დიაკონი: (საკურთხეველში) განსტეხე, მეუფეო, წმიდა პური.
მღვდელი განყოფს ოთხ ნაწილად წმიდა პურს შიშით და კრძალვით და იტყვის: განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღმრთისა, განიტეხების და არა განიყოფის, მარადის იჭამების და არა დაილევის, არამედ მზიარებელთა განსწმედს.
მღვდელი აიღებს „ქე“ (ქრისტე) ნაწილს და გაყოფს მას საზიარებელ მღვდელთმსახურთა რიცხვის მიხედვით.
დიაკონი მიუთითებს ორარით წმიდა ბარძიმზე: აღავსე მეუფეო წმიდა ბარძიმი.
მღვდელი აიღებს „იე“ (იესო) ნაწილს, ამით გამოსახავს ჯვარს წმიდა ბარძიმის თავზე და ჩაუშვებს ბარძიმში მას სიტყვებით: აღვსება სულისა წმიდისა.
დიაკონი: – ამინ მიუტანს მღვდელს ტაკუკით მდუღარებას და იტყვის: აკურთხე, მეუფეო, მდუღარებაი.
მღვდელი აკურთხებს: კურთხეულ არს მდუღარებაი შენთა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიაკონი ჩაუშვებს ბარძიმში მდუღარებას ჯვრის სახით სიტყვებით: მდუღარება სარწმუნოებისა, აღვსება სულისა წმიდისა, ამინ.
მღვდელთმსახურნი აღასრულებენ მეტანიას წმიდა ტრაპეზის წინ, ერთმანეთის მიმართაც და ითხოვენ შენდობას. მეტანიას აღასრულებენ აგრეთვე ტაძარში მყოფ მორწმუნეთა მხარესაც სიტყვებით: შეგვინდეთ მამანო და ძმანო. შემდეგ ისევ აღასრულებენ მეტანიას სიტყვებით: აჰა, ესერა მოვალ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩემისა.
მღვდელი: დიაკონო, მოვედ.
დიაკონი ემთხვევა წმიდა ტრაპეზს და მღვდლის ხელს, მიიღებს წმიდა პურს და იტყვის: მომეც მე, მეუფეო, პატიოსანი და წმიდა ხორცი უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა” იესო ქრისტესი.
მღვდელი: (სახელი) სამღვდელოსა დიაკონსა მოგეცემის პატიოსანი და წმიდა და უხრწნელი ხორცი უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი, მოსატევებელად ცოდვათა შენთა და ცხოვრებად საუკუნოდ.
მღვდელიც აიღებს წმიდა პურის ნაწილს: პატიოსანი და ყოვლადწმიდა ხორცი უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი მომეცემის მე (სახელი) მღვდელსა, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა და ცხოვრებად საუკუნოდ.
მღვდელთმსახურნი ლოცულობენ: მრწამს,უფალო,და აღვიარებ,რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს, თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, მეცნიერებით და უმეცრებით, და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.
სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე; რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, და არცა ამბორს გიყო ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ: მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა.
რათა არა სასჯელად გინა დასასჯელად მექმნას მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა. ამინ.
მღვდელი ეზიარება წმიდა ბარძიმიდან და ლოცულობს: პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა "იესო ქრისტესა" ვეზიარები მე, მონა ღმრთისა, მღვდელი (სახელი), მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ. (ემთხვევა ბარძიმის კიდეს) და იტყვის: ესერა შეეხო ბაგეთა ჩემთა, და მომიტევებს უსჯულოებასა ჩემსა, და ცოდვასა ჩემსა განწმენდს.
(ასევე ეზიარება დიაკონი).
ამის შემდეგ მღვდელი წმიდა პურის (ტარიგის) „ძლ“ და „ვა“ (ძლევა) ნაწილებს დაყოფს მაზიარებელი მრევლისთვის და ჩაუშვებს ბარძიმში.