მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

შესვლა საცეცხლურით.

 

 

დიაკონი: „აწდა“-ზე აღებს აღსავლის კარს და აღესრულება „შესვლა“ საცეცხლურით; საკურთხეველში.

 

დიაკონი: მიიღებს რა საცეცხლურს, მივა მღვდელთან კურთხევისათვის მარჯვენა მხრიდან და ეტყვის: „აკურთხე მეუფეო საცეცხლური". მიიღებს რა კურთხევას, მღვდელთან ერთად ემთხვევა წმიდა ტრაპეზის კიდეს და გამოდიან ჩრდილოეთ კარიდან. წინ მიუძღვით მნათე ანთებული სანთლით. მნათე დგება შუა ტაძარში ანალოღიის წინ.

 

მღვდელი ჩერდება აღსავლის კარის წინ, ხოლო დიაკონი მის მარჯვნივ. უპყრია რა ორარი მარჯვენა ხელით, დიაკონი დაბალ ხმაზე მიმართავს მღვდელს: „უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

 

მღვდელი: მწუხრი, დილეულ და სამხრად, გაქებთ, გაკურთხებთ, გმადლობთ და გევედრებით შენ, მეუფეო ყოველთაო: წარმართე ლოცვაი ჩვენი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და ნუ მისდრეკ გულთა ჩვენთა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, არამედ გვიხსნენ მომნადირებელთაგან სულისა ჩვენისათა, რამეთუ შენდა მომართ, უფალო, უფალო, თვალნი ჩვენნი შენ გესვიან და ნუ გვარცხვენ ჩვენ, უფალო ღმერთო ჩვენო:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

შემდგომად ლოცვისა მღვდელი მოიდრეკს ქედს, ხოლო დიაკონი უჩვენებს რა ორარი აღმოსავლეთისკენ, ეტყვის მღვდელს: „აკურთხე მეუფეო, წმიდა შესავალი“. მღვდელი აკურთხევს ჯვრის სახედ აღმოსავლეთით „კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთათა, უფალო“. დიაკონი ჩუმად იტყვის: „ამინ“ და უკმევს მღვდელს.

 

დიაკონი შემდგომად დოგმატიკონის გალობისა, დადგება მღვდლის წინ აღსავლის კართან და გამოსახავს რა საცეცხლურით ჯვარს, ხმამაღლა იტყვის: „სიბრძნით აღემართენით“.