შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ. მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევისას, ეკლესიის ერთობლივი ლოცვისა და სნეულის ნაკურთხი ზეთითა და ღვინით ცხებისას, ავადმყოფ ქრისტიანზე საღმრთო მადლი გადმოდის, რომელსაც მისი ფიზიკური და სულიერი სნეულებების განკურნება შეუძლია. ზეთის კურთხევა უკავშირდება სინანულის საიდუმლოს. შვიდგზის ზეთის ცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული.
ზეთის კურთხევა — ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთი, რომლის დროსაც ღვთისმსახურის ხილული ქმედებით სრულდება საიდუმლოს უხილავი მადლი. მოციქულთა წერილების თანახმად ზეთის კურთხევა დაწესებულია უფალ იესო ქრისტეს მიერ.
საიდუმლოს არსი
ამ საიდუმლოს არსია განკურნოს ქრისტიანი ადამიანი ხორციელი უძლურებებისა და ავადმყოფობებისაგან, ასევე სულიერი ავადმყოფობისაგან ე.ი. ცოდვებისაგან, სინანულის ანუ მონანიების საიდუმლო მსგავსად. ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების დროს, ღვთისმსახური სხეულზე ზეთის წაცხებისას მოუხმობს ავადმყოფზე ღმერთის კურთხევას, სულის და ხორცის განსაკურნავად.
მართლმადიდებლური სწავლება
წმიდა მოციქული იაკობი ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესახებ ქრისტიანებს ასწავლიდა შემდეგს:
„სჭირდეს თუ ვისმე თქვენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ, უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან, დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მოვე-ეტეოს მას.“ (მოციქული იაკობი 5, 13-15)
წესი ზეთის ცხებისა
ზეთის კურთხევის საიდუმლო სრულდება შემდეგნაირად: მაგიდაზე დაასვენებენ ჯვარს და სახარებას, დადგამენ ჭურჭელს ხორბლით, რომელშიაც ჩადგამენ მეორე მომცრო ჭურჭელს ღვინო შერეული ზეთით. ღვინო წითელი უნდა იყოს. ხორბალში ჩაარჭობენ შვიდ ღერ თაფლის წმიდა სანთელს და შვიდ ჩხირს, თითოეულ თავზე ბამბა შემოხვეულს.
ღვთისმსახური კითხულობს ლოცვებს ზეთის კურთხევაზე და ავადმყოფის განკურნებაზე. წაიკითხავენ შვიდ თავს სამოციქულოს და შვიდ თავს სახარებას. მღვდელი ნაკურთხ ზეთს შვიდჯერ სცხებს ჯვარის გამოსახვით ავადმყოფს შუბლზე, ლოყებზე, ხელებზე და გულზე; შესთხოვს ღმერთს, როგორც სულისა და ხორცის მკურნალს, რომ მან (ღმერთმა) განკურნოს მონა/მხევალი თვისი (სახელი) სულიერი და ხორციელი სნეულებებისაგან. ბოლოს მღვდელი გაშლის სახარებას, დაადებს ავადმყოფს თავზე და შესთხოვს ღმერთს, მიუტევოს ავადმყოფს ყოველივე შეცოდებანი.