მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რაც უფრო დიდხანს გრძელდება მარხვა,
მით მეტია მისი მაკურნებელი ძალა

 

წმინდა დიდ მარხვას „დიდი“ თავისი მნიშვნელობის გამო ეწოდება. იგი ერთ ორმეოცს ანუ ორმოც დღეს და ვნების შვიდეულს (მაცხოვრის ვნების კვირას) მოიცავს. ამ მარხვის შესახებ ცნობებს „მოციქულთა განწესებანში“ და წმინდა მამათა ნაშრომებშიც ვხვდებით: „დღესასწაულსა ნუ შეურაცხყოფთ და წმიდათა მათ ორმეოცთა დღეთა წადიერად იმარხულეთ, რამეთუ აქუას მათ ხატი და მსგავსებაი უფლისა მოქალაქეობისა“ (ეგნატე ღმერთშემოსილი, II საუკუნე).

 

„იესო ქრისტემ გამოცდის წინ იმარხულა, - გვასწავლის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ჩვენ კი მაცხოვრის აღდგომის წინ ვმარხულობთ. ქრისტემ 40 დღე იმარხულა, რამეთუ ის ღმერთია, ჩვენ კი მარხვას ჩვენს შესაძლებლობებს ვუთანხმებთ“.

 

უძველესი წყაროები გვატყობინებენ, რომ ორმოცდღიანი მარხვა (იესო ქრისტეს მაგალითისამებრ) ეკლესიას ჯერ კიდევ მოციქულთა დროს დაუდგენია. ამას მოციქულთა 69-ე კანონი მოწმობს: „უკეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ კერძო დიაკონმან, ანუ წიგნის მკითხველმან, ანუ მგალობელმან წმიდანი ორმეოცნი არა იმარხნეს... განიკუეთენ, ხოლო ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ“.

 

მეორე საუკუნის საეკლესიო მოღვაწე ირინეოს ლიონელი და მეოთხე საუკუნის წმინდა მამების კირილე იერუსალიმელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ამბროსი მედიოლანელი, იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე და სხვები დიდ მარხვას „ორმოცდღიანს“ უწოდებენ (ვნების კვირა ყოველთვის განცალკევებით იდგა). ორმოცდღიანი მარხვა ძველთაგანვე საუკეთესო დროდ მიიჩნეოდა კათაკმველეთა განწმენდისათვის, ნათლობისა და ზიარებისათვის. წმინდა კირილე იერუსალიმელი ნათლობის საიდუმლოს აღსრულების წინ ერთ-ერთ კათაკმეველს ასეთი სიტყვებით მიმართავს: „რამდენი წელი გაატარე უქმად, უსარგებლოდ და სული რომ გადაირჩინო, ნუთუ 40 დღეს არ მიუძღვნი უფალს? სინანულისთვის 40 დღე გვაქვს წინ, ეს კი ცოტა დრო როდია...“ მართლაც, დიდი მარხვა განწმენდის, სინანულის, ზიარების, ღმერთთან მიახლოების საუკეთესო საშუალებაა. იგი განკურნავს ყოველ ნაკლოვანებას და მადლით აღავსებს კეთილმორწმუნეებს. ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის, მარხვის წმინდა დღეები კრძალულებით გავატაროთ, არ შევუშინდეთ მის ხანგრძლივობას - რაც უფრო მეტია მისი მაკურნებელი ძალა, რაც უფრო ხანგრძლივია სარბიელი თავშეკავებისა, მით გარდამეტებულია მადლი გამოხსნისა.

 

ძველ აღთქმაში უფალმა წარღვნა მოუვლინა ცოდვის ტყვეობაში მყოფ კაცობრიობს და წარხოცა ყოველი. სამყაროს განმწმენდი ორმოცდღიანი წვიმა სიმბოლურად სწორედ ორმოცდღიან მარხვას ნიშნავს. ამიტომაა, რომ, მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ეს მარხვა, ვითარცა „კვერთხი ძლიერებისა“, ყველაზე მნიშვნელოვან სამოღვწეო ასპარეზად ითვლება მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. დიდი მარხვის დროს მთელი სისრულითა და სიწრფოებით გამოვლინდება რწმენა და სიყვარული ღვთისა. მარხვა აერთიანებს ადამიანებს არა მხოლოდ საქმით, არამედ სულიერადაც.

