მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

კატავასიები

 

კატავასია (ბერძ. ჩამოსვლა, გამოსვლა, დათანხმება) ეწოდება ძლისპირს, რომლითაც მთავრდება კანონის თითოეული გალობა.
ორივე მხრის მგალობლები შუა ტაძარში იკრიბებიან და ერთად გალობენ კატავასიას (სახელწოდებაც აქედანაა).

 

რიგითი კატავასიები და მათი გალობის პერიოდები

 

ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან პირველ აგვისტომდე იგალობება „აღაღე პირი ჩემი”.

 

1/14 აგვისტოდან ჯვართამაღლების წარგზავნამდე – „ჯუარი დასახა მოსე“.

 

ფერისცვალების დღესასწაულზე და მისვე წარგზავნაზე – „ჯუარი დასახა მოსე“,
ხოლო ფერისცვალების შემდგომ დღესასწაულებზე წარგზავნამდე – „მწყობრი ისრაელთაი რაი განვიდა”.

 

ღმრთისმშობლის მიძინების წინადღესასწაულებიდან ვიდრე დღესასწაულის წარგზავნამდე - „პირად-პირადად შემკობილმან მან“.

 

ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნიდან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულამდე (21 ნოემბერი / 4 დეკემბერი) - „აღაღე პირი ჩემი”.

 

ტაძრად მიყვანების დღესასწაულიდან ვიდრე ქრისტეს შობის წარგზავნამდე (1/14 იანვრამდე) – „ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ“.

 

1/14-დან 13/26 იანვრამდე (ნათლისღების წარგზავნამდე) – „განაპო სიღრმე ზღვისა”.

 

15/28 იანვრიდან მაცხოვრის მირქმის დღესასწაულის წარგზავნამდე – „უქმი ქვეყანაი”.

 

მეზვერისა და ფარისევლის კვირას, თუ არც წინა და არც შემდგომი დღესასწაულია, იგალობება – „აღაღე პირი ჩემი“,
ხოლო თუ წინადღესასწაული ან შემდგომი დღესასწაულია - მაშინ დღესასწაულის კატავასია.

 

უძღები შვილის, ხორციელისა და ყველიერის კვირიაკეთა ზედა - კატავასია მარხვანისა.
თუ ამ კვირიაკეთ დაემთხვევა წინადღესასწაული ან შემდგომი დღესასწაული, ან მაცხოვრის მირქმა ან მისი წარგზავნა, მაშინ კატავასია „უქმი ქუეყანაი“,
ხოლო თუ ხორციელის კვირას დაემთხვევა წინა ან შემდგომი დღესასწაული მირქმისა, იგალობება კატავასია მარხვანისა.

 

დიდმარხვის 1 კვირას – კატავასია მარხვანისა.

 

მე-2, მე-4 და მე-5 კვირას დიდი მარხვისა „აღაღე პირი ჩემი“,
იგივე კატავასია იგალობება, როცა დიდმარხვის შვიდეულის დღეებში (გარდა ვნების შვიდეულისა) დაემთხვევა ღმრთისმშობლის ან დიდი წმინდანის დღესასწაული.

 

დიდმარხვის მე-3 კვირიაკეს – კატავასია მარხვანისა.

 

ბზობის კვირიაკეს და ვნების შვიდეულში – კატავასია მარხვანისა,

 

პასექის კვირიაკიდან მის წარგზავნამდე - „აღდგომისა დღე არს“,
განზოგებას - კატავასია განზოგებისა,
პასექის წარგზავნაზე – „მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა“.

 

მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულზე და მის წარგზავნაზე - „საღმრთომან ნისლმან“.
ამაღლების შემდგომ ვიდრე წარგზავნამდე – „მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა”,
მხოლოდ აღდგომიდან მე-7, წმიდათა მამათა კვირიაკეს იგალობება – „საღმრთომან ნისლმან“.

 

სულისა შაბათს - კატავასია ზატიკისა.

