ეს ამბავი 2000 წლის მაისში თბილისში მცხოვრებ აკაკი ჯანელიძეს შეემთხვა. 7 წლის აკაკი ეზოში თამაშობდა. თამაშის დროს იგი გარაჟის თავზე ავიდა, ჩამოსვლისას კი ფეხი დაუცდა, გადმოვარდა და სახის მარცხენა მხარე დაარტყა მიწას. ბავშვმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და წაიქცა, გონება დაკარგა. მაშინვე სახლში აიყვანეს. აკაკიმ ტვინის შერყევა მიიღო, მარცხენა ხელი იღრძო, სახე კი ისე ძლიერ დაუზიანდა, რომ ექიმები პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ, რათა მას პირვანდელი სახე დაბრუნებოდა. მალამოს დადების დროს ბავშვს ისეთი ტკივილები ჰქონდა, რომ ყველა ღონით ცდილობდა, არ დაენებებინა მშობლებისთვის სახეზე შეხება.
აკაკი ორი დღე იწვა სახლში სახეზე იარებით, ტვინის შერყევით. ორი დღის შემდეგ აკაკის მამა, დავით ჯანელიძე, შინ დაბრუნდა და შვილი ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ იხილა, მაშინვე ხელი მოჰკიდა და ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში წაიყვანა. 13 საათზე ბავშვს მამა გრიგოლმა ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა, რის შემდეგაც მამა-შვილი ისევ სახლში დაბრუნდა. 16 საათზე აკაკი მამასთან ერთად ისევ წავიდა წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში ლოცვაზე დასასწრებად. იქ მას შეხვდა ბებია, რომელმაც გაკვირვებით ჰკითხა, შენს იარებს ვერ ვხედავ, რომელი მხარე გაქვს დაწყლულებულიო. იმ დილით მას ნანახი ჰყავდა ბავშვი და მალამოს წასმასაც ეცადა მის ნაჭრილობევ სახეზე, მაგრამ აკაკიმ არ დაანება აუტანელი ტკივილების გამო. ამის მხილველი მრავალი ადამიანი თანაგრძნობით ამბობდა: ვაი შენს დედას, შვილოო. ახლა კი მათ თვალწინ იდგა სახეგაწმენდილი ბიჭუნა და გაოცებული შეჰყურებდა. „მე დღემდე ვფიქრობ, როგორ არ გამიკვირდა მაშინ სასწაული სახე გაწმენდილი ბავშვისა, - ამბობს დავით ჯანელიძე, - მაშინვე მკლავზე მოვკიდე ხელი შეუცნობლად; ნაღრძობი ხელი ტკივილს აღარ გრძნობდა, იარები კი სახეზე თითქოს არც ყოფილიყო. ბავშვი მუდამ ოცნებობდა ეკლესიაში მსახურებაზე და მას შემდეგ სტიქაროსანი გახდა. იმ დღესვე მითხრა: მამა, მე იმიტომ გადავრჩი, რომ ყოველდღე „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდიო...“ აკაკის სასწაულებრივმა განკურნებამ სარწმუნოებისადმი გულგრილი მრავალი ადამიანი სასოებით მიახედა ეკლესიისკენ.
ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილთა თაყვანისსაცემად ის-ის იყო მირონისკენ უნდა გამგზავრებულიყო, რომ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი ზეთი წაეღოთ წმიდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა საღუპვა სურდა. გამგზავრებიდან მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს ასეთ-იქით. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. როცა იგი გემს მიუახლოვდა, დაიძახა:
- გადააგდეთ ზღვაში ის ბოთლი, ქალმა რომ გამოგატანათ, რადგან იმ ქალის სახით ეშმაკმა ჯადო შემოგატყუათო.
მაშინვე შეასრულეს წმიდანის ნება. გადააგდეს ზღვაში ზეთიანი ჭურჭელი, ამოვარდა საშინელი ალი და აუტანელმა სუნმა აავსო ჰაერი, ზღვიდან კი ამოხეთქა მდუღარე წყალმა. ზღვაოსნები შეშინდნენ, მაგრამ წმიდა ნიკოლოზმა გაამხნევა ისინი. მალე ზღვა ჩაწყნარდა და ხომალდი მოგზაურებით ზურგის ქარმა გააქროლა. დაუბრკოლებლად მიაღწიეს ლუკიის ნაპირებს. მირონში მისულებმა სასწაულებრივად გადარჩენილებმა მოგზაურებმა მადლობა და დიდება შესწირეს წმინდანს.
კონსტანტინეპოლში ერთი ხელოსანი, რომელიც პატიოსანი შრომით ცხოვრობდა, წმიდა ნიკოლოზისადმი საოცარი სიყვარულით იყო განმსჭვალული და ყოველწლიურად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. მოხუცებულობაში იგი ძალიან დაძაბუნდა და სიღატაკეში ჩავარდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს მოახლოებისას მოხუცმა უთხრა მეუღლეს:
- ახლოვდება ჩვენი საყვარელი წმინდანის ხსენების დღე. ჩვენ კი არაფერი გვაქვს ამის აღსანიშნავად.
- შვილებიც არა გვყავს. ამიტომ არც ეს ხალიჩა გვჭირდება. მოდი გავყიდოთ და ამაში აღებული თანხით აღვნიშნოთ ეს დღეო. - ურჩია ცოლმა.
მოხუცმაც ხალიჩა წაიღო გასაყიდად. გზაზე მას თავად წმიდა ნიკოლოზი შემოეგება დიდებული მოხუცის სახით და ჰკითხა:
- საით მიდიხარ, მეგობარო?
- სავაჭროდ მივიდვარ, ეს ხალიჩა უნდა გავყიდო.
- მაინც როგორ ყიდი? - დაიმტერესდა მოხუცი.
- ადრე ეს 8 ოქრი მაინც ეღირებოდა. შენ კი რაც გინდა ის მიბოძეო. - უთხრა ხელოსანმა.
წმინდანმა ხელოსანს 6 ოქრო მისცა, გამოართვა ხალიჩა და წავიდა. ამასობაში ხალხი შემოეხვია ხელოსანს და დაცინვა დაუწყო:
- შენ რა მარტო დაიწყე ლაპარაკი?!
- რა მარტო, ვერ დაინახეთ, როგორ იყიდა იგი მოხუცმა?
არავინ დაუჯერა, რადგან მათ მართლაც არავინ დაუნახავთ.
ამასობაში კი წმინდა ნიკოლოზი მოხუცის ლოცთან მივიდა, დაუბრუნა ხალიჩა და უთხრა:
- შენს ქმარს მე დიდი ხანია ვიცნობ. გზაში შემხვდა და მთხოვა, ეს ხალიჩა შენთან მომეტანა. გადმომცა, რომ შეუნახო. - ამ სიტყვებით მღვდელმთავარი ქალს გაშორდა.
ხელოსნის ცოლი ძალიან გაბრაზდა თავის ქმარზე, ეგონა ქმარს დაენანა ხალიჩის გაყიდვაო. შინ დაბრუნებული ქმარი საყვედურებით აავსო.
- როგორ შეგეძლო წმიდა ნიკოლოზისათვის მიცემული აღთქმა დაგერღვია და ხალიჩა უკან მოგეტანაო. აგერ შენი ხალიჩა, რახან ასე დაგენანა, მასთან დაგტოვებ, მე კი შენგან წავალო.
- ვინ მოგიტანა ეს ხალიჩა? - ჰკითხა დაბნეულმა ცოლს და მანაც დაწვრილებით რომ აუწერა, როგორმა ადამიანმა მოიტანა ხალიჩა, მოხუცებულმა სიხარულით წამოიძახა:
- წმინდა ნიკოლოზს უყიდიაო ჩემგან ხალიჩა.
მაშინ ორივემ მუხლი მოიდრიკეს და მადლობა შესწირეს ღმერთს და წმინდა ნიკოლოზს, რომელიც ყოველთვის ასე მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მის თაყვანისმცემლებს.
შავი ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქი სპოლიტისი სრუტით იყო გამოყოფილი სარკინოზებით დასახლებული ქალაქისაგან. იმ ქალაქის ერთ-ერთი მდიდარი სარკინოზი ზღვაზე სეირნობისას ბერძნებმა შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. იქ მას სულ ესმოდა როგორ მიმართავდნენ მისი თანასაკნელები ვინმე ნიკოლოზს თხოვნით.
ერთხელაც ჰკითხა მათ:
- მაინც ვინ არის ის ნიკოლოზი თქვენ რომ უხმობთო?
ერთმა ტუსაღმა უამბო ყველაფერი, რაც წმინდა ნიკოლოზზე იცოდა და გაანდო ქრისტიანული რწმენის მთვარი ჭეშმარიტებანი.
სარკინოზის გულში ამ საუბარმა ნაყოფი გამოიღო, ძალიან ააღელვა ქრისტიანის ნაამბობმა, ღამით კი თვითონაც იწყო ლოცვა წრფელი გულით:
- უფალო, შენ თუ მართლა ჩვენს სახსნელად ჩამოხვედი დედამიწაზე, მაშინ გამოგზავნე ჩემს საშველად წმიდა ნიკოლოზი. მან გამომიხსნას ტყვეობისაგან და მაშინ მე მთელ ჩემს ოჯახთან ერთად გავქრისტიანდები.
ამ ლოცვებში ჩაიეძინა. სიზმრად წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც შეეხო მის ბორკილებს და უთხრა:
- ქრისტე, რომელსაც შველა შესთხოვე, გათავისუფლებს შენ. წადი მშვიდობით და არ დაგავიწყდეს იმ აღთქმის შესრულება, რასაც დაპირდი, თორემ, იცოდე ცუდი დღე დაგადგებაო.
