პირველი მცნება, რომელიც ღვთის მიერ კაცობრიობას მიეცა, სწორედ მარხვას მიემართება. მარხვა აუცილებელი იყო ჩვენთვის სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, და მით უფრო აუცილებელია ახლა, სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, რაღა აღვასრულოთ ღვთის მცნება. ბიბლიის მრავალ წიგნშია მითითებული მარხვის მნიშვნელობა, მაგალითად, წინასწარმეტყველ იოველის წიგნში ნათქვამია: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი... ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა“ (იოველი 2, 12-15).
უფალი ბრძანებს, რომ ცოდვილმა ადამიანებმა უნდა იმარხულონ, თუკი მისი წყალობის მიღება სურთ. ტობითას წიგნში ანგელოზი ეუბნება ტობიას: „სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით“ (ტობ. 12, 8).
ივდითის წიგნში წერია, რომ იოაკიმემ მოიარა მთელი ისრაელის ერი და ამბობდა, რომ უფალი შეისმენდა მათ ლოცვებს, თუკი ისინი მარხვასა და ლოცვაში იქნებოდნენ.
წმიდა იონა წინასწარმეტყველის წიგნში ნათქვამია, რომ ნინეველთა მეფემ როგორც კი გაიგონა იონას წინასწარმეტყველება, რომ თუ არ შეინანებდნენ, ქალაქი დაიღუპებოდა, მათ თავის მოქალაქეებს მარხვა დაუწესა, თანაც ისე, რომ საქონელისთვისაც არ მიეცათ საკვები სამი დღის განმავლობაში.
თავად მაცხოვარიც მარხულობდა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. „ქრისტე ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ ნიმუში, რათა მისდიოთ მის კვალს“ (1 პეტრ. 2, 21) - გვეუბნება პეტრე მოციქული და მოგვიწოდებს, ჩვენც ძალისაებრ ჩვენისა, დავიცვათ მარხვა.
მათეს სახარებაში მოხსენიებულია, რომ როცა იესო ქრისტემ ეშმაკეული განკურნა, მოციქულებს უთხრა: ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება (მთ. 17, 21).
მარხულობდნენ წმიდა მოციქულებიც: „ვიდრე მსახურობდნენ უფალს და მარხულობდნენ... მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, დაადეს მათ ხელნი, და გაუშვეს“ (საქმე მოციქულთა 13, 2-3).
წმიდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში ღვთივსათნო საქმეთა შორის მარხვასაც მოიხსენიებს „მღვიძრებაში, მარხვაში...“ (2 კორ. 6, 5). და შემდეგ, იხსენებს რა თავის ღვაწლს, ამბობს: „ერთთავად გზაზე ვიყავ გაკრული... მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით“... (2 კორ. 11, 27).
„ქრისტიანისათვის მარხვა აუცილებელია იმისთვის, - წერს წმიდა იოანე კრონშტადტელი, - რომ განანათლოს გონება, გააღვიძოს და გააღვივოს გრძნობები და ნებას კეთილი ღვაწლისაკენ უბიძგოს. ჩვენში არსებულ ამ სან უნარს ყველაზე მეტად ჩვენვე ვაბნელებთ და ვთრგუნავთ (ლკ. 21, 34), ამის შედეგად კი ცხოვრების სათავეს - ღმერთს ვშორდებით, ხრწნასა და ამაოებაში ვვარდებით, საკუთარ თავში ვრყვნით და შეურაცხვყოფთ უფლის ხატებას. გემოთმოყვარება და გაუმაძღრობა მიწისკენ მიგვაქცევს და ჩვენს სულს ფრთებს აკვეცს. არადა, რაოდენ მაღლა მიისწრაფიან მმარხველი ადამიანები! როგორც არწივნი, ზეცას მიელტვიან, გონებითა და გულით ზეცაში ცხოვრობენ და ასე სწავლობენ ღვთაებრივ სიბრძნისმეტყველებას უმარხველობა ხელს გვიშლის, რომ გვიყვარდეს უფალი და მოყვასი, ვასრულებდეთ უფლის მცნებებს.
ვინც მარხვას უარყოფს, ის ივიწყებს, თუ რის შედეგად მოხდა პირველი ადამიანების ცოდვით დაცემა და რა იარაღზე მიგვითითა უფალმა ცოდვით დაცემის წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ, როცა თავადვე მარხულობდა უდაბნოში. ასეთმა კაცმა ან არ იცის, ან არ სურს იცოდეს, რომ ადამიანი ღმერთს ყველაზე ხშირად სწორედ თავშეუკავებლობის გამო შორდება, როგორც ეს სოდომ-გომორის მკვიდრთ და ნოეს თანამედროვეებს დაემართათ, ვინაიდან ამ ვნებისაგან გამომდინარეობს ყოველგვარი ცოდვა და ცოდვით დაცემა.
მარხვა აუცილებელი საშუალებაა ჩვენი განწმენდისა და ღმერთთან ერთობისათვის. იგია საშუალება იმისა, რომ თანაზიარ ვექმნეთ უფალს.
რადგან არ ვმარხულობდით, სამოთხიდან გამოგვაძევეს! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ დავბრუნდეთ სამოთხეში (წმიდა ბასილი დიდი).
მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 44 (302), 2004 წ.