 

სულისა წმიდისა გარდამოსვლიდან (მარტვირიიდან) ვიდრე წარგზავნამდე - „საღმრთომან ნისლმან“.

 

ყოველთა წმიდათა კვირიაკეს – „აღაღე პირი ჩემი“.

 

 

 

„აღაღე პირი ჩემი“ ხმაი 4

 

1-ლი: აღაღე პირი ჩემი, და აღავსე იგი მადლითა, აღმოთქუას გულმან ჩემმან დიდება დედოფლისა, და შევამკობდე დღესასწაულსა მისსა, ბრწყინვალედ შვენიერსა და გვირგვინოსანსა.

 

მე-3: მგალობელნი შენნი ღმრთისმშობელო, წყაროო უკვდავებისაო განწყობილნი გაქებენ შენ, სულითა განაძლიერენ, და დღესასწაულსა შენსა ღირსებით გვირგვინოსან-ჰყვენ.

 

მე-4: განზრახვა საიდუმლო, შობა შენი ქალწულისაგან, დამბადებელო, რაჟამს იხილა დაუკვირდა ამბაკომს ქრისტე და შიშით ღაღადებდა, დიდება ძალსა შენსა, უფალო.

 

მე-5: საღმრთოისა დიდებისა შენისათვის განცვიფრდეს ყოველნი, რამეთუ შენ, უქორწინებელო, მუცლად ილე საშოსა ღმერთი ყოველთა ზედა, და ჰშევ ყოველთა მღაღადებელთა შენთა მომცემელო მშვიდობისაო.

 

მე-6: საღმრთოსა ამას დღესასწაულსა აღმასრულებელნი, ღმრთისა დედისასა, მოვედით ღმრთივგანბრძნობილნო, და ხელითა აღვიტყველნეთ, და მისგან შობილსა ღმერთსა ვადიდებდეთ.

 

მე-7: არა მსახურეს დაბადებულთა ღმერთშემოსილთა დამბადებელისა წილ, და შეურაცხყვეს ცეცხლი შემწველი სატანჯველი, და ესრეთ იტყოდეს, ამაღლებულო ღმერთო, მამათა ჩვენთაო, უფროსად კურთხეულ ხარ შენ.

 

მე-8: ყრმანი ბრწყინვალენი სახმილისაგან პირველად იხსნა შობილმან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ხსნა ჩვენი საცდურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტეოდეთ, უფალსა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

მე-9: ყოველნი ტომნი ქვეყანისანი იხარებენ დღეს, და სულითა დღესასწაულობენ გუნდნი ზეცისა უსხეულოთანი დიდებით მუცლად ღებასა ყოვლად უბიწოსასა და იტყვიან: გიხაროდენ, მარადის ქალწულო მარიამ სასუფეველსა.

 

 

„ჯუარი დასახა მოსე“ ხმაი 4

 

1-ლი: ჯუარი დასახა მოსე კუერთხისა ცემითა, რაჟამს განუღო მეწამული განსავალად ისრაელთა, ხოლო შერწყმასა მისსა ფარაოის ეტლთა ზედა გამოისახვოდა ძლიერი საჭურველი, ამისთვისცა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა უგალობთ დაუცხრომელად, რამეთუ ღიდებულ არს.

 

მე-3: საწამებელად ჯუარისა ოდესმე რთხი გამოჩნდა, რაჟამს ნაყოფმან მისმან აღაყუავილა პატივი მღდელისა და ეკლესიისა, და ბერწყოფილმან გამოიღო სიმტკიცეი და სიქადული.

 

მე-4: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

 

მე-5: სამ-გზის სანატრელო ძელო, რომელსა ზედა ჯვარს-ეცუა მეუფე და ღმერთი შენი და დასცა პირველისა ძელისა საცთური, ხორცითა დამსჭვალულმან სიკუდილი დაითმინა ჩუენთვის, რომელმან მოსცა სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

 

მე-6: ზღუისა მხეცისა მუცელსა იყო რაი, იონა ჯუარის სახედ ხელნი განიპყრნა და მოასწავა ვნებაი მხსნელისაი და სამ-დღე დაფლვაი, და გამოაჩინა უზეშთაეს ბუნებისა აღდგომაი წარმოგდებითა მით ვნებულისა მის ხორცითა ქრისტეს ღმრთისა, რომელმანცა აღდგომითა იხსნნა დაბადებულნი.

 

მე-7. ბრძანებამნ მზაკუვარისა მძლავრისამან სიქადულით ღმრთის-მოძულისამან, ზარგანხდილ-ყო უსჯულოი ერი, ხოლო სამნი იგი ყრმანი ვერ შეაძრწუნნა მხეცებრ მძვინვარებამან, არცაღა ცეცხლისა ზარმან, არამედ შეცურეულნი ზეგარდამო კადნიერად ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

მე-8: ქებით აკურთხევდით, სამებისა რიცხუნო ყრმანო, დამბადებელსა ღმერთსა და მამასა აქებდით და ძესა მხოლოდ-შობილსა, რომელმან დაშრიტა სახუმილი ცეცხლისაი, და ამაღლებდით ცხორების მომნიჭებელსა სულსა წმიდასა უკუნისამდე.

 

მე-9: საიდუმლო სამოთხე ხარ, ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ხოლო ჩუენ, ჯუარითა ცხორებაშემოსილნი, ქუეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა ამისთვის აწ აღვამაღლებთ, თაყუანის-ვსცემთ მას და შენ გადიდებთ.

 

 

„მწყობრი ისრაელთაი“ ხმაი 4

 

1-ლი: მწყობრი ისრაელთაი რაი განვიდა ფერხითა დაულტოლველითა ზღუასა მეწამულსა, იხილნა აღჭურვილნი მტერნი მათნი ეტლებითურთ სიღრმესა დანთქმულნი, სიხარულით ღაღად-ყო და თქუა: უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, რომელიცა დიდებულ არს.

 

მე-3: მშუილდი ძლიერთაი მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა მაღლისაითა, ამისთვისცა განძლიერდა დღეს უფლისა მიმართ გული ჩემი.

 

მე-4: მესმა სმენაი შენი დიდებული, განვიცადენ საქმენი შენნი, ქრისტე, და დამიკვირდა, რაჟამს იშევ შენ ქალწულისაგან ხსნად მგალობელთა შენთა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

 

მე-5: რომელმან განჰკუეთე, ქრისტე, პირმშოი სიბნელისაი მის ნათლითა, რაითა გადიდონ მხოლოი დაბადებულთა შენთა, ნათელსა შენსა წარგვიმართენ სლვანი ჩუენნი.

 

მე-6: ჭირსა ჩემსა ვღაღადებ სულთ-თქუმით უფლისა მიმართ, და ისმინა ჩემი ღმერთმან, მაცხოვარმან ჩემმან.

 

მე-7: აბრაამიანთა ყრმათა ბაბილოვნისა ცეცხლი სარწმუნოებით მოაუძლურეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

 

მე-8: ბაბილონს ყრმანი შურითა საღმრთოითა სახუმილებრ აღეტყინნეს, და სიქადული მძლავრისაი მის და ალი ახოვნად დათრგუნეს და შორის ცეცხლისა სდგეს და გალობით ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

 

მე-9: შობაი შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.

 

 

„პირად-პირადად შემკობილმან მან“ ხმაი 1

 

1-ლი: პირად-პირადად შემკობილმან მან საღმრთოითა მით დიდებითა, ქალწულო წმიდაო, სახსენებელმან შენმან ყოველნი მორწმუნენი დღეს სიხარულად შემოკრიბნა, რაითა განწყობილნი ძნობითა აქებდნენ დღესასწაულსა შენსა, რამეთუ დიდებულ არს.