ამ სიტყვებზე სარკონოზს გაეღვიძა და ნახა, რომ თავის სახლში წევს. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. გონს რომ მოეგო და დაწყნარდა, ცოლ-შვილთან ერთად მადლობა შესწირა ღმერთს ხსნისათვის.
ეს ამბავი ელვისებური სისწრაფით გავრცელდა სარკინოზთა ქალაქში და მრავალი უსჯულო მოექცა ქრისტეს სჯულზე. მეორე ღამით წმიდა ნიკოლოზი ისევ გამოეცხადა სარკინოზს და უთხრა:
- ჩაჯექი ახლავე ნავში და გასცურე ბერძნებისაკენ. უამბე მათ, როგორ გაგათავისუფლე საპყრობილიდან, თორემ მათ ჰგონიათ, რომ დარაჯები მოისყიდე და მათ დასჯას აპირებენო. შენი თავის დარდი ნუ გექნება, მეც შენთან ერთად ვიქნები და ვერავინ გაგიბედავს შეხებას.
უამბო გაღვიძებულმა სარკინოზმა ამ ხილვის შესახებ თავის მეუღლეს. ყურიც არ ათხოვა მის მუდარას არ წასულიყო ბერძნებთან და თავი არ ჩაეგდო ასეთ საფრთხეში:
- წმიდა ნიკოლოზს ძალუძს მეორეჯერაც მიხსნას მე საფრთხისაგანო. - ასე დააიმედა ცოლი, ჩაჯდა ნავში და გასცურა მტრის ქალაქისაკენ. იქ მისულმა ყველას უამბო რა საოცრებაც გადახდა თავს და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნების ნავები აედევნენ, მშვიდობიანად დაბრუნდა შინ. სულ მალე კი იერუსალიმს გაემგზავრა ოჯახთან ერთად და დაპირებისამებრ მოინათლა.
ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი მეტად მდიდარი და ღვთისმოშიში კაცი აგრიკი. იგი ყოველ წელს ნიკოლოზობას გადიოდა ქალაქგარეთ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე. ეკლესიიდან დაბრუნებისას კი უმასპინძლდებოდა ყველა თავის ახლობელ, ღარიბ-ღატაკს ტრაპეზით. ერთხელაც წინა დღით უთხრა თავის ვაჟს - ბასილს:
- დღეს შენ წადი წმიდა ნიკოლოზის ტაძარში, დაესწარი წირვა-ლოცვას, მე და დედაშენი კი ტრაპეზს გავამზადებთ ღატაკებისთვის.
ბასილიც წავიდა, მაგრამ უკან აღარ მობრუნებულა. ცისკრისას სარკინოზებმა ალყა შემოარტეს ტაძარს და ყველა იქ მყოფნი ტყვედ აიყვანეს. მათ შორის მოხვდა ბასილიც. წაიყვანეს ყველანი კუნძულ კრეტაზე. იქ ბასილი სარკინოზთა ამირამ თავის მერიქიფედ დაიყენა.
მშობლებმა ორი წელი გლოვაში გაატარეს და ამ ხნის განმავლობაში არ აღუნიშნავთ წმინდა ნიკოლოზობა. მესამე წელს კი უთხრა აგრიკამ მეუღლეს:
- აბა რა ვნახეთ ასეტ ტირილსა და წუხილში?! ხვალ წმიდა ნიკოლოზობაა, მივიტანოთ ტაძარში ზეთი, სანთელი, საკმეველი, ვილოცოთ მისი ხატის წინაშე. იქნებ შეისმინოს ჩვენი და ნუგეში გამოგვიგზავნოს. იქნებ დაგვიბრუნოს შვილი, ან ის მაინც გვაცნობოს, ცოცხალია თუ მკვდარი.
ასეც მოიქცნენ. წავიდნენ ეკლესიაში. შინ დაბრუნებულებმა კი ისევ უხმეს ნაცნობ-მეგობრებს, ღატაკებს და იწყეს მათი გამასპინძლება. უცებ ატყდა ძაღლის ყეფა. გარეთ გასულმა მსახურებმა ვერავინ ნახეს, ძაღლი კი ყეფას განაგრძობდა. მაშინ აგრიკი თვითონ გავიდა გარეთ და ხედავს სარკინოზის ტანსაცმელში დგას ვიღაც ახალგაზრდა ბოთლით ხელში უძრავად. ცოტა კი შეკრთა აგრიკა, მიუახლოვდა და რას ხედავს! მისი შვილია.
- ნუთუ ეს შენა ხარ შვილო! - შესძახა აღელვებულმა.
- მე ვარ მამა, მაგრამ აქ როგორ მოვხვდი, ვერ გამიგია?! სულ ახლახან ამ ბოთლიდან ვუსხამდი ღვინოს თავად ამირას. უცებ ვიღაც მოხუცმა ხელი ჩამკიდა და ერთ წამში აქ გავჩნდი. ახლა ვფიქრობ, ნუთუ იგი წმინდა ნიკოლოზი იყო?!
ასე დაასაჩუქრა წმინდა ნიკოლოზმა ღვთისმოშიში აგრიკას გალმოდგინება, დაუბრუნა შვილი, რომელიც უკვე გამოტირებული ჰყავდა.
მღვდელი ქრისტეფორე მიტილენეში ცხოვრობდა. იგი ყოველთვის ფეხით დადიოდა წმიდა ნიკოლოზის თაყვანსაცემად მირონ-ლუკიაში. ერთხელაც გზაზე იგი სხვა მლოცველებთან ერთად არაბებმა შეიპყრეს, ტყვედ წაიყვანეს და აიძულებდნენ სარწმუნოების გამოცვლას. ვერაფრით რომ ვერ გატეხეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მიიყვანეს კიდეც თავის მოსაკვეთად.
ქრისტეფორეს ღრმად სწამდა, რომ განსაცდელში წმინდა ნიკოლოზი შეეწეოდა და გულმოდგინედ ევედრებოდა:
- შენ ხომ მსწრაფლ შეეწევი ყველას, წმიდაო ნიკოლოზ, მიხსენ მე ამ ბასრი ხმლისაგან, გადამარჩინე სიკვდილს!
ამ ლოცვაში იყო, წმინდანი რომ წარსდგა მის წინ და უთხრა:
- არ შეშინდე, ქრისტეფორე! შენთან ვარ!
და როცა ქრისტეფორემ თავი დაუხარა ჯალათს, წმინდა ნიკოლოზმა, რომელსაც ვერავინ ხედავდა, ხმალი გამოსტაცა ხელიდან. ჯალათმა ეს ქრისტეფორეს ჯადოქრობად ჩათვალა და სხვა ხმალი მოიტანა, მაგრამ იგიც სადღაც გაქრა. მესამე ხმალიც რომ ასე გაუქრა, გაოცებულმა შეხედა ქრისტეფორეს.
- წმიდა ნიკოლოზი დგას აქ შენს გვერდით და ის გაცლის მას ხელიდანო. - უთხრა ქრისტეფორემ. მერე უამბო ჯალათს წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებასა და სასაწულებზე, ისიც გაუმხილა, სწორედ მას რომ შეავედრა თავი. მაშინ აღელვებულმა არაბმა ყველა სიკვდილმისჯილს ახსნა ბორკილი და ჩუმად გააპარა.
ბერძნებსა და სამარიტელთა შორის ომის დროს, ერთი ბერძენი სარდალი პეტრე, სიმამაცით გამორჩეული და სამხედრო საქმის ბრწყინვალე მცოდნე, ტყვედ ჩაუვარდა სარკინოზებს. იგი სამარიაში წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. ტყვედ ჩავარდნილი იხსენებდა ცოდვებს, გულწრფელად ინანიებდა და საშველად წმინდა ნიკოლოზს უხმობდა. ადრე წმინდანს იგი ტყვეობიდან დაუხსნია, მაგრამ პეტრეს დაპირება - რომში ბერად აღვიკვეცებიო, არ აუსრულებია. ახლა კი ტყვეობაში მეორედ მოხვედრილი, კვლავ ტირილითა და გოდებით მოუხმობდა წმინდა ნიკოლოზს. მეორე ღამეს ესიზმრა იგი პეტრეს და უთხრა:
- ვისმინე შენი ლოცვა. მაგრამ ღმერთი არ ჩქარობს შენს ტყვეობიდან დახსნას. ნუ მიეცემი სასოწარკვეთას, გაიხსენე ქრისტეს სიტყვები: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. ამიტომ ნუ შეწყვეტ ლოცვას და სასოებას უფლისას.
რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ეახლა ტუსაღს წმინდანი და ახარა:
- არ ისმინა ღმერთმა ჩემი ლოცვა შენზე. ახლა მიგასწავლი მისაც უნდა სთხოვო შემწეობა.
- კი მაგრამ, ვის შეუძლია შენზე უკეთ მიშუამდგომლოს ღვთის წინაშე?! - იკითხა გაკვირვებულმა პეტრემ.
- გსმენია სვიმეონ მიმრქმელზე, აი, მასზე, ვინც მიირქვა 40 დღის ჩვილი იესო?! იგი ყოვლისმპყრობლის ტახტთან თან ახლავს ღვთისმშობელსა და წმიდა იოანე ნათლისმცემელს; მას შესთხოვე და იგი შეგისრულებს სურვილს.
გაღვიძებულმა პეტრემ იწყო გულმხურვალე ლოცვა სვიმეონ მიმრქმელილსადმი.
