებდა, განრისხებულმა მამამ მეფობის უფლება და მამული ჩამოართვა. შვილის სულიერი სიმტკიცე ვერც ამით რომ ვერ შეარყია, მამამ იგი დაატყვევა, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დაადო და მრავალრიცხოვანი დაცვა მიუჩინა. ბორკილებდადებული, ძაძებით მოსილი უფლისწული ჰერმინიჰილდი მიწიერი სამეფოს ამაოებაზე ფიქრობდა და მთელ თავის სულიერ ძალისხმევას ზეციური სამეფოსკენ მიმართავდა. ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე წარმოთქმულ ლოცვებში შეწყნარებას ეძებდა და წარმავალი ქვეყნის დიდებას მით უფრო მოიძულებდა, რაც უფრო ცხადი ხდებოდა მისთვის, რომ იმქვეყნად თავისუფალიც ვერაფერს წაიღებდა. აღდგომის წინ, ღამით, უსჯულო მამამ შვილს არიოზელი ეპისკოპოსი გაუგზავნა, რათა ჰერმინიჰილდი მათ უწმინდურ საიდუმლოს მისი ხელით ზიარებოდა და მამის კეთილგანწყობა ამგვარად მოეპოვებინა. ღმერთის ერთგულმა ყრმამ არიოზელი ეპისკოპოსი შეასმინა, მისი უსჯულოება ამხილა და გააგდო. თუმცა გარეგანად შებორკილი იწვა, მაგრამ სულიერად უაღრესად მტკიცე იყო. როდესაც ეპისკოპოსი დაბრუნდა, არიოზელი მამა განრისხდა და მაშინვე თავისი მცველები გაგზავნა, რომ ღმერთის მტკიცე აღმსარებელი ადგილზევე მოეკლათ, რაც აღსრულდა კიდეც. საპყრობილეში შესულებმა მას თავი მახვილით მოჰკვეთეს და ხორციელი სიცოცხლე ამგვარად მოუსწრაფეს: მათ მასში ის განგმირეს, რაც მოკლულს თავადაც უგულებელყოფილი ჰქონდა.


მისი ჭეშმარიტი დიდების გამოსაჩენად ღმერთმა არაერთი სასწაული აღასრულა. ღამის სიჩუმეში მეფისა და მოწამის სხეულთან (ჭეშმარიტად – მეფისა, რადგან მოწამე გახდა) ფსალმუნთა გალობა ისმოდა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ღამით მის ცხედართან ანთებული კანდელები იხილეს. უსჯულო და შვილის მკვლელმა მამამ შეინანა და თავისი საქციელის გამო წუხდა, მაგრამ ცხონების დამკვიდრება არ ისურვა. თუმცა შეიცნო, რომ კათოლიკე (საყოველთაო, მართლმადიდებლური) სარწმუნოება ჭეშმარიტია, მაგრამ ქვეშევრდომთა შიშით ვერ გაბედა მისი მიღება.


როდესაც სნეულების გამო მეფეს სიკვდილი მიუახლოვდა, ეპისკოპოს ლეანდრს, რომელსაც მანამდე დევნიდა, თავისი ვაჟი რეჰარედი ჩააბარა, რომელიც აგრეთვე ცდომილებაში იყო და სთხოვა, თავისი შეგონებებით ისეთივე ცვლილება მოეხდინა მასში, როგორიც მის ძმაში მოახდინა. ამ ანდერძის შემდეგ ის გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეფე რეჰარედი ბაძავდა არა უსჯულო მამას, არამედ – მოწამე ძმას, არიანული ერესიდან თვითონაც მოექცა და თავის სამეფოში უფლებას არავის აძლევდა მიეღო სამხედრო წოდება, ვინც, როგორც უღირსი ერეტიკოსი, ღმრთის სასუფევლის მტრად რჩებოდა. მან ვესტგუთები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. არ არის გასაკვირი, რომ მოწამის ძმა ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი გახდა. მას ძმის დამსახურება შეეწია მრავალი ადამიანი მოეყვანა ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიის წიაღში. ამ ამბავში ყურადღებას ის გარემოება იმსახურებს, რომ არაფერი ამის მსგავსი არ მოხდებოდა, მეფე ჰერმინიჰილდი ჭეშმარიტებისთვის რომ არ მომკვდარიყო, როგორც დაწერილია: "უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს" (იოან. 12, 24). როგორც ვხედავთ, ასოებშიც იგივე აღესრულება, რაც თავში (ქრისტეში). ვესტგუთებისგან ერთი მოკვდა, რათა მრავალნი გაცოცხლებულიყვნენ: სულიერი ცხოვრების აღორძინებისთვის ერთი მარცვალი სარწმუნოდ დაიფლა და უდიდესი ყანა აღმოაცენა.


პეტრე: საოცარი საქმეებია და საკვირველია ჩვენი დროისთვის!