თებაიდაში ერთი ახალგაზრდა მონაზონი ცხოვრობდა. იგი დიდსა და ფიცხელ მოღვაწეობაში, ლოცვა-ვედრებასა და მღვიძარებაში იყო; სხეულს უპოვარებითა და მძიმე მარხვით შეიმუსრავდა, მწუხრის ჟამზე ერთ მუჭა ცერცვს იღებდა. შემდეგ მოუმატა მარხვას და მხოლოდ კვირა დღეს იღებდა მცირეოდენ ცერცვს ან მხალს. იგი დიდ საზომს მისწვდა, სძლია სხეულის ბუნებას. შეშურდა მოღვაწეებთან მუდმივად მებრძოლს, ბოროტ ეშმაკს, დაუწყო ბრძოლა ამპარტავნებით და მონაზონს ზვაობის გულისსიტყვებს უგზავნიდა: კაცთაგან მოღვაწეობაში შენი მსგავსი არავინ არის და აწ ჯეროვანია ღმრთისაგან ითხოვო, რათა შენ მიერ სასწაულნი და კურნებანი აღესრულებოდნენ, რომ შენი შემხედვარე სხვებიც ადიდებდნენ ზეციურ მამას, ხომ თავად მაცხოვარმა ბრძანა: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“ (მათ. 7,7). ირწმუნა მონაზონმა ამაო განზრახვა, ითხოვდა უფლისაგან, რომ მისი ხელით იშვებდნენ გაჭირვებულნი და იდევნებოდნენ ეშმაკნი. ხოლო სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელსაც ყოველი კაცის ცხონება ნებავს, თავისი მოწყალებით მონაზონის ღვაწლი და შრომა მოიხსენა, არ მისცა ბოროტ ეშმაკს მისი ამპარტავნებით, ყველაზე ბოროტი ვნებით დაცემის უფლება. მონაზონი გონს მოეგო და გულში განიზრახა: წავალ რომელიმე ბერთან, ვეტყვი ჩემს გულისსიტყვას და რასაც მირჩევს იმას შევასრულებ, როგორც ღმრთისაგან სმენილს. მივიდა იგი ერთ სულიერ ბერთან. როგორც კი მის სენაკში შევიდა, შეხედა ბერმა და მის მხრებზე მჯდომი ორი მაიმუნი იხილა, მისთვის ყელზე ჯაჭვები მოებათ და თავ-თავისკენ ეწეოდნენ. ეს რომ იხილა, გულისხმაყო ბერმა ამის მიზეზი, რამეთუ ღმრთივსწავლული იყო. ამბორის შემდეგ დუმილით დასხდნენ, როგორც არის წესი მამათა. ამის შემდეგ უთხრა ძმამ ბერს: მამაო, იმისთვის მოვსულვარ, რომ ღმრთის ნება მასწავლო.
ბერმა მიუგო: შვილო, არა ვარ სხვისი სწავლების ღირსი, ჯერ მე მჭირდება სხვებისგან სწავლა. ძმა ევედრებოდა წმინდა ბერს: ნუ მეტყვი უარს, მამაო, რამეთუ ღმერთისთვის სიტყვა მიმიცია – რასაც მიბრძანებ, ისე მივიღო, როგორც უფლის ანგელოზისაგან სმენილი. მიუგო ბერმა: არ დამიჯერებ, შვილო და ამიტომ გეურჩები. ძმა იმასვე უმტკიცებდა: აღმითქვამს ისე გისმინო, როგორც ღმერთსო. მაშინ უთხრა ბერმა: აიღე ეს ფული, წადი ქალაქში, იყიდე ათი ლიტრა ხორცი, ათი ლიტრა პური, ათი ქსენტი ღვინო და აქ მოიტანე. აიღო ფული ჭაბუკმა მონაზონმა, წავიდა დამწუხრებული და გულში ამბობდა: რატომ მიყო ბერმა ეს საქმე? მნახავენ ახლა კაცნი ასე და დაბრკოლდებიან ჩემდამი. წავიდა იგი ქალაქში დიდი სირცხვილით, იყიდა ღვინო და პური ტირილით და ამბობდა: როგორ ვიყიდო ხორცი ჩემთვის ან სხვისთვის? ვერ შეძლო თვითონ ხორცის ყიდვა, იპოვა ერთი ერისკაცი, მისცა ფარულად ფული და ხორცის ყიდვა სთხოვა. უყიდა იმ კაცმა ხორცი, მოიკიდა ძმამ ყველაფერი და მივიდა ბერთან.