ერთხელაც ხედავს პეტრე ძილში: მის საწოლთან დგანან წმინდა ნიკოლოზი და სვიმეონ მართალი. ეკითხება სვიმეონი:
- შეასრულებ შენს აღთქმას და აღიკვეცები ბერად?!
- ოღონდ მიხსენი და მაშინვე შევასრულებ ჩემს დანაპირებს.
მაშინ შეეხო სვიმეონი კვერთხით მის ბორკილებს და ჩამოცვივდნენ ძირს. უთხრა წმინდა ნიკოლოზმა:
- ახლა კი წადი რომში და აღასრულე დანაპირები.
გამოიყვანეს პეტრე გზაზე, თვითონ კი მიეფარნენ თვალთა ხედვის არეს.
იმავე ღამეს გამოეცხადა მღვდელმთავარს ძილში წმინდა ნიკოლოზი, დაანახა გათავისუფლებული პეტრე და უთხრა:
- აღკვეცე ბერად და დააყენე ხსნის გზაზე.
გამოცხადდა პეტრე ტაძარში. მღვედლმთავარმა მაშინვე იცნო იგი და იმავე დღეს აღკვეცა ბერად. რამდენიმე ხნის შემდეგ პეტრე ათონის მთაზე წავიდა და იქ გაატარა თავისი სიცოცხლის დარჩენილი დღეები. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს ივნისის თვის მეთორმეტე დღეს.
კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი ღვთის მოშიში, მოგზაურობის მოყვარული და მოწყალე ადამიანი - თეოფილე. ერთხელ ძილში მას გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა, დაევალებინა ვინმესთვის სამი ხატის - მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის დახატვა, ხოლო როდესაც ამას შეასრულებდა, ეჩვენებინა ისინი პატრიარქ ათანასესათვის. გამოფხიზლებულმა თეოფილემ მაშინვე შეუკვეთა ხატები ერთ განთქმულ ფერმწერს. შემდეგ კი მოიწვია პატრიარქი. თავდაპირველად პატრიარქმა მაცხოვრის ხატს სცა თაყვანი, მერე - ღვთისმშობელს. წმიდა ნიკოლოზის ხატი რომ დაინახა, უკმაყოფილოდ თქვა:
- აქ არ უნდა დაგედგათ მირონლუკიელი ნიკოლოზის ხატი. იგი ხომ დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო და განა შესაძლებელია მისთვის ამათ გვერდით ყოფნა?! - და ბრძანა გაეტანათ ხატი ოთახიდან. ფერმწერს კი აუკრძალა ხატების ხატვა. მერე მიუჯდა ტრაპეზს და შეექცა. თეოფანემ ნახა, რომ ღვინო სულ გამოლეოდა და ისე გვიან იყო, ვერც ვეღარსად იშოვნიდა. მაშინ გავიდა იმ ოთახში, სადაც გაიტანეს წმიდა ნიკოლოზის ხატი და შესთხოვა მას ეხსნა ამ უხერხული სიტუაციისგან. უკან შესულს ღვინის ჭურჭელი სავსე დახვდა. მიართვა ღვინო პატრიარქს და ეგემრიელათ იგი სტუმრებს ძალიან.
მეორე დღეს პატრიარქი კუნძულ გერდელაზე გაემგზავრა, სადაც ერთი ავი სულით შეპყრობილი ქალიშვილისთვის უნდა წაეკითხა ლოცვები. უკანა გზაზე ქარიშხალმა მოუსწრო და ერთმა ტალღამ მორევში გადააგდო პატრიარქი. მაშინ გაახსენდა მას წმინდა ნიკოლოზი და შესძახა:
- ვცოდე შენს წინაშე, წმინდაო ნიკოლოზ, მაპატიე და მიხსენი სიკვდილისაგან. - ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი ტალღებზე მომავალი, ხელი ჩაავლო და უთხრა:
- განა დაბალი წარმომავლობისა არა ვარ?! რატომ მიხმობ?
- შეგცოდე, წმინდაო. შემინდე და ამიერიდან სულ გადიდებ, როგორც ყველა გაჭირვებულის მსწრაფლშემწეს.
მაშინ მიიყვანა წმინდანმა იგი გემთან და უთხრა:
- ნუ გეშინია, საყვარელო ძმაო. ღმერთმა ჩემი ხელით გიხსნა დახრჩობისაგან. იარე მშვიდობით და მწყემსე ქრისტეს სამწყსო. გემზე პატრიარქმა ყველას წინაშე მოინანია თავისი საქციელი. შინ დაბრუნებულმა კი გამოითხოვა თეოფანესაგან წმინდანის ხატი, საზეიმო ლოცვით დააბრძანა იგი სოფიას ტაძარში. სულ მალე კი მონასტერი და ეკლესიაც ააშენა წმინდანის სახელზე და იქ გადააბრძანა მღვდელმთავრის ხატი.
ერთი სათნო და ღვთისმოშიში ადამიანი დიმიტრი ლოცვას ყოველთვის ქალაქ ანტიფირეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ესწრებოდა. ეს ქალაქი ათიოდე სტადიონით იყო დაშორებული კონსტანტინეპოლს, სადაც იგი ცხოვრობდა. ერთხელაც ამხანაგებთან ერთად პატარა ნავით ისევ გაეშურა სალოცავად, მაგრამ უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა დაამსხვრია მათი ნავის ანძა, დახია აფრები, შემდეგ კი ნავიც გადააბრუნა. ღონემიხდილი დიმიტრი ზღვამ ფსკერზე ჩაითრია. იგი განწირული უხმობდა წმინდა ნიკოლოზს. უეცრად მართლაც მოევლინა მღვდელმთავარი და სახლში მიიყვანა. იქ დაკეტილ ოთახში შეიყვანა და დატოვა. შეშინებული დიმიტრი უგონოდ იყო და ისევ გაჰყვიროდა:
- წმინდაო ნიკოლოზ, დამეხმარე!
ამ ყვირილმა გააღვიძა მისი ახლობლები:
- კი მაგრამ როგორ მოხვდი ჩაკეტილ ოთახში? - ეკითხებოდნენ მას. - და რა გაყვირებს ასე საშინლად?
- თქვენ თვითონ მითხარით, რა ხდება ჩემს თავს, სადა ვარ? ვერაფერი გამიგია!
- შენს ოთახში ხარ და წმინდა ნიკოლოზს უხმობს საშველად.
მაშინ კი გონს მოეგო და უამბო მათ როგორ იხსნა წმინდა ნიკოლოზმა იგი დახრჩობისაგან.
ერთი კონსტანტინეპოლელი დიდებული აპიფანე ბაზარში წავიდა მონის საყიდლად. მაგრამ ვერ იყიდა და უკან ხელცარიელი დაბრუნდა. ფული შეინახა, მაგრამ გადაავიწყდა სად დადო და რომ ვერ მიაგნო, ეჭვებმა შეიპყრო. ფულის მოპარვა მსახურს დააბრალა. საწყალი მსახური ეფიცებოდა ფული არ მომიპარავსო, მაგრამ ეპიფანე ვერაფრით ვერ დააჯერა. მან ყმაწვილი დილეგში ჩააგდო. ახლოვდებოდა ნიკოლოზობა. საწყალი ყმაწვილი თვალცრემლიანი ლოცულობდა, წმინდა ნიკოლოზს ევედრებოდა, რომ ეხსნა ამ საშინელი ცილისწამებისაგან. ამ ლოცვებში ჩაეძინა და ძილში წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც შემწეობას დაპირდა. იმავე ღამეს წმინდანი ეპიფანესაც გამოეცხადა და უთხრა:
- ფული ამა და ამ ადგილას დევს. მსახურს კი ტყუილუბრალოდ დააბრალე ქურდობა. მაგრამ რახან შენ ეს განგებ არ გაგიკეთებია და ეშმაკისაგან დაგებულ ეჭვებს წამოეგე, ამიტომ მოვედი და განგიცხადე ფულის ადგილსამყოფელი. ახლა კი გაათავისუფლე მსახური.
ეპიფანეს გაეღვიძა და მართლაც იპოვა ფული, მივიდა მსახურთან, შესთხოვა პატიება და გაათავისუფლა. ცოდვის გამოსასყიდად კი ფული სამ ნაწილად გაჰყო, ერთი დაზარალებულ ყმაწვილს გადასცა, ერთიც ღატაკებს დაურიგა და ერთიც წმინდა ნიკოლოზის ტაძარს შესწირა.
გრიგოლ დეკაპოლელის თანამოსაგრე ღირსი იოსები, რომელიც ითვლება კანონთა შემდგენელად, სომეხი იმპერატორის ლეონის მეფობისას კუნძულ კრეტაზე გადაასახლეს და დილეგში ჩააგდეს. ასე ბორკილებში გაატარა იქ მთელი ექვსი თვე.
820 წელს, ქრიტეს შობის დღესასწაულზე, როცა ლეონი თავისივე მცველებმა მოკლეს, იოსები ლოცვებში იყო ჩაძირული. სწორედ ამ დროს მისი დილეგი განათდა და მის წინ მღვდელმთავრის სამოსში შემოსილი ჭაღარა კაცი წარსდგა:
- მირონ-ლუკიიდან გამომგზავნა შენთან უფალმა, რათა მეხარებინა, რომ ეკლესიის მტერმა ლეონმა უკვე დაკარგა ტახტიც და სიცოცხლეც. ახლა იგი ღვთის სამსჯავროს წინაშე დგას. შეგიძლია დაბრუნდე კონსტანტინეპოლში.
წმინდა ნიკოლოზმა მერე გადასცა მას ქარტია და უბრძანა ჩაეყლაპა. ქარტიაზე ეწერა: „იჩქარე გულუხვო, ეცადე, როგორც ძალგიძს, ვითარცა მოწყალეს, ჩვენს დახმარებას“.
- რარიგ ტკბილია ეს სიტყვები ჩემთვის, - წამოიძახა იოსებმა და ქარტია ჩაყლაპა. მაშინ წმინდანმა უბრძანა ეგალობა ეს სიტყვები და მანაც გალობა რომ იწყო დასცვივდა ხელებიდან ბორკილები. საპყრობილის კარიც თავისით გაიღო და იოსები გაჰყვა მღვდელმთავარს უკან. მცველებს არაფერი გაუგიათ. დილეგიდან გამოსვლისას უხილავმა ძალამ აიტაცა მაღლა და კონსტანტინეპოლის გზაზე დააყენა. ღირსმა იოსებმა ადიდა უფალი წმიდა ნიკოლოზის გამოგზავნისათვის და რამდენიმე ხნის შემდეგ სამეფო ქალაქის მახლობლად წმინდანის სახელზე მონასტერიც ააშენა.
მეზღვაურები თავიანთ მფარველად ტყულად როდი მიიჩნევენ წმინდა ნიკოლოზს! ამას საფუძვლად მის მიერ ზღვაზე მოხდენილი სასწაულები დაედო.
იყო ერთი ასეთი ბერი ნიკოლოზი, რომელიც ერთხელ მოძღვარმა გაგზავნა ქალაქ კატავალაში საქმეზე. ყმაწვილი იქ ნავით გაემგზავრა. უცებ ამოვარდა ძლიერი ქარი და ტალღებმა მისი ნავი ღია ზღვაში გაიტაცა. ყველანი დაემხნენ ნავის ფსკერზე და საშველად უსმობდნენ წმინდა ნიკოლოზს. და აი, იგიც უცებ გამოეცხადათ თეთრ სამოსში, მიმოდიოდა ტალღებზე და სიტყვებით ათვინიერებდა ტალღებს. მალე ქარი შესუსტდა. გამხნევებულმა მეზღვაურებმა ისევ აიღეს ხელში ნიჩბები და წმინდა ნიკოლოზის შემწეობით ერთ საათში ნაპირს მიაღწიეს, თუმცა ისე იყვნენ ნაპირს დაშორებულნი, რომ თუ არა წმინდა ნიკოლოზის შემწეობა, ორი კვირა მაინც დასჭირდებოდათ ნაპირამდე მისაღწევად.
ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი იმდენად დასნეულდა, რომ არც დგომა და არც სიარული არ შეეძლო. ფეხები სულ დაკრუნჩხოდა და მხოლოდ ცოცვასღა თუ ახერხებდა. ასეთ დღეში იყო იგი 6 თვე. მრავალ ექიმთან იმკურნალა, მთელი თავისი ქონება ამაში დაეხარჯა, შველას კი ვერავისგან იღებდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზობას დაინახა ტაძრისაკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმინდა ნიკოლოზი და ჰკითხა:
- საით მიღოღავ ასე გაჭირვებით?
- ეკლესიისკენ. - მიუგო ყმაწვილმა და შესჩივლა თავის მდგომარეობაზე.
- მომყევი, მართლა თუ გინდა განიკურნო. - უთხრა წმინდანმა. მერე მიიყვანა ეკლესიის კარამდე, თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეღოღდა ტაძარში, დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმინდანის ხატს, იცნო იგი და შესძახა:
- წმინდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. განა შენ არ შემპირდი: თუ გსურს განკურნება, მე მომყევიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გევედრები, განმკურნე!
დიდხანს ლოცულობდა ასე თვალცრემლიანი და ბოლოს სთხოვა გარშემომყოფთ, წამოეყენებინათ და მიეყვანათ წმინდა ნიკოლოზის ხატთან. მათაც წამოაყენეს იგი. მაშინ ყმაწვილმა შესძლო მაგრად მოხვეოდა ხატს, რასაც იგი მანამდე ვარ ახერხებდა, ემთხვია და უცებ მყარად დადგა მიწაზე, რადგან ფეხები გასწორებოდა. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ ანთებული კანდელიდან ზეთი იცხო და ყველას თვალწინ სასწაულებრივად მთლიანად განიკურნა.
ერთი მდიდარი კაცი თავის მხლებლებთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მივიდა შესაწირის გასაცემად. ეკლესიის მახლობლად გზაზე დაგდებული მიცვალებული დაინახა და იგი მონასტერში ქრისტიანულად დაკრძალა და ბერებს მისი სულის მოსახსენიებლად გარკვეული თანხაც დაუტოვა. მერე კი გზა განაგრძო.
იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც გვამი იპოვა, მტირალი ბიჭი შეამჩნია.
- რა გატირებს? - ჰკითხა მან.,/
- მამაჩემი ყაჩაღებმა მოკლეს და გაძარცვეს. მის გვამს ვეძებ და ვერ მიპოვნიაო. - უპასუხა ბიჭმა.
მაშინ უთხრა ყმაწვილს, როგორ და სად დაკრძალა მამამისი და მონასტრამდეც გააცილა. სთხოვა ბიჭმა ბერებს, გაეთხარათ საფლავი, რათა წაეღო მიცვალებული მგლოვიარე დედასთან. ბერებმაც გათხარეს და მასში მიცვალებულის ნაცვლად უამრავი ოქრო-ვერცხლი აღმოაჩინეს. გაოცებულებმა ბიჭისკენ გაიხედეს, მაგრამ იგი გამქრალიყო. მაშინ ადიდეს უფალი, თუმცა ვერ აეხნათ რა მოხდა. იმავე ღამით სავანის იღუმენმა წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელმაც უთხრა:
- უფალმა ინება რომ ამიერიდან არ გეცხოვრათ სიღატაკეში და ამისთვის გამოიგიგზავნათ ის კეთილმოსავი ადამიანი.
სერბეთის მეფე ილუტინს ჰყავდა უფლისწული სტეფანე, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით, სათნოებით და მოწყალებით. მაგრამ ეშმაკმა გადაწყვიტა მისი დაღუპვა და ჩაგონება დედინაცვლისთვის რომ ცილი დაეწამებინა მისთვის და ეთქვა ქმრისათვის, რომ თითქოსდა სტეფანეს განზრახული ჰქონდა მამის მოკვლა და ტახტის ხელში ჩაგდება. მართლაც, დედინაცვალმა ილუტინი დააჯერა ნათქვამში და შეაჯავრა შვილი. უფლისწულმა იცოდა დედინაცვლის ვერაგობის შესახებ, დიდებულებიც ურჩევდნენ გაქცეოდა დედინაცვალს, მაგრამ კეთილი გულის სტეფანე მიენდო ღმერთს და ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. დედინაცვალმა შეაპყრობინა სტეფანე და დააბრმავა. ეს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მახლობლად მოხდა. საშინელი ტკივილებით გაწამებული სტეფანე დიდხანს ეგდო მიწაზე უგონოდ; გამთენიისას კი ჩაეძინა და ხედავს სიზმარში წმინდა ნიკოლოზს, რომელსაც ხელში უჭირავს მისი თვალები და ეუბნება:
- ნუ სწუხარ სტეფანე, შენი თვალები ჩემთანაა.
საოცარი შვება იგრძნო და კვლავ მიენდო უფალს.
ილუტინმა არ აკმარა ყმაწვილს ეს. ცოლის რჩევით იგი თავის სიმამრთან, აღმოსავლეთის იმპერატორ ანდრონიკ პალეოლოგთან გაგზავნა, რათა მასთან ყოფილიყო მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. კონსტანტინეპოლში ჩასული სტეფანე მაშინვე ჩაკეტეს სენაკში.
აქაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას შეუდგა. იგი მოთმინებით, მშვიდი, წრფელი სინდისით გამოირჩეოდა. ამან ძმები მისდამი სიყვარულით განაწყო. თვითონ იმპერატორიც კეთილად განეწყო მისდამი და თავად ეახლებოდა ხოლმე სენაკში.
ასე მშვიდ გარემოში გაატარა მან ხუთი წელი. მეექვსე წელს იგი სხვებთან ერთად გაეშურა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. იქ მისულმა ჩათვლიმა. გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა:
- გახსოვს ხუთი წლის წინ რომ გითხარი შენი თვალები ჩემთანაა-მეთქი?! ახლა მინდა დაგიბრუნო ისინი.
და შეეხო სტეფანეს სიტყვებით:,/
- უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, განგკურნავს შენ სიბრმავისაგან!
სიზმარი ამით შეწყდა და უფლისწულმა თვალი რომ გაახილა გარშემო ყველაფერი გარკვევით დაინახა. დიდხანს ვერ მოეგო გონს. ბოლოს მადლობა შესწირა ღმერთს, მაგრამ დედინაცვლისგან დაშინებულმა, დამალა თვალის ახელის ამბავი, შემოიხვია სახვევი და ასე ბრმად აჩვენებდა თავს ტახტზე ასვლამდე. ამასობაში მამამისამდეც მიაღწია მისი სათნოების ამბებმა. იგი დარწმუნდა, ტყუილად რომ აითვალწუნა შვილი და ბრძანა დაებრუნებინათ. ამაღელვებელი იყო მამა-შვილის შეხვედრა. მამა სინანულის ცრემლებით შეხვდა შვილს. უფლისწულიც ტიროდა და ანუგეშებდა მოხუცს:
- შენ არაფერ შუაში ხარ, მამა, უფალმა ინება ჩემი ცოდვებისათვის ჩემი ამ სახით განწმენდა. შენ სახელმწიფოზე უნდა გეზრუნა, მე კი ჩემი სულისთვის ასე უნდა მიმეხედა, მოთმინებითა და ტანჯვით უნდა მეცხოვნებინა იგი. კურთხეულ იყოს სახელი მისი.