 

მე-3: ყოვლისა მპყრობელი და დამბადებელი ყოველთაი, სიბრძნე იგი და ძალი ღმრთისაი, განმაძლიერებელი ეკლესიათაი შეურყეველად, შენ თავადი ხარ, ქრისტე, ღმერთი ყოველთაი, რომელი წმიდა არს.

 

მე-4: იგავმან წინაისწარმეტყუელთამან განკაცებაი შენი, ქრისტე, ქალწულისაგან ქადაგა, ნათელი ბრწყინვალეი კაცთა ნათესავსა აჩუენა, და უფსკრულით ღაღადებს და გალობით იტყვის: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.

 

მე-5: ბრწყინვალედ შუენიერებასა ღმრთეებისა შენისასა, ქრისტე, მიუთხრობთ: დიდებაი ბუნებითი დაუსაბამოი, სამარადისოი მის თანა გამოჰბრწყინდი საშოისაგან ქალწულისა, მზე იგი სიმართლისაი მსხდომარეთათვის ბნელსა და აჩრდილთა.

 

მე-6: ცუდ იქმნა სიმხურვალე იგი განმხრწნელი მუცლისაი სიღრმეთა მათ ვეშაპისათა და სახედ გამოჩნდა აღდგომისათვის შენისა, იონა ხსნილი შთანთქმისა მისგან და ღაღად-ყო ხმითა საგალობელითა: შევსწირავთ შენდა მსხუერპლსა ქებისასა, უფალო.

 

მე-7. გულის-წყრომასა მძლავრისასა შური საღმრთოი რაი წინა-აღუდგა და გარდაცვალა ცეცხლი იგი შემწუელი ცუარად და რისხვაი სიხარულად და სამძალითა შემასხმელითა ღმრთისა ებანთა თანა გალობით იტყოდა სახიობასა ამას, ღაღადებდა: მამათა ჩუენთა ღმერთო, მარადის კურთხეულ ხარ.

 

მე-8: ალი შემაცურეველი ღირსთა, ხოლო ბოროტ-მსახურთა შემწუელი ანგელოზმან ღმრთისამან ყოვლად-ძლიერმან ოდესმე აჩუენა რაი ყრმათა, ხოლო ცხორება-შემოსილმან წყარომან ყო ღმრთისმშობელი მხრწნელ სიკუდილისა და მადინებელ ცხორებისა მგალობელთა: შემოქმედსა მხოლოსა უგალობდეთ ხსნილნი და უფროისად აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

 

მე-9: ძლეულ იქმნნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთვის, ქალწულო უსძლოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი, ცხორების მომცემელი, და შემდგომად შობისაცა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

 

 

„ქრისტეს შობასა“ ხმა 1

 

1-ლი: ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ, ქრისტესა ზეცისასა მივეგებვოდეთ, ქრისტესა ჩუენ, ქუეყანისანი, აღვამაღლებდეთ ღმერთსა და დიდებულსა და აწ სიხარულით უღაღადებდეთ, ერნო, რამეთუ დიდებულ არს.

 

მე-3: წინა-საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა და ქალწულისაგან განხორციელებულსა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, უღაღადებდეთ: რომელმან აღამაღლე რქაი ჩუენი, წმიდა ხარ შენ, უფალო.

 

მე-4: კუერთხი იესეს ძირისაგან აღმოსცენდი შენ, ქრისტე, მთისაგან წმიდისა ქალწულისა და მაღნარით გამოხვედ განხორციელებული სძლისაგან უქორწინებელისა, ღმერთი უსხეულოთაი, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

 

მე-5: ღმერთი ხარ მშვიდობისაი და მამაი მოწყალეი და დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანა-მზრახველი მომივლინე ჩუენ, რომელი მიმიძღუა ჩუენ ნათლად და უღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობლად შენდამი, კაცთ-მოყუარე.

 

მე-6: პირველ იონა, შთანთქმული მხეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად და ქალწულისა მუცელსა სიტყუაი ღმრთისაი განხორციელდა და მშობელი თვისი დაიცვა უხრწნელად, ხოლო ბუნებანი შეიცვალნა, ვითარცა ინება და გუაცხოვნნა ჩუენ.

 

მე-7: ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი წინა-აღუდგეს მძლავრსა მას და არა შეშინდეს იგინი სიმძაფრისა მისგან ცეცხლისა, არამედ შორის ალსა დგეს და ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

მე-8: სახუმილი შეცურეული სახედ გამოჩნდა საკვირველებათა მითხრობისა, ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შეწუნა ყრმანი, მძლავრ–შეთხეულნი, ეგრეთვე ქალწული დაიცვა ღმრთეებისა ცეცხლმან და ჩუენ ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი „უფლისანი უფალსა და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

მე-9: საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილეთ: ქუაბი ცათა ემსგავსა, ქლწული – ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქნა სამყაროსა რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ.

 

 

„განაპო სიღრმე ზღუისაი “ ხმა 2

 

1-ლი: განაპო სიღრმე ზღუისაი ბრძანებით და ხმელად განიყვანნა რჩეულნი, ხოლო მას შინა დაანთქნა მტერნი მათნი ძლიერმან ძალითა ბრძოლასა უფალმან, რამეთუ დიდებულ არს.

 

მე-3: რომელმან მოსცა ძლევაი მეფესა ჩუენსა უფალმან, ესე იშვა ქალწულისაგან მიუწთომელი ბუნებითა, და ნათელ-იღო იორდანესა, ამას უღაღადებდეთ დღეს: არავინ არს წმიდაი, ვითარ ღმერთი ჩუენი.

 

მე-4: სმენა მესმა, უფალო, ხმისა შენისაი, რომელ არს ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა, ქადაგი ქუხილისაი ზეგარდამო წყალთა ზედა მრავალთა, წამებასა შენსა ძისათვის აღივსო სულითა და თქუა: შენ ხარ ქრისტე, სიბრძნე ღმრთისა და ძალი მისი.

 

მე-5: იესუ მთავარი მშვიდობისაი მოვიდა დღეს დახსნად პატიჟთა ადამ პირველ-ქმნულისა, არა უნდა მას განწმედაი, ვითარცა ღმერთ არს, არამედ განწმიდნა წყალნი იორდანისანი და მათ შინა დაანთქა მტერობაი იგი პირველი და მშვიდობაი მოგუმადლა.

 

მე-6: ხმაი სიტყვისა ღმრთისაი, სასანთლეი ნათლისაი, მთიები მზისაი უდაბნოს უღაღადებდა მოსრულთა მისდა: შეინანეთ და განიშორეთ ბოროტი, დღეს მოვიდა ქრისტე ხსნად დაბადებულთა თვისთა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა.

 

მე-7: ყრმანი წმიდანი სახუმილსა ცეცხლისასა შეითხინეს და შეცურეულნი ცუარითა უვნებელად დაიცვებოდეს მოსლვითა ანგელოზისა ღმრთისაითა, და სიხარულით განბრწყინვებულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფროისად ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

მე-8: საიდუმლოი დიდებული ბაბილონს შინა სახუმილმან აჩუენა ცუარისა ცურევითა, რამეთუ მოასწავა წყალთა იორდანისათა შთასლვად ცეცხლი უსხუეულოი, ნათლის-ღებაი ქრისტესი ხორცითა, რომელსა ვაკურთხევთ ჩუენ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

 

მე-9: ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაერ ქუეყანისანი, და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთის-მშობელო, რამეთუ უზეშთაეს იქმენ, შეიწირე სარწმუნოებაი ჩუენი, უწყით სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტეანობისასა გადიდებთ.

 

 

„უქმი ქუეყანაი" ხმა 3

 

1-ლი: უქმი ქუეყანაი, სამკვიდრებელი ზღუათაი, იხილა მზემან პირველ, რაჟამს აღზღუდნეს ღელვანი და შეჰყინდეს ორკერძოვე და ერი ღმრთისაი წიაღსრული სიხარულით ღაღადებდა: უგალობდით უფალსა, რომელიცა დიდებულ არს.

 

მე-3: მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო, დაამტკიცე ეკლესიაი შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა.

 

მე-4: ქრისტე ღმერთო, ცანი კეთილთა შენთა დაფარნეს, რაჟამს კიდობნისა მისგან სიწმიდისაით მოხუედი სოფლად სიმდაბლით ჩუენთვის და, ვითარცა ჩჩვილი, გიხილეს შენ ღმერთი ყოველთა დაბადებულთაი, აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა.

 

მე-5: ჩუენებით ესაია იხილა რაი უფალი, საყდართა ზედა მჯდომარე და გარე-შეცვული ანგელოზთა მიერ, ღაღად-ყო: ჰოი უბადრუკსა, რამეთუ ვიხილე ღმერთი ხორცითა, ნათელი ბრწყინვალეი და მთავარი მშვიდობისაი.

 

მე-6: ხმა-ვყავ შენდამი დამძიმებულმან ტვირთითა ცოდვათა ჩემთაითა, შეისმინე ჩემი და წყალობა ყავ, მაცხოვარო.

 

მე-7: ღმრთისა სიტყუასა, რომელმანცა ცეცხლსა შინა შეაცურივნა სამნი ყრმანი ღმრთისმეტყუელნი, და ქალწულმან შვა, შევამკობდეთ ყოველნი და ესრეთ ვღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

მე-8: მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა და ალისაგან არა ევნო და გალობით იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

მე-9: წერილთა მიერ შჯულისათა მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირველ საშოისა განმღებელი, წმიდაი უფლისაი იწოდოს, აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშოი ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.

 

 

„აღდგომისა დღე არს“ ხმა 1

 

1-ლი: აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო, პასქაი უფლისაი, პასქაი, რამეთუ სიკუდილისაგან ცხორებად და ქუეყანისაგან ცად მიმართ ქრისტემან ღმერთმან მიმცვალნა ძლევისა მგალობელნი დღეს.

 

მე-3: მოვედით და ვსუათ სასუმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან-ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყაროი, ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით.

 

მე-4: საღმრთოსა სახუმილავსა ზედა საღმრთოი მეტყუელი ამბაკუმ დეგინ ჩუენ თანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისაი, ბრწყინვალედ მეტყუელი ესრეთ: ცხორებაი სოფლისაი არს დღეს, რამეთუ აღდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი.

 

მე-5: აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მას მსთუად და მიჰრონთა წილ გალობაი მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხორებისად ქრისტე, ყოვლად აღმობრწყინვებული.

 

მე-6: შთახედ შენ ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შეჰმუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებისანი და სამ დღე მკუდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

 

მე-7: რომელმან ყრმანი იხსნა სახუმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო, ვითარ მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი, მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზეშთა ამაღლებულმან.

 

მე-8: ესე არს წმიდაი და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე ესე ერთშაბათთაი და დედოფალ და უფალ, და დღესასწაულთა დღესასწაული და კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ.

 

მე-9: განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაი უფლისაი შენ ზედა აღმობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ, სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

 

 

"მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა“ ხმაი 5

 

1-ლი: მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი თვისი ზღუასა და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

 

მე-3: ძალითა ჯუარისაითა, ქრისტე, განმაძლიერე დიდებად შენდა, რაითა უგალობდე მარადის ღმრთეებასა შენსა, მოწყალე.

 

მე-4: სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისაი, ქრისტე, რომლისა მიერ სამოთხე განაღე, და გიღაღადებ: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

 

მე-5: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუაი ღმერთი არა ვიცით.

