ხმა 1-ლი:
უფალო ღაღად-ვჰყავ შემდეგ
ყოვლისა სოფლისა დიდებასა, კაცთაგან გამოსრულსა, და მეუფისა მშობელსა, ზეცისა ბჭესა, ვუგალობდეთ მარიამ ქალწულსა, უხორცოთა საქებელსა, და მორწმუნეთა სამკაულსა; ესე მხოლო გამოჩნდა ცად და ტაძრად ღმრთაებისა, ამანვე შუა კედელი მტერობისა დახსნა, და მშვიდობა მოგვართვა და სასუფეველი განგვიღო; ესე მხოლო გვაქუნდინ ჩუენ სარწმუნოებისა სიმტკიცედ, და მისგან შობილი უფალი, გვაქუს ჩუენ წილმბრძოლად და მაცხოვრად! განძლიერდით უკუე განძლიერდით ერნო ღმრთისანო, რამეთუ იგი ჰბრძავს მტერთა ჩუენთა, და აცხოვნებს სულთა ჩუენთა, ვითარცა კაცთმოყვარე არს.
სტიქარონსა ზედა
აჰა ესერა აღესრულა წინასწარმეტყველება ისაიასი, რამეთუ ქალწულმან ჰშევ და შემდგომად შობისა, ეგე ვითარცა პირველ შობისა, რამეთუ ღმერთი იყო შობილი იგი. ამისთვისცა ბუნებანი განაახლნა, არამედ ჰოი ღმრთისა დედაო, ვედრებასა მონათა შენთასა, ტაძარსა შინა შენსა შენდა შეწირულსა, ნუ შეურაცჰყოფ, არამედ ვითარცა მოწყალე წიაღთა შენთა გეტვირთა, მონათა შენთა მოწყალე ექმენ, და მეოხ-გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის:
აღდგომის განსატევებელი
გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ! ხოლო ხმასა მას თანა განხორციელდა ყოველთა მეუფე, შენ შორის წმიდასა მაგას კიდობანსა, ვითარცა სთქუა მართალმან დავით, იხილვე უვრცელეს ცათა, იტვირთე რა დამბადებელი შენი. დიდება რომელი დაემკვიდრა შენ თანა; დიდება რომელი გამოვიდა შენგან; დიდება რომელმან განმანთავისუფლნა ჩუენ, შობითა თვისითა შენგან:
ხმა მე-2:
უფალო ღაღად-ვჰყავ შემდეგ
წარხდა სახე სჯულთა მათ პირველთა, და გამოჩნდა მადლი დღეს, და ვითარცა მაყვალი არა შესწვა ცეცხლმან აღგზებულმან, ეგრეთვე ქალწული ეგო ქალწულად, უვნებელად შემდგომად შობისა; სვეტისა მის წილ ცეცხლისა, მზე სიმართლისა; მოსეს წილ ქრისტე გამოჩნდა, მაცხოვრად სულთა ჩუენთათვის:
სტიქარონსა ზედა
ჰოი სასწაული ახალი, ყოველთა პირველქმნულთა საკვირველებათა უაღრესი, რამეთუ ვინ სადა იხილა დედა უმამაკაცოდ მშობელი, და წიაღთა მტვირ-თველი ყოველთა დაბადებულთა მტვირთველისა; ღმრთისა არს განზრახვა ესე შობილისა, რომელი მსგავსად ჩვილისა, უბიწოდ მკლავთა ზედა გეტვირთა, და დედობრივი კადნიერებაი მოგიგიეს მისსა მიმართ, ნუ დასცხრები მეოხებად პატივისმცემელთა შენთათვის, შეწყალებად და ცხოვრებად და წმიდაყოფად ჩუენდა:
აღდგომის განსატევებელი
ყოველივე საიდუმლო შენი ღმრთისმშობელო, ზესთა ბუნებისა არს და ზესთა დიდებისა, სიწმიდით დაბეჭდული და ქალწულებით დაცული, დედად იცნობე უტყველად, რამეთუ ღმერთი ჰშევ უცვალებელად; მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის:
ხმა მე-3:
უფალო ღაღად-ვჰყავ შემდეგ
ვინ არა გაჰკვირდეს ღმრთივშვენიერისა შობისა შენისათვის ყოვლადქებულო, რამეთუ ზესთა ხრწნილებისა ყოვლადუბიწოო, ჰშევ ძე უჟამო ხორცითა, წინა საუკუნეთა უდედოდ შობილი მამისაგან. რომელმან არა შეიწყნარა ყოვლადვე ქცეულებაი, გინა შერწყმა, გინა განყოფა, არამედ ორთავე ბუნებათა თვითებანი უვნებელად დამარხნა. ამისთვისცა დედაო და ქალწულო, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთავის, რომელნი მართლმადიდებლობით ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ:
სტიქარონსა ზედა