მამა მალე გარდაიცვალა. დარჩა სტეფანეს ტახტი და იმ წუთიდან შეიხსნა სახვევი თვალებზე. ყველას აუწყა მხედველობის დაბრუნება.
სტეფანე მართლმსაჯულებით გამოირჩეოდა. მან შეაჩერა ის შუღლიც, მის უმცროს ძმას რომ ჰქონდა წამოწყებული ტახტის ხელში ჩასაგდებად, მოიგერია გარეშე მტრებიც. ბოლოს ისევ წმინდა ნიკოლოზმა ამცნო, რომ უფალი თავისთან უხმობდა. იგი გაახარა ამ ამბავმა, მაგრამ ადარდება შვილის საქციელი, რომელიც ცდილობდა როგორმე ჩაეგდო ხელში ტახტი. მალე იგი მტრებთან ერთად თავს დაესხა მამას და მოკლა.
სტეფანეს აღსასრულიდან შვიდი წლის თავზე მოწამე მეფის უხრწნელმა ნაწილებმა სასწაულების მოხდენა იწყეს. ბრმები ხედავდნენ, უძლურნი მისი კუბოს შეხებისთანავე ძალ-ღონით ივსებოდნენ და ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც ასე სწყალობს თავის მორჩილთ.
ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა. სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი შინ დაბრუნდნენ. წმინდა ნიკოლოზი კი დიდ სასწაულს ამზადებდა იმ ქალაქის მცხოვრებთათვის. ღამით მან ამოიყვნა დნეპრიდან ჩვილი და სოფლის ჩაკეტილ ეკლესიაში თავისი ხატის ქვეშ დააწვინა. ცისკარზე მნათე რომ შევიდა ეკლესიის ეზოში, ბავშვის ტირილი შემოესმა. უსაყვედურა დარაჯს:
- შენ რა ბავშვიანი ქალების სასტუმროდ აქციე ტაძარი?!
დარაჯმა მნათეს გაკვირვებულმა შეხედა და ჩაკეტილი კარზე მიუთითა. მაშინ ორივე შევიდნენ ტაძარში და სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხატის წინ ნახეს მტირალა ჩვილი, რომლის სახვევებს ჯერაც ვერ მოესწრო გაშრობა. დილაადრიან მიტროპოლიტმა თავისი წარგზავნილების პირით ამცნო ბავშვის მშობლებს და მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს ეს ამბავი. ასე იპოვეს უკვე გამოტირებული ჩვილი მშობლებმა წმინდა ნიკოლოზის ხატთან.
ერთ კაცს კარგა ხანს ჰყავდა ყივჩაღი ტყვედ. ერთხელ ჰკითხა:
- დიდხანს აპირებ ასე ტყვედ ყოფნას?! მომეცი გამოსასყიდი, ან თავმდები იშოვე და გაგიშვებო.
- შინ რომ ვიყო, სიამოვნებით მოგცემდი გამოსასყიდს, მაგრამ აქ ეს არ შემიძლია, ვერც თავმდებს ვიშოვი, მე ხომ აქ არავის ვიცნობ.
მაშინ კაცმა წაიყვანა იგი ეკლესიაში, მიუთითა წმინდა ნიკოლოზის ხატზე და უთხრა:
- გინდა თავმდებად წმინდა ნიკოლოზი რომ დაიყენო?
ყივჩაღს გულში გაეცინა კაცის გულუბრყვილობაზე, რაღა თქმა უნდა მაშინვე დათანხმდა ამ წინადადებაზე და ხატის წინ პირობაც მისცა სამშობლოდან გამოსასყიდის გამოგზავნაზე.
მისცა მას კაცმა ტანსაცმელი, ცხენი და იარაღი და შინისაკენ გაისტუმრა.
- რა სულელი ყოფილა, - ეცინებოდა გზაში ყივჩაღს. - ჩემი თავი იმ გამოსახულებას რომ მიანდო. მელოდოს სანამ დაპირებულს გავუგზავნი! ჩემს თავმდებს გამოართვას გამოსასყიდი.
შინ დაბრუნებულს რამდენიმე თვეში გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი, ზუსტად ისეთი სახით, როგორიც ხატზე იყო გამოსახული და მრისხანედ უთხრა:
- მე ნიკოლოზი ვარ, უხუცესი მხედართმთავარი. თუ გინდა უბედურება არ შეგემთხვეს, დროზე გაუგზავნე დაპირებული თანხა იმ კაცს.
ყივჩაღს, შეშინებულს გაეღვიძა. მაგრამ მალე გადაავიწყდა ეს ამბავი.
ცოტა ხნის შემდეგ მინდორში ცხენით მიმავალს კვლავ გემოეცხადა წმინდანი, გადმოაგდო ცხენიდან, კარგად შეანჯღრია და უთხრა:
- შეიცოდე თავი, გაგზავნე გამოსასყიდი!
ამ მრისხანე შეგონების შემდეგ ბარბაროსმა გადაწყვიტა გამოსასყიდის გაგზავნა, მაგრამ ლოთობას, სიძვასა და ძარცვა-გლეჯას გადაყოლილს ისევ გადაავიწყდა. ამასობაში გაიმართა დიდი ჯირითი. მასში ყივჩაღიც მონაწილეობდა. უცბად უხილავმა ხელმა ხალხის თვალწინ ჩამოაგდო ვერაგი ყივჩაღი ცხენიდან, რამდენჯერმე ჰაერში ააგდო და მიწაზე დაანარცხა. იგი ნიკოლოზის სახელს გაიძახოდა და პატიებას სთხოვდა. მთელი მისი სხეული დაიკრუნჩხა.
ხალხი გარშემო შემოხვეოდა და გაკვრივებული შესცქეროდა. მაშინ შეშინებულმა ყივჩაღმა უამბო მათ წმინდა ნიკოლოზის ამბავი. ეს რომ გაიგეს, სცემეს და მიმოიფანტნენ, ყივჩაღი კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს მინდორში, სანამ ახლობლებმა არ მიაგნეს და სახლში არ წაიყვანეს. რამდენიმე დღის განმავლობაში უგონოდ იყო. მერე კი, გონს მოსულმა ახლობლებსაც უამბო თავისი ამბავი.
უსაყვედურეს ნათესავებმა:
- ასე როგორ მოიქეცი?! როგორ არ შეგეშინდა ღვთისა?! ახლა კი დანაპირები გაგზავნე, ან თვალიდან დაგვეკარგე, ჩვენზე არ მოაწიოს შენმა სასჯელმა.
მაგრამ ყივჩაღი ისე იყო შეშინებული, არც უფიქრია ამ საქმის გადადება, მოიკრიბა ძალ-ღონე, გამოყო თავისი ფარიდან ცხვრები, რომელთა ღირებულება ბევრად აღემატებოდა დაპირებულ თანხას და გარეკა ყოფილი ბატონის სამშობლოსაკენ. იქ ჩასულმა ეკლესიაში წარუდგინა ფარა წმინდანის ხატს:
- შეგცოდე ასე რომ ვიცრუე. მაგრამ ახლა ვიხდი ჩემს დაპირებულ თანხას, შენი გასამრჯელოც აქაა, შემინდე და შემიწყალე.
შემდეგ მივიდა თავის ყოფილ ბატონთან, გადაუხადა თანხა და დაწვრილებით უამბო ყველაფერი. კიეველიც სწრაფად გაეშურა ეკლესიისაკენ, მადლობა შესწირა ხატს ცრემლებით, მერე ნადიმი მოუწყო მღვდელმთავარს, დაპატიჟა ახლობლები, ბერ-მონაზვნები, ნათესავები, ღატაკები და მათ წინაშე ადიდა სასწაულთმოქმედი ნიკოლოზი.
1224 წელს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა ერთ მღვდელს, ესტატეს და უბრძანა გადაეტანა კორსულის წმიდა ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი ხატი რიაზანში. ეს გამოცხადება სამჯერ განმეორდა. ესტატეს არც უფიქრია თავისი სახლისა და ახლობლების დატოვება. უცბად თვალების საშინელმა ტკივილმა შეიპყრო, მალე კი სულ დაბრმავდა. მიხვდა, რისთვისაც დაემართა ასე, იწყო გულითადი ლოცვა და პირობაც დადო თუ გამოკეთდებოდა, აუცილებლად გააკეთებდა იმას, რაც წმინდა ნიკოლოზმა უბრძანა. მაშინ კვლავ გამოეცხადა ნიკოლოზი, აუხილა თვალი და თან დაარიგა ყივჩაღთა გზით კი არა, ბალტიის ზღვით გაეცურა, იქიდან კი უკვე ხმელეთით გასდგომოდა გზას რიაზანისაკენ. ესტატე ასეც მოიქცა, თან იახლა ცოლი და ბიჭუნა, დაუყოვნებლივ ჩაჯდა გემში და სასწაულთმოქმედის ხატთან ერთად გაეშურა ნაბრძანები გზით. მშვიდობიანად მიაღწია რიგას, იქიდან ნოვგოროდისკენ გაემართა, სადაც იმ დროს წმინდა ალექსანდრე ნეველის მამა, იაროსლავი იყო მმართველი. აქ ცოტა შეისვენა, ღვთის შეწევნით მრავალი უძლური განიკურნა ხატისაგან, მათ შორის ფეოდოსიაც, თვითონ ესტატეს ცოლი, რომელიც კუნთების მოდუნებით დაავადდა იმის გამო, რომ აღარ უნდოდა გზის გაგრძელება და ნოვგოროდში მოინდომა დარჩენა.