 

მე-6: გარე-მომიცვეს ღელვათა და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისათ და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთ-მოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

 

მე-7: რომელმან იხსნენ ყრმანი სახუმილისაგან, მგალობელნი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

მე-8: მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა და აღსასრულსა ჟამთასა ქალწულისაგან ხორციელ-ქმნულსა, მღუდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

მე-9: ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათაი, უჟამოი, გამოუთქუმელი, ამისთვის, უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

 

 

„საღმრთომან ნისლმან“ ხმა 4

 

1-ლი: საღმრთომან ნისლმან დაფარა ენამძიმე და აღიტყუა იგი შჯულსა ღმრთივწერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულისხმოი გონებისა თუალთაი და მოიღო მან. სულიერი გალობაი პატივად ღმრთისა მიერ.

 

მე-3: ლოცვამან ანა წინაისწარმეტყველისამან, რაჟამს იგი დამდაბლნა წინაშე ღმრთისა, განხსნა საკვრელი ბერწისა მის მუცლისაი, და მოსპო ყუედრებაი სულისა თვისისაი მუცლადღებითა კაცისა მის ღმრთისაითა.

 

მე-4: შენ,მეუფეო მეუფეთაო ღმერთო, სიტყუაო, რომელი მამისაგან იშევ, მხოლოი მხოლოისა მიერ, ვითარცა ღმერთ ხარ, სული შენი სახიერი თანასწორი მომეც მონათა, ძალსა შენსა დიდებაი.

 

მე-5: მოვედით დღეს, შვილნო ეკლესიისანო, და განათლდით თქუენ მადლითა სულისაითა, რომელ არს მსგავს ცეცხლისა, შემწუელ ცოდვისა, რომლისა მიერ სიონით ვიცანთ შჯული, ცეცხლისა ენათაგან დამტკიცებული.

 

მე-6: შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგვიბრწყინდი სიტყუაი ღმრთისაი ხორცითა ქალწულისაგან, რაითა შთანთქმული ადამ აღმოიყვანო იონაის სახედ, ნათესავითურთ თვისით, მუცლისა მისგან მხეცისა მომსრველისა.

 

მე-7: მძლავრმან მიმძლავრებულმან ხმა-ყო ძლიერად თაყუანისცემად ხატსა მას ოქროისასა, ხოლო მადლი სულისაი მიმიძღუების ჩუენ მონებად ღმრთისა სამებით ცნობილისა, რაითა უღაღადოთ მას: ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

მე-8: სამსახეობაი სამებისაი სამთა მათ ალსა შეაცვრევს და კრულებასა განხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ იტყვიან: დამბადებელო და მხსნელო ყოველთაო, აღგამაღლებთ შენ.

 

მე-9: გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებაი ვერ შემძლებელ არს ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

 

 

„ეტლთა მფლობელი ფარაო“ ხმაი 8

 

1ლი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა, და განუღო ზღუა მეწამული,და ისრაილნი იხსნნა, განმავალად მეტყუელნი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ-არს.

 

მე-2: იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი, მხსნელი თქუენი, რომელი პირველ-საუკუნეთა მამისაგან ვიშევ უდედოდ, და აღსასრულსა ჟამთასა განვკაცენ ქალწულისაგან, რაითა დავჰხსნე წყევაი პირველი ადამისი, ვითარცა კაცთმოყუარე ვარ.

 

მე-3: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო, წყალთა ზედა, დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდა შენებრ, კაცთ-მოყუარე.

 

მე-4: ამხედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა, უფალო, და აღვირნი მათნი ძლიერად ხელთ-ისხენ, მხედრობაი შენი ცხოვრებაი არს მორწმუნეთა, რომელნი ღაღადებენ: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

 

მე-5: ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარმართე სლვაი შენი, გევედრები.

 

მე-6: მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ, ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

 

მე-7: ყრმათა ღმრთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროისასა,და მით სახმილსა შეითხივნეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

მე-8: შვიდ-წილ აღაგზნა სახმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათვის გულის-წყრომითა; რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ჰყო: აკურთხევდით ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

მე-9: განკვირდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა; ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.