მედავითნე - მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაბალი რანგის საეკლესიო მსახური, საერო პირი, რომელიც ეხმარება მღვდელს.
"ვალდებულება თქვენი მაღალი და საღმრთოა, რადგან იგი მდგომარეობს მასში, რათა თქვენ, სულიერთა ფსალმუნთა და საგალობელთა შინა თქვენი კითხვა-გალობით უქადაგებდეთ სიტყვასა ღვთისასა ერსა და ძმათა, რომელთათვის ქრისტემან შესწირა თავი თვისი მსხვერპლად, და თქვენ თქვენი პირითა და ენითა ტაძარში მდგომარე მლოცველთა მაგიერათაც უნდა აღავლინოთ ლოცვა ღვთისა მიმართ".
"მედავითნეს, რომელიც ღვთისმსახურებაზე ლოცვებს კითხულობს, სასურველია, უწინარესად თვითონ ჰქონდეს გაცნობიერებული ლოცვის სიტყვების მნიშვნელობა. მას განსაკუთრებით მართებს გონების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებზე. მედავითნის სულიერი განწყობა ხშირად მრევლზეც აისახება ხოლმე."
"საღვთისმსახურო წიგნების კითხვას, გალობას დიდ საქმედ ვთვლი, ძალიან დიდ საქმედ, რადგან ადამიანი თანდათანობით ისე იწმინდება, თვითონაც ვერ ამჩნევს. შეიძენს სიყვარულს და თავმდაბლობას, ისმენს რა წმინდანთა სიტყვებს, თვენიდან, ძლისპირებიდან, და სხვა ამგვარი წიგნებიდან. ამ საქმეს მუდმივად და გულმოდგინედ უნდა ვაკეთებდეთ და მას მივუძღვნიდეთ საკუთარ თავს". - /წმ. პორფირე კავსოკალიველი/
"იკითხე და იგალობე გასაგებად და აუჩქარებლად; უმთავრესად ნუ ჩქარობ, როდესაც კითხულობ წმ. ლოცვებს; ვინ მოგდევს? სად მიეჩქარები? ნუ თუ შენ გენანება, რომ ერთი საათი კვირაში შესწირო უფალს, გულისხმიერი და ბეჯითი ლოცვით? დაფიქრდი, ნუ არისხებ უფალს, ნუ ამდაბლებ ლოცვას, ნუ აცდენ ხალხს და ნუ ჩქარობ".
"- უმთავრესად რა მოეთხოვება მედავითნეს?
- უპირველეს ყოვლისა, მედავითნემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ძველი ქართულით კითხვა (ძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობა). უყვარდეს ლოცვა და კარგად ესმოდეს ის, რასაც კითხულობს. ერთი ბერი ამბობდა: "თუ თავად არ გესმის ის, რასაც ამბობ, როგორ გინდა, რომ ღმერთმა გაგიგონოს?" გამოდის, ასეთი ლოცვა ფუჭი და უნაყოფოა. არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, გონების გაუბნევლობას. ეს მხოლოდ წმინდანებს ძალუძთ. ერთი წმინდა მამა ამბობს: "ღმერთმა რომ მოჰკითხოს ადამიანს ლოცვის დროს გონების განბნევა, ვერავინ ცხონდებოდაო". მედავითნე შედარებით ნელა უნდა კითხულობდეს, რათა ეკლესიაში მყოფმა მრევლმა შეძლოს ლოცვის ტექსტის გააზრება. მედავითნის მიერ წარმოთქმული სიტყვები მკაფიოდ და ნათლად უნდა აღიქმებოდეს. წირვა-ლოცვაზე დასწრება ეკლესიური ცხოვრების ქვაკუთხედია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გაიგოს, რას კითხულობს მედავითნე. იმისათვის, რომ ადამიანი აქტიურად ჩაერთოს ღვთისმსახურების მსვლელობაში და გონება ნაკლებად გაეფანტოს, საჭიროა, გულისყური მიადევნოს ლოცვის სიტყვებს."
- მედავითნე სასულიერო პირი არ არის, მაგრამ მისმა საქციელმა მაინც შეიძლება დააბრკოლოს ეკლესიაში მყოფი...
- არსებობს საეკლესიო სამართლის კანონები, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები, სადაც მითითებულია, რა ცოდვა არ უნდა ჩაიდინოს მედავითნემ. მან არ უნდა დააბრკოლოს მრევლი ისეთი მომაკვდინებელი ცოდვების ჩადენით, როგორიცაა ლოთობა, მრისხანება და ა.შ. როცა ადამიანი თავს იდებს საეკლესიო მსახურების წარმართვას, ასეთ ცოდვებში არ უნდა ჩავარდეს. მედავითნე მაგალითს უნდა აძლევდეს მრევლს. რა დაღლილი ან გაღიზიანებულიც არ უნდა იყო, სიყვარულისა და გულისხმიერების გამოჩენა მაინც გმართებს, ვინაიდან სიყვარული და გულისხმიერებაა თავიდათავი ქრისტიანობისა."
"- ხდება ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც წარმატებას მიაღწევს რაიმე სათნოებაში, თუნდაც ლოცვით ღვაწლში, იწყებს საკუთარი თავის განდიდებას, ფიქრს საკუთარ ღირსებებსა და წარმატებებზე. ემუქრება თუ არა ხიბლისა და სიამაყის საფრთხე მედავითნეს? - ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე სინელი წერს: "როდესაც ვლაპარაკობ, ვამაყობ, როდესაც ვდუმვარ - მაინც ვამაყობ; როდესაც ძვირფასი სამოსი მაცვია - ვცუდმედიდობ, თუმცა მაშინაც ვცუდმედიდობ, როცა გლახაკის ტანსაცმელი მაცვიაო". ხიბლი ჩვენს დაცემულ ბუნებაშია ჩანერგილი. მისკენ მიდრეკილება არავისთვის არის უცხო. როდესაც ადამიანი თავის ცოდვებს ვერ ხედავს და ჰგონია, რომ რაღაც სიმაღლეს მიაღწია და ღმერთს მიუახლოვდა, უფალი მას აუცილებლად დაამდაბლებს, რადგან სხვაგვარად იგი დაიღუპება. სიამაყის ეშმაკი ადამიანს აშფოთებს, თავს ახვევს აზრს, რომ მან წარმატებას თავისით მიაღწია, რომ მშვენიერი ხმა აქვს, გამართულად კითხულობს, რომ სხვებს სჯობია, მაგრამ გამოცდილებამ დამარწმუნა, როცა კი ვინმეზე მაღლა დამიყენებია თავი და მიფიქრია, კარგი მედავითნე ვარ-მეთქი, მაშინვე სერიოზული შეცდომა დამიშვია კითხვაში. ასეა, ღმერთი გვამდაბლებს, რათა თავი დავიმდაბლოთ." /მედავითნე დავით კვერნაძე/
"სამწუხაროდ, ჩვენი ცოდვილი ბუნებისთვის დამახასიათებელია ადამიანური შური. მამა იოსებს მოჰყავს ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც არცთუ იშვიათად ეკლესიაშიც ხდება: "მაგალითად, დგახარ ეკლესიაში და გაწუხებს ფიქრი: "რატომ გალობს შენი ძმა და შენ კი არა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შენი რიგია?" შენ ეუბნები ამ ფიქრს: "უმჯობესია, ჩემმა ძმამ გაიხაროს, ვიდრე მე". მაგრამ აზრი, ჩანაფიქრი მაინც დაჟინებით გვეუბნება: "რატომ, ასე ხომ უფრო სწორი და სამართლიანი იქნები?" შენ უტევ: "ეშმაკო, დამანებე თავი!" და იწყებ იესოს ლოცვას, უღრმავდები მას. ისევ მოდის მაცდური და გეუბნება: "მაგრამ მაინც რატომ?" "კარგი, - ეუბნები, - ცოტა ხანს დამაცადე და გეტყვი, რატომაც". გამოდიხარ ეკლესიიდან, მიდიხარ შენს სენაკში, იღებ ჯოხს და მრისხანებით ამბობ: "აი, რატომ, ეშმაკო! აი, შენი სამართლიანობა, რომელსაც ითხოვ! მიიღე!" უთავაზებ ჯოხს საკუთარ სხეულს და ამით უჩივი მას მაცხოვართან, როგორც შენი ტკივილის გამომწვევ მიზეზს. გარბის, შფოთავს დემონური ძალა და მაცხოვარი წყალობით გავსებს, შენს ვნებებს ასუსტებს და თანდათან სწავლობ გამარჯვების ხელოვნებას".
"რაც შეეხება მედავითნის ცხოვრების წესს, მას ევალება ზუსტად ის, რაც ეკლესიის ყველა წევრს - ბაძავდეს ქრისტეს თავის საზომში, "ძალისაებრ მისისა". - /გიორგი გვასალია/
"მთელი საეკლესიო მსახურება არის სიტყვიერი მსახურება. მასში ერთი ბწკარიც კი არ არის ისეთი, რომ არ იყოს პოეზია. მთელი ჰიმნოგრაფია, სახარება პოეზიაა. უამრავი თავდაპირველი ეკლესიის ჰიმნია თავმოყრილი წმინდა წერილში. იგი, ფაქტობრივად, საეკლესიო ჰიმნების კომენტარია. თეოლოგ გიორგი ფლოროვსკის აზრით, ახალი აღთქმის ტექსტები იმთავითვე გამიზნული იყო საეკლესიო ღვთისმხურებაში წასაკითხად. გარდა ამისა, იოანეს სახარება გარკვეულ აზრობრივ რიტმებზეა აგებული. იგი ღვთის სიტყვასთან ერთად უდიდესი აზრობრივი პოეზიაცაა, რომ აღარაფერი ვთქვათ საეკლესიო რიტუალზე, ტროპარებზე და სძლისპირებზე... ისინი უნდა იკითხებოდეს სწორედ იმ შეგნებით, რომ ეს ყოველივე არის პოეზია, მხატვრული სამყარო, რომლის დანიშნულებაა, აღძრას ჩვენში ენერგია კონკრეტულ სახედ გაფორმებისკენ და თავადაც გახდეს ჩვენში გაცნობიერებული ნდომა ღვთაებრივისა და ღმერთისა. ამ ყველაფერს შეუძლია ადამიანში არსებული სტიქიური ენერგია კოსმოსურ ენერგიად გადააქციოს და ქრისტეს სხეულად ჩამოქნას. სწორედ ეს ფუნქცია აქვს ეკლესიაში ჰიმნოგრაფიასა და რიტუალებს და არავითარი "მაგიური" დანიშნულება მას არ გააჩნია." - /მამა კახაბერ კურტანიძე/
"თვალი ადევნე წიგნის მკითხველებს, მათ მიერ შესრულებულ მსახურებას, წეს-რიგსა და სისწორეს წიგნის კითხვასა და გალობას: თუ რამდენად კეთილკრძალულად გალობენ და კითხულობენ. ცდილობენ თუ არა თავიანთი საქმის სულით აღსრულებას, თუ მხოლოდ ენას ატრიალებენ".
"საეკლესიო ლოცვებმა და წმინდა წერილმა, ასწლეულები გამოიარეს, მილიონობით ბაგეთ წარმოთქვეს. რარიგ პატივცემულნი უნდა იყვნენ ისინი ჩვენს თვალში! როგორი კეთილმოკრძალებით უნდა ვკითხულობდეთ და ვუსმენდეთ მათ. ამის გარდა, ჩვენი პატივისცემის ღირსნი არიან იმიტომაც, რომ ისინი წმინდა დიდებულმა კაცებმა, ზეცითგან შთაგონებულმა ადამიანებმა შეადგინეს. ღმერთო, საუკუნეთა მაძნილზე ჩვენი მოკვდავი მოდგმისგან ქებულო და დიდებულო! მიიღე, ჩვენგანაც, ცოდვილებისა და უღირსებისგან ლოცვა, ქება-დიდება და განგვაძლიერე შენს მსახურებაში". - /წმ. იოანე კრონშტადტელი/