როგორც იყო, მიაღწია ესტატემ რიაზანს. ამის შესახებ წინასწარ ეუწყა თავად თევდორეს, დიდი თავადის იური რიაზანელის შვილს. მან ძილში წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელმაც უთხრა, რომ მისი ხარი იქნება მფარველი ყოველთვის და რომ იგი მისთვის და მისი შვილისთვის ზეციური მეფობის გვირგვინს გამოითხოვს უფლისგან. მერე ისიც აუწყა, უახლოვდებაო ხატი ქალაქს.
გააკვირვა თავადი ამ ხილვამ, მითუმეტეს რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაქორწინებული. მაინც წავიდა მამასთან, მოიწვია ეპისკოპოსი ეფროსინე მთაწმინდელი და უამრავ ხალხთან ერთად გაეშურა ხატის შესახვედრად. ხატის მირქმის ადგილზე ააშენა წმინდა ნიკოლოზის სახელზე ტაძარი და ეპისკოპოს ეფროსინეს აკურთხებინა.
მომავალში ზედმიწევნით შეუსრულდა თევდორეს და მის ოჯახს წმინდანის წინასწარმეტყველება. რამდენიმე ხანში თავადი ერთ ღვთისმოსავ ქალიშვილზე - ეპრაქსიაზე დაქორწინდა და შეეძინა მასთან ვაჟი - იოანე. 1237 წელს მონღოლთა თავდასხმებისას თევდორე წამებით აღესრულა, ეპრაქსიამ კი, რომ გაიგო ქმრის სიკვდილი, შვილთან ერთად უსულოდ დაეცა. ღვთის მოშიში თევდორე თავისი ცოლ-შვილით იმ ტაძარში დაკრძალეს, სადაც კორსულის წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული.
ღვთისმოშიშ ეფროსინეს, ეგნატეს და გალაქტიონს სურდათ, თავიანთი ცხოვრების დარჩენილი დღეები მთლიანად ღვთისათვის მიეძღვნათ. ამისთვის ამოირჩიეს განმარტოებული ადგილი ერთ-ერთ მუხნარში, მდინარე ვეჟის ნაპირას და იქ დასახლდნენ. თავისი შრომით ირჩენდნენ თავს და არასდროს ეძლეოდნენ მოსვენებას. მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეს და ღამეს. მათი ამბავი მალე მოედო ახლომდებარე სოფლებსა და ქალაქის მცხოვრებლებს და სულის ცხონების მძებნელების დიდმა ტალღამ იწყო დენა მათკენ. ბევრმა მოხუცების ადგილსამყოფელის გარშემო ააგო თავისთვის სენაკი. ააშენეს ხის ტაძარიც წმინდა ნიკოლოზის სახელზეც.
ასე დაარსდა აქ მონასტერი.
განდეგილებს უხდებოდათ სიცივის, უამინდობის, საკვებისა და ტანსაცმლის ნაკლებობის, მხეცთაგან თავდასხმების გადატანა. მაგრამ ყველაზე მეტად უჭირდათ ნოვგოროდელი ბოიარის თავდასხმების მოგერიება. ეს ბოიარი იმ ტყის მფლობელი იყო, სადაც ისინი დასახლდნენ. იგი არ აძლევდა მათ მოსვენებას და ცდილობდა, როგორმე გაეყარა იქიდან. გაყრიდა კიდეც, რომ არა ღვთის განგება, რომელმაც განსაცდელით გონს მოიყვანა ბოიარი. უეცრად დაასნეულა ავთვისებიანი იარებით, რომლებიც ორივე ფეხზე გაუჩნდა. ვერაფერმა უშველა. მაშინ ლოცვით მიმართა წმინდა ნიკოლოზს და მან სრულიად განკურნა იგი. ბოიარმა შეინანა თავისი საქციელი და განდეგილებს მფლობელობაშიც კი გადასცა მიწა, რომელის დღესაც ეკუთვნის ვეჟის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერს.
„ნიკოლოზ სასწაულმოქმედი“, ნეკრესის ეპარქია, 2001
საქართველოში ბევრისათვის არის ცნობილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალული ბერი გაბრიელის საფლავი, რომელსაც მრავალი მორწმუნე ადამიანი მიეახლება რწმენითა და სასოებით.
მოგვითხრობენ შემდეგ ეპიზოდს მამა გაბრიელის ცხოვრებიდან:
ერთხელ, ახალგაზრდობაში, იგი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.
ამ დროს ზღვის ტალღებზე წამოიმართა მღვდელმთავრის ძვირფასი სამოსით შემოსილი სპეტაკი წვერით შემკული ადამიანი, რომელმაც მკაცრად მიმართა გემის კაპიტანსა და მის თანაშემწეებს:
- სად არის თქვენი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენი დაუდევრობით ზღვაში იხრჩობა ადამიანი?
მისი მითითებით კაპიტანმა სასწრაფოდ უხმო მეზღვაურებს, რომლებიც ნავში ჩასხდნენ და აჩქარებით მოისვეს ნიჩბებს.
მეზღვაურებმა ცოცხალ-მკვდარი ახალგაზრდა ნავში აიყვანეს და ნაპირზე გავიდნენ. როდესაც ხელოვნური სუნთქვით მოასულიერეს, მერეღა მოიკითხეს მისი მეოხმყოფელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადარჩენილს უპოვეს მკერდზე ჩამოკიდებული წმიდა ნიკოლოზის ხატი, შეიცნეს მასში მშველელის ჭეშმარიტი ვინაობა.
ვოლოგდის მთავარეპისკოპოსი ნიკონი მოგვითხრობს: „ერთ სოფელში ცხოვრობდა კეთილმორწმუნე გლეხი, რომელიც ყოველ დღესასწაულზე ესწრებოდა საზეიმო წირვას. სადაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც კი ეკლესიის ზარების ხმას გაიგებდა, თავს მოუყრიდა ბავშვებს და ტაძარში მიდიოდა. ცოლს დაუბარებდა, რომ საოჯახო საქმეები მალე მოეთავებინა და ტაძარში წამოსულიყო.
ერთხელ, წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე, ამ კაცის ცოლი ჩვეულებრივ ტაძარში წასასვლელად ემზადებოდა და სიჩქარეში კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. ამ დროს მათ სახლთან ჩაიარა იმ მხარეში ცნობილმა ქურდმა, რომელმაც დაინახა ღიად დარჩენილი კარი და სახლში შევიდა. რისი წაღებაც უნდოდა, თავი მოუყარა, შეკრა და წასასვლელად ემზადებოდა, რომ დაინახა, როგორ შემოვიდა დაკეტილი კარებიდან სრული სამღვდემთავრო შესამოსლით შემოსილი წმიდა ნიკოლოზი. მან მკაცრად შეხედა ქურდს და უთხრა: „ადამიანები, რომლებსაც ღმერთი უყვართ, ტაძარში წავიდნენ, სიჩქარეში ქოხის დატეკვა დაავიწყდათ. შენ ამით ისარგებლე და მათი ნაოფლარის მოსაპარად შემოხვედი?“ ამ სიტყვებით მიუახლოვდა და სილა გააწნა. ქურდი უეცრად დაბრმავდა. მან ოთახში ბორიალი დაიწყო, უნდოდა კარი მოეძებნა და გარეთ გასულიყო, მაგრამ ვერაფრით მოახერხა.
ამასობაში სახლის პატრონებიც დაბრუნდნენ და შეამჩნიეს, რომ ქოხში ვიღაც დადიოდა. შევიდნენ და ნახეს ნაცნობი ქურდი, რომელიმაც ტირილით მოუთხრო მათ, რაც თავს გადახდა.
ქურდი გაასამართლეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, რამაც ძალზე გაახარა მთელი სოფელი, რადგან მოსვენება არ ჰქონდათ მისი ავკაცობისაგან. ეტაპირების დროს პატიმრები სოფელზე გაატარეს. ქურდმა ისურვა შესულიყო ეკლესიაში, სადაც წმინდა ნიკოლოზის ხატი ესვენა. დაიჩოქა მის წინაშე, თვალცრემლიანმა მოინანია თავისი ცოდვები და შენდობა სთხოვა. როდესაც ლოცვის შემდეგ ხატს ეამბორა, უეცრად თვალები აეხილა.
1938 წლის ზაფხულში შინსახკომის თამანშრომელი დიმიტრი ეფიმოვი სამუშაოდ მიავლინეს ნოვოდერევენსკის რაიონში. სოფელში მისთვის შესაფერი ბინის მოძებნა რთული აღმოჩნდა - მასზე ადრე ჩამოსულებს აქ ყველა ადგილი უკვე დაეკავებინათ. ადგილობრივი ადმინისტრაციის მუშაკებმა ერთი მარტოხელა ქვრივის სახლში გადაწყვიტეს ოთახის დაქირავება. მაგრამ ქვრივმა განაცხადა, რომ ოთახს არავის დაუთმობდა, რადგან იგი წმიდა ნიკოლოზს ჰქონდა დაკავებული. მას ოთახის გაღება უბრძანეს და როცა შევიდნენ, იხილეს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის უზარმაზარი, იატაკიდან თითქმის ჭერამდე აზიდული ხატი. იგი აიღეს და საბრალო ქალის თხოვნა-მუდარის მიუხედავად სარდაფში ჩაიტანეს. ბოლოს ქვრივმა თქვა, რომ უსარგებლოდ ირჯებოდნენ, რადგან წმიდა ნიკოლოზი მაინც არავის დაუთმობდა თავის ოთახს. მას სიცილი დააყარეს. დიმიტრიმ შეიტანა ოთახში ნივთები, ოთახი ჩაკეტა და სამუშაოდ წავიდა.