უთესლოდ მუცლად-იღე სულისა მიერ წმიდისა, ნებითა მამისათა ძე ღმრთისა; უდედო მამისაგან პირველ საუკუნეთა შობილი, ხოლო ჩუენთვის შენგან უმამოდ განკაცებული, ხორციელად გვიშევ ჩუენ, და ჩვილსა რძესა აწოებდ, რომლისათვისცა ნუ დააცადებ ვედრებად განთავისუფლებად ჭირთაგან სულთა ჩუენთა:
აღდგომის განსატევებელი
შენ შუამდგომელსა ცხოვრებისა ჩუენისასა, გიგალობთ ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ხორცითა მით, რომელ შენგან მიიხუნა ძემან შენმან და ღმერთმან ჩუენმან, ჯუარითა ვნება თავს-იდუა, და მიხსნა ჩუენ ვითარცა კაცთმოყვარე არს:
ხმა მე-4:
უფალო ღაღად-ვჰყავ შემდეგ
რომელი იგი შენ მიერ მამად ღმრთისა იწოდა წინასწარმეტყველი დავით, და გალობით შენთვის წინასწარ ეტყოდა მას, რომელმან იგი ჰყო შენ თანა დიდებული, დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა. რამეთუ შენ ღმრთისმშობელო, წინამძღვრად ცხოვრებისად გამოგაჩინა, რომელმან იგი სათნო-იყო შენგან უმამოდ განკაცებაი ღმერთმან, რათა ხატი თვისი განაახლოს განხრწნილი ვნებათაგან, და ცთომილი იგი, მხეცთა მიერ წარტაცებული, ცხოვარი ჰპოოს, და ბეჭთა იტვირთოს და მამასა მიჰგვაროს, და თვისსა ნებასა და ზეცისა ძალთა შეაერთოს იგი, და აცხოვნოს სოფელი ღმრთისმშობელო, ქრისტემან, რომელსა აქუს დიდი წყალობა:
სტიქარონსა ზედა
მოხედენ ვნებასა მონათა შენთასა ყოვლადუბიწოო, და დააცხვრენ ძვირთა ჩუენ ზედა აღდგომაი, და ყოვლისა მწუხარებისაგან გვიხსნენ ჩუენ, რამეთუ შენ მხოლო გვაქუ მტკიცედ და შეურყეველად სიმტკიცედ, და შენსა შეწევნასა შევევედრებით. ნუმცა სირცხვილეულ ვიქმნებით დედოფალო, შენნი მვედრებელნი, ისწრაფე მეოხებად ჩუენდა, რომელნი სარწმუნოებით ვხმობთ შენდამი: გიხაროდენ დედოფალო, ყოველთა შემწეო, სიხარულო და მცველო სულთა ჩუენთაო:
აღდგომის განსატევებელი
რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმა ნებსით თავს-იდვა. რომლისათვისცა აღადგინნა პირველდაძინებულნი, და იხსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი:
ხმა მე-5:
უფალო ღაღად-ვჰყავ შემდეგ
ზღვასა მას ზედა მეწამულსა, უქორწინებელისა სძლისა სახე გამოისახა ოდესმე; მუნ იყო მოსე განმპებელი წყალთა, ხოლო აქა გაბრიილ მსახური საკვირველებისა, მაშინ ისრაილი წიაღხდა უფსკრულსა დაულტოლველად, ხოლო აქა ქალწულმან გვიშვა ქრისტე უთესლოდ. ზღვა შემდგომად წიაღსვლისა ისრაილთასა დაადგრა უვალად, და უბიწო შემდგომად შობისა ემმანუილისა, დაადგრა უხრწნელად. რომელი იყავ და პირველითგან იყავ, და გამოსჩნდი ვითარცა კაცი, შეგვიწყალენ ჩუენ:
სტიქარონსა ზედა
ტაძარი ხარ, ბჭე და პალატი, და საყდარი მეუფისა, ქალწულო უხრწნელო, რომლისა მიერ მხსნელი ჩუენი ქრისტე უფალი, ბნელსა შინა მსხდომარეთა გამოუჩნდა მზედ სიმართლისად, განათლებად რომელნი დაჰბადნა ხატად თვისად, ხელითა თვისითა. ვინაცა ყოვლადსაგალობელო, ვითარცა გაქუს მისა მიმართ კადნიერებაი დედობრივი, დაუცხრომელად მეოხ-გვეყავ ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა:
აღდგომის განსატევებელი
გიხაროდენ ბჭეო განუღებელო, გიხაროდენ ზღუდეო და მფარველო მათდა, რომელნი მოივლტიან შენდა სარწმუნოებით, გიხაროდენ მყუდროო ნავთსაყუდელო ცხოვრებისა ჩუენისაო, რომელმან ჰშევ დამბადებელი შენი და ღმერთი ჩუენი; მეოხებად ნუ დასცხრები მათთვის, რომელნი ადიდებენ, და თაყვანისცემენ შობილსა შენგან:
ხმა მე-6:
უფალო ღაღად-ვჰყავ შემდეგ
ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძე მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწიოსა გამოვიდა გამოუთქმელად ხორცშესხმული. ღმერთი იყო ბუნებით, და ჩუენთვის კაც იქმნა წყალობით; არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ იქმნა. მას ევედრე პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა:
სტიქარონსა ზედა
შემოქმედი და მხსნელი ჩემი, ქრისტე უფალი, მე შემიმოსა და საშოისა შენისაგან გამოვიდა ყოვლადუბიწოო, და პირველისა მის წყევისაგან ადამ განათავისუფლა. ამისთვის, უხრწნელო, ვითარცა დედასა ღმრთისასა და ქალწულსა, ჭეშმარიტად დაუცხრომელად გიგალობთ გიხაროდენსა, მსგავსად ანგელოზისასა: გიხაროდენ დედოფალო, სასოო და შესავედრებელო, და მაცხოვარო სულთა ჩუენთაო:
აღდგომის განსატევებელი
რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხვედ ნებსით განზრახვით ძიებად ადამისსა, გამობრწყინდი ჯუარსა ზედა და ეტყოდი ანგელოზთა: იხარებდით თქვენ ჩემ თანა, რამეთუ იპოვა წარწყმედული დრაჰქმაი. რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა:
ხმა მე-7:
უფალო ღაღად-ვჰყავ შემდეგ
უაღრეს ბუნებათა დედად იცნობე ღმრთისმშობელო, ხოლო დაადგერ ქალწულად ზესთა სიტყვისა და გონებისა; და საიდუმლო შობისა შენისა, გამოთქმად ენასა ვერ ძალუძს, რამეთუ საკვირველ არს მიდგომილება შენი და მიუწდომელ სახე შობისა შენისა, რამეთუ სადაცა ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებათა. ამისთვისცა ყოველნი დედად ღმრთისად გიცნობთ შენ, და ცრემლით გევედრებით: ევედრე მას ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის:
სტიქარონსა ზედა
შევრდომილნი საფარველსა ქუეშე შენსა დედოფალო, ყოველნი ქუეყანისა ნაშობნი გიგალობთ შენ: ღმრთისმშობელო, სასოო ჩუენო, გვიხსნენ ჩუენ უზომოთაგან შეცოდებათა, და აცხოვნენ სულნი ჩუეენნი:
აღდგომის განსატევებელი
ვითარცა ჩუენისა აღდგომისა საუნჯე ხარ ღმრთისმშობელო, და რომელნი შენდა მოივლტიან, მღვიმისაგან და უფსკრულისა ცოდუათასა აღმოიყვანენ, რამეთუ შენ თანამდებნი ცოდუათანი დახსენ, შევ რა უფალი. პირველ შობისა ქალწულო, და შობასა ქალწულო, და შემდგომად შობისა კუალად ქალწულო:
ხმა მე-8:
უფალო ღაღად-ვჰყავ შემდეგ
მეუფე ცათა კაცთმოყვარებისათვის, ქუეყანასა ზედა გამოსჩნდა, და კაცთა შორის იქცეოდა, რამეთუ ქალწულისაგან წმიდისა ხორცნი შეისხნა და გამობრწყინდა! და შემოდგომად ხორცთშესხმისა ერთი ძე არს, ორკეცი ბუნებითა არა გვამოვნებითა. ამისთვის ღმრთად სრულად, და კაცად სრულად, ჭეშმარიტად ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომელსა ევედრე დედაო უსძლოო, შეწყალებად სუთლთა ჩუენთათვის:
სტიქარონსა ზედა
უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად; დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაი მონათა შენთა შეიწირე ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდუათასა. ჩუენიცა ვედრება შეიწირე, და გვითხოვე ჩუენ დიდი წყალობა:
აღდგომის განსატევებელი
რომელი ჩუენთვის იშევ ქრისტე ქალწულისაგან, ჯუარცმა დაითმინე სახიერ, რომელმან სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე და აღდგომა მოგუმადლე, ვითარცა ღმერთ ხარ. ნუ უგულებელსჰყოფ რომელი შეჰქმნეს ხელთა შენთა, არამედ აჩუენე კაცთმოყვარებაი შენი მოწყალე; და მიიღე, რომელმან გშვა შენ, ღმრთისმშობელისაგან ვედრებაი ჩუენთვის, და აცხოვნე მაცხოვარო ჩუენო, ერი განწირული: