მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

შემდგომად ნეტარიანისა, დიდი მარხვის მეორე შაბათიდან ვიდრე ლაზარობამდე
და კუალად, ოდესცა ვის ენებოს შაბათობით მოხსენებაი მიცვალებულთა

 

კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

 

კრებულმან წმიდათამან იპოვა წყაროჲ ცხოვრებისაჲ და კარი სამოთხისაჲ; მომმადლე მეცა, სახიერ, პოვნად გზაჲ იგი სინანულისაჲ, მე ვარ ცხოვარი იგი წარწყმედული, მომიძიე მონაი შენი, მაცხოვარ, და შემიწყალე მე.

 

კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

 

ტარიგი ღმრთისაჲ გვიქადაგეთ და მისთვის დაიკლენით ვითარცა კრავნი, წმიდანო, და სამარადისოსა მას ცხორებასა დაუსრულებელსა მიიცვალენით, მას ევედრენით წადიერად, რაითა მოგვიტევნეს თანანადებნი ბრალთა ჩვენთანი მეუფემან.

 

კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

 

რომელთა გზაჲ იგი იწროჲ და საჭიროჲ ჰპოეთ სოფელსა შინა, რომელთა ჯვარი ჩემი ვითარცა უღელი სულმცირეჲ იტვირთეთ და შემომიდექით მე სარწმუნოებით, მოვედით და მიიღეთ, რომელნი-იგი განგიმზადებენ თქვენ სამკაულნი ზეცისანი და გვირგვინნი დაუჭნობელნი.

 

კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

 

ხატი ვარ უსაზღროისა დიდებისა შენისაჲ, მეუფეო, დაღაცათუ მმოსიან მე წყლულებანი შეცოდებათანი, არამედ შემიწყალე ქმნილი შენი, და განწმიდე სახიერებითა შენითა, და საწადელისა მის მამულისა მკჳდრობაჲ კუალად მომანიჭე მე.

 

პირველად უკუე ოდესმე არარაისაგან არსად დამბადე მე, და ხატებითა შენითა საღმრთოითა პატივ-მეც, ხოლო გარდასვლითა მცნებათა შენთაითა კუალად მიწადვე მიმაქციე, ვინაიცა დავიბადე, არამედ ჯეროვნად აღმომიყვანე და პირველსავე პატივსა ღირს-მყავ.

 

კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

 

განუსვენე, ქრისტე ღმერთო, მონათა შენთა მიცვალებულთა, და დააწესენ იგინი სამოთხესა მას საშვებელისასა, სადა-იგი არიან კრებულნი წმიდათანი, და მართალნი ბრწყინვენ, ვითარცა მნათობნი, რომელნი შეივედრენ, შეიწყალენ, სახიერ და აღხოცენ ცოდვანი მათნი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

სამბრწყინვალებასა ერთღმრთეებისასა სარწმუნოებით უგალობდეთ, ერნო, და ღაღად-ვჰყოთ: წმიდა ხარ მამაო დაუსაბამოო, და თანადაუსაბამოო ძეო, და სულო ცხოველსმყოფელო, განმანათლენ, რომელნი სარწმუნოებით გმონებთ შენ, და საუკუნოისა მის უშრეტისა ცეცხლისაგან მიხსნენ ჩუენ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

გიხაროდენ ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, ყოველთა მაცხოვარი, რომელი ჩუენთვის კაც იქმნა მოწყალებით, და კაცებითა მისითა ვპოეთ ცხორებაი დაუსრულებელი, რამეთუ შენ მიერ ღირს ვიქმნენით პოვნად სამოთხისა შუებასა, ღმრთისმშობელო, მარადის კურთხეულო.

 

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა.