არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა; არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია; არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა; არ იხმარებ, რა ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია; ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა; ბოლოდ ყოვლი დაფარული საქმე ცხადად გამოცხადდეს; ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი; გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი; გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს; გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა;
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს; დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი; ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების;
ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა; ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია; ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა; ვა, სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა; ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების; ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების;
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენების; თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა; თვით რაცა ბრძანოთ, მართალ ხარ,სხვა სხვისა ომსა ბრძენია; თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს; თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია; თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა; თქვა: ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია;
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს; იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია;
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების; კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა; კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად; კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების; კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის; ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია;
მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია; მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს; მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა; მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს; მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია; მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა;
ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია;
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი; ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად;
პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა; პატრონისა ვერა-მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა;
რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია; რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების; რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა; რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია; რაც არა გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა; რასცა მიწვრთიხარ, იწვართე, გკადრო:უწვრთელი ვირია;
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლისა; სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი; სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა; სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია; სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია; სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი; საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად; სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა;
ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა;
უხვი ახსნილსა დააბამს,იგი თვით ების, ვინ ების; უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების; უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია; უბოროტო ვის ასმია, რაცა საქმე საეშმაკო;
ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი;
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად;
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან; ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა; ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა; ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი; ყვავი ვარდსა რას აქმევს ანუ რა მისი ფერია; ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია;
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი; შიში ვერ იხსნის სიკვდილსა,ცუდნიღა დაღრეჯანია; შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად ძოვდეს;
ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა;
ცდების და ცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუვნებს;
ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა;
წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს; წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა;
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა; ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია;
ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად; ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს; ხამს სიყვარული მოყვრისა, უხვისა,უშურველისა; ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს; ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად; ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა; ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა; ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული; ხამსცა, კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს;
ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხმალსა არ აკვნესებსა; ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო;
|
სიყვარულზე
11 მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს. 18 ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს. 20 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა, იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა. 21 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან. 23 მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა. სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა; ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა. 24 მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმას ჩემი ნაუბარი! 25 ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში. 26 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა. ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა, კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა. 27 არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა, თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დასთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა. 28 ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს; არ ბედითად ჰაის ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს; არსით აჩნდეს მიჯნურობა, არა-სადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს. 29 მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნო? ამის მეტი რამცა ირგო მას ავნოს და თვითცა ივნოს, რათამე-ღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს? რა გავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ამტკივნოს! 30 მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა! ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი, მისთვის წყლულსა? თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა. 31 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოება ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების. 41 საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად! 121 ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა! 131 გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე. 247 სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გამონე! 299 მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების. 352 "აქიმნიცა იკვირვებდეს: ესე სენი რა გვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია". 377 ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! 412 თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტად უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა. 484 რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა! 703 ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად! 711 რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს! ვა მოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს! 716 საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებ. 727 ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება! 767 იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს, ხამს, უძებნროს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს! 791 წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. "სიყვარული აგვამაღლებს", - ვით ეჟვანი, ამას ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ! 830 მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს, რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველასა გაგვიახლებს. 833 სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს! 874 ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავდა. 877 ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან? ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან? არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან! 883 საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! 886 ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს, დაიწყებს ჭნობასა. 892 ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს. 910 შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა! 914 თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა. 915 "სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, განსწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს". 939 თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს. 959 მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა. 1093 თქვა: "დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა". 1095 შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება. 1308 ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. 1359 მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა. 1432 წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა. 1468 აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა. 1490 რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანეთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით". 1544 ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა. 1564 ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები? 1635 ბრძანა: "ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა".
მეგობრობაზე
139 ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე. 306 ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს". 706 ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა; ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს, მართ უიცისა. 729 ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული! 733 ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა. 773 ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. 777 სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა. 785 ხამს, მამაცი გაგულისდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არად არ შესწონდეს. 789 კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა". 790 რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?! 798 არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! 843 კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების. 854 ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. 862 მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა. 934 ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი! 942 გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გულსა გული ელია?! მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია! 1565 კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!
გმირობაზე
154 ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად. 468 ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე! 597 არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა. 748 სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; აირნი, მისგან უნახავნი, დია, ვის-მე გარდუხდიან? 780 ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების! 795 წესი არის მამაცთაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა. 799 რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! 800 ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი, სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! 850 თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია. 863 კვლა იტყვის: "მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა". 875 თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა, ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა. თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა. 931 ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! 965 მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია! 1052 ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს, მიულოცვიდნენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს. 1392 ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. 1410 რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია. 1614 ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე: ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე; გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.
პოეზიაზე
12 კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. 13 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა, რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა. 14 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა! რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა, ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა. 15 მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი, თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი, მაგრა იტყვის: "ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი. 17 მესამე ლექსი კარგია არს სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად; ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად. მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად
სწავლასა და შრომაზე
254 რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები. 663 ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი. 694 მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი! 790 არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. 859 არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო. 876 ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ. 902 არას გარგებს სწავლებული, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა? 904 გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს. 905 რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების. 931 რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია. 934 მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი. 939 ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს. 1321 რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების
ზნეობაზე
49 ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! 1353 მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზემთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა. 1562 უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. 50 სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!" 113 რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა! 162 კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. 215 "საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს. 387 ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი. 405 ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა! 432 კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების. 526 მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს. 539 ... "გონიერი ხამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს". 542 ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. 549 უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია. 663 კარგად ვერვს ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. 718 გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი; გული-ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი! 726 კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა?" 736 რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა! 747 ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს. 756 ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა! 761 მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს. 768 სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა. 792 ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად. 815 მართლად უთქვამს მეცნიერსა: "წყენააო ჭირთა ბადე". 876 ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ. 878 ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად? მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად-ა ჭირად?" მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად; ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად". 903 არას გარგებს შეჭირვება; რომ სჭმუნვიდე, რა გერგების? 924 დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. 1006 უნახობა და სიცრუვე, ვა, საწურთოსა ფლიდისა! 1035 ყმამან უთხრა: "ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცდების". 1046 კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი! 1081 სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის. 1090 თქვა: "ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია". 1094 რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების. 1142 ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. 1166 მართლად თქმულა: "არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი ". 1196 ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! 1197 რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა, შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა. 1204 კაცსა დასვრის უგულობა... 1343 წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა. 1344 ცრუ კაცი კარგად ვერას იქმს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: "სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!" 1348 აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია! 1435 ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი. 1459 რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა. 1488 დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა; თუ მოყვარეა გულისა, ქმნას ჩემკე მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა. 1500 მაგრა თქმულა: "კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების". 1519 ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა-ქცევისა და ზმისა. 1603 შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდნია დაღრეჯილობა. 1637 ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.
გონიერთა მწვრთელი უყვარს...
5 გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა რბილისა. 12 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი. 16 არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, - ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა. 35 რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. 36 რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! 37 მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა? 39 ლეკვი ლომისა სწორეა, ძე იყოს, თუნდა ხვადია. 47 ... "მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა". 49 უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გადედინების. 107 კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს. 126 მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭნების; 158 გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია. 164 განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი. 185 ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს. 190 განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების. 211 კაცსა მოჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასულთა ჭირთა ხსოვნა. 257 თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა! 342 ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა! 347 მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. 435 რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან. 638 ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ არ დასძლია. 662 რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი; მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი. 689 რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან; ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან. 696 ჰკადრა: "რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა". 699 ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების! 705 საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზესა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ასე ლხინად უხვდების, რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების? 707 ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა. 727 სჯობს სიციცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება; მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება. 743 მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაღა მოეხმაროს! 745 ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ. 747 ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნებს. 751 ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. 766 განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია! 793 მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვენების. 795 არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა. 803 მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები: მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები. 848 გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა,იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან; შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან. 822 თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. 850 არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შემაძრწენია. 854 თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია. 876 თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ! 879 მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაც-ა საქმე საეშმაკო, რად ემდური საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?! 880 რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდებ წადილთა ნებასა. 883 ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს! 886 ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი? ხელი ვითა იქმს ბრძნობასა? 887 ნუ იქმ, არ სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა! 896 მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა. 901 გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. 903 მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭკნების. 918 საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმენია. 919 სწყუროდეს, წყალსა ვით დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? 921 ვარდი ამას ვით იაზრებს; მზე მომშორდეს, არ დავზრეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო. 935 სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა შმაგითა; მაგა გცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა. 948 ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა. 952 კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის. 954 ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდათ გარდიქცეოდა; გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა. 956 წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს. 959 ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! 989 დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი კრთებიან. 1016 დგომა მგზავრისა ცდომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა. 1045 მართლად იტყვის მოციქული: "შიში შეიქმს სიყვარულსა". 1046 დიდთა ხელთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი! 1050 ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა. 1081 მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის. 1083 მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს. 1090 უმსგავსო საქმე ყველაი მოკლე და მით ოხერია. 1094 ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების! 1106 მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვერტსა. 1175 კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! 1191 სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა! 1211 მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისგანაც უფრო მტერია; არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია. 1213 ვა, საწუთრო, სიცრუვით თავის სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? 1230 რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა. 1254 თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია. 1323 "მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს", ესე ბრძენთაგან თქმულია. 1346 ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა. 1347 ზამთარი ვარდსა გაახმობს, ფურცელნი შთამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, - სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან. 1352 ვინ ღირს-ა, თუ-მცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა! 1361 ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! 1376 ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქმს ლაღებად. 1411 მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია. 1421 მზე რა ვარდთა შემოადგეს, დაშვენდნენ და შუქნი არნენ, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს. 1436 მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი. 1456 ნარგისთათ იძვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია. 1509 თქვეს: "ბოროტსა უმყოფიო, კეთილნია შენთვის მზანი!" 1530 მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზვრიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა?! 1533 მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა. 1569 მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა. 1595 მზეო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია! 1634 მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა, გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა. |
აკაკის აფორიზმები
ამმაღლებელი ხალხისა თვით ამაღლდება ცათამდე.
ან მოჰკლავს, ან შეაკვდება, სირცხვილს კი არ სჭამს გმირიო!
არ ყოფნა სჯობს მაშინ ყოფნას, როცა მეფობს მრუდე ძალა!
არ შეჰშვენის სიტყვის შეშლა კაცის მაღალ გმირობასო!..
არ გათეთრდება ყორანი, ბევრიც რომ ხეხოთ ქვიშითა.
არა, არ შვენის გმირს აჩქარება.
ბულბული ვარდს და ეკალზე თანსწორად მომღერალია!
გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია,
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
გამარჯვებული მხოლოდ ის არის, ვინც საბოლოოდ გაიმარჯვებსო.
გეტირებოდეს –იტირე,
იშვებდე –გაიცინეო!
იშრომე ... დაიღალები–
დაწექ და დაიძინეო!
გონების შუქი იქ უფრო გასჭრის და გაანათებს, სადაც ბნელია.
გულგატეხილი ყოველი მოღალატეა თავისა.
ეკლნარშია მწარ სიცოცხლეს ვარდნარშია სჯობს სიკვდილი!..
ერთ ჭირსა, კარზე მიმდგარსა, სხვაც ბევრი წაეკიდება!
ერთგული ძაღლი მტრებს უყეფს, ორგული –შინაურებსა.
ერთმანეთის მინამსგავსი, შიში სხვაა, სიფრთხილე სხვა.
ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის სახრჩობელაო.
ვარდი რომ კიდეც სჭკნებოდეს, მაინც ვარდი და ვარდია.
ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა!
ვაჟკაცს არ შვენის ტრაბახი და მეტი სიტყვის თქმანიო.
ვაჟკაცს არ შვენის, თქვენ იცით, მტრის უკან გამოკიდება.
ვაჟკაცია პირდაპირი, იმალება მხოლოდ გლახა!
ვერ შეარყევენ წყარონი უფსკრულსა დიდი ზღვისასა!
ვერ შეაჩერებს ძალით ზამთარი, როცა გაზაფხულს ეღება კარი.
ვინც სამშობლოსა უყო კეთილი, ჩვენი მამაცა მხოლოდ ის არის!
ვის გაუკურნავს სნეული რჩევით და მარტო ენითა?
ზარმაცობა ბუდეა, რაც ცოდვა და სენია.
ზოგს თავზე ყინვა რომ აძევს, გულში აქვს ცხელი ნაცარი.
ზოგჯერ ფეხის წამკვრელია თავგასული გულისთქმაო.
ზოგჯერ წამიც–კი ბედნიერების საუკუნოზე უტკბილესია!
ის არ მომკვდარა, ვისაც სამშობლო იგონებს ხოლმე ვით მეგობარი.
იქ ვარდს და იას ვინ მოჰკრეფს, სადაც ეკალი სთესია?
კაცს მაშინ ჰშვენის ქვეყნად არსება, თუ ცხოვრებაში ის მამაცია!
კაცი მაშინ გრძნობს მხოლოდ სიცოცხლეს, როცა ისრულებს, რაც ენატრება.
კაცი ყოველგან დარჩება, თუ თვითონ გონიერია!
კუბოს კარამდე მძებნელი ჩვენ უნდა ვიყოთ შვებისა.
(მაგრამ) წვიმა ქვას ვერ ალბობს და ცრემლები კაცის გულს.
(მაგრამ) ვინც მამულს სულსაც არ სწირავს, იმას არ ჰქვიან მამულიშვილი!
(მაგრამ) მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?
(მაგრამ) მარტო უშიშრობა ძლევისათვის არა კმარა, თუ სიფრთხილე გონივრული დროზე მას არ დაახმარა.
მარტო ცრემლები ქვეყნისთვის საშველად არა კმარაო!
მეგობრობა არის გრძნობის და აზრების შეთანხმება.
მერცხალი რომ კიდევ მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული!
(მეც კარგად მესმის, რომ ქვეყნიურის შრომით ეძლევა სულს ნეტარება!
მთვარე მაშინაც კიდევ ანათებს, როცა ილევა, ნელ–ნელა ცხრება.
მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!
მონა ურჩი და მზაკვარი თვით მეუფესაც კი სძულსო.
მოშიშარს ვისი შიშიც აქვს, ის უძლეველი ჰგონია.
მსხვერპლი უნდა დიად საქმეს, კავშირი და შეერთება!
მსხვერპლი სამშობლოს გულისთვის ყოველგვარ მსხვერპლზე დიდია.
მტერი არ შეგვიშინდება ვაგლახითა და ვიშითა.
მყეფავი ძაღლი სჯობია მიმპარავს, ჩუმად მკბენარსა.
მჯობნისა მჯობნი ამქვეყნად აროდეს გამოლეულა.
პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა!
პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს, მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება.
პირუტყვია, თუ გამაგრდა კაცის შუბლზე კანი.
რა არის მისთვის უბრალო ქება, ვისაც შეშვენის ქებათა ქება!
რა ფასი აქვს უგნურების ან გინებას და ან ქებას?
რა იცის გულში ნათები და საიდუმლო სხვამ სხვისა!
რას უზამს მტერი გარეშე დამხთურსა მარად ფხიზელსა.
რასაც ოდესმე ბოლო მოელის, არ არის სრული ის ნეტარება.
რაღად ღირს მაშინ სინათლე, თუ ისევ მალე გაქრება!
რაც არ იწვის, არ ანათებს.
რაც–კი არ არგებს ქვეყანას, ის ყველა ფუჭი ბარგია.
რკინას ცეცხლი აფოლადებს, ადამიანს–განსაცდელი.
როცა სურვილი გახელმწიფდება, გონებაც გრძნობას დაემონება.
საბერველს რომ დაუბერვენ, რკინა მაშინ ფოლადდება.
სადაც ვარდი ამოდის, იქ ეკალიც სთესია.
სასწორ–დარია ვაჟკაცის სიტყვა.
სასწორ–საზომი არა აქვს საბრალოს სურვილ–ნდომასა.
საქვეყნოდ სიბრძნის შეძენა არ არის ჰალა–ჰალაო.
საწამლავს შემოგაპარებს ორგული თაფლზე ტკბილადა.
სიკვდილი ყველას ათანასწორებს: თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!
სიმართლე მუდამ თავისას გასჭრის.
სირცხვილს სიკვდილი სჯობია.
სიტყვა თესლია, საქმე–ნაყოფი!
სიყვარული არის სჯული, ტრფიალება წმინდა ლოცვა!
სიყვარულის ნაშობია მუსიკა და პოეზია: ცხოვრებაში ორივ ერთად განუყრელი მთვარე–მზეა.
სიჭაბუკე და სიბერე ორი სხვადასხვა კიდეა: ერთი რომ ჯაჭვით აბია, მეორე ბეწვზე ჰკიდია!
სული როცა მოკვდება, მაშინ ხორციც მკვდარია.
სული სულს იცნობს, გულს უგრძნობს გული, გმირსა მიბაძავს ქცევითა გმირი.
სულით და გულით მიძღვნილი მცირედიც შეიწირება!
სწავლა სტუმარს ჰგავს მომსვლელსა, ჭკუა კი მასპინძელია... თუ სტუმარს მწყრალად დაუხვდა, მათი თანხმობა ძნელია.
სწავლა წყარო არს ცხოვრების, სიბრძნე – მისი ნაკადული, და ნაყოფი მათი ერთად– შვება, ლხენა, სიხარული.
სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა?
სკობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!
ტვირთიც ბოლოს სასარგებლო მძიმედ მჩატედ გვეჩვენება.
უგნური დადის ბორკილით, სახეზე აზის დაღია, სწავლულს წინ უძღვის გზა ხსნილი, კარები სრული და ღია.
უმჯობესია, რომ მოკვდეს კაცი, ვიდრე ცოცხლობდეს ვით ცოცხალ–მკვდარი.
ურწმუნოა და ბუნების მგმობი გმირულ სურვილის ხელის შემშლელი!
უსათუოდ მგელი შესჭამს, დედის წინ რომ წავა კვიცი.
უსამართლო ძლიერებას საუკუნოდ არ აქვს ძალი, უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი.
უსწავლელობა ბნელია, სწავლა ნათელი და მზეა!
უცები არის და გონმიხდილი კაცი უზომოდ აღელვებული.
უცვლელი, საუკუნო, ქვეყნად არაფერია!
ფუ! შერცხვეს კაცი სხვის მონა და დღიურ ლუკმის მდევარი!
ქარი წაიღებს უკანვე, რაც ქარის მონაბერია.
ქვეყნის ორგული რომ არ დაზოგოს, ყოველ კაცსა აქვს სრული უფლება.
შრომა ხალხისა შეერთებული ძალთა ძალია სტიქიონური.
ჩემი ხატია სამშობლო, სახატე – მთელი ქვეყანა.
ჩვენც გმირი გვინდა დღეს, ძმაო, უკვდავებისა მძებნელი, და არა ნაცარქექია, ტიტინა, ქუჩის მტკეპნელი!
ჩიტი სადაც იბადება, იქ ჰგონია ბაღდადიო.
ცოდნა უნდა ყოველ საქმეს, მარტო შრომა არა კმარა!
ცოცხალ მონაზე უმჯობესია თავისუფლების ძებნაში მკვდარი!
ცხოვრებაში გამოწვრთნილი, კაცი უფრო მეტად ფასობს, ის გინდ დედისერთაც იყოს, მაინც ასობს და ათასობს.
ძალმომრეობის კანონი დღეს ერთისაა, ხვალ სხვისა.
ძალით მოსული სრუმარი ჭირზედაც უარესია.
წამის მიმყოლი პირადად საუკუნეებს ინანებს!
ჭირი და ლხინი საერთო მოძმეთა შუა ვალია.
ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო!
ჭირშიაც და ლხინშიაც საჭიროა მოყვარე.
ჭკუით სრულსა და გრძნობით აღვსილ კაცს ვერ შეაშინებს უბედურება!
ხეს როდესაც დაჰკრავს სუსხი, უმალ წვეროს დააჩნდება.
ხეს რა გაახმობს თუ მისი ფესვები კიდევ კარგია.
ხმალზე უფრო ძლიერად სჭრის პატარა და რბილი ენა.
ხმლის ქარქაში არაფრად ღირს, უნდა სჭრიდეს მხოლოდ პირი.
ჯერ უნდა თვითონ სულით ამაღლდეს, რომ სხვას მიუძღნას მერე მან ძმობა.
ვაჟა-ფშაველას აფორიზმები
„ადამიანი იმით ფასდება, აზრს ვინ ატარებს რამდნად ფრთიანსა“.
„ადვილ ვერ იცნობ ვაჟკაცსა მის ვაჟკაცური რჯულითა“.
„ავი დატანჯე და დაამონე, კეთილის მქნელსა შეასხი ფრთები“.
„ავი კაცის პურ-მარილიც მოსარიდებელია დაცნობა-მეგობრობაც“.
„ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი“.
„აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი“.
„აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია“.
„აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა“.
„აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ საწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან“.
„ათი ათას სჯობს მტრედს, კაკაბს, მარტო არწივის თვალები“.
„ათასი რამე მოხდება სიცოცხლით კაცის თავზედა“.
„ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, – პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით“.
„ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ, რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!“
„ან უშურველი კარგად ვინ ვიცნოთ, თუ კი არ იყო შური და მტრობა?“
„არ ვარგა ერთურთიკილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი“.
„არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა“.
„არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა“.
„არ მომწონს ფაცი ფუცობა სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა“.
„არ ვუღალატებ სიცოცხლით გზას ჩემს ეკლიანს სავალსა“.
„არ ესმის სხვისა ტკივილი სხვასაო“.
„არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით გავს ენა მდინარეს? იმითი, რომრაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს“.
„არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა“.
„არც თქვენ შეგჩებათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღლა ჰყივითა“.
„ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა“.
„ბავშვი მანამ მოლაშქრეობას შეძლებს, ჯერ ყბედობს და სახელიც მაშინ ერქმევა“.
„ბედნიერი ვარ ორომც კი ქვეყანამ მიცნოს კაცადა“.
„მღვდლებო–სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც 1958272_922117431186308_6973092466316344347_nგეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს“…
„თუ სამღთო წესების ასრულებას არავინ სთხოვს, მაინც ამით მართლულობენ მუდამ მღვდლები თავსა, საპოლიტიკო მოღვაწეობა ხომ ფართოა“.
„ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის“ პარტიისა“…
„ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს“.
„ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება – მოვლენათა მიზეზების ძიებაა“.
„ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა“.
„ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე არა ვარგაო, იმასა“.
„ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“.
„თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა“.
„მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას“.
„განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“.
„ყვავილი ყვავილთან ჰყვავის“.
„სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება“.
„მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის“.
„მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა“.
„დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიახ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს“.