მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდლის ლოცვა ზიარების დამთავრების შემდეგ

 

ზიარების დამთავრების შემდეგ მღვდელი აღამაღლებს წმიდა ბარძიმს, შედის საკურთხეველში, ტრაპეზზე დააბრძანებს ბარძიმს. დიაკონი ფეშხუმზე მოთავსებულ წმიდა ნაწილებს ჩაუშვებს ბარძიმში და ამბობს აღდგომის მუხლებს:

 

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ; რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯვრისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა ჩვენთვის, და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.

 

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ და აწ შენცა იშვებდი, ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

 

ჰოი, პასექო დიდო და სამღვდელო, ქრისტე: ჰოი სიბრძნეო, და სიტყვაო ღმრთისაო, და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი შენთა მზიარებელთა სერობა, დღესა სუფევისა შენისასა.

 

წმიდა ბარძიმში ჩაუშვებს აგრეთვე ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზე ამოღებულ სეფისკვერთა ნაწილებს და იტყვის: მიუტევენ, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენებულთა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთათა.

 

შემდეგ მღვედელთმსახურნი ლოცულობენ: გმადლობ შენ, მეუფეო, კაცთმოყუარეო, ქველისმოქმედო სულთა ჩვენთაო, რამეთუ მოწევნულსაცა ამას დღესა ღირს-მყუენ ჩვენ, ზეცისათა შენთა უკვდავთა საიდუმლოთა, მართლმკვეთელ-ყვენ გზანი ჩვენნი, დამამტკიცენ ჩვენ შიშსა შინა შენსა ყოველნივე, შეიცევ ცხოვრებაი ჩვენი,უცთომელ-ჰყვენ სვლანი ჩვენნი, ლოცვითა და ვედრებითა წმიდისა და დიდებულისა ღმრთისმშობელისა, და მარადისქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმინდათა შენთათა.