 

ერთხელ ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ დიდი შიმშილობის გამო ბრძანება გასცა, დიდი მარხვის მეორე შვიდეულში ხალხისთვის ხორცი მიეყიდათ, რათა ისინი შიმშილისაგან ეხსნა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორმა ეს ნაბიჯი აუცილებლობის გამო გადადგა, ქრისტიანებმა ხორცის ყიდვასა და ჭამაზე უარი თქვეს - დადგენილი წესის დარღვევასა და ამით უსჯულოების აღსრულებას შიმშილით სიკვდილი ერჩივნათ.

 

დიდი მარხვის შენახვასთან დაკავშირებით საეკლესიო კანონებიც არსებობს. ტოლედოს მე-8 კრების (დაახლოებით 653 წელი) მე-8 კანონით დადგენილია, რომ ყველა, ვინც უკიდურესი აუცილებლობის გარდა დიდ მარხვაში ხორცს შეჭამს, დაყენებულ იქნეს ზიარებისგან და მთელი წლის განმავლობაში აეკრძალოს ხორცის მიღება.

 

ნეტარი ავგუსტინე გვაფრთხილებს: „მარხვაც არის და მარხვაც. ზოგიერთი თითქოსდა განწესებათა თანახმად მარხულობს, მაგრამ იმდენად გემოთმოყვარეა, რომ მისი სამარხვო კერძები მრავალფეროვნებით ხშირად აღემატება კიდევ სახსნილოს. ხანდახან იქამდეც მიდიან, რომ იმ ჭურჭელსაც კი აღარ აჩერებენ შინ, რომელშიც ცოტა ხნის წინ ხორციანი კერძი მოამზადეს. ფრთხილობენ ცრუ კრძალულების გამო და არ ეშინიათ გემოთმოყვარების ცოდვისა“, - და მოგვიწოდებს: „მოდით, ძმებო, ორმოცდღიანი მარხვის ჟამს მაინც გავეცალოთ ამქვეყნიურ საცდურს, ხორციელ ტკბობასა და ცოდვილ ცხოვრებას, გართობასა და ხუმრობებს, ამაოდ მეტყველების ნაცვლად წმინდა წერილს მივუახლოვდეთ, დავიმშვიდოთ სული და მარადიულ ნათელსა და სიბრძნეს ვეზიაროთ...“

 

დიდ მარხვაში ქრისტიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ავადმყოფებს, პატიმრებს, მოგზაურებს, გამორჩევით ზრუნავენ მოყვასზე, ცდილობენ, შეარიგონ მომდურავნი. ამ დროს ყველამ უნდა მოიცალოს კეთილი საქმეებისთვის, თითოეულმა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში სულიერი ცხოვრებითა და კეთილი ღვაწლით მოიმუშაკოს მადლი ამქვეყნიური და მომავალი ცხოვრებისათვის.

 

ადრეულ საუკუნეებში ამ წმინდა დღეებში ხელისუფლებაც კი განსაკუთრებულ ზრუნვას, მოწყალებასა და ქველმოქმედებას იჩენდა - იკრძალებოდა დამნაშავეთა მიმართ სასჯელის აღსრულება, შეჩერებული იყო სასამართლო საქმიანობა (გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა). დიდი მარხვა - ეს ხომ ის დროა, როდესაც მთელი კაცობრიობა უდიდესი მადლით მოსილი მოვლენის, უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინაშე დგას და ამ უდიდესი მისტერიის თანაგანმცდელი და შემმეცნებელია.

 

მოამზადა დიაკონმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3 (14), 2005 წ.