ბერმა უთხრა: ნუ დაივიწყებ შენს აღთქმას, რომელიც ღმრთის წინაშე აღმითქვი. აიღე ეს ყველაფერი, წადი შენს სენაკში, ლოცვის მსუბუქი კანონი აღასრულე, ყოველდღიურად ჭამე ერთი ლიტრა პური, ერთი ლიტრა ხორცი და სვი ერთი ქსენტი ღვინო. როდესაც დაილევა, ჩემთან მოდი. ეს რომ ძმამ მოისმინა, ემწარა, როგორც სიკვდილის სიტყვა, მაგრამ აღთქმის გამო ვერ ეურჩა. აიღო ტირილით საზრდელი, წავიდა თავის სენაკში და გოდებით ამბობდა: ვაი, მე უბადრუკს, როგორი მარხვიდან დავედი ამ ნაყროვანებასა და სისაძაგლემდე. ახლა რაღა ვქნა? თუ ბერის სიტყვას არ შევასრულებ, ღმრთის წინააღმდგომი ვიქნები. დაჯდა და თავის გულისსიტყვებს იკვლევდა, თავის აღთქმას იხსენებდა – როგორც ღმრთისაგან სმენილი ეგრე ვყო შენი სიტყვაო. ვერ გაბედა ბერის ბრძანების დარღვევა და ჭამის დროს ყველაფერს ცრემლით დაალტობდა, ლოცვას მოუმატა, განუწყვეტელი ტირილით შესტიროდა ღმერთს და ამბობდა: უფალო, არ ვიყავი შენი წყალობისა და შეწევნის ღირსი, ახლა ვიცი, რომ სამართლიანად მიმატოვე. მაშინ მიხედა ღმერთმა მის გლოვასა და სინანულს და განანათლა მისი გონება. მოვიდა იგი იმ ვნების გულისხმისყოფაში და შეიცნო ამ დღეში ჩავარდნის მიზეზი. ჰმადლობდა ღმერთს და წინასწარმეტყველის სიტყვას ამბობდა: „ყოველი სიმართლე ჩემი, ვითარცა ძონძი დედაკაცისა წიდოვანისაჲ არს შენ წინაშე, უფალო“ (ესაია 64,6); და კიდევ ამბობდა: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფსალმ. 126,1). მივიდა ბერთან. მისი სხეული ისე გამხდარიყო, თითქოს სრულიად არ მიეღო საზრდელი. როგორც კი იხილა ბერმა ამგვარად დამდნარი და დამდაბლებული, შეიწყნარა მხიარული სახით.
ილოცეს და დუმილით დასხდნენ. შემდეგ ბერმა თქვა: შვილო, კაცთმოყვარე ღმერთმა გადმოგხედა და მტერს შენი დაუფლების ნება არ მისცა. ბოროტს სჩვევია უფრო მეტად სიკეთის მიზეზით აცთუნოს ცხონების მსურველნი და მოღვაწეებს გული აღუმაღლოს. ჩააგონებს და არწმუნებს, რომ დიდ საზომს არიან მიწევნულნი, მერე კი დასცემს, რადგან ღმრთის წინაშე ამპარტავნებაზე საძაგელი არაფერია, და არც სიმდაბლეზე პატიოსანია რაიმე. ეს ორივე მეზვერისა და ფარისევლისაგან გულისხმაყავ, მთელი გულით მოიძულე ამპარტავნება და შეიყვარე სიმდაბლე, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „მსხვერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი, გული წმიდა და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (ფსალმ. 50,19); კვალად იგი იტყვის: „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან“ (ფსალმ. 114,6); და კვლავ უფალი ამბობს ესაია წინასწარმეტყველის მიერ: „ვის ზედა განვისუენო, არამედ მშვიდსა და მყუდროსა და რომელი ძრწის სიტყუათაგან ჩემთა“ (ესაია 66,2). ასე ასწავლა ახალგაზრდა მონაზონს წმინდა ბერმა სიმდაბლე, მერე ერთად ისადილეს და გაუშვა ბერმა ის ძმა მშვიდობით.
წავიდა ძმა და მას შემდეგ, როგორც ბერმა ასწავლა, საშუალო გზა დაიკავა, იმ ბერის მიერ მიცემული წესით ცხოვრობდა, სიმდაბლითა და სინანულით გაატარა ცხოვრების დღენი და სრული კაცი იქმნა, გულისხმისმყოფელი, წმინდა და ღირსი მამების საზომს მისწვდა.