იდგა ივნისის უღრუბლო დღე. უეცრად გაისმა ჭექა-ქუხილი და გაიელვა. დიმიტი მივარდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ იწვოდა ქვრივის სახლი. სასწრაფოდ მიირბინა შემთხვევის ადგილზე და თვითმხილველთაგან გაიგო, რომ მცირე, მუჭისხელა ღრუბლიდან გამოვარდა მეხი, რომელიც სწორედ მის მიერ დაქირავებულ ოთახს დაეცა. ამგვარად, წმიდა ნიკოლოზმა არავინ დაუშვა თავისი ხატის სამყოფელში. სახლი დაიწვა, ხატი კი უვნებელად გადარჩა. ქვრივმა მიიღო დაზღვევის თანხა, ააშენა ახალი ქოხი და მადლობდა წმიდა ნიკოლოზს წყალობისა და ნუგეშისათვის.
სამოქალაქო ომი მძივნარებდა. ახალგაზრდა გოგონა - ე.პ. თავისი სახლის წინ იდგა. უეცრად მან დაინახა იარაღმომარჯვებული გლეხი, რომელსაც იგი მიზანში ჰყავდა ამოღებული. გოგონამ თრთოლვით მიიკრა მკერდზე ხელები და დიდი რწმენითა და სასოებით ილოცა: „წმიდაო ნიკოლოზ, სასწაულთმოქმედო ქრისტესო, შემეწიე მე!“ მოულოდნელნად გლეხმა იარაღი დააგდო და გოგონას უთხრა: „ახლავე წადი, გაიქეცი, სადაც გინდა, მეტად აღარ მომხვდე თვალში“.
გოგონა სახლში შევარდა, აიღო საჭირო ნივთები და სადგურისკენ გაიქცა. იმ დღიდან მას მოსკოვში დაიდო ბინა. გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ კარებზე კაკუნი მოისმა. ზღურბლზე გამხდარი, ჩამოძონძილი კაცი იდგა და კითხულობდა, აქ ცხოვრობდა თუ არა ე.პ. იგი შინ შეიპატიჟეს. როდესაც უცნობმა დაინახა ის, ვისაც ეძებდა, ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. მასპინძელი დაიბნა, არ იცოდა, რა მოემოქმედა: წამოაყენა და აუხსნა, რომ მას არ იცნობდა.
„ნუთუ ვერ მიცანი? ეს მე ვარ, სწორედ ის, ვისაც შენი მოკვლა უნდოდა. როგორც კი იარაღი მოვიმარჯვე და დაგიმიზნე, დავინახე, რომ შენს ადგილზე იდგა წმინდა ნიკოლოზი. ვერ შევძელი მისთვის მესროლა“ - თქვა სტუმარმა და ფეხებში ჩაუვარდა მასპინძელს. „მას შემდეგ ავად ვარ. შენი მოძებნა გადავწყვიტე. სოფლიდან ფეხით ჩამოვედი“.
ე.პ.-მ ოთახში შეიყვანა გლეხი, დაამშვიდა და უთხრა, რომ ყოველივეს ჰპატიობდა. შემდეგ აჭამა და სუფთა ტანსაცმელი ჩააცვა. „ახლა კი დაწყნარებული მოვკვდები“, - თქვა მოხუცმა.
მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ მან მშვიდად მიაბარა სული უფალს. სიკვდილის წინ აღსარება თქვა და უფლის წმიდა საიდუმლოს ეზიარა. ე.პ.-მ დაიტირა გლეხი, როგორც ძალზე ახლობელი ადამიანი.
ერთი კეთილმორწმუნე კაცი გულმოდგინედ ევედრებოდა წმიდა ნიკოლოზს ცოლის უნაყოფობისგან განკურნებასა და შვილოსნობის უნარის მონიჭებას და აღუთქვამდა, რომ შვილთან ერთად მისი სახელობის ტაძარს ოქროს ჭურჭელს შესწირავდა. მისი ლოცვა შეისმინა სახიერმა მეოხმა და მოკლე ხანში მას ძე მისცა. მადლიერმა მამამ გაიხსენა თავისი აღთქმა და ოქრომჭედელს შეუკვეთა ოქროს ჭურჭელი. მაგრამ როდესაც ჭურჭელი ჩამოისხა, ამ კაცს ძლიერ მოეწონა იგი და თავისთვის დაიტოვა, ოქრომჭედელს კი წმიდა ნიკოლოზის ტაძრისთვის სხვა ჭურჭლის ჩამოსხმა სთხოვა. როდესაც ისიც მზად იყო, მან წაიღო ორივე ჭურჭელი, თან იახლა ძე და ხომალდით გაემგზავრა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისაკენ. მოგზაურობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა: მამის ბრძანებით ყრმა წყლის მოსატანად წავიდა, მაგრამ ჭურჭელთან ერთად ზღვაში გადავარდა და დაიხრჩო. ეს იყო სწორედ ის ჭურჭელი, რომელიც ბავშვის მამას დაენანა წმიდა ნიკოლოზისთვის შესაწირად.
მამამ ცხარე ცრელმებით დაიტირა თავისი ძის უდროო სიკვდილი და მარტომ განაგრძო გზა, რადგან ეწადა წმინდანისთვის მიცემული აღთქმის შესრულება. მან მშვიდობით მიაღწია წმიდა ნიკოლოზის ტაძარს, თაყვანი-სცა მღვდელმთავრის ხატს და ჭურჭელი ხატის წინ დადგა. მაგრამ უხილავმა ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში გადააგდო. მან ხელმეორედ დადგა ჭურჭელი ხატის წინ, მაგრამ ისევ წარუმატებლად: უხილავმა ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში მოისროლა. ამ ამბავმა ყველა გააოცა; ვერავინ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს. მოულოდნელად ტაძარში გაჩნდა ყრმა, რომელსაც ხელში ჭურჭელი ეკავა და იქ მყოფთ უამბო, რომ ზღვაში დახრჩობისაგან იგი დაიფარა ქრისტეს მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა. მამამ მადლობა შესწირა წმიდანთა შორის დიდებული უფალს, წმიდა ნიკოლოზის ტაძარს ორივე ჭურჭელი შესწირა და ძესთან ერთად შინ მშვიდობით დაბრუნდა.
გადმოცემა გვიამბობს, რომ როდესაც რუსეთის ქალაქ მოჟაისკს თავს დაესხნენ მტრები და წმიდა ნიკოლოზის ტაძრის დანგრევით იმუქრებოდნენ, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საკვირველად გამოეცხადა მკაცრი სახით, ტაძრის თავზე ჰერში მდგომი. მას ერთ ხელში ეჭირა მახვილი, მეორეში კი - ციხე-სიმაგრით გარშემოვლებული ტაძრის გამოსახულება. ამ საკვირველმა გამოცხადებამ მოჟაისკის მოცხოვრებნი გაამხნევა, მტრებს კი შიშის ზარი დასცა და ისინი მაშინვე გაიქცნენ. წმიდა ნიკოლოზის ძლევამოსილი მეოხებისათვის მადლობის ნიშნად მოჟაისკის მცხოვრებლებმა ამ სასწაულებრივი გამოცხადების ხეზე ნაკვეთი გამოსახულება. ეს ხატი დღეს წარმოადგენს მოჟაისკის წმდია ნიკოლოზის ტაძრის მთავარ სიწმინდეს.
1812 წელს ფრანგების ჯარი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით შიმშილისა და სიცივის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი. ქალაქიდან გასვლისას მათ დანაღმეს კრემლის კედლები. ჩადებულ იქნა დენთის უზარმაზარი რაოდენობა, ამიტომ აფეთქების ძალაც საშინელი აღმოჩნდა: ქვები, რკინა და მორები ყველა მხარეს მიფრინავდა. მოხდა გამანადგურებელი მიწისძვრის მსგავსი რამ. რა დაემართებოდა ნიკოლსკის კოშკსა და კარიბჭეს, რომლის ქვეშაც ჩადებული იყო დენთი? მოხდა აშკარა სასწაული, ნიშანი წმიდა ნიკოლოზის ძალისა და დიდებისა. კოშკის ზედა ნახევარი დაინგრა, მაგრამ კოშკის თავზე მოთავსებული ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და შუშა, რომელიც ფარავდა წმიდანის ხატს, მცირედითაც არ დაზიანებულა. ხატის წინ დანთებული კანდელი არ გაუნადგურებია აფეთქებას და იგი კვლავაც ენთო, თითქოს არაფერი მომხდარა.
ბერი პაისი ათონელი მოგვითხრობს: „ერთხელ ათონის მთის ერთ-ერთ სენაკში დაშრა ჭა. ამ სენაკის მკვიდრმა მონაზონმა, რომელიც ბავშვური უბრალოებით გამოირჩეოდა, ბაწრით ჩაუშვა ჭაში წმიდა ნიკოლოზის ხატი და წარმოთქვა: „წმიდაო მამაო ნიკოლოზ, თუ გსურს, რომ მე მომავალშიც ავანთო შენს წინაშე კანდელი, ამოიწიე წყალთან ერთად - შენ ხომ შეგიძლია ამის გაკეთება. შენ ხედავ, რამდენი ადამიანი მოდის ჩვენთან, ჩვენ კი მათთვის არა გვაქვს ცივი წყალი“.
და, ჰოი, სასწაულო! წყალმა თანდათანობით იწყო ამოსვლა, მასთან ერთად კი წმინდა ნიკოლოზის ხატმაც ამოიწია, სანამ მონაზონმა იგი ხელში არ აიღო. ამის შემდეგ იგი მოკრძალებით ეამბორა მას და უკან, ტაძარში წაიღო.
1941 წლის 8 ნოემბერს გერმანიის ჯარებმა დაიკავეს ქალაქი ტიხვინი. იმ დროს ხალხის მთავარი საზრდო იყო პური, რომელსაც ხელისუფლება ბარათების საფუძველზე გასცემდა. მაგრამ ოკუპაციის შედეგ ეს შეუძლებელი გახდა, რადგან გერმანელები პურს ბარათებით არ გასცემდნენ.
მძიმე დღეებში ჩაცვივდნენ ტიხვინის მკვიდრნი, მათ შორის ელისაბედ ხმელიოვაც... იტირა ელისაბედმა, თავისი პურის ბარათი ჩაუშვა სანთლების უჯრაში, ილოცა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატის წინ და დაიძინა. დილით ხედავს - მაგიდაზე პურია... ოთხასგრამიანი ნაჭერი. სწორედ ამ დროს შემოვიდა მეზობელი, მარიამ პავლოვა. „მარიამ, ეს შენ მოიტანე პური?“ - ჰკითხა მას ელისაბედმა. „არა, - მიუგო მან, - საიდან, მე თვითონ უპუროდ ვზივარ!“
ელისაბედმა უამბო სასწაულის შესახებ და მარიამი შეევედრა, მისი პურის ბარათიც ჩაეშვა სანთლების უჯრაში...
ასე გაატარეს ელისაბედმა და მარიამმა ოკუპაცია. არავინ იცის, ეს როგორ ხდებოდა - მაგიდაზე ყოველ დილით ხვდებოდათ პურის ერთი ულუფა. ნიკოლოზ პურისა მათ მთელი ოკუპაციის განმავლობაში კვებავდათ. მართალია, ოკუპაცია დიდხანს არ გაგრძელებულა, მხოლოდ ერთი თვე. საბჭოთა ჯარებმა დეკემბერში გაათავისუფლეს ტიხვინი.
(1956 წელს ქ. სამარაში მომხდარი ფაქტის შესახებ)
ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა თავს 1956 წელს
სახლი ჩკალოვის 84-ში, სადაც მოხდა აქ მოთხრობილი სასწაული
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ აგადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.
სტუმრები თითიქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, სახელად კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდებმა მას აღარ დაუწყეს ლოდინი და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და განაცხადა: „რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავკიდებ ხელს და მასთან ვიცეკვებ!“ გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა. მან კი უპასუხა: „თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!“
ჩართეს საცეკვაო მელოდიები და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ცეკვის ტაქტს, რომ ოთახში ანაზდად წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორია ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხირულება უეცარმა ელდამ შეცვალა. შიშისაგან თავზარდაცემულნი, ყველანი გავარდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმიდა ნიკოლოზის ხატით. გამოძახებაზე მისული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ ვერ მოიყვანა ქალიშვილი გონს. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, ტყდებოდა და იღუნებოდა ზოიას მარმარილოს სხეულზე. უნდოდათ მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზოია ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან მას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარც ჭამა.
როდესაც დედა ეკლესიიდან დაბრუნდა და თავისი ქალიშვილი ამგვარ ყოფაში იხილა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. უფლის გულმოწყელებისადმი მისმა რწმენამ და ღმერთისადმი აღვლენილმა მხურვალე ლოცვებმა, შვილისათვის ტანჯვათა შემსუბუქების თხოვნით, მის ქალიშვილს აღუდგინა სასიცოცხლო ძალა. იგი ცრემლებით თხოვდა ღმერთს პატიებას და დახმარებას.
პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო; საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნენი, ცნობისმოყვარენი, სასულიერო პირები. მაგრამ მალე, ხელისუფლების ორგანოების განკარგულებით, შენობაში შეღწევის ყოველგვარი საშუალება აღკვეთილ იქნა გარეშე მნახველებისათვის. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. ამ მორიგეთაგან (რომელთა შორის იყვნენ 28-32 წლის ახალგაზრდები) მრავალი გაჭაღარავდა იმ შემზარავი სურათის მხილველნი, როდესაც ზოია საშინელი ხმით გაჰყვიროდა: „ - დედა, ილოცე; ცოდვებში ვიღუპებით, ილოცე!“ ამ დროს მის გვერდით მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლოცულობდა დედამისი.
მღვდელმონაზონი სერაფიმე
მოგვიანებით ზოიასთან დაშვებულ იქნა რამდენიმე ადამიანი. მოსკოვიდან ჩემოვიდა მედიცინის პროფესორი, რომელმაც დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაშეშებისა და გაქვავებულობის მიუხედავად. დედის თხოვნით მოწვეულ იყვნენ სასულიერო პირები, რათა ზოიას ხელიდან გამოეხსნათ წმიდა ნიკოლოზის ხატი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გამოეცალათ ხატი მისი გაქვავებული ხელისგულებისთვის. ქრიტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, რომელმაც აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ზოიას ხელები და ხატს, სათანადო პატივის მიგების შემდეგ, პირვანდელი ადგილი მიუჩინეს. ბერმა ბრძანა: „ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც იგი მოგვივლენს დიდი დღესასწაულისთვის (ე.ი. აღდგომისათვის). თუ ეს არ მოხდა, მაშ, ახლო ყოფილა ქვეყნის აღსასრული“. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.
ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებისაგან ცივი უარი მიიღო. იგი მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა მორიგეებმა არ დართეს შესვლის ნება. მესამედ, უკვე უშუალოდ ხარება დღეს, მორიგეებმა შეუშვეს და მათ ყურს მისწვდა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: „რაო, მოგბეზრდა დგომა?“
გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მორიგეებს სურდათ უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი მათ აღარ დახვდა (ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო თვით საკვირველმოქმედი ნიკოლოზი).
ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში (128 დღე), თვით აღდგომამდე, რომელიც იმ წელს უწევდა 23 აპრილს (6 მაისს ახალი სტილით).
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღალი ძახილით დაიწყო მოწოდება: „ილოცეთ!“ ღამის გუშაგებმა ვერ აიტანეს მისი საცოდაობა და ჩაეკითხნენ: „ასეთი ხმით რად ყვირიხარ?“ და მიიღეს პასუხად: „საშინელი ცეცხლით იწვის დედამიწა! ილოცეთ! მთელი დედამიწა ცოდვებში ინთქმება. ილოცეთ!“
და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი: მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა. ზოია ჩააწვინეს ლოგინში, მაგრამ ის განუწყვეტლივ ყველას უხმობდა და ითხოვდა ელოცათ ცოდვებით აღვსილი სამყაროსათვის, უკანონობაში ჩაფლული ქვეყნიერებისათვის.
- რით არსებობდი ამ ხნის განმავლობაში? - ეკითხებოდნენ მას. - ვინ გასაზრდეობდა?
- მტრედები, მტრედები მაწვდიდნენ საკვებს, - პასუხობდა ზოია, რითაც ცხადლივ გვეუწყება, რომ შეწყალება და პატიება მოდიოდა თვით უფლის შემოქმედი მარჯვენისგან. უფალმა მიუტევა მას ცოდვები, ღვთის წმიდა სათნომყოფლის, ყოვლადმოწყალე ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის მეოხმყოფლობითა და უმძიმესი განსაცდელის, 128 დღის მანძილზე ფეხზე დგომის საზღაურად.
მომხდარმა ფაქტმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც ესმოდა ზოიას ყვირილი და ვედრება - ელოცათ ცოდვებში მყოფი ადამიანებისათვის, ირწმუნეს ღმერთი. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებელნი ეკლესიებში მიიჩქაროდნენ აღსარების სათქმელად; ვინც ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება - იმდენად დიდი იყო ახლადმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასათვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.
შიშითა და თვალზე მომდგარი ცრემლებით თხოვდა ხალხი ღმერთს საკუთარი ცოდვების შენდობას და თან ზოიას სიტყვებს იმეორებდა: „საშინელება ხდება. დედამიწა იწვის, ცოდვებში ვიღუპებით. ილოცეთ. ადამიანები უკანონობის შედეგად წარწყმდებიან.“
აღდგომის მესამე დღეს ზოიას სული მიიღო უფალმა - აღესრულა მხევალი ღვთისა, რომელმაც თავისი მძიმე ცოდვები 128 დღის ფეხზე დგომით გამოისყიდა. სულიწმიდა იფარავდა მისი სულის არსებობას, აღადგინა იგი მომაკვდინებელ ცოდვებისაგან, რათა მომავლის, ყოველთა ცხოველთა და მკვდართა მარადიული აღდგენის დღეს აღედგინა იგი სხეულით მარადიული სიცოცხლისათვის, რამეთუ თვით სახელი ზოია ნიშნავს სიცოცხლეს. ამინ